Menu
RSS

ვისთან შეთანხმებით და როგორ ინიშნებიან „ზონაზე“ „მაყურებლები“

ლომჯარიას უარი წულუკიანს _ სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს ციხეში არ გაჰყვა!

საქართველოში ასე ხდება ხოლმე _ სახალხო დამცველი, დანიშვნის შემდეგ, აქტიურად იწყებს მუშაობას და, დაახლოებით, ერთ წელიწადში აღმოაჩენს, რომ თურმე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „მაყურებლები“ არსებობენ. შემდეგ იწყება ამ პრობლემაზე საუბარი, მიდის კონსულტაციები, ატეხენ ხმაურს და ის ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება რეალურად გისოსებს მიღმა, პანიკაში ვარდებიან და ჰგონიათ, რომ საქართველოში, დღე-დღეზე, „კანონიერი ქურდების“ ხანა და გავლენები ბრუნდება. ყველაზე ადეკვატური ამ მიმართულებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს ბოლო ხელმძღვანელი, კახი კახიშვილი იყო, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, „მაყურებლები“ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებობდნენ, არსებობენ და ამ ეტაპზე, არ გვაქვს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, მათ გაქრობას მოვახერხებთო.

ეს იყო სიმართლესთან ყველაზე ახლოს მდგომი კი არა, ყველაზე გულწრფელი განცხადება, რომელიც სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, სრული სიმართლეა. სანამ იმ დეტალებს აგიხსნით, რატომ არის „მაყურებელი“ დღესაც ციხეში, რატომ ვერ მოევლება ამ პრობლემას, თუ არ მოხდება კონკრეტული მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას „აღმოჩენას“ გაგაცნობთ: 

„სავარაუდოდ, ეს არ არის ის კლასიკური შემთხვევა, რასაც ქურდების მიერ, ციხის მართვა ჰქვია. თუმცა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი არიან ერთგვარი მაყურებლები, ან არაფორმალური გავლენის მქონე პირები, რომლებსაც ეს ლეგიტიმაცია ციხეში აქვთ, სწორედ ციხის ადმინისტრაციასთან და არიან ადამიანები, რომლებიც პატიმრებს ეუბნებიან, რომ ისინი მოუგვარებენ პრობლემებს, რომ მათ არ უნდა იჩივლონ სხვადადხვა საკითხებთან დაკავშირებით. რეალურად, ისინი აგვარებენ ციხეში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს. ამის დასტურია ისიც, რომ ჩვენთან საუბარიც, ხშირად ხდება მათი თანდასწრებით და შეიმჩნევა ის, რომ ეს ადამიანები ერევიან ფაქტობრივად, პატიმრების ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს, ქმედებებსა, თუ კომუნიკაციას გარე სამყაროსთან“, _ განაცხადა ნინო ლომჯარიამ 

ამის შემდეგ, არცთუ ადეკვატური რეაქცია ჰქონდა თეა წულუკიანს, მინისტრს, რომლის დაქვემდებარებაშიც, დეპარტამენტის სახით გადავიდა სასჯელაღსრულების სისტემა. ქალბატონმა თეამ სახალხო დამცველს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ერთად შესვლა შესთავაზა და დაჰპირდა, რომ ყველაფერს დეტალებში დაათვალიერებინებდა და დაარწმუნებდა, რომ ციხეებში ეს პრობლემა არ არსებობს. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი ანუ ის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მაყურებლები არსებობენ, დაგიდასტურებთ ციხის ნებისმიერი თანამშრომელი და არამარტო დაგიდასტურებთ, სახელებით და გვარებით გეტყვით, რომელი პატიმარია „ზონის“ მაყურებელი, რომელი უყურებს კორპუსს, დიდ თუ პატარა საერთოს, ტელეფონებს, წამლებს და ა.შ. 

წულუკიანის განცხადებაზე სახალხო დამცველს საინტერესო რეაქცია ჰქონდა. როგორც ჩანს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას ციხეში შესვლა დიდად არ ეპიტნავება და მხოლოდ იმით კმაყოფილდება, რასაც საკუთარი თანამშრომლები უყვებიან. 

ზოგადად, სახალხო დამცველები ციხეებში სიარულით თავს არასდროს იკლავდნენ და ეს ფუნქცია, ძირითადად, მათ მოადგილეებს ეკისრებოდათ და მათზე გადადიოდა მთელი ტვირთი. 

„პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგს აქვს თავისი მეთოდოლოგია და სახალხო დამცველს აქვს სპეციალური დეპარტამენტი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც აპრობირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიით ახდენს ციხეების, პენიტენციალური სისტემის მონიტორინგს და შესაბამისად, ასეთი საჯარო ვიზიტებით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, იქ არსებული პრობლემების გამოვლენა არ ხდება. შესაბამისად, ნებისმიერ დროს მზად ვარ ვიზიტისთვის, თუმცა ამ ვიზიტების შედეგად, პრობლემების გამოვლენა ნამდვილად არასერიოზული შეიძლება იყოს. 

რაც შეეხება სახალხო დამცველს, როგორ ავლენს ამ პრობლემებს, ჩვენ ასობით ვიზიტს ვახორციელებთ წლის განმავლობაში. დაახლოებით 400-ზე მეტი ვიზიტი განვახორციელეთ მიმდინარე წელს. გარდა ამისა, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, როდესაც მონიტორინგს ახორციელებს, სულ მცირე, სამ დღეს მაინც ანდომებს ერთ ციხეში იმისთვის, რომ კონკრეტული პრობლემის გამოვლენა შევძლოთ, ასე, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ გამართული მექანიზმი ამ თვალსაზრისით და ამ საკითხზე გარკვეული კრიტიკის მიღება არასერიოზულია“, _ განაცხადა ლომჯარიამ. 

ახლა კი მთავარი _ რატომ არსებობენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მაყურებლები, რატომ აწყობს მათი არსებობა, როგორც ადმინისტრაციას, ისე _ პატიმრებს და რისი მოგვარება შეუძლიათ მათ, როგორც ადმინისტრაციისთვის, ისე „კოლეგებისთვის“? 

დავიწყოთ იმით, რომ „მაყურებელი“ ვერასდროს გახდება რიგითი პატიმარი. „მაყურებლის“ სტატუსისთვის აუცილებელია იყო „კაი ბიჭი“, გქონდეს ურთიერთობა „კანონიერ ქურდებთან“ და სწორედ „კანონიერი ქურდების“ თანხმობის შემდეგ ჩაიბარო ეს „საპასუხისმგებლო“ თანამდებობა. დიახ, პენიტენციური სისტემიდან ირეკება ევროპაში, რომელიმე (ან რამდენიმე) „კანონიერ ქურდთან“, მათ უხსნიან, რომ ამ პირს აქვს პრეტენზია „მაყურებლობაზე“ და შემდეგ, მათი ხელდასმით, კონკრეტული ადამიანი ხდება „მაყურებელი“. 

ეს რაც შეეხება მთლიანი „ზონის მაყურებელს“ და მერე, უკვე მისი გადასაწყვეტია, ვინ ჩაიბარებს კორპუსის (კორპუსს იმ შენობის სართულებს ეძახიან, სადაც პატიმრები ცხოვრობენ) „მაყურებლობას“, ვის წამლებს ჩააბარებენ, ვის _ ტელეფონებს და ა.შ. ავიღოთ, მაგალითად, წამლების „მაყურებელი“. 

მართალია, ციხეში აფთიაქი არის, მაგრამ ორი პრობლემაა: პირველი ის, რომ ციხის აფთიაქში, შესაძლებელია, არ იყოს კონკრეტული წამალი, მაგალითად, ძლიერი ანტიბიოტიკი, სიცხის დამწევი და ა.შ. ამ დროს, წამლების „მაყურებელი“, 2-3 „კამერას“, რიგითობის მიხედვით, ავალებს, რომ როცა იმ კონკრეტულ „კამერებში“ რომელიმე პატიმარს მოუტანენ „პერედაჩს“ (და პატიმრებმა ზუსტად იციან, როდის მოუტანენ), სთხოვოს თავის ახლობლებს, რომ ტანსაცმელსა და ხილთან ერთად, მოუტანონ ათი ლარის ღირებულების ანტიბიოტიკი, მეორეს _ ტკივილგამაყუჩებელი, მესამეს _ სიცხის დამწევი და ასე ივსება ციხის შიდა აფთიაქი, რომელსაც სწორედ წამლების „მაყურებელი“ აკონტროლებს. შედეგად, თუ რომელიმე პატიმარი ავად გახდება და ციხის აფთიაქში არ აღმოჩნდება საჭირო მედიკამენტი, ის მიდის წამლების „მაყურებელთან“ და მის აფთიაქში ყველაფერი უფასოა. 

გვერწმუნეთ, ამ აფთიაქით ასეულობით პატიმარს უსარგებლია, კიდევ ისარგებლებს და რაც მთავარია, ეს ძალიან ეფექტური, სწრაფი და უფასო საშუალებაა. 

იგივე წესრიგია ტელეფონებზეც. დარეკვის დროს ქაოსი რომ არ იყოს, სწორედ ტელეფონების „მაყურებელი“ ადგენს, რომელი „კამერა“ რომელ დღეს რეკავს და ეს პატიმრებმაც იციან. ტელეფონების „მაყურებელს“ აბარია ე.წ. დასარეკი ბარათები. თუ ისე მოხდება, რომ რომელიმე პატიმარს უწევს დარეკვა და არ აქვს ბარათი, ის მიდის „მაყურებელთან“, ართმევს ბარათს და როცა საშუალება გაუჩნდება, ამ ბარათს აბრუნებს „საერთოში“. 

თავად განსაჯეთ, ტელეფონების „მაყურებელს“, შესაძლოა, ათასი და მეტი ლარის ოდენობის ბარათი ჰქონდეს და ერდროულად, 200-300 პატიმარს გაუმართოს ხელი, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. 

ყველაზე საინტერესო და საჭირო მაინც „საერთოს“ „მაყურებელია“. რამდენიც უნდა იძახონ პენიტენციალური სისტემის შეფებმა, ციხეებში „საერთო“ არ გროვდებაო, გროვდება, ბატონებო და, პირადად მე თუ მკითხავთ, ეს ძალიან კარგია. 

რას გულისხმობს დღევანდელი „საერთო“, ვინ და რისთვის ავსებს მას? 

სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში არიან „ბედალაგები“ ანუ პატიმრები, რომლებსაც ბარათზე არაფერი ერიცხებათ, არც არავინ აკითხავთ ანუ მარტივად რომ ვთქვათ, უპატრონო პატიმრები. ზოგს გარეთ არავინ ჰყავს, ზოგს კი ჰყავს, მაგრამ ოჯახს არაფრის შესაძლებლობა აქვს. ამ დროს, იმ პატიმარსაც სჭირდება სიგარეტი, ტუალეტის ქაღალდი, ჰიგიენის საშუალებები, ყავა, ჩაი... ამ პატიმრების რიცხვი, დაახლოებით, 10%-15%-ია. დანარჩენ პატიმრებს კი თანხა ერიცხებათ, ზოგს _ მეტი, ზოგს _ ნაკლები. ჰოდა, ყველა „კამერა“, რომელშიც პატიმრებს რეგულარულად ერიცხება თანხა, სურვილის მიხედვით (და ეს არ არის იძულება), სწორედ ამ „ბედალაგებისთვის“ ყიდულობს კონკრეტულ ნივთებს. 

თითო პატიმარს თვეში, დაახლოებით, 2-3 ლარის გაღება უწევს ანუ ის ყიდულობს 2-3 ლარის ან ჩაის, ან ყავას, ან სიგარეტს, ან საპონს, ან ტუალეტის ქაღალდს... ყველაფერი ეს თავს იყრის კონკრეტულ კამერაში „საერთოს“ „მაყურებელთან“ და შემდეგ ის ანაწილებს „ბედალაგებზე“. შედეგად, პატიმრები, რომლებიც უპატრონოები არიან, არ მათხოვრობენ სიგარეტს, ჩაის, ყავას, აქვთ ჰიგიენის საშუალებები და ეს ყველასთვის კარგია. კარგია იმიტომ, რომ არავინ გაწუხებს „მომაწევინე, მომაწევინე“-ს ძახილით და არავინ მოდის თხოვნით, ცოტა ტუალეტის ქაღალდი მომიხიე, ან საპონი მათხოვე, ხელებს დავიბან და დაგიბრუნებო. 

წეღან აღვნიშნეთ, რომ ყველაფერი ეს ნებაყოფლობითია და რა თქმა უნდა, არიან პატიმრები, რომლებიც უარს ამბობენ სხვებს დაეხმარონ ანუ თვეში 2-3 ლარი არ ემეტებათ. მათ არავინ არაფერს ეუბნება, მაგრამ თუ გაუჭირდათ და დასჭირდათ წამალი ციხის საერთო აფთიაქიდან, დასჭირდათ დასარეკი ბარათი, უარს იღებენ. ამიტომ, ყველა მაქსიმალურად ცდილობს, საერთო ფერხულში იყოს ჩართული და ასეთი პატიმრები, შესაძლოა, მთელ ზონაზე ერთი, ან ორი იყოს. 

რაც შეეხება კონტროლს, დავიწყოთ იმით, რომ თუ პატიმარი გადაწყვეტს, იჩივლოს არსებული პირობების გამო, მან ეს საჩივარი აუცილებლად უნდა შეუთანხმოს „მაყურებელს“ ანუ თუ არის საერთო პრობლემა, მის მოგვარებას „მაყურებელი“ უნდა ეცადოს და თუ არ გამოუვა, შემდეგ უნდა დაიწეროს საჩივარი. ათიდან ცხრა შემთხვევაში, „მაყურებლები“ პრობლემის მოგვარებას ადმინისტრაციასთან მარტივად ახერხებენ. 

თუ რომელიმე პატიმარს პირადი სახის პრობლემა აქვს ანუ პირადზე ჩივის, ვალდებულება არ გააჩნია, საქმის კურსში ჩააყენოს „მაყურებელი“ და ის პირადად, ინდივიდუალურად იწყებს დავას და ამის გამო, არც არავინ საყვედურობს. 

„მაყურებლების“ ინსტიტუტი ძალიან აწყობს ციხის ადმინისტრაციასაც, რადგან ურთიერთობა აქვს 2-3 პატიმართან და არა _ მთელი ჯგუფთან. შესაბამისად, ისინი შეხმატკბილებულად ცხოვრობენ მანამ, სანამ „მაყურებლის“ ავტორიტეტი ზედმეტად არ გაიზრდება (და ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იზრდება). 

ამის შემდეგ, ციხის ადმინისტრაციას მაყურებელი სხვა „ზონაში“ გადაჰყავს და მის ავტორიტეტს ამით ანეიტრალებს. შემდეგ ისევ ხდება ევროპაში დარეკვა და... რომელიმე საკნიდან, „თეთრი კვამლი“ ამოდის. 

P.s. ოპოზიციამ რომ ატეხა ერთი ამბავი, ხედავთ, ხელისუფლება ზონაზე კრიმინალების გავლენას აბრუნებსო, სასაცილოა. ნაციონალური მოძრაობის დროს, ყველა, აბსოლუტურად ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებას (გლდანის ციხის გარდა) ჰყავდა „მაყურებელი“ და ეს იცოდა ყველამ _ ციხის უფროსიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული.

 

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში