Menu
RSS

რამდენი „კანონიერი ქურდი“ მოკლეს ღორის წელში და ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი „კრიმინალური ავტორიტეტი“

2019 წლის კრიმინალური სკანდალები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი კრიმინალური სამყაროსთვის ზედმეტად ცუდი აღმოჩნდა. უფრო თუ დავკონკრეტდებით, სწორედ 2019 წელს, საბოლოოდ დაიწყო „კანონიერი ქურდების“ კასტის განადგურება და ის სავარაუდოდ, ძალიან მალე, წარმატებით დასრულდება. იმაზე, რომ „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტი დაძველდა და მას მომავალი აღარ აქვს, შარშანაც საუბრობდნენ, შარშანწინაც და იმის წინაც, მაგრამ ახლა „კანონიერი ქურდების“ დევნა საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ეს პროცესი არ გაჩერდება.

საქართველოში, 223-ე მუხლის მიღების შემდეგ, „კანონიერი ქურდობა“ დასჯადი გახდა. მაშინ, უფლებადამცველებმა აღნიშნული კანონი გააპროტესტეს, აქაოდა, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ამიტომ, არაკონსტიტუციურიაო, თუმცა ხელისუფლებამ (წინა ხელისუფლებამ) არაფერი შეცვალა და ამ მუხლით, არაერთ „კანონიერ ქურდს“ მოახდევინა სასჯელი. 

როცა კრიმინალური სამყაროს მამები მიხვდნენ, რომ საქართველოში არ ინდობდნენ, ნავთსაყუდელი პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ქვეყანაში დაიდეს, ყველაზე მეტი კრიმინალი კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაფუძნდა. 

როგორც რუსული მედია იუწყება, საქართველოში ამ კანონის მიღებიდან, დაახლოებით, ერთ წელიწადში, მათ ქვეყანაში, საცხოვრებლად 300-ზე მეტი ქურდი გადავიდა, რამაც კრიმინოგენური სტატისტიკა კატასტროფულად გაზარდა ანუ 145-მილიონიანი ქვეყნისთვისაც კი, „კანონიერი ქურდების“ ეს ოდენობა ბევრი აღმოჩნდა. ჰოდა, ამ მიგრაციას ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა და ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც „კანონიერი ქურდობა“ იქაც დასჯადი გახდა. 

რუსეთის პრეზიდენტის მიერ წლის დასაწყისში ნათქვამი სიტყვები, 2020 წლის 1 იანვარს, რუსეთის ტერიტორიაზე „კანონიერი ქურდები“ ან არ იქნებიან, ან თუ იქნებიან, მხოლოდ გისოსებს მიღმაო, ბოლომდე ვერ შესრულდა, მაგრამ მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მომავალ წელს, აუცილებლად შესრულდება. 

რუსეთში „კანონიერ ქურდებზე“ ნამდვილი ნადირობის სეზონია გამოცხადებული, ბევრი დაიჭირეს, ბევრმა სხვა ქვეყანაში გაქცევა შეძლო, ბევრი კი იმალება და ცდილობს, იატაკქვეშიდან აკონტროლოს სიტუაცია. 

რუსეთიდან მიგრირებული ქურდების უმრავლესობამ უკრაინას მიაშურა და ვოლოდიმირ ზელენსკიმაც არ დააყოვნა _ უკრაინის დუმამ უკვე მიიღო კანონი, რომელიც ქართული სს კოდექსის 223-ე მუხლის ანალოგია და „კანონიერი ქურდობა“ იქაც დასჯადი გახდა. 

უკრაინული მედიის ცნობით, „ნადირობის სეზონი“ უკვე გახსნილია, თუმცა მთელი სერიოზულობით უკრაინელი სამართალდამცავები საქმეს მომავალი წლიდან მოეკიდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „კანონიერ ქურდებს“ უკრაინიდანაც მოუწევთ წასვლა და მათი უმეტესობა ნავთსაყუდელად, ალბათ, თურქეთს განიხილავს. 

თურქეთის ხელისუფლება აღნიშნული კანონის მიღებაზე ჯერ არაფერს ამბობს, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტი ცდილობს, კრიმინალებისთვის მიცემული თავშესაფრის სანაცვლოდ, სარგებელი მიიღოს და ამიტომ, ყველამ, ვისაც ჩვენს მეზობლად მშვიდი ცხოვრება სურს, თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციის სახით, მინიმუმ, 2 მილიონი დოლარი უნდა ჩადოს. 

ეს თანხა კი ყველა „კანონიერ ქურდს“ ნამდვილად არ აქვს და დიდი ალბათობით, მათ ან ქვეყნის დატოვება მოუწევთ, ან უბრალოდ, დაიჭერენ და გაადეპორტებენ. 

ანალოგიურ კანონზე უკვე დაიწყო მუშაობა ესპანეთმა, საფრანგეთმა, საბერძნეთმა და იტალიამ. სერიოზული ეჭვი გვაქვს, მათ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ყველა ქურდი მუდმივად ან ძებნაში იქნება, ან ციხეში, სხვა ვარიანტი, უბრალოდ, აღარ რჩება. ამიტომ ვამბობთ, რომ როგორც ინსტიტუტი, „კანონიერი ქურდობა“, ბოლო დღეებს თუ არა, თვეებს ნამდვილად ითვლის. 

* * * 

წლის მოვლენა კრიმინალურ სამყაროში, ტარიელ ონიანის ციხიდან გამოსვლა უნდა გამხდარიყო. ყველაზე გავლენიანმა „კანონიერმა ქურდმა“ 9-წლიანი სასჯელი მოიხადა და თავისუფლებასთან ერთად, სხვა ქვეყანაში დეპორტსაც ელოდა. მისი დეპორტი კი მოხდა, მაგრამ არა ისე, როგორც ონიანს ჰქონდა დაგეგმილი. რუსეთის ფედერაცია ესპანურმა მხარემ დააჯერა, რომ ტარიელი მისთვის გადაეცა და ასეც მოხდა. ახლა ონიანი ესპანურ ციხეშია, სადაც დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 10 წელი და 35 მილიონი ევრო ჯარიმა. 

მისმა ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს და ვნახოთ, პროცესები როგორ წარიმართება. 

ესპანეთში ამ სფეროს ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ადვოკატების ნებისმიერი მცდელობა კრახით დასრულდება და ონიანს არავინ გაათავისუფლებს. 

* * * 

2019 წელი გამორჩეული არაერთი „კანონიერი ქურდის“ მკვლელობითაც იყო. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ორ ათეულზე მეტი მოკლული „კანონიერი ქურდიდან“, სამართალდამცავთა ტყვიას... ერთიც არ ემსხვერპლა და ისინი თავისიანებმა დახოცეს. 

სულ ბოლო მკვლელობა სოხუმში მოხდა, სადაც რესტორანში, ორი აფხაზი ქურდი ჩაცხრილეს და მათი მკვლელობის საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არავინაა, თუმცა თავად კრიმინალურ სამყაროშიც კი ამბობენ, რომ ამ მკვლელობასთან, სამართალდამცავები კავშირში არ არიან და ქურდები თავისიანებმა სფეროების გადანაწილების გამო გაწირეს. 

იგივე შეიძლება ითქვას სომხეთში, ერევანში მოკლულ ქურდზეც (სხვათა შორის, ერევანში „კანონიერი ქურდი“ პირველად, სწორედ 2019 წელს მოკლეს) და რუსეთში ჩაცხრილულებზეც ანუ სამართალდამცავები ყველგან „სუფთები“ არიან. 

* * * 

სხვათა შორის, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ 2019 წელს, „ფორბსის“ მილიარდერთა სიაში, „კანონიერი ქურდი“ პირველად მოხვედრილიყო. საუბარია საქართველოში დაბადებულ ნადირ სალიფოვზე (იგივე „გულუ“), რომელმაც აზერბაიჯანის ციხეს თავი, ლამის 20-წლიანი ტყვეობის შემდეგ დააღწია და არასრულ ორ წელიწადში, ასეულობით მილიონი დოლარი იშოვა. 

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სალიფოვი პირველი მილიარდერი „კანონიერი ქურდია“ და დღეს თავისუფლებაზე მყოფ კოლეგებს შორის, ყველაზე გავლენიანიც. ის ამჟამად დუბაიში ცხოვრობს, ქვეყნიდან არ გადის და თუ ვინმეს მასთან რაიმე საქმე აქვს, ყველას, სწორედ დუბაიში ეპატიჟება, მაგრამ ქურდები იქ ჩასვლას ერიდებიან. 

საქმე ისაა,რომ „კოლეგებთან“ რამდენიმე შეხვედრა მათი ცემით დასრულდა და არავის სურს, სალიფოვის გარემოცვის მუშტის ძალა იწვნიოს. 

* * * 

რაც შეეხება ქართულ კრიმინალს, მიმდინარე წელი მძიმე დანაშაულებით აშკარად გამორჩეული იყო. არასრულწლოვანთა მკვლელობით დაწყებული, შვილების თვალწინ ყელგამოჭრილი დედით გაგრძელებული და არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისთვის დაკავებული მშობლებით დასრულებული. 

ზოგადად, არასრულწლოვანთა პრობლემა ძალიან, ძალიან მწვავედ დგას და სახელმწიფო დონეზე მისახედია. ის, რომ ამ ასაკის ბავშვებს შორის კრიმინალი გაზრდილია, იქიდანაც ჩანს, რომ განსაკუთრებით დედაქალაქში, გაქურდული მაღაზიების აბსოლუტური უმრავლესობა, სწორედ იმ ასაკის ბავშვებზე მოდის, რომლებსაც კანონი ვერ სჯის. 

უფრო მეტიც, კანონის არარსებობის გამო, იდენტიფიცირებული არასრულწლოვნები მეორე და მესამე დღეს, ახალ დანაშაულს სჩადიან და პოლიცია ამ შემთხვევაშიც უძლურია. 

იუსტიციის სამინისტრო შესაბამის კანონპოროექტზე კი მუშაობს, მაგრამ... ასე მუშაობდნენ შარშანაც, შარშანწინაც... ჯერჯერობით, ამ კანონს დღის სინათლე არ უნახავს და დროზე თუ არ ნახავს, შესაძლოა, ახალი თაობა კატასტროფამდე მივიდეს. 

სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ დიდია სუიციდის მცდელობები. ხშირ შემთხვევაში, ყველაფერი ეს, ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, რაც გასაკვირი არ არის. 

ოფიციალური მონაცემებით, აზარტული თამაშების ბრუნვა საქართველოს ბიუჯეტზე მეტი ანუ 15 მილიარდი იყო და ეს თანხა მთლიანად მოსახლეობისგან გავიდა. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტ კაზინოები, თუ ზოგადად კაზინოები, ლამის 70%-იან მოგებაზე მუშაობენ. ადვილი მისახვედრია, რომ ამ 15 მილიარდიდან, მათ ჯიბეში, მინიმუმ, 10 მილიარდი წავიდა ანუ საქართველოს მოსახლეობა 109 მილიარდით უფრო გაღარიბდა და ვინც გამოსავალი ვერ ნახა, გადაწყვიტა, პრობლემა სუიციდის გზით მოეგვარებინა, რაც არასდროს ყოფილა გამოსავალი და არც არასდროს იქნება. 

* * * 

სხვა, აბა, რა გითხრათ? ასე ამბობენ, კრიმინალი რომ არ იყოს ამ ქვეყნად, ცხოვრება უაზრობა იქნებოდაო, მაგრამ გვერწმუნეთ, იმ უაზრობაში აჯობებს ცხოვრება, ვიდრე აზრიან კრიმინალში.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში