Menu
RSS

რა გავლენას მოახდენს აფხაზეთში დაწყებული „ქურდული რაზბორკები“ თბილისისა და სოხუმის ურთიერთობაზე

რუსეთისგან ოკუპირებულ აფახეთში, პოლიტიკურის პარალელურად, კრიმინალური ვითარებაც იძაბება! 

მართალია, ოკუპირებულ აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს გაიმართება და დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა მოხდება, მაგრამ იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მცირე რევოლუცია უკვე მოხდა. ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯინბამ პოსტი საკუთარი სურვილით დათმო, თუმცა პრეზიდენტობისთვის ბრძოლას კვლავ აპირებს და მერე რა, თუ დაპირისპირებული მხარეები, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რაშიდ ნურგალიევმა შეარიგა? ასე იყო 2003-შიც: იგორ ივანოვმა მოარიგა ჯერ შევარდნაძე და სააკაშვილი, მერე კი _ ასლანი და იგივე სააკაშვილი. იცის ხოლმე, ჩრდილოელმა მეზობელმა, როდის უნდა ითამაშოს მომრიგებლის როლი.

ზოგადად, აფხაზეთი რუსეთისთვის გემრიელი ლუკმა რამდენიმე მიზეზის გამოა. პირველი ისაა, რომ რამდენჯერაც უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, მაინც ყველამ იცის, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებულია, ხელისუფლება _ სეპარატისტული. რუსეთი კი აფხაზეთს სახლობანას ათამაშებს და ნებისმიერ დროს შეუძლია, მცირე რევოლუციები მოაწყოს ანუ ოკუპირებულ ტერიტორიას არასდროს დაალაგებს და თუ შემთხვევით, აფხაზეთში თვითგამორკვევა დაიწყება და ვიღაც იფიქრებს, რომ საქართველოსთან დიალოგი რუსეთის გარეშეა შესაძლებელი, მაშინ არც სამოქალაქო დაპირისპირება გამორიცხოთ. მით უმეტეს, დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში იმდენი უკონტროლო იარაღია, სამოქალაქო დაპირისპირებას კი არა, ომსაც ეყოფა. 

პარალელურად, რუსეთს აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ რომ ჰყავს გამოცხადებული, იქ რუსული კანონები არ მოქმედებს და სეპარატისტებს საკუთარი კონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი აქვთ. ამ კოდექსში კი „კანონიერ ქურდებთან“ დაკავშირებით, სასჯელი არ არის გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთიდან გაძევებული ავტორიტეტებისთვის, აფხაზეთი, წესითა და რიგით, ნირვანა უნდა იყოს. 

რა უნდა კრიმინალს იმაზე უკეთესი, რაც ახლა აფხაზეთში ხდება _ არეული სიტუაცია, ვისი საპრეზიდენტო კანდიდატი ვის პარტიაშია, ვერ გაარკვევ, იარაღი ლამის უფასოდ და ზღვაზე გასასვლელიც... უფასოდ. მით უმეტეს, ახლა კრიმინლური ავტორიტეტებისთვის არავის სცალია, მაგრამ თავად კრიმინალებს სცალიათ ერთმანეთისთვის და პოლიტიკური რევოლუციის პარალელურად, ქურდული რევოლუციაც აქტიურ ფაზაშია, ოღონდ უფრო დაუნდობელი და სასტიკი. 

* * * 

გასული წლის 22 ნოემბერს, სოხუმში, რესტორან „სან რემოში“ ჩაცხრილული ორი, ე.წ. კანონიერი ქურდის _ ასტამურ შამბასა და ალხას ავიძბას ამბავი ყველას გემახსოვრებათ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო იმ დიდი გარჩევისა, რომელიც აფხაზეთში, კრიმინალურ ძალთა გადანაწილებას უნდა მოჰყოლოდა. 

ყველაფერი მარტივად ნამდვილად არ არის და რაც მთავარია, ახლა ქურდებისთვის არავის სცალია _ პოლიტიკური ამბებია გასარკვევი და შესაბამისად, კრიმინალებს ხელ-ფეხი გახსნილი აქვთ და მშვიდად შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც მოესურვებათ. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აფხაზეთში ძალაუფლების აღება რაულ ბარცბამ, მეტსახელად „პიზამ“ გადაწყვიტა. მას ამაში ხელს, გავლენიანი ქურდი, ალხას აგრბა უშლიდა. აგრბა მერაბ ჯანგველაძის ნათლული გახლდათ და შესაბამისად, ერთი შეხედვით, ხელშეუხებლად ითვლებოდა, რადგან ჯანგველაძეს არამარტო აფხაზეთში, არამედ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და ევროპაში უდიდესი გავლენა აქვს. იგი ტარიელ ონიანის უახლოესი გარემოცვის წევრია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯანგველაძეს იტალიაში შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, მისი ძალაუფლება, გარკვეულწილად, შეზღუდულია. შესაბამისად, ბარცბამ, სწორედ 22 ნოემბერს მოკლულ ქურდებთან ერთად, აგრბას სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა და არაქურდად გამოაცხადა. ეს ღია იერიში იყო ჯანგველაძის და შესაბამისად, აფხაზეთში მყოფი ქართველი ქურდების წინააღმდეგ, თუმცა ბარცბა ამაზე არ შეჩერებულა და უფრო შორს შეტოპა: ჯანგველაძემ, სიტუაციაში გასარკვევად, სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი, ნიკა დგებუაძე, იგივე „ნიკა გაგრინსკი“ გაუშვა. ნიკა დედით აფხაზია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიტყვა ეთქმის. სოხუმში ჩასულ დგებუაძეს, ბარცბა და აწ გარდაცვლილები _ ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა სასტიკად გაუსწორდნენ და ისე სცემეს, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. 

ეს აღარ იყო მხოლოდ დგებუაძეზე გალაშქრება, ეს ჯანგველაძისთვის სილის გაწვნას ნიშნავდა. 

ჯანგველაძემ საქმეში, აფხაზეთში მცხოვრები, კიდევ ორი „კანონიერი ქურდი“ _ თემურ გვასალია (მეტსახელად, „მაქოლია“) და თემურ ახუბა (მეტსახელად, „დინრიდი“) ჩართო. სამეული მათაც სასტიკად გაუსწორდა და რაც მთავარია, „მაქოლიაც“ და „დინრიდიც“ არაქურდებად გამოაცხადეს. 

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სოხუმში საკუთარი „დესანტი“ ნადირ სალიფოვმა, იგივე „გულიმ“ გადასხა. სიტუაციაში გასარკვევად, აფხაზეთში რაშად ალიევი (მეტსახელად, „რაშად განჯისკი“), რომან დიმიტრევი (მეტსახელად, „რომა სტავროპოლსკი“) და ცოტა ხნის წინ ნაცემი ნიკა დგებუაძე ჩავიდნენ. ისინი მოულოდნელად დაესხნენ თავს ბარცბას, შამბასა და ავიძბას და ცემა დაუწყეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ბარცბა, როგორღაც იარაღამდე მივიდა და სროლა ატეხა. სამივე „კანონიერი ქურდი“ დაიჭრა და ექიმებმა მათი გადარჩენა ძლივს მოახერხეს. 

ამის შემდეგ, უკვე „გულიმ“ განაცხადა, რომ აფხაზეთში „ბეზპრედელს“ ჰქონდა ადგილი და სამეულს აუცილებლად დასჯიდა, რაც სიკვდილით დასჯის ტოლფასი იყო. 

ამის მიუხედავად, აფხაზი ქურდები არ გაჩერდნენ და გადაწყვიტეს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ. სამას შეიარაღებულ პირთან ერთად, ისინი გალში, გია შონიას დაადგნენ. შონია ქართველი, ე.წ. კანონიერი ქურდია და მას აფხაზეთის „ობშჩიაკი“ ებარა. მათ ამ „ობშჩიაკის“ გადაბარება მოითხოვეს. ქურდისთვის „ობშჩიაკის“ დათმობა უპატიებელი ცოდვაა და მხოლოდ ორი ვარიანტი რჩებოდა _ გიას ან ფული უნდა მიეცა, ან უარი ეთქვა და მას, უბრალოდ, ჩაცხრილავდნენ. ამიტომ, ქურდებმა მოსკოვში, კახა ფარფალიასთან დარეკეს, ე.წ. კანონიერ ქურდთან, რომელსაც რუსეთში უდიდესი გავლენა ჰქონდა და აფხაზეთსაც ყურადღებას აქცევდა. ფარფალიამ სისხლისღვრა შეაჩერა, თუმცა ყველაფერი ეს იმის ფასად, რომ შონიას „ობშჩიაკი“ აფხაზი ქურდების სანაცვლოდ დაათმობინა, ოღონდ ისე, რომ გიას ტიტული ეჭვქვეშ არ დადგა. 

წესითა და რიგით, ამით ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, რადგან აფხაზებმა საწადელს მიაღწიეს, მაგრამ ნურას უკაცრავად. კრიმინალური კონფლიქტი ეთნიკურ კონფლიქტში გადაიზარდა და ბარცბას გადაწყვეტილებით, აფხაზეთში, ქართველი „კანონიერი ქურდების“ ადგილი აღარ იყო. არადა, დაუწერელი კანონების მიხედვით, ქურდი აფხაზეთშიც ქურდია, აშშ-შიც და კამჩატკაზეც. ამ გადაწყვეტილებას ვერავინ ვერსად ახსნიდა და ამიტომაც, ქურდებმა აფხაზებს შეუთვალეს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ, მაგრამ სამეულს ისე ჰქონდა აკრეფილი, არავის და არაფერს ითვალისწინებდა. 

როგორც აფხაზეთში მცხოვრები ქართველები გვიყვებიან, რაულ ბარცბა, ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა, სოხუმში იარაღითა და დაცვით გადაადგილდებოდნენ, არ ერიდებოდნენ არავის და არაფერს, მათი ეშინოდათ სამართალდამცავებს და ანგარიშს უწევდნენ პოლიტიკოსები. ყველაფერი კი 22 ნოემბერს დასრულდა, როცა შამბა და ავიძბა „სან რემოში“ ჩაცხრილეს. ოკუპირებული აფხაზეთის მილიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილად, ერიკ ჭკადუა გამოაცხადა. ჭკადუა აფხაზეთში უცნობი პიროვნება ნამდვილად არ არის. იგი სასურსათო მაღაზიების ქსელის მეპატრონის ნათესავის, ომარ მირცხულავას გატაცების საქმეში ფიგურირებდა. მაშინ მას დანაშაული დაუმტკიცდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელად შინაპატიმრობა მიესაჯა. ჭკადუა არც ამ სასჯელს „იხდიდა“ პატიოსნად, კრიმინალურ გარჩევებში აქტიურად მონაწილეობდა და სასამართლოს განჩინებით, მისი დაპატიმრება გადაწყდა, თუმცა მან მიმალვა მოახერხა. ახლა კი მის სახელს ქურდების მკვლელობა დაუკავშირდა და მასზე ძებნა გამოცხადდა. 

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, თითქოს მოკლული ქურდები, აფხაზეთში ნარკოტიკების გაყიდვას ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ ეს ვერსია მყარი არ გახლავთ _ ბოლო მონაცემებით, ისინი ყველასა და ყველაფერს აკონტროლებდნენ და ამიტომ, წინააღმდეგობის გაწევას არ დაიწყებდნენ, იტყოდნენ უარს და მორჩა. 

რაც შეეხება გადარჩენილ რაულ ბარცბას, როგორც ამბობენ, ის სახლიდან, პრაქტიკულად, აღარ გამოდის და მის საცხოვრებელს ასამდე შეიარაღებული პირი იცავს. მან გავლენა აშკარად დაკარგა და ახლა ყველას ეშინია, გვერდში დაუდგეს, რადგან იციან, რომ ცალკე ჯანგველაძისა და ცალკე „გულის“ მომხრეები, მათაც სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. 

აფხაზეთში კი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების გავლენა იზრდება, ყველას, ვისაც სამეულმა ქურდის სტატუსი შეუჩერა, უკვე აღუდგინეს და ისინი ცდილობენ, საკუთარი ძალაუფლების ქვეშ მოაქციონ ოკუპირებული ტერიტორია. ეს საქართველოსთვისაც არ უნდა იყოს ცუდი, რადგან რეალურად, პოლიტიკური ხელისუფლებაც კრიმინალურია და თუ ოდესმე მათთან მოლაპარაკებები დაიწყება, ქართველ „კანონიერ ქურდებს“ დიდი როლის შესრულება შეუძლიათ. ამასთან ერთად, ქართველი „კანონიერი ქურდების“ ზეობის პერიოდში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქართული მოსახლეობა ხშირად გადადიოდა, იქ არსებულ საკუთარ სახლებს უვლიდა და ამაში ხელს არ უშლიდნენ. 

ყველაფერი ეს შეჩერებული იყო აფხაზი ქურდების გაზრდილი გავლენის დროს, ქართველების გადასვლა შეზღუდული გახლდათ. ახლა კი, ქართველები კვლავ ახერხებენ აფხაზეთში გადასვლას და აღარ აქვთ იმის შიში, რომ ამის გამო, მათ ადგილობრივი კრიმინალები დასჯიან.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში