Menu
RSS

უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქართველ „კანონიერ ქურდებზე“ ნადირობა დაიწყეს!

კრიმინალური სამყაროს კრიტიკული დღეები _ რა საფრთხის წინაშე დგანან „შავები“

მოგეხსენებათ, საქართველოს შემდეგ, „კანონიერი ქურდობა“ დასჯადი რუსეთშიც გახდა. სწორედ ამიტომ, რუსეთში მცხოვრები კრიმინალები, მაქსიმალურად მოკლე დროში, ცდილობენ ქვეყნის დატოვებასა და სხვაგან გადაბარგებას. ის სხვა ქვეყანა კი, სადაც მათ დაფუძნება სურთ, უკრაინაა.

ასევე, მოგეხსენებათ, ტერმინი „კანონიერი ქურდი“, მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობს, მის ფარგლებს გარეთ კი ძალიან ძნელია, ვიღაცებს „კრიმინალური სამყაროს ნათლიმამობა“ მხოლოდ ამ სტატუსის გამო უმტკიცო. ამიტომ, რუსეთიდან უკრაინაში, ქურდების მიგრაცია მიმდინარეობს და უკრაინელი სამართალდამცავებიც მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდნენ. 

5 დეკემბერს, უკრაინის პოლიციამ ორი „კანონიერი ქურდი“ დააკავა. ხარკოვში, სამართალდამცავებმა, მინდია შეყლაშვილი, იგივე „მინდია გალსკი“ აიყვანეს, ხოლო კიევში, ხელბორკილი გიორგი მოდებაძეს, იგივე „გეგა ოზურკეთსკის“ დაადეს. 

როგორც უკრაინელი ძალოვანები იუწყებიან, ორივე მათგანს, ზუსტად იგივე მიზანი ჰქონდათ, რაც ნოემბერში, უკრაინის ტერიტორიაზე დაკავებულ კიდევ სამ ქართველ „კანონიერ ქურდს“ ანუ მათ კრიმინალური სინდიკატის ჩამოყალიბება და კონკრეტულ ქალაქებში სიტუაციის მართვა სურდათ. 

„რუსეთში მიღებული კანონის შემდეგ, უკრაინაში ათეულობით კრიმინალი ჩამოდის. ბევრ მათგანს ვიჭერთ, ბევრს მომავალშიც დავიჭერთ და იმის გამო, რომ ჩვენთან „კანონიერი ქურდობა“ დასჯადი არ არის, მათ, უბრალოდ, ქვეყნიდან ვაძევებთ. გაძევება გამოსავალი არ არის, რადგან გადის 2-3 თვე და იგივე პირებს ხელმეორედ ვაკავებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ისევ ვაძევებთ უკრაინიდან. ასე გრძელდება დაუსრულებლად და სახელმწიფომ რაიმე მექანიზმი უნდა შეიმუშაოვოს, რათა როგორმე, ყველაფერი ეს, ჩარჩოებში მოექცეს“, _ აცხადებს უკრაინის პოლიციის მაღალჩინოსანი. 

„ყველაფრის ჩარჩოებში მოქცევაში“ კი პოლიცია იმ კანონის ანალოგის შემოღებას გულისხმობს, რომელიც საქართველოსა და უკვე რუსეთშიც ამოქმედდა. მათ სურთ, რომ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი, უკრაინაშიც დასჯადი გახდეს და ამის შემდეგ, ქვეყნის „გაწმენდა“ უფრო გამარტივდება. 

უკრაინელ სამართალდამცავებს იმედი აქვთ, რომ ასეთ შემთხვევაში, ზუსტად ის მოხდება, რაც საქართველოსა და რუსეთში _ სტატუსის მქონე პირები, თავად წავლენ ქვეყნიდან და სხვაგან დამკვიდრებას შეეცდებიან. 

რაც შეეხება ნოემბერში დაკავებულებს, უკრაინელმა სამართალდამცავებმა დავით გერლიანი (მეტსახელად, „დათო სვანი“), თენგიზ ჭარაია (მეტსახელად, „თენგო პიტერსკი“) და ლაშა ჯაჭვლიანი (მეტსახელად, „ლაშა ოჩამჩირსკი“) დააკავეს. 

სამივე მათგანს, საბუთები წესრიგში არ ჰქონდა და ახლა, სამივე ექსტრადიციას ელოდება. ექსტრადიციას დაექვემდებარებიან გასულ კვირას დაკავებულებიც და საინტერესო ის გახლავთ, რომ თითოეულ მათგანს, უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევას უკვე, მინიმუმ, მეორედ ედავებიან. 

ძირითადად, „კანონიერი ქურდები“, უკრაინაში ზღვით შედიან ანუ გემების მეპატრონეებს ურიგდებიან და პორტში შესული გემიდან ნაპირზე გადასვლა, პრობლემას აღარ წარმოადგენს. 

ჩვენი ინფორმაციით, გემების მეპატრონეები, ამ საქმეში 3-დან 5 ათას დოლარამდე იღებენ, რაც დიდი თანხა ნამდვილად არაა. 

სტატია დასაბეჭდად უკვე მზად იყო, როცა გაირკვა, რომ უკრაინა იმავე გზას დაადგა, რომელიც საქართველომ და რუსეთმა გაიარეს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამართალდამცავთა რჩევა, თუ თხოვნა გაითვალისწინა და მისმა ადმინისტრაციამ უმაღლეს რადაში უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს სს კოდექსის 223-ე მუხლის ანალოგია ანუ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი, უკრაინული კანონებითაც დასჯადი გახდება და სავარაუდოდ, ამ კანონპროექტს რადა ნაახალწლევს, ოფიციალურად „დააჩაქუჩებს“. 

„სავარაუდოდ, 2-3 წელი დასჭირდება იმას, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან, ყველამ მიიღოს აღნიშნული კანონი, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, „კანონიერი ქურდები“ ვეღარ იარსებებენ. ისინი ან ციხეში იქნებიან, ან სხვა ქვეყანაში. ამიტომ, „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი ნელ-ნელა მოკვდება და ისინი ჩვეულებრივ მაფიოზებად გადაიქცევიან. პრინციპში, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ევროპაში მყოფი „კანონიერი ქურდები“, სწორედ მაფიოზის იმიჯით სარგებლობენ და არა _ „კანონიერი ქურდის“, _ აცხადებენ ამ სფეროს ექსპერტები. 

სხვათა შორის, ტერმინი „კანონიერი ქურდი“, უკვე გაჩნდა ესპანური და ბერძნული სისხლის სამართლის კოდექსში. იტალიის პარლამენტმა ამ ტერმინზე უარი თქვა, რადგან „მაფია“ და „ოჯახი“ უწერიათ სს კოდექსში და ეს საკმარისია, რათა პასუხისგებაში „კანონიერი ქურდებიც“ მისცენ. 

ტერმინი ამერიკულმა სასამართლომაც გამოიყენა მაშინ, როდესაც რაჟდენ შულაია გაასამართლეს, ოღონდ, ამ შემთხვევაში, ტერმინი „კანონიერი ქურდი“, კრიმინალური სინდიკატის მეთაურს შეესაბამებოდა. 

უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტი, რომელიც საუკუნის წინ შეიქმნა, ნელ-ნელა განადგურებისკენ მიექანება და ბოლო დღეებს ითვლის. 

რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია, რადგან რაც ნაკლები კრიმინალი იქნება მსოფლიოში, მით უფრო უსაფრთხო იქნება გარემო, თუმცა ძალიან დიდი ალბათობით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ციხეებში, ახალი პრობლემა წარმოიქმნება _ გაჭირდება პატიმრების კონტროლი და იერარქიულად, ახალი გადანაწილებების პროცესი დაიწყება. თუ აქამდე, ციხე ქურდების იყო, ახლა აუცილებელი გახდება ახალი რამის მოფიქრება, ახალი პიროვნებების წამოწევა, ახალი სტატუსის მიცემა, რათა პატიმრები რაიმე სქემასა, თუ სისტემაში მოექცნენ. სხვაგვარად, თუ პატიმრებს არავის და არაფრის შიში ექნებათ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ანარქია დაისადგურებს. 

მართალია, თავად კრიმინალებისგან ხშირად გაიგონებთ ტერმინს _ „ანარხია მაწ პორიადკა“, მაგრამ რეალურად, ასე არ არის. თავად განსაჯეთ, ერთად შეყრილი ორი, ან სამი ათასი კრიმინალი მხოლოდ იმაზე იფიქრებს, რა გაუფუჭოს სხვას და ეს, უშუალოდ ციხეებში, დანაშაულსა და სიკვდილიანობასაც საგრძნობლად გაზრდის.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში