Menu
RSS

სისხლიანი ნათლობა _ რატომ დაჭრეს თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში მღვდელი

მამაკაცები, რომლებიც გისოსებს მიღმა ქალების გამო აღმოჩნდნენ

როგორ გგონიათ, რის გამო ხვდებიან ყველაზე ხშირად გისოსებს მიღმა? დანაშაულის სტატისტიკას თუ მივყვებით, პირველ ადგილზე ქურდობაა, შემდეგ მოდის ნარკომანია და სხვა დანაშაულებით გრძელდება. ქურდობის მიზეზი, ერთი შეხედვით, უმეტესად გაჭირვებული ცხოვრებაა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. მთავარი მიზეზი ქალია, ქალი, რომლის გამოც მამაკაცები ბევრ რამეზე მიდიან და არცთუ იშვიათად, კანონის დარღვევასაც არ ერიდებიან. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, თუ როგორ გასწირეს საკუთარი ცხოვრება ქალის გამო პირებმა, რომლებსაც მანამდე დანაშაული ჩადენილი არ ჰქონდათ.

შოთა დ. ტყიბულიდან იყო და თბილისში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც უმაღლესში ჩააბარა და სტუდენტი გახდა. დეიდასთან ცხოვრობდა და როგორც ამბობენ, ერთადერთი მინუსი ის ჰქონდა, რომ ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ, სიგარეტის მოწევა დაიწყო. მალე შოთამ შეყვარებული გაიჩინა, მეზობლის გოგო მოეწონა ნამეტნავად და შეუყვარდა კიდეც. გოგოც არ იყო უარზე და საღამოობით, სახლის წინ, სკვერში წყვილი ხშირად სეირნობდა. ერთ დღესაც, შოთიკოს არ მოეწონა, როგორ შეხედა მის გულის სწორს ვიღაც ტიპმა და საქმის გარჩევა გადაწყვიტა. ის ტიპი ვიღაც სულაც არ აღმოჩნდა, პატრულის თანამშრომელი გამოდგა და შოთა რომ ვერ დააოკა, იარაღი ამოიღო. ციხეშიც კი არ იცოდა შოთამ, როგორ მოახერხა იარაღის წართმევა, როგორ დააგდო პატრული მიწაზე და როგორ გაისროლა მისი მიმართულებით. საბედნიეროდ, პატრულს ტყვია ასცდა, მაგრამ შოთა დააკავეს და ყველაფრის გათვალისწინებით, შვიდი წელი მიუსაჯეს. ეს ისტორია საინტერესო იმითაცაა, რომ შოთას შეყვარებული ცოლად, სწორედ იმ პატრულს გაჰყვა. ყველაფერი ეს კი ჰგავს ინდური ფილმის სიუჟეტს, მაგრამ შოთა ციხიდანვე იმუქრებოდა, რომ გავალ, ორივეს პასუხს მოვთხოვო, თუმცა... არცერთი უნახავს, ისე წავიდა ევროპაში სამუშაოდ. 

* * * 

ვახო ი-ს დანაშაულისკენ, პრაქტიკულად, სასიდედრომ უბიძგა. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ამბობდა. ყველაზე კარგად, ვახომ კედლების გალესვა იცოდა და ბევრი სამუშაოც ჰქონდა, მაგრამ დადგებოდა ოქტომბერი და თებერვლის ბოლომდე, საქმეს ვერ ნახულობდა. სეზონზე ნაკეთები ფული კი მალე იხარჯებოდა და შესაბამისად, გადადებას ვერ ახერხებდა. ამიტომ, ცოლის მოყვანაზე ფეხს ითრევდა და ეს იმის მიუხედავად, რომ თანაკლასელი გოგო, ლამის 20 წელი უყვარდა. 

აგერ, 28 წლის იყო ვახო და შესაბამისად, გოგოსაც, ქართული საზომებით კრიტიკული ასაკი ედგა. ამიტომ, სასიდედრომ პირობა წამოუყენა, თუ გინდა ჩემი გოგო ცოლად შეირთო, ბინას თუ არ იყიდი, იგირავე მაინც, ოღონდ ბინა, მინიმუმ, ორ-ოთახიანი უნდა იყოს, ბავშვები რომ გეყოლებათ, ფართი ჰქონდეთო. 

ჰოდა, დაიანგარიშა ვახომ და მიხვდა, რომ ამის ფულს ძალიან დიდი ხანი ვერ მოაგროვებდა და ამიტომ, მოპარვა განიზრახა. ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, გადაწყვიტა ყაზბეგზე ემოძრავა, დააკვირდებოდა, ვინც დიდ ფულს დაახურდავებდა, იმას აკიდებოდა და მერე ან მოეპარა, ან წაერთმია. 

სასურველ კლიენტს თვალი ორ-საათიანი თვალთვალის შემდეგ ჰკიდა. ვიღაც ღიპიანმა ბიძამ დასახურდავებლად იმდენი ლარი მიიტანა, შიგნით შეიყვანეს და იქიდან გამოსულმა, ჯიბეში დოლარის მოზრდილი დასტა ჩაიტენა. მერე ის ბიძა ჯიპში ჩაჯდა და მშვიდად დაძრა მანქანა. ვახო თავისი „ოპელით“ დაედევნა, დიღმის მასივში ეზომდე მიჰყვა, როგორც კი დაინახა, რომ კლიენტმა კორპუსისკენ შეუხვია, მანქანა გააჩერა და თვალთვალი ფეხით განაგრძო. კაცი მანქანიდან გადმოვიდა, მშვიდად შევიდა სადარბაზოში და იქ უკვე თავს ვახო დაესხა. 

„ყველაფერი იმდენად მარტივად მოხდა, რომ გამიკვირდა კიდეც“, _ იხსენებდა ვახო და დეტალებში ახსოვდა, როგორ უღრიალა იმ კაცს, ფული მომეციო, როგორ მშვიდად მიაწოდა კაცმა დოლარების დასტა და როგორ უთხრა, ოღონდ არ მომკლა, წაიღეო, როგორ კუნტრუშით გამოვიდა ვახო სადარბაზოდან და... 

როცა საავადმყოფოში მიიყვანეს, ვახოს გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, რადგან ორი ტყვია ჰქონდა ფეხებში მორტყმული და ძალიან ბევრი სისხლიც დაკარგა. საბოლოოდ, ექიმებმა ივარგეს და ვახო გადაარჩინეს, თუმცა მერე მოსამართლემაც ივარგა და ძარცვის ბრალდებით, ექვსი წელი ისე მისცა, წარბიც არ შეტოკებია. ბავშვობის შეყვარებულთან ქორწინება ვახომ ციხეში მოახერხა და ახლა ძალიან მშვიდად ცხოვრობს... ნაგირავებ ბინაში. 

* * * 

გიორგის ისტორია, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტოა. ბავშვობის ძმაკაცს, ქორწილში მეჯვარეობაზე უარს როგორ ეტყოდა და გვარიანადაც მოილხინა, მაგრამ პატარძლის მეჯვარე ჩაუვარდა გულში. პრობლემა ის იყო, რომ მეჯვარე გათხოვილი გახლდათ და მოკლედ, რომანი მაინც გააბეს. ყველაფერი გადასარევად მიდიოდა, თუმცა გიორგის ძმაკაცს შვილი შეეძინა და შესაბამისად, ნათლობის დრო დადგა. არ იცოდა გიორგიმ, რა უნდა ექნა, წავიდა უცნობ მამაოსთან, საკუთარს ვერ გაუბედა, მოუყვა მთელი ისტორია და ჰკითხა, თუ შეიძლება, ბავშვი მოვნათლოთო?! რა თქმა უნდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ნათლობის შემდეგ, რომანი მორჩებოდა და სასიყვარულო ურთიერთობა შეწყდებოდა. 

მამაომ 1 500 მეტანია დააკისრა „ჯარიმად“ და უთხრა, ბავშვი მონათლეთ, მაგრამ იმ ქალისკენ არც კი გაიხედოო. დადგა ნათლობის დღე და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა გიორგის, როცა მანქანების ესკორტი, სწორედ იმ ეკლესიას მიადგა, რომელ მამაოსაც რჩევა სთხოვა. 

ეკლესიაში შესულებმა ადგილები დაიკავეს, მამაო გამოვიდა, გიორგიმ უხერხულად გაუღიმა და... იქ ამბავი ატყდა, მტერს და ავს. მერე გაირკვა, რომ მამაოს ძმის ცოლი იყო ის ქალი, ვისაც გიორგი ჰყვარობდა. დაპირისპირება მამაოს დაჭრით დასრულდა (2010 წელს, თბილისში ამაზე ბევრს საუბრობდნენ და იმასაც ამბობდნენ, რომ მამაო კრიმინალური გარჩევის დროს დაჭრეს, რეალობა კი ეს იყო), გიორგი დააკავეს და მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს. 

საბოლოოდ, საპროცესო შეთანხმება შედგა და გიოს 4 წელი აკმარეს, თუმცა ბოლომდე ისიც არ მოიხადა _ „ოცნების“ ამნისტიამ მოუსწრო. 

* * * 

დედოფალივით ქალი მიყვარდაო, _ ასე იცოდა თქმა ვასომ. იმასაც არ მალავდა, რომ გისოსებს მიღმა, სწორედ ამ ქალის გამო მოხვდა და იმასაც ამბობდა, დარწმუნებული ვარ, არავინ გააჩერებს, რომ გავალ, გათხოვილი დამხვდებაო. 

ყველაფერი კი მარტივად დაიწყო _ მეზობლის დაბადების დღეზე ნახა სოფია და გაოგნდა. ასეთი სილამაზე არ ენახა და თავადაც ვერ ხსნიდა, როგორ და რით მოაწონა თავი, მაგრამ ფაქტია, ცოლად გაჰყვა ქალი. ლამაზ ქალს დიდი ხარჯი აქვსო, ღიმილით იმეორებდა და თუ რამეს შოულობდა, ცოლს ახარჯავდა, დედოფლობას დაპირდა და არ უნდოდა, სიტყვას გადასულიყო. 

მერე და მერე, რომ გაუჭირდა, მიხვდა, დიდი ფული სჭირდებოდა და იქვე, უბანში, „კაი ბიჭებს“ დაუახლოვდა. ჯერ ერთ საქმეზე გაჰყვა, მერე _ მეორეზე, მესამეზე და მეოთხეზე ჩაავლეს. ჩაავლეს და სულ სათითაოდ ამოუქექეს მანამდე ჩადენილ-გაფუჭებული. 

შვიდი წელი მისცეს და ზუსტად იცოდა, სოფია შვიდი წელი არ დაელოდებოდა. რომც დალოდებოდა, არ მოასვენებდნენ ლამაზ ქალს. იმას ნანობდა, ბავშვის ყოლისგან თავს ვიკავებდით, შვილი რომ მყავდეს, სხვა იქნებოდაო, მაგრამ... 

სასჯელის მეორე წელს მოუვიდა „ზონაზე“ განცხადება, განქორწინებას ითხოვდა ცოლი. ხელი არ მოაწერა, მაგრამ კანონის მიხედვით, უარიდან სამ თვეში, ავტომატური განქურწინება ხდებოდა და ის სამი თვეც გავიდა. 

„სასწაულს ველოდი, ეგებ, ამ სამ თვეში, როგორმე გარეთ გავსულიყავიო“, _ ამბობდა ხოლმე ვასო და... სასწაული არ მოხდა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში