Menu
RSS

როგორ უნდა დაიცვას თავი ოჯახური ძალადობის მსხვერპლმა

ფსიქოთერაპევტის რეკომენდაციები წყვილებს

გეშტალტ-ფსიქოთერაპევტი ზვიად ეკიზაშვილი, რომელიც ამჟამად, იტალიაში, პოსტსადიპლომო სწავლებას გადის ოჯახურ და წყვილთა თერაპიის მიმართულებით, წყვილთა შორის პრობლემებზე, „ვერსიასთან“ საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს. ეკიზაშვილი აცხადებს, რომ ოჯახურ ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემების დროს, სასურველია, ადამიანებმა ფსიქოთერაპევტს მიმართონ, რადგან ეს პრობლემები ხშირად მოგვარებადია...

ფსიქოთერაპევტის თქმით, საქართველოში, ფსიქოთერაპია ახალგაზრდა პროფესიაა, ამიტომ ოჯახური და წყვილთა თერაპიაც ახალი შემოსულია. რაც შეეხება წყვილთა პრობლემებსა და სტატისტიკას, ზვიად ეკიზაშვილის თქმით, ევროპაში 57%-ია ალბათობა, რომ წყვილი გაცილდეს: 

„ვფიქრობ, ამ რეალობას ბევრი რამ განაპირობებს, მაგალითად, მეტი ინფორმირება, თავისუფლება, თუნდაც გენდერული თანასწორობა. ის კულტურალური ტაბუ, რაც აზიასა და ისეთ რელიგიურ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მოიხსნა. სხვათა შორის, კათოლიკურ ეკლესიაში გაცილებას საერთოდ კრძალავდნენ... 

ზოგადად, ტერმინის „ოჯახი“ გაგება, საკმაოდ ფართოა, ზოგჯერ ოჯახს ადამიანები სამსახურს, ან სამეგობრო წრესაც კი უწოდებენ. ოჯახურ ფსიქოთერაპევტს წყვილი მიმართავს, როცა ერთად ყოფნა უნდათ, მაგრამ არ გამოსდით, არ შეუძლიათ, ან დახმარება სჭირდებათ, რათა ერთად ყოფნა შეძლონ. თერაპიის დროს, შეიძლება, შეიცვალოს სურათი და წყვილმა გააცნობიეროს, რომ სჯობს, დაშორდეს ანუ რა შედეგი დადგება, არავინ იცის, მაგრამ საწყისი იმპულსი ისაა, რომ წყვილი მონდომებულია ურთიერთობის მოსაგვარებლად. 

ოჯახურ თერაპიაში, წყვილებსა და ოჯახებთან ყოველთვის ორი თერაპევტი მუშაობს. ასეთ დროს, იოლია იდენტიფიკაციის გაკეთება. ფსიქოთერაპიული ჰიპოთეზით, თერაპევტების წყვილში რა შეგრძნებები და მოქმედებებიცაა, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ წყვილსაც იგივე პრობლემი აქვს. ფსიქოთერაპიის იდეა ისაა, რომ გაზარდოს კლიენტის ცნობიერება. 

წყვილის დაშორებაზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ პრობლემას, როგორიცაა ოჯახური ძალადობა მამაკაცის, ასევე, ქალბატონის მიმართ. ამ შემთხვევაში, წყვილის ცხოვრებაში ერევა სახელმწიფო და შესაბამისი სტრუქტურები, ისჯება დამნაშავე და შესაბამისად, ეს წყვილი, წყვილად აღარ ითვლება. შეიძლება, დარჩნენ წყვილად _ ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემი აზრით, ესაა უკიდურესი მომენტი, როცა უნდა დაფიქრდეს მეწყვილე და არ იცხოვროს „სტოკჰოლმის სინდრომის“ ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლი კარგავს საზღვრებს და ხდება შერწყმა მოძალადესთან. ფიზოლოგიურად, ჩვენთვის ყველაზე ნათელი საზღვარი კანია ანუ კანია საზღვარი დანარჩენ სამყაროსთან. ასეთივე საზღვარი გვაქვს პირად სივრცეშიც, სადაც შედის ფასეულობები, აღზრდა, კულტურა... სიყვარულის დროს, ადამიანი კარგავს საზღვრებს. რომანტიკა რომ იწყება, იმდენად მკრთალია საზღვარი, ვერც გრძნობ, შენ სად ხარ და ის სად არის. ასეთივე საზღვრები აქვთ მეუღლეებს და ძალადობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, ერთი მხარე მთლიანად ლახავს ამ საზღვრებს, ფიზიოლოგიურსაც და ეს მიუღებელია. 

ძალადობის მსხვერპლს ვურჩევ, პირველ რიგში, მოშორდეს იმ სიტუაციას და ითხოვოს შესაბამისი დახმარება. დღეს, პოლიციასთან ამ საკითხზე თანამშრომლობა პრობლემა არაა და მოქალაქეები დაცულად გრძნობენ თავს. 

ზოგჯერ მსხვერპლს უნდა, რომ პრობლემა დატოვოს ოჯახში ანუ მასში ჩართოს ოჯახის წევრები, რადგან ნათესაური კავშირები ძლიერია. ამაზე მახსენდება სახარების ერთი მონაკვეთი: „პირველ რიგში, თავად მიდი ადამიანთან და სცადე, შეაგონო, თუ არ მიიღო, მოიყვანე შენი მეგობარი და ორივემ სცადეთ, ჭკუაზე მოიყვანოთ და თუ ამანაც არ უშველა, ჩართე საზოგადოება“ ანუ თუ ძალადობის მსხვერპლს ამ გზის ნაბიჯ-ნაბიჯ გავლა უნდა, გაიაროს, მაგრამ საბოლოოდ, საქმე მაინც სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობამდე მიდის, რომლებიც ყველაფერს არეგულირებენ. 

როცა ძალადობაზე ვსაუბრობ, ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, ემოციურ ძალადობას ვგულისხმობ. 

ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური და მატერიალური მდგომარეობაც, რაც იმის ერთ-ერთი მიზეზია, რომ ძალადობის მსხვერპლი ვერ სცილდება მოძალადეს. ამიტომაც, საზოგადოების ტენდენცია იქით მიდის, რომ ქალი გაძლიერდეს სოციალური მიმართულებით ანუ ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობა იყოს“. 

ფსიქოთერაპევტი განმარტავს, რა დროს უნდა მიაკითხოს ოჯახმა თერაპევტს და რა ღირს საქართველოში ოჯახური ფსიქოთერაპევტის მომსახურება: 

„როცა პრობლემას ხედავთ, ჩართეთ ფსიქოთერაპევტი, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ. წყვილთა თერაპიის ერთი სესიის ფასი, რომელიც საშუალოდ, საათი და 30 წუთი გრძელდება, 60-დან 200 ლარამდე მერყეობს. ისე, ყველას ვურჩევ, სანამ ფსიქოთერაპევტთან მისვლას გადაწყვეტს, გადაამოწმოს, ვისთან მიდის ანუ დაინტერესდით მისი კომპეტენციით, დიპლომით, განათლებით, წყვილებთან მუშაობის გამოცდილებით. ასევე, წინასწარ გაარკვიეთ, რა ღირს, რამდენს ხანს გრძელდება სესია, როგორ მიმდინარეობს მუშაობა _ მარტო, თუ წყვილში. 

თუ წყვილთა პრობლემაში ამოტივტივდა ძალადობა, ეთიკის კოდექსის მიხედვით, ფსიქოთერაპევტი რთავს სოციალურ მუშაკს, რომელიც წყვეტს, ჩართონ სამართალდამცავი ორგანოები, თუ არა. საქართველოში ეს მიმართულება აწყობილია. არის ძალადობის მსხვერპლთათვის ცენტრი საბურთალოზე, სადაც შეუძლიათ, შვილებთან ერთად იმდენ ხანს გაჩერდნენ, რამდენიც დასჭირდებათ. 

ოჯახურ თერაპიაზე ზოგჯერ მთელი ოჯახი მიდის, სადაც ბავშვებიც არიან. ბავშვი ოჯახის შიდა ამინდის ბარომეტრია. ყველაზე მგრძნობიარეები ბავშვები არიან. თუ გინდათ, გაარკვიოთ, რა ხდება თქვენს წყვილში, დააკვირდით ბავშვებს და გიკარნახებთ, რაც ხდება. მათი საქციელის „გაშიფვრა“ თერაპიის დროს შეიძლება. პირველ რიგში, გამოსარიცხია ბავშვთა მიმართ ძალადობა და იქვე ერთვება სოციალური მუშაკი. რა თქმა უნდა, ბავშვზე ტყდება ყველაფერი, ყველაზე დაუცველი ბავშვია _ საკუთარ თავს ვერ იცავს, მას იცავს ოჯახი, მშობლები, სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, საშინელი ტრავმაა, როცა დამცველი, პირიქით, მოძალადე ხდება. 

აღსანიშნავია, რომ ბავშვს სტერილურად ვერ გავზრდით. ის ყველგან არის, მონაწილეობს და ქმნის ოჯახურ პროცესებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მასთან დიალოგი. ვკითხოთ, რა აზრისაა იმაზე, რაც მოისმინა და ნახა. ზოგადად, ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ფორმაა“.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში