Menu
RSS

როგორ დაგეგმა ხელისუფლებამ გავლენიანი აზერბაიჯანელი საქმოსნის ლიკვიდაცია

კრიმინალური დრამა, რომლის ავტორადაც ედუარდ შევარდნაძე სახელდება _ გახმაურებული სპეცოპერაციის უცნობი დეტალები

გასულ კვირას, სამართალდამცავებმა თბილისში, ორი პიროვნება დააკავეს. 1981 და 1984 წელს დაბადებულ ბიჭებს, ბრალად თბილისში, 24 ბინის ქურდობა წაუყენეს და ისინი მაშინ დააკავეს, როცა დიდ დიღომში, გაქურდული ბინიდან წამოღებულ ნივთებს „რენჯ როვერის“ მარკის ავტომობილში დებდნენ. ზოგადად, აქ საინტერესო ორი რამ არის _ სამართალდამცავებს გვარიანი ოფლის ღვრა დასჭირდათ იმისთვის, რომ ისინი დაეკავებინათ და მეორეც, ქურდებს „რენჯ როვერის“ მარკის ავტომობილი ჰყავდათ.

ის, რომ დაკავებულები პროფესიონალები არიან, გაქურდული ბინების რაოდენობიდან და იქიდანაც ჩანს, რომ მათ თავისი საქმე „კარგად“ იციან _ დღევანდელ რეალობაში, 24 ბინის გაქურდვა ხუმრობა არ არის. ამას „რენჯ როვერიც“ დაუმატეთ, რომელიც იაფი არ ღირს ანუ ქურდებმა ბინებიდან ცოტა თანხა არ წაიღეს და... 

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ წინა ხელისუფლების დროს, აღნიშნულ დანაშაულზე დაკავებულებს, შეკრებითობის პრინციპით, 20-20 წლიანი „სროკი“ ჯიბეში ექნებოდათ, ახლა კი, შეკრებითობის პრინციპი გაუქმებულია, ქურდობის მუხლი კი 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვთას ითვალისწინებს ანუ მათ, მაქსიმუმ, შვიდ წელს მისცემენ. 

ზოგადად, ბოლო დროს, ბინების ქურდობა „მოდური“ აღარაა და „მედვეჟატნიკებიც“ ნელ-ნელა, გადაშენების გზას ადგანან. პრაქტიკულად, ყველა კორპუსში სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, რაც პოტენციური ქურდების იდენტიფიცირებას აიოლებს, თანაც ქურდობა ასე მარტივად არ ხდება: სახლს, რომელიც უნდა დააცარიელონ, რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებენ, ოჯახის წევრების მოძრაობას სწავლობენ, სწავლობენ საკეტს, რომელიც უნდა გახსნან და მხოლოდ ამის შემდეგ შედიან ბინაში. სათვალთვალო კამერები კი ყველაფერ ამას აფიქსირებენ და ესეც არ იყოს, სატელეფონო ანძებითაც ფიქსირდება მათი მოძრაობა იმ შემთხვევაში, თუ ბინის ქურდებს მობილური ტელეფონებიც თან აქვთ. შესაბამისად, ბინის ქურდობა დღეს, ძალიან დიდ სიზუსტესა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. 

არადა, თავის დროზე, თბილისში ბინებს, მხოლოდ ნამდვილი პროფესიონალები ქურდავდნენ, ძველებიდან კი ახლა საქართველოში, პრაქტიკულად, აღარავინ ცხოვრობს. 

80-იანი წლების დასაწყისში დაბადებული დამნაშავეები „ახალი თაობაა“, მაგრამ ამ ახალი თაობის რიცხვი იმდენად მცირეა, რომ კრიმინალური სამყაროს სათვალავში არ მიიღება. 

ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, მაგრამ ეს საქმე, დღემდე თაროზეა შემოდებული. თაროზე იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე, დღემდე ძებნილად ითვლება, დანარჩენებმა სასჯელი მოიხადეს და ციხე არცთუ დიდი ხნის წინ დატოვეს, დაზარალებულის ოჯახის წევრებს კი დღემდე ეჭვი აქვთ, რომ მაშინ მათ წინააღმდეგ, მთელი სახელმწიფო წავიდა და ლიკვიდაციის ბრძანება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესმა პირმა გასცა. 

დიახ, გარდაცვლილის ძმას დღემდე სჯერა, რომ მაშინ საქმეში, პირადად ედუარდ შევარდნაძე იყო ჩარეული, მაგრამ რამდენადაა ეს ვარაუდი სიმართლესთან ახლოს, თავად განსაჯეთ. 

* * * 

ქვემო ქართლში, ოთხკაციანი კრიმინალური დაჯგუფება დათარეშობდა. თარეში ზუსტად შეესაბამება მათ მოქმედებას, რადგან ბანდის წევრები უარს არაფერზე ამბობდნენ: არც ქურდობაზე, არც ძარცვასა და არც ყაჩაღობაზე. რომ გითხრათ, სამართალდამცავებმა არაფერი იცოდნენ და კრიმინალების ვინაობა მათთვის უცნობი იყო-თქო, მოგატყუებთ, რადგან თუნდაც იმ ქალაქის უბანში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, დაახლოებით, ათმა კაცმა მაინც იცოდა მათი არსებობის შესახებ და ამ ათიდან, ერთის მამა, მაშინდელი მილიციის უფროსის მოადგილე იყო, ერთის ძმა კი უშიშროებაში მუშაობდა. ამიტომ, გამორიცხულია მათ არაფერი სცოდნოდათ, მაგრამ სამართალდამცავები თავზეხელაღებულ ჯგუფს, თითქოს რაღაცისთვის ინახავდნენ. 

იმავე პერიოდში, ქვემო ქართლში, ერთი პიროვნება გააქტიურდა. წარმოშობით აზერბაიჯანელმა, რუსეთში უზარმაზარი ფული იშოვა და მაშინ, როცა მთავრობის ავტოპარკის განახლების საკითხი დადგა, ხელისუფლებამ, სწორედ მას მიმართა. აზერბაიჯანელმა (დავარქვათ, პირობითად, ფირდოვსი), სახელმწიფოს საჩუქრად „გაზ-2131“-ის მარკის რვა ავტომობილი გადასცა. მაშინ ამ მანქანებით მინისტრები მოძრაობდნენ და ეს, მართლაც, მეფური საჩუქარი იყო. 

საჩუქართან ერთად, ხელისუფლება იმასაც მიხვდა, რომ საქმე არამარტო ძალიან მდიდარ, არამედ, გავლენიან ადამიანთანაც ჰქონდა. უფრო მეტიც, როგორც გვიყვებიან, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ედუარდ შევარდნაძემ ისიც თქვა, ფირდოვსი ქვემო ქართლის არძინბაა და უნდა გავანეიტრალოთო. 

როგორც ჩანს, აზერბაიჯანელმაც იგრძნო საფრთხე და მოსკოვში გადასახლდა. მართალია, მოსკოვიდან ისე ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას, მაგრამ მისი გავლენა მაინც ყოველდღიურად იზრდებოდა. 

ერთი წლის შემდეგ, აზერბაიჯანელს დედა გარდაეცვალა და იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო. გასვენების მეორე დღეს, სახლის აივანზე მყოფ ფირდოვსის, საკუთარი ეზოს ჭიშკრიდან ცეცხლი გაუხსნეს. აზერბაიჯანელი დაიჭრა და აივანზე დაეცა. თავდამსხმელები სახლში შევარდნენ, ხელს რაღაც ნივთები გააყოლეს და... წამოსვლისას, დაჭრილს თავში საკონტროლო გასროლა „გაუკეთეს“. 

ყაჩაღები ადგილიდან „07“-ის მარკის მანქანით მიიმალნენ და ზუსტად ერთ საათში, მანქანა პოლიციელებმა დამწვარი იპოვეს. მანქანაშივე იდო მკვლელობის იარაღები. ადგილობრივმა მოსახლეობამ მილიციის შენობას ალყა შემოარტყა _ საქმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვდა და სამართალდამცავებმაც ცხელ კვალზე... იმ ბანდის წევრები დააკავეს, თავში რომ მოგახსენეთ. 

იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობა დაკავებულების გადაცემასა და მათი ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა, თბილისიდან ჩასულმა სპეცდანიშნულების რაზმმა, შენობაცა და დაკავებულებიც უვნებლად გადაარჩინა. 

დადგა დღე, როცა ოთხივე დაკავებული თბილისში უნდა გადაეყვანათ. აი, სწორედ აქ მოხდა უცნაური და იმ დროისთვისაც კი, გაუგონარი რამ: ბადრაგმა, რომელსაც დაკავებულები გადაჰყავდა, რუსთავში ავტომობილი გააჩერა და ერთ-ერთი დაკავებული, ბუნებრივი საჭიროების დასაკმაყოფილებლად, მანქანიდან გადმოიყვანა(?!). 

მანქანიდან გადმოსულმა ბრალდებულმა, ერთ-ერთ ბადრაგს იარაღი წაართვა და სროლა ატეხა. შედეგად, დაიღუპა ერთი სამართალდამცავი, ოთხივე დაკავებული კი გაიქცა. 

„ხომ არ გგონიათ, რომ დამნაშავეებმა პოლიციელი იარაღით მოკლეს. არა, ერთ-ერთს თან დანა ჰქონდა (?!) და იმ დანით გამოჭრა ყელი. მათ ბადრაგის იარაღი გაიტაცეს და წავიდნენ“, _ გვიყვება ერთ-ერთი, მაშინდელი სამართალდამცავი. 

გაქცეულებზე ძებნა გამოცხადდა და სპეცდანიშნულების რაზმი, პრაქტიკულად, ქვემო ქართლში დასახლდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ-ერთი გაქცეული საკუთარ სახლში(?!) აიყვანეს, ორი დღის შემდეგ, მეორეც ასევე, საკუთარ სახლში დააკავეს, ორმა კი გაქცევა მოახერხა. ამ ორიდან ერთ-ერთი, სპეცდანიშნულების რაზმმა ტყეში მოიმწყვდია და სპეცოპერაცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მთელი საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, ერთ კაცს, სამი დღე ესროდნენ და ის იქიდან საპასუხო ცეცხლით პასუხობდა. დღემდე უცნობია, ვინ მიაწოდა გაქცეულს იმდენი იარაღი, რომ სამი დღის მანძილზე, ავტომატის გარდა, ათეულობით ხელყუმბარა ესროლა, მაგრამ ფაქტია: ტყის შესასვლელთან, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ბრძოლა მიმდინარეობდა. 

სამი დღის შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმი ტყეში შევიდა, თუმცა გაქცეულის კვალს ვერ მიაგნო. მაშინ ითქვა, რომ დამნაშავე მტკვარს გაჰყვა და აზერბაიჯანში გადავიდა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე არანაკლები ინტერესით ეძებდა დამნაშავეს. 

საბოლოოდ, მისი დაკავება ვერ მოხერხდა და ფირდოვსის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, დღემდე იძებნება. 

რაც შეეხება დანარჩენ სამს, ერთი მათგანი ციხეში ტუბერკულოზით მოკვდა, მეორემ ვადა მოიხადა და შემდეგ, ევროპაში წავიდა, მესამე _ შვიდწლიანი ძებნის შემდეგ, ქუთაისში დააკავეს, 15 წელი მიუსაჯეს და ახლა ისიც თავისუფალია, მეოთხეზე კი უკვე მოგახსენეთ _ ის დღემდე იძებნება და არავინ იცის, სად არის. 

„ჩვენ გვითხრეს, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკების მოსყიდვისთვის, ფირდოვსიმ რუსეთდან მილიონი დოლარი ჩამოიტანა. ამიტომ დავგეგმეთ ყაჩაღობა და რომ შევედით, ისიც ვიცოდით, რომ დიპლომატი საძინებელში უნდა ყოფილიყო. დიპლომატი წავიღეთ და როგორც მერე აღმოჩნდა, იქ ათი ათასამდე ფული იყო და არა _ მილიონი. რაც შეეხება საკონტროლო გასროლას, ის ყველასთვის მოულოდნელად, ჩვენმა „პადელნიკმა“ განახორციელა და მერე, ეს იმით ახსნა, რომ არ გვაპატიებდა, გვიპოვიდა და დაგვხოცავდაო, რაც ლოგიკას მოკლებული არ იყო“, _ ასეთია ევროპაში მყოფი დამნაშავის მონაყოლი. 

„ეს იყო სახელმწიფოს მიერ დადგმული და შესრულებული სპეცოპერაცია. ყაჩაღობის იმიტაციით, ხელისუფლებამ გაანეიტრალა პირი, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტზე მეტი ფული ჰქონდა და უზარმაზარი გავლენით სარგებლობდა. ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლებამ, სწორედ იმ გაქცეულს, რომელიც დღემდე ვერ იპოვეს, შესთავაზა ეს საქმე და სანაცვლოდ, იმ დროისთვის კოლოსალურ თანხას _ 100 ათასსა და ევროპაში გაყვანას შეპირდა. იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივ სამართალდამცავებს აგვიკრძალეს საგამოძიებო მოქმედებები, რადგან საქმეს, თურმე, თბილისი იძიებდა, რამდენჯერმე გავავრცელეთ ცნობა იმის შესახებ, რომ გაქცეული მკვდარი იპოვეს. ოჯახი ყოველ ინფორმაციას ღიმილით ხვდებოდა ანუ ზუსტად იცოდა, სად იყო გაქცეული და ამიტომ, ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯეროდა. ჩვენ არც იმის გვჯერა, რომ სამი დღე, სპეცდანიშნულების რაზმმა, ტყეში ერთი კაცი ვერ დაიჭირა“, _ ეს კი მილიციის მაშინდელი თანამშრომლის მონაყოლია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში