Menu
RSS

კრიმინალთა საახალწლო „პრიკლუჩენიები“

როგორ აღმოჩნდა 31 დეკემბერს რეზო ციხეში ცოლის კაპრიზების გამო და რატომ გაუტეხა ქვით თავი ახალი წლის ღამეს ბაკურმა უცნობ მამაკაცს

ძნელია, როცა პატიმრებზე გიწევს წერა. ძნელია იმიტომ, რომ იცი მათი ყოფა, იცი, რას გრძნობენ გისოსებს მიღმა და ისიც იცი, რომ იქ გატარებული ყოველი წუთი ჯოჯოხეთია ნებისმიერისთვის. რა თქმა უნდა, არიან პატიმრები, რომლებიც ჩადენილს არ ნანობენ და არიან ისეთებიც, რომლებიც ძალიან წუხან მომხდარის გამო, თუმცა ბედის ბორბალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორივეს ერთნაირად ატრიალებს.

კარგი ის გახლავთ, რომ პატიმრების სიკვდილიანობაა შემცირებული და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუუმჯობესდათ. 

ის, თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს პატიმრები ციხეში, წინა წელს უკვე მოგიყევით. ახლა კი იმ პატიმრებზე გიამბობთ, რომლებიც გისოსებს მიღმა... ახალი წლის ღამეს აღმოჩდნენ, ზოგი ნებსით, ზოგი კი _ უნებლიედ. 

მამუკა კ-ს, მთელი „ზონა“ „სანტას“ ეძახდა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს მეტსახელი სანტა კლაუსიდან მოდიოდა, მაგრამ მამუკას არც თეთრი წვერი ჰქონდა, არც წითელი ფორმა ეცვა და ზოგადად, სანტა კლაუსს არაფრით ჰგავდა, თუმცა... 

„ის ფილმი ხომ გაქვს ნანახი, ხუთი სანტა კლაუსი, ახალი წლის ღამეს, კაზინოში რომ შედის და ძარცვავს? მერე, ერთმანეთს რომ ხოცავენ, რა, მაგარი ნაშა თამაშობს მანდ, ქერა თმიანი. ჰოდა, ახალი წლის ღამეს მეც გადავწყვიტე, სანტა ვყოფილიყავი და ფული მეც მეშოვა. 

ფორმა ვიყიდე, გამოვეწყვე და წინასწარ შეგულებულ „ბაითებს“ ჩამოვუარე. პირველ ჯერზე, კარი ადვილად გამიღეს, შევედი, დავაძრე იარაღი და იმის მიუხედავად, რომ იქ მყოფ 5 წლის ბავშვს, ყველაფერი ეს, სანტას საახალწლო წარმოდგენა ეგონა და თამაში დამიწყო, ოქროული მაინც წამოვიღე. აქ მქონდა ყველაზე მაგარი გათვლა _ პოლიცია აუცილებლად დაიწყებდა გადაცმული სანტას ძებნას, ტაქსებს ააწიოკებდა, ვინ მიიყვანა სახლამდე და ა.შ. ამიტომ, მე მეორე ბაითისკენ წავედი ანუ ისევ საქმეზე წავედი და გიჟები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ეფიქრათ, სხვა საქმეზე წავაო. 

კარი ისევ მარტივად გამიღეს და რომ შევედი, ოჯახის უფროსი ფანჯრიდან მაშხალას ისროდა. გავაძრე ჩემი ნაგანი, ხელები მაღლა-მეთქი და შემობრუნდა ის ჩემი ცოდვით სავსე, მომიშვირა მოკიდებული მაშხალა და პირდაპირ სახეში დამიმიზნა. სანამ აზრზე მოვიდოდი, ჯერ ცეცხლის ერთი ბურთულა მომხვდა, მერე _ მეორე, მესამე და... წამეკიდა წვერზე ცეცხლი. 

დავაგდე ნაგანი, მოვიძრე ნიღაბი და თვალებიდან რომ გამოვიხედე, ჩემი ნაგანი ოჯახის უფროსს მაშხალის ნაცვლად ეჭირა ხელში. რაღაცის თქმა დავაპირე და სავარაუდოდ, 12 საათზე გახსნილი შამპანურის ბოთლი ჩამარტყა ვიღაცამ უკნიდან. გავითიშე და რომ მოვსულიერდი, პირველი, რაც დავინახე, მომღიმარი პოლიციელი იყო, გადარჩა ჩვენი სანტაო, სიხარულით რომ ამცნო საზოგადოებას. 

სანტას ფორმაში მიმიყვანეს „კაპეზეზე“ და კიდევ კარგი, სასამართლოზეც სანტას ფორმაში არ გავედი _ ჩემებმა შემომიგზავნეს მანამდე სპორტულები. სახე ცოტა დამწვარი მქონდა, წამწამები და წარბები შეტრუსული, თვალებს ძლივს ვახელდი. მოსამართლემ ღიმილით შემიფარდა 2-თვიანი, მერე ისევ ღიმილით მომისაჯა 8 წელი ყაჩაღობისთვის და „ზონაზე“ კიდევ მეტი რა უნდათ, შემარქვეს „სანტა“, _ ღიმილით ყვებოდა ხოლმე მამუკა. 

ბაკურს არც უყაჩაღია, არც იარაღით ურბენია, მაგრამ ციხეში მაინც ახალ წელს მოხვდა. გაგიკვირდებათ და, მიზეზი ისევ სანტა კლაუსი იყო. 

„ბავშვებმა შემჭამეს, გინდა თუ არა, ახალ წელს ჩვენთან სანტა უნდა მოვიდეს და საჩუქრები იმან მოგვიტანოსო. არ მქონდა სანტას გამოსაძახებელი ფული, ამიტომ, 20 ლარად ვიყიდე ფორმა და ვიფიქრე, მე ჩავიცვამ, შევალ, დავურიგებ საჩუქრებს და მერე გამოვიცვლი-მეთქი. 

ტანსაცმელი გარაჟში დავმალე და 12-ს 20 წუთი რომ დააკლდა, მოვიმიზეზე, შამპანურის ყიდვა დამავიწყდა, მაღაზიაში გავალ, მანამდე თუ სანტა მოვიდეს, უთხარით, დამელოდოს-მეთქი. 

ჩამოვედი გარაჟში, გამოვიცვალე და სადარბაზომდე არმისულს, ფეხებთან მომიჩერა ვიღაც ტიპმა მანქანა. გადმოვიდა კაი ნასვამი კაცი და მეუბნება, ძლივს არ გნახე, წამოდი, ჩემს ბავშვებთან უნდა წავიდეთო. 

მე ვარკეთილში ვცხოვრობ, ის კიდევ _ თემქაზე, ზღვით გადმოვედიო და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. უარი ვუთხარი, ავუხსენი, რაც ხდებოდა, რომ პროფესიონალი სანტა არ ვიყავი და იმან კიდევ გაჭედა, არა უშავს, ას ლარს გადაგიხდიო. რომ ვერაფერი გავაგებინე, ჩავიქნიე ხელი და სადარბაზოში შესვლა დავაპირე. 

ამ დროს მეცა, ქუდი და წვერი მომაძრო და მეუბნება, ვერსად წახვალ, ჯერ ჩემს შვილებთან უნდა მივიდეთო. ქუდისა და წვერის გარეშე, სახლში ასვლას აზრი არ ჰქონდა, მაშინვე მიცნობდნენ ბავშვები და მთელი სიურპრიზიც წყალში ჩამეყრებოდა. დავიწყეთ ჭიდაობა და ვატყობ, მერევა, ავდექი და ქვა ჩავარტყი თავში. ალბათ, მაგრად მომივიდა, ერთი „ვაიო“ დაიძახა და გაიშხლართა. 

ვერ მოვასულიერე, ჩავაგდე თავის მანქანაში და წავიყვანე საავადმყოფოში. იქ, როგორც ხდება ხოლმე, ექიმებმა პოლიციაში დარეკეს და პატრულს სულ დეტალებში მოვუყევი, რა და როგორ მოხდა. ისინი „გაგებით“ მოეკიდნენ ჩემს მონაყოლს, სხეულის განზრახ მძმე დაზიანება შემიფარდეს და მოსამართლემაც ორი წელი არ დამამადლა. 

ახლა ბავშვებმა ნაღდად იციან, რომ სანტა არ არსებობს, მაგრამ მერჩივნა, არ სცოდნოდათ და გარეთ ვყოფილიყავი“, _ ხელის აქნევით ამთავრებდა ბაკურა თავის ისტორიას. 

ყველაზე საინტერესო მაინც რეზოს მონაყოლი იყო, რომელიც საახალწლო სუფრიდან, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოხვდა. 

რატომ გორში? 

იმიტომ, რომ თბილისის იზოლატორებში ადგილი, უბრალოდ, არ იყო. 

„პეკინზე ახალი მაღაზია გახსნეს, სადაც ქალის ჩანთები იყიდებოდა. ცოლმა შემჭამა, გინდა თუ არა, ერთი ჩანთა მიყიდეო, მანახა კიდეც. 120 ლარი ღირდა და დავპირდი, გიყიდი-მეთქი. ჰოდა, ახალი წლის ღამეს ვაპირებდი ყიდვას. მივედი ასე, 6 საათისთვის და დაკეტილი დამხვდა. ავტეხე ერთი ამბავი, რას ქვია, დაკეტილია-მეთქი და გვერდით მაღაზიაში შევედი, სადაც მეპატრონის ტელეფონი მომცეს. დავურეკე და იმან კიდევ გამიპროტესტა, რუსთავში ვცხოვრობ, სახლში ვარ უკვე, ახალი წელია და მეც ადამიანი ვარო. 

მოკლედ, ვერ დავკერე, არ ჩამოვალო, მითხრა და მაგით დახურა თემა. 

სხვა მაღაზიები დავიარე, მაგრამ რად გინდა, იმ ჩანთასთან მიახლოებულიც კი ვერაფერი ვიშოვე. წავედი სახლში, ავუხსენი ცოლს, რაც მოხდა და იმან კიდევ ქოთქოთი დაიწყო, შენ სულ ასე გემართება, აბა, რა გეგონაო და კიდევ ათასი ქალური სისულელე. 

ჰოდა, დავჯექი და დალევა დავიწყე, ცოლი არ ჩერდებოდა და მეც არ ვჩერდებოდი. ერთი სული მქონდა, გავთიშულიყავი და დამეძინა. არც მე მოვრჩი და არც _ ის. ბოლოს, როგორც იქნა, დაწვა და სწორედ მაშინ „გამეხსნა“ გონება. ავიღე დიდი ჩაქუჩი, ჩავედი იმ მაღაზიასთან, ვიტრინა ჩავამტვრიე, გამოვიტანე ის ჩანთა, რომელიც უნდოდა და წამოვედი. 

ლოგინთან დავუდე ჩანთა, დავწექი და დავიძინე. დილით პოლიციამ გამაღვიძა და ხელბორკილებით განყოფილებაში წამიყვანა. დაკითხვა რომ დაიწყეს, მეუბნებიან, დანარჩენი ჩანთები რა უყავიო? არაფერი მახსოვდა, არც ის მახსოვდა, რამდენი ჩანთა წამოვიღე და ვიდეოკამერების ჩანაწერები დამიდეს. საბედნიეროდ, იქ გამოჩნდა,რომ მხოლოდ ერთი ჩანთა მიმაქვს, დანარჩენი კი ვისაც არ დაეზარა, ყველამ აიღო, გამვლელმა და გამომვლელმა. მეეზოვემაც კი წაიღო ორი ცალი. 

დამკითხეს და გორში გამაქანეს, შენნაირი ნიჭიერი დღეს ბევრი იყო და თბილისის „კაპეზეებში“ ადგილი აღარ გვაქვსო. 

სასამართლოზე რომ გამიყვანეს და ყველაფერი გულახდილად მოვყევი, მოსამართლემ ბევრი იცინა, მერე მითხრა, აი, ამიტომ არ მომყავს ცოლიო, ვიტრინის შუშის ღირებულების ანაზღაურება დამაკისრა და ზედაც 4 წელი მომარჭო. ზის ახლა ჩემი ცოლი სახლში ჩანთისა და ქმრის გარეშე“, _ ღიმილით ყვებოდა რეზო. 

* * * 

ახალ წელს, პატიმართა უდიდესი ნაწილი კიდევ ერთი რამის გამო ელოდება მოუთმენლად _ როგორც წესი, ამ დღეს პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს და შინაგანად ყველას სჯერა, რომ პრეზიდენტი სწორედ მას შეიწყალებს. 

ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენს აჩუქებს სალომე ზურაბიშვილი თავისუფლებას, თუმცა ეჭვი მაქვს, მის მიერ გამოცემული ბოლო შეწყალების აქტიდან გამომდინარე, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულები, შეწყალების ახალ აქტში აღარ მოხვდებიან.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში