Menu
RSS

საქართველოს ბანკისა და SOLO-ს ორგანიზებით, თბილისში ლენი კრავიცის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება

ლეგენდარული როკ-ვარსკვლავი 2020 წლის ევროპის ტურნეს 31 მაისს, საქართველოდან დაიწყებს

საქართველოს ბანკისა და SOLO-ს ორგანიზაებით, ლენი კრავიცი თბილისს, მსოფლიო ტურნეს _ HERE TO LOVE ფარგლებში, 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ლეგენდარული როკ-ვარსკვლავის, ლენი კრავიცის ევროპის ტური, სწორედ საქართველოდან დაიწყება.

ბილეთების გაყიდვა 18 დეკემბერს, ონლაინ, TKT.GE-ზე, SOLO CLUB-ისა და საქართველოს ბანკის WM მომხმარებლებისთვის 10.00 საათიდან დაიწყება. 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე, ბილეთებს SOLO-ები შეიძენენ, ხოლო 26 დეკემბრიდან, ბილეთებს ნებისმიერი ტიპის ბარათით შეიძენთ. კონცერტისთვის კარი 31 მაისს, 17.00 საათზე გაიხსნება, ლეგენდარული მუსიკოსი კი ქართველი მსმენელის წინაშე მოგვიანებით წარსდგება. ბილეთის ფასი ექსკლუზიურად SOLO-ებისთვის, 95 ლარიდან დაიწყება. 

SOLO ბიზნესის ხელმძღვანელმა, ეთუნა ირემაძემ აღნიშნა, რომ უკვე ათი წელია, რაც SOLO, თავის მომხმარებლებს სხვადასხვა სიახლესა და ღონისძიებას სთავაზობს: 

 

,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და SOLO-ს ორგანიზებით, ამჯერად, ერთ-ერთ ლეგენდარულ როკ-ვარსკვლავს, ლენი კრავიცს ჩამოვიყვანთ. 2020 წლის 31 მაისს, თბილისში, მსოფლიო ტურნეს _ HERE TO LOVE ფარგლებში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს კონცერტს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომლენი კრავიცის ევროპის ტური, სწორედ საქართველოდან დაიწყება. სხვათა შორის, საკმაოდ გრძელვადიანი მოლაპარაკებები გავმართეთ მომღერალთან, რაც წარმატებით დასრულდა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, მსოფლიო დონის ვარსკვლავის კონცერტს საქართველოს დედაქალაქში დაესწრონ''. 

SOLO Lifestyle -ის ხელმძღვანელის, ნინი ჩიქოვანის განცხადებით, ლენი კრავიცი განსაკუთრებული მოთხოვნებით არ გამოირჩევა და სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, მას უჩვეულო ახირებებიც არ ახასიათებს. ყურადღებას კონცერტის ტექნიკურ მხარეზე ამახვილებს და სწორედ ამიტომაა, რომ მისი კონცერტები ტექნიკურად მაღალი ხარისხით გამოირჩევა. გარდა ამისა, ლენი კრავიცს ძალიან უყვარს იმ ქალაქის ქუჩებში სეირნობა, სადაც კონცერტს მართავს: 

,,ამიტომ, თუ მაისის ბოლო დღეს, თბილისის ქუჩებში _ კაფეში, ან ღამის კლუბში ლენი კრავიცს გადააწყდებით, არ გაგიკვირდეთ. მოხარული ვარ, რომ ტრადიციულად, SOLO თავის მომხმარებლებს ახარებს, რადგან ისინი მართლაც გრანდიოზულ კონცერტს დაესწრებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, ვინც 31 მაისს, ლენი კრავიცის კონცერტზე მოვა, პოზიტიური ემოციებით დაიმუხტება. ვფიქრობ, ადამიანების ცხოვრებაში, მუსიკას მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი ემოცია, სწორედ მუსიკას მოაქვს. შესაბამისად, ლენი კრავიცის კონცერტი თბილისში, ყველაზე საუკეთესო საჩუქარი იქნება SOLO-ს მომხმარებლებისთვის. სხვათა შორის, კონცერტზე დასწრებას შეძლებს ყველა, არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ უცხოელი ტურისტებიც, მაგრამ ბილეთების შეძენის დროს, პრიორიტეტი SOLO-ს მომხმარებლებს მიენიჭებათ''. 

როკი, ფანკი, ბლუზი, სოული _ ლენი კრავიცი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზით, დაუვიწყარ შოუს პირდება. მუსიკოსი შეასრულებს, როგორც ბოლო, რიგით მე-11 ალბომიდან RAISE VIBRATION, ასევე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი მუსიკალური კარიერიდან. 

ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო, ლეგენდარული როკ-მუსიკოსის, პროდიუსერისა და მულტიინსტრუმენტალისტის, ლენი კრავიცის მუსიკალური შემოქმედება წარმოადგენს სხვადასხვა ჟანრის _ როკის, ფანკის, სოულის სინთეზს. მუსიკოსის კარიერა, თითქმის 30 წელს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში, გამოშვებული აქვს 11 ალბომი; ზედიზედ ოთხჯერ, მიღებული აქვს გრემის ჯილდო კატეგორიაში ,,როკ-მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი''. ლენი კრავიცის ბოლო ალბომი, სახელწოდებით RAISE VIBRATION  კი, 2018 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა. 

მუსიკალური კარიერის გარდა, ლენი კრავიცს არაერთი როლი აქვს შესრულებული ფილმებსა, თუ ტელე-შოუებში. სამსახიობო კარიერაში მისი დებიუტი 2009 წელს, ფილმში Pრეციოუს შედგა, ხოლო ყველაზე დასამახსოვრებელი როლი ფილმში Hunger Games-ში შეასრულა. 

2003 წელს, ლენი კრავიცმა ინტერიერის დიზაინის სტუდია Kravitz Design  დააფუძნა, სადაც ის მთავარი დიზაინერია. კრავიცის სტუდია დღემდე წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Rolex, Leica  და Dom Perignon. 

2019 წელს, ლენი კრავიცი გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის კამპანიის #Fიგჰტღაცისმ შეუერთდა, რომელიც მიმართულია რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანს წარმოადგენს ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდაჭერა, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია: ,,ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, თავისი ღირსებითა და უფლებებით''. 

10 დეკემბერს, ლენი კრავიცმა ბოლო ალბომის ჰიტად ქცეული სინგლის, სახელწოდებით HERE TO LOVE, ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც 2020 წლიდან, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ, რასიზმის წინაღმდეგ არსებული კამპანიის ,,საუნდტრეკი'' იქნება. 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში