Menu
RSS

სისხლიანი კრიმინალური გარჩევები სოხუმში

ქართველი „კანონიერი ქურდები“ აფხაზეთში გავლენას იბრუნებენ!

22 ნოემბერს, დაახლოებით, დღის სამის ნახევარზე, სოხუმში მდებარე რესტორან „სან რემოში“, ორი, ე.წ. კანონიერი ქურდი ჩაცხრილეს. პრინციპში, მხოლოდ ორი არა, რადგან მკვლელები იმდენად იყვნენ მოწადინებულები ასტამურ შამბასა და ალხაზ ავიძბას მოკვლით, რომ არც სხვებს მორიდებიან და ოფიციანტი გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია, ასევე, მძიმედაა მამაკაცი, რომელიც იმავე რესტორანში იმყოფებოდა. 

სანამ იმას გეტყვით, სავარაუდოდ, ვინ და რატომ გაიმეტა ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტები, თვითმხილველის მონაყოლს გიამბობთ: 

„რესტორნის წინ, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც სამი ნიღბიანი ადამიანი გადმოვიდა და „ასტიკის“ (ასტამურ შამბას მეტსახელი) და „ხასიკის“ (ალხაზ ავიძბას მეტსახელი) მიმართულებით ცეცხლი გახსნა. ამ დროს, მათ მაგიდასთან ოფიციანტი იყო მისული და ზურგით იდგა. შესაბამისად, პირველი ტყვიები მას მოხვდა და მაშინვე დაეცა. მაგიდასთან მსხდომებმა წამოდგომაც ვერ მოასწრეს _ ადგილზევე დარჩნენ. ალხაზ ავიძბა, ტყვიის მოხვედრის შემდეგ, სკამზე დატრიალდა და მუცლით დაეცა. სავარაუდოდ, ეს იყო მიზეზი, რომ მან საავადმყოფომდე გაძლო, თუმცა საოპერაციო მაგიდაზე მოკვდა. ასტამური კი იქვე გათავდა. 

საცერივით გაუხადეს სხეულები, ყველაფერი წამებში მოხდა. ბიჭების დაცვა რომ მოვიდა, უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო და თავდამსხმელებიც წასულები იყვნენ. 

სხვათა შორის, ამბობენ, რომ თავდამსხმელი სამი კი არა, რეალურად, ოთხი იყო, უბრალოდ, ერთი საჭესთან იჯდა, მანქანა არ ჩაუქვრია და არც გადმოსულა, როგორც კი მკვლელები საქმეს მორჩნენ და ავტომობილში ჩასხდნენ, მაშინვე დაძრა და იქაურობა წამის მეასედში დატოვა“.

სხვათა შორის, ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელები მიიმალნენ, მალე დამწვარი იპოვეს. მანქანაში ეწყო ის იარაღიც, რომლითაც „კანონიერი ქურდები“ ჩაცხრილეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე პროფესიონალებთან გვაქვს და სამართალდამცავებს შემსრულებლების ვინაობის დადგენა ძალიან გაუჭირდებათ. 

მეორე მხრივ, აფხაზეთი, პრაქტიკულად, უკონტროლოა და კრიმინალური სამყაროსთვის იდეალური თავშესაფარი გახლავთ. 

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, აფხაზეთში, კრიმინალურ სამყაროს გავლენიანი „კანონიერი ქურდი“, რაულ ბარცბა აკონტროლებს. სწორედ მისი ნათლულები იყვნენ შამბა და ავიძბა და გარდა იმისა, რომ ისინი რაულის მარჯვენა ხელად ითვლებოდნენ, აფხაზეთში სერიოზული გავლენა ჰქონდათ და, რბილად რომ ვთქვათ, მათი ყველას ეშინოდა. 

დაახლოებით, ორი წლის წინ, ბარცბამ მოსკოვში „სხადნიაკის“ მოწვევა ითხოვა, სადაც გამოაცხადა, რომ აფხაზეთში მოგროვებული ქურდული საერთო, აფხაზეთშივე უნდა დარჩენილიყო და იქაურ სინდიკატს მოხმარებოდა. არადა, აფხაზეთიდან მოსკოვში, ქურდულ „ობშჩიაკში“, ყოველთვიურად, არცთუ მცირე თანხები მიდიოდა. მაშინ ეს ქურდებმა გააპროტესტეს, განსაკუთრებით კი, ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“, მაგრამ საბოლოოდ, ბარცბამ თავისი გაიტანა და, პრაქტიკულად, წელიწადნახევარია, არავის მოუკითხავს, სად და რაში იხარჯებოდა აფხაზური ქურდული სამყაორს „ობშჩიაკი“. 

ეს ძალიან არ მოსწონდათ, პირველ რიგში, მერაბ ჯანგველაძეს (წარმოშობით სოხუმიდანაა და ახლა იტალიაში ცხოვრობს) და ნიკა დგებუაძეს (წარმოშობით გაგრიდან გახლავთ). დაპირისპირება იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ შარშან, როცა დგებუაძეს ესროლეს (დაიჭრა და გადარჩა), არავის შეპარვია ეჭვი, რომ ყველაფერ ამის უკან, სწორედ ბარცბა იდგა, მაგრამ ხმამაღლა ვერავინ ვერაფერს იტყოდა, რადგან ნათქვამს დამტკიცება უნდა. 

პარალელურად, ბარცბას მითითებით, შამბამ და ავიძბამ, აფხაზეთში მეტ-ნაკლები გავლენის მქონე ქურდების „გაჩერება“ დაიწყეს. იმავე დგებუაძეს, მათ სტატუსი შეუჩერეს და მართალია, ოფიციალურად სხვა ქურდები ნიკას შეჩერებულ სტატუსზე ყაბულს არ იყვნენ, აფხაზეთში დგებუაძეს ჩასვლა აღარ შეეძლო, ბარცბას ბიჭები კი ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრებს არ ტოვებდნენ. დგებუაძის „გაჩერება“ დღეისათვის ყველაზე გავლენიან ქურდთან, ნადირ სალიფოვთან, იგივე „გულუსთან“ დაჯახებასაც ნიშნავდა, რადგან ნიკა, სწორედ მისი კლანის წევრად მოიაზრება. 

აქეთ ჯანგველაძე, რომელიც ტარიელ ონიანის უახლოესი გარემოცვის წევრია, იქეთ სალიფოვი და წრეც შეიკრა. 

„ახლა მხოლოდ დგებუაძესა და ჯანგველაძეს ახსენებენ, მაგრამ რეალურად, ასტიკსა და ხასიკს ძალიან ბევრი ჰყავდათ გამწარებული, იგივე ალხაზ გუდაუთსკი, თემურ გვასალია, თემურ ახუბა... ამათაც, მათი გადაწყვეტილებით, ქურდული სტატუსი შეუჩერდათ. თემურ ახუბას, იგივე „დინრიდის“, საკუთარ სტატუსთან დაკავშირებით საუბარი სურდა, მაგრამ ის, უბრალოდ, გალახეს და გამოუშვეს, რაც ასევე, არასწორია. 

მგონია, რომ ქურდულმა სამყარომ ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღო და ამიტომაცაა, მათ მხოლოდ ბარცბა რომ გლოვობს. ისე კი, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, მაგრამ აფხაზეთში ყველა დაგიდასტურებთ, რომ უკვე ძალიან, ძალიან ზედმეტი მოსდიოდათ“, _ გვეუბნება პირი, რომელიც ქურდების ჩაცხრილვასაც შეესწრო და ზოგადად, მათ ძალიან კარგად იცნობდა. 

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მოკლული ორი „კანონიერი ქურდის“ გამო, ახალი ომის დაწყებას არავინ ელოდება, თითქოს ყველამ იცოდა, რომ შამბა და ავიძბა უნდა მოეკლათ და ეს დროის საკითხი იყო. 

ისიც ფაქტია, რომ მათი მკვლელობის შემდეგ, რაულ ბარცბას დაცვა გაორმაგდა და 53 წლის „კანონიერი ქურდი“, თითქმის აღარავის ენდობა. ის დარწმუნებულია, რომ შემდეგი თავად იქნება და ეს მოსაზრება რეალობას მოკლებული არაა. რომ არაფერი ვთქვათ ჯანგველაძისა და სალიფოვის გაბრაზებაზე, კმაყოფილები ვერც მოსკოველი ქურდები იქნებიან იმით, რომ აფხაზეთის „ობშჩიაკის“ ჩახსნით, მათ მსუყე ლუკმა მოაკლდათ. მით უმეტეს ახლა, როცა რუსეთში მიღებული კანონის შემდეგ, ქურდების გავლენა ძალიან შემცირდა, შემცირდა შემოსავალიც და, პრაქტიკულად, ყველა, ვინც კი სტატუსს ატარებს, სამართალდამცავებს ემალება. მიმალვაში ცხოვრება კი ორმაგ ხარჯს მოითხოვს და ეს ხარჯი საერთოდანაა ასაღები, საერთო კი ნელ-ნელა ცარიელდება და აფხაზეთიდან არაფერი მოდის. ამიტომ, არ გამორიცხავენ, უახლოეს მომავალში, აფხაზური „ობშჩიაკი“ ისევ მოსკოვში ჩაჩხრიალდეს და ქურდებმა ბარცბა დაინდონ. 

სწორედ რომ დაინდონ, რადგან რეალურად, მან საერთოში ფულის შეტანაზე თქვა უარი, რაც ქურდული კარაბადინის მიხედვით, წმინდათა წმინდაა. 

როგორც ჩანს, აფხაზეთში არც სხვა „კანონიერი ქურდები“ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დროებით სხვაგან წასვლას ცდილობენ. ასე, მაგალითად, იმავე 22 ნოემბერს, უკრაინაში, ე.წ. კანონიერი ქურდი, თენგიზ ჭარაია, იგივე „თენგო გალსკი“ დააკავეს. მართალია, თენგო ბოლო დროს სანკტ-პეტერბურგში „მოღვაწეობდა“, მაგრამ აფხაზეთთან კავშირი არ გაუწყვეტია და რაც მთავარია, უკრაინელი სამართალდამცავები, რუსებისგან განსხვავებით, მას არა, როგორც აფხაზეთის, არამედ, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე აკავებენ და აფორმებენ. 

ერთი ეგაა, ექსტრადაციისთვის გამზადებულ თენგოს, დიდი ალბათობით, სწორედ აფხაზეთში გაადეპორტებენ, მაგრამ საბუთებში მითითებული იქნება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გაადეპორტეს. აფხაზეთში კი მას ციხეში არავინ ჩასვამს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ თენგომ აფხაზეთი დატოვა და ახლა იქ დაბრუნება დიდად არ უნდა უხაროდეს. 

საქმეს ისეთი პირი უჩანს, აფხაზეთში, გავლენის სფეროებს ისევ ქართველი „კანონიერი ქურდები“ დაიბრუნებენ, რაც იმას ნიშნავს,რომ აუცილებლად აღდგება ძველი კავშირები საქართველოსთან. „ძველ კავშირებში“ კი იმ დროს ვგულისხმობთ, როცა აფხაზეთს, სწორედ ქართველი ქურდები აკონტროლებდნენ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქართული სოფლებიდან მოსახლეობა მარტივად გადადიოდა, მარტივი იყო ყველაფერი და თუ ეს დრო დაბრუნდება, ეგებ, პოლიტიკურადაც მომგებიანი იყოს. 

საქმე ისაა, რომ ქართველი კრიმინალების გავლენის გაზრდის შედეგად, ქართველი მოსახლეობის გავლენაც გაიზრდება. 

კიდევ ერთი ფაქტი იმის დასტურად, რომ აფხაზეთში ქართველი კრიმინალები ძლიერდებიან, გასულ კვირას მომხდარი უპრეცედენტო შემთხვევაც გახლავთ: 

ილია სიმონიას (მეტსახელად, მახო) „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 25 წლის წინ, მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც ლეგენდარულ ასლან უსოიანს (იგივე, დედ ჰასანს) ხელი გაარტყა. სიმონიასთვის ტიტულის დაბრუნების საქმე ადგილიდან მერაბ ჯანგველაძემ დაძრა და ბოლომდე მიიყვანა კიდეც. 

ასე განსაჯეთ: ჯანგველაძემ, პატიმრობაში მყოფ შაქრო კალაშოვსაც დაურეკა და საქმის კურსში ისიც ჩააყენა. როგორც ამბობენ, შაქრო წინააღმდეგი არ წასულა ანუ აფხაზეთში ქართველების გაძლიერებას ხელს ისიც არ უშლის. 

შეგახსენებთ, რომ ერთ თვეზე ცოტა მეტი დარჩა ვლადიმერ პუტინის მიერ, რუსეთის მოსახლეობისთვის მიცემული პირობის შესრულებამდე. პუტინმა პირობა დადო, რომ 2020 წლის 1 იანვარს, რუსეთის ტერიტორიაზე, არცერთი „კანონიერი ქურდი“ აღარ იქნება თავისუფლებაზე. ისინი ან ციხეში იქნებიან, ან ქვეყანაში არ იქნებიან. რაც მთავარია, რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ პირობას სამართალდამცავებს მუდმივად ახსენებს და ბოლო სამი თვის განმავლობაში, ქურდების მფარველობისთვის (ალბათ, ძველი ნაცნობობის ხათრით), არაერთი მაღალჩინოსანი სამართალდამცავი დარჩა სამსახურის გარეშე და რამდენიმე საქმეზე ძიებაც აღიძრა. 

ეგ კი არა და, კრიმინალები ციმბირის მხარეს მიეძალნენ, აქაოდა, იქ ძებნას არ დაგვიწყებენო, მაგრამ ნურას უკაცრავად _ ციმბირის ოლქის 40-ზე მეტ ქალაქში, პოლიციის უფროსები შეცვალეს და ისინი მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან ჩასული კადრებით ჩაანაცვლეს. ისე ჩანს, კრიმინალთან დაწყებულ ომს პუტინი ბოლომდე მიიყვანს და... ევროპაში ამბები დატრიალდება, ნუ იკითხავთ!

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში