Menu
RSS

საფრანგეთის ციხეში ქართველი „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილი სიკვდილს ებრძვის!

„ფეხზე აწუხებს თრომბი, ორივე ხელის ატროფია და ყელთანაც სიმსივნური წანაზარდი აქვს“, _ ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და პატიმრის ექსტრადირებას ითხოვს

ევროპაში მყოფ ქართველ, ე.წ. კანონიერ ქურდებზე არაერთხელ დაგვიწერია. ისიც არაერთხელ გვითქვამს, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი, სამართებელივით პოსტსაბჭოთა სივრცეში ჭრის, თორემ ევროპულ ციხეებში, ამ სტატუსს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. თუმცა იმავე ევროპულ ციხეებში, ქართველთა სიმრავლის შედეგად, „კანონიერი ქურდები“ მაინც პრივილეგირებულად გრძნობენ თავს.

დაახლოებით, ერთი თვის წინ, იმ პატიმრის მონაყოლი აღვწერეთ, რომელიც სასჯელს პარიზის ციხეში იხდიდა. მაშინ მან თქვა, რომ მიუხედავად პარიზისა, სიტუაცია აუტანელი იყო, როგორც საკვების, ისე ჰიგიენის მხრივ. ჰოდა, ახლა ირკვევა, რომ აუტანელი მდგომარეობა არამარტო პარიზულ ციხეებშია და პრობლემა, ზოგადად, საფრანგეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. 

„კახა შუშანაშვილს ქირურგიული ოპერაცია სჭირდება, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით. მსგავსი დამოკიდებულება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებ საქართველოს სახელმწიფოს, დაიცვას მისი მოქალაქის უფლებები და როგორც პაციენტს, მიეცეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის მიღების უფლება. 

კახა შუშანაშვილი ამჟამად იმყოფება საფრანგეთში, კერძოდ, მარსელის საპატიმროში. მას განზრახ არ უწევენ სამედიცინო დახმარებას, სავარაუდოდ, მისი სტატუსიდან გამომდინარე. 

ფეხზე აწუხებს თრომბი, ორივე ხელის ატროფია და ასევე, ყელთანაც სიმსივნური წანაზარდი აქვს. მოკლედ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ბევრი პრობლემაა, რაზეც არანაირი რეაგირება არ ხდება. 

იქაური სამართალდამცავები არ უტარებენ შესაბამის შემოწმებას. უტარდება სამედიცინო გამოკვლევები, თუმცა საბუთებს აყალბებენ და დასკვნაში იწერება, რომ ოპერაცია არ სჭირდება. 

ჩვენ გვაქვს ყველანაირი საბუთი საფრანგეთიდან დამოწმებული და ადვოკატებსაც აქვთ ყველაფერი ეს, როგორც აქ, საქართველოში, ისე _ საფრანგეთში. 

სხვა გზა არ არის და ვითხოვთ საქართველოში ექსტრადირებას, ყველანაირ საშუალებას მივმართეთ საფრანგეთში, ყველგან გავასაჩივრეთ. ასევე, საქართველოში საელჩოსაც მივმართეთ, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყვა ყველაფერ ამას. 

საფრანგეთში, მე პირადად, ჩავდივარ და ვნახულობ მამაჩემს, ვარ უშუალოდ მომსწრე იმ ყველაფრის, თუ როგორ მდგომარეობაშია და ამ ყველაფრის ფოტო და ვიდეომასალაც არსებობს. ოჯახისა და მათი მეგობრების მოთხოვნა და თხოვნაა, რომ სახელმწიფომ გამოიჩინოს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება და დაიცვას მისი უფლებები“, _ ეს განცხადება სოციალურ ქსელში, ე.წ. კანონიერი ქურდის შვილმა, თათია შუშანაშვილმა გამოაქვეყნა. 

* * * 

კახა შუშანაშვილს, ასევე, ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსის მქონე, ვლადიმერ ჯანაშიას მკვლელობას ედავებიან. პრინციპში, კი არ ედავებიან, საფრანგეთის სასამართლომ, მას ამ დანაშაულისთვის 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ისიც ვთქვათ, რომ შუშანაშვილი, რიგით მეექვსე, ყველაზე საშიშ პატიმრად ითვლება და ამიტომ, სრულ იზოლაციაში ჰყავთ. 

სხვათა შორის, საფრანგეთში მცხოვრები ქართველები არ მალავენ, რომ კახას მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერც ოფიციალურ და ვერც არაოფიციალურ დონეზე ვერ მოხერხდა ის, რომ შუშანაშვილი უკეთეს პირობებში გადაეყვანათ, ვერც მისი საოპერაციოდ მომზადება მოხერხდა და შეიძლება ითქვას, ფრანგულ სისტემას ის, უბრალოდ, განწირული ჰყავს. 

ვერ გეტყვით, რამდენად ჩაერევა ქართული მხარე ყველაფერ ამაში, მაგრამ ოჯახის შეშფოთება და შიში უსაფუძვლო ნამდვილად არ არის და თუ სიტუაციას დროზე არ ეშველა, სასიკეთო პროგნოზის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. 

„საუბარი არ გვაქვს, რა სტატუსი აქვს, თუ არ აქვს ამ პიროვნებას. საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქე მარსელის ციხეში უპატრონოდ, არაადამიანურ პირობებშია. ის იზოლირებულია ყველასა და ყველაფრისგან, მას არ აქვს კომუნიკაციის შესაძლებლობა, არ აქვს უფლება, შეხვდეს სხვა პატიმრებს. კახას სასიცოცხლოდ სჭირდება, როგორც ქირურგიული ჩარევა, ისე მაღალი დონის სამედიცინო მკურნალობა, რის შესაძლებლობასაც, უბრალოდ, არ აძლევენ. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ _ არარეალური თანხებიც კი დავუსახელეთ გარკვეულ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ გავეგო, რას უპირებენ რეალურად შუშანაშვილს. საიმედო პასუხები არ არის, მას, უბრალოდ, არ ეხმარებიან და როგორც ჩანს, ეს არის ხელისუფლების პოზიცია და არა _ კონკრეტულად ციხის დირექტორის გადაწყვეტილება. 

თუ ქართული მხარე არ ჩაერევა, ის, უბრალოდ, განწირული ჰყავთ“, _ გვეუბნება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი. 

აღნიშნული ინფორმაცია სხვებმაც დაგვიდასტურეს და ისიც თქვეს, რომ რიგითი ადამიანები ვერაფრის შეცვლას ვერ ახერხებენ. რაც მთავარია, მათი ინფორმაციით, ქართული მხარე ღიად დახმარებაზე თავს იკავებს სწორედ იმის გამო, რომ თურმე, კახა შუშანაშვილი „კანონიერი ქურდია“. 

სხვათა შორის, კახას ძმამ, ლაშა შუშანაშვილმა, ამ სტატუსის გამო, რამდენიმე გამოცემას უჩივლა კიდეც და ზოგადად, ტერმინი, „კანონიერი ქურდი“, არცთუ აქტუალურია, როგორც ადრე იყო და არც თავად კონკრეტული პიროვნებები ამბობენ ტელეკამერების წინ, ქურდი ვარო. 

რეალურად რომ ვისმჯელოთ, ქართულ მხარეს თავისუფლად შეუძლია შუშანაშვილის ექსტრადიცია მოითხოვოს. საფუძველი მარტივია _ ქართულ მხარეს შეუძლია თქვას, რომ შუშანაშვილი „კანონიერი ქურდის“ სტატუსის გამო იძებნება, თუ იდევნება და აქაური კანონმდებლობით გაასამართლოს, მაგრამ კიდევ ვიმეორებთ, რომ წინასაარჩევნოდ, ამ დონის ავტორიტეტისთვის ანგარიშის გაწევას ხელისუფლება არ და ვერ გაბედავს, რადგან ამას ოპოზიცია არ აპატიებს. 

ეს რაც შეეხება პოლიტიკას, თორემ სასწორზე საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე დევს, რომელიც სხვა ქვეყანამ სასიკდვილოდ გაწირა და მერე რა, რომ ეს ქვეყანა საფრანგეთია. 

„კახას რიგით მეექვსე, ყველაზე საშიში და ყველაზე კონტროლირებადი პატიმრის სტატუსი აქვს მინიჭებული. როგორ გგონიათ, ვინ არის წინა ხუთი? ისინი ტერორიზმში ეჭვმიტანილები, ათობით ადამიანის მკვლელები არიან, ისეთები, რომლებსაც ციხიდან არასოდეს გამოუშვებენ და სამწუხაროდ, მათ რანგში გადის შუშანაშვილიც. რეალურად კი, ის სასჯელს რიგით პატიმრებთან ერთად უნდა იხდიდეს და ხომ ყველამ ვიცით, რომ იმ დონეზე საშიში ნამდვილად არაა, რა სტატუსიც აქვს. 

ქართული მხარე ვალდებულია, ამ საქმეში ჩაერიოს და ექსტრადიცია თუ არა, საქართველოს მოქალაქისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევა მაინც მოითხოვოს“, _ გვეუბნება საფრანგეთში მცხოვრები ქართველი. 

ჩვენ თუ გვკითხავთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა სტატუსი აქვს, მთავარი ადამიანის სიცოცხლეა. თუ შუშანაშვილს დანაშაული დაუმტკიცეს და არცთუ პატარა სასჯელი მიუსაჯეს, კეთლი ინებონ და დაკისრებული სასჯელის მოხდის შესაძლებლობა ადამიანურ პირობებში მისცენ. სხვა შემთხვევაში, ეს პირდაპირ იქნება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მკვლელობა, რომელსაც გამართლება არ აქვს! 

ცნობისთვის: თითქმის ანალოგიურ დღეშია, თურქეთის ციხეში მყოფი მინდია გორაძე (იგივე, ლავას ოღლი), რომელსაც ასევე, სამედიცინო დახმარება სჭირდება და ვერ იღებს. პრინციპში, გორაძის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მას წელიწადზე მეტი ხნის პატიმრობის შემდეგაც კი, ბრალი არ აქვს წაყენებული ანუ ის, უბრალოდ, დაჭერილი ჰყავთ და მორჩა, არ ეუბნებიან, რისთვის და რატომ დაიჭირეს. 

გასაგებია, რომ სახელმწიფო „კანონიერ ქურდებს“ ებრძვის, ისიც გასაგებია, რომ მათ ქვეყნიდან დევნის, მაგრამ კიდევ ვიმეორებთ: სიცოცხლის უფლება აქვს ყველას და ხელისუფლება ვალდებულია, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე საფრანგეთსა და თურქეთში კი არა, ანტარქტიდაზეც იზრუნოს. 

P.S. 22 ნოემბერს, სოხუმში, ორი „კანონიერი ქურდის“ _ ასტამურ შამბასა და ალხაზ ავიძბას მკვლელობის საქმე, სეპარატისტული რეჟიმის ძალოვნებმა გახსნილად გამოაცხადეს. მათი თქმით, აღნიშნული მკვლელობა ტყვარჩელში დაბადებულმა, ამჟამად სოხუმში მცხოვრებმა, 40 წლის ვინმე ერიკ იურის ძე ჭკადუამ განახორციელა. მასზე ძებნაა გამოცხადებული და ისიც ვთქვათ, რომ 22 ნოემბერს, სოხუმში მდებარე რესტორან „სან რემოში“, „კანონიერ ქურდებთან“ ერთად, მიმტანი, დომინიკა აკიტაროვაც გარდაიცვალა და მკვლელობა სამმა ნიღბიანმა განახორციელა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში