Menu
RSS

ესპანეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც გივი თარგამაძეს მილიონი არ გადაუხადა, ნაციონალებმა ციხეში 30 წლით გაუშვეს!

7-წლიანი პატიმრობა ვანო მერაბიშვილის დედისთვის 7 ქათმის მოპარვის გამო

რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ლაშა ჩხარტიშვილს ადმინისტრაციული პატიმრობა აბსურდული მიზეზით შეუფარდეს _ ლობიოს დაყრის გამო, ციხეში ერთი საათის გატარებაც კი სასაცილოა, ჩხარტიშვილი კი კვირაზე მეტ ხანს გაატარებს. ახლა რომ გაერთიანებული ოპოზიციის პირველი ვიოლინოები ჰქვიათ, ისინი არიან განსაკუთრებით აღშფოთებულები და აღარც კი ახსოვთ, რომ არანაკლებ აბსურდული ბრალდებით, თავად არაერთი ასეული ადამიანი გაუშვეს ციხეში. 

ჩვენ რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებთ, როცა წინა ხელისუფლების დროს, ციხეში აბსურდული ბრალდებით და რაც მთავარია, აბსურდული „სროკებით“ მიდიოდნენ.

ყიტაანელი გიორგით დავიწყოთ: სახლში სპირტის კუსტარულად დამზადება ისწავლა, მერე და მერე, ისე დახელოვნდა ხორბლისგან სპირტის მიღებაში, რომ ინდმეწარმეც გახდა და თუ თავიდან 100 და 200 ლიტრს ყიდდა, მერე და მერე, ტონას გასცდა და დაადგნენ _ ეგ ბიზნესი კეზერაშვილისაა და შეეშვიო. არ შეეშვა, ან როგორ უნდა შეშვებოდა, ახლადმოყვანილი ცოლი ბავშვს ელოდა, მოხუცი მშობლებიც მისახედები იყვნენ და... დაიჭირეს. 

სასამართლოზე ბრალი რომ წარუდგინეს, მაშინ გაიგო, რომ ყაჩაღობას ედავებოდნენ და „პადელნიკებიც“ ჰყავდა. ის სამი „პადელნიკი“ სასამართლოზე პირდაღებული უყურებდა გიორგას, ფაქტზე ჰყავდათ დაჭერილი და ვერ უარყოფდნენ, მაგრამ ის კი დააფიქსირეს, ამ კაცს პირველად ვხედავთ და ჩვენთან არ იყოო. დაკავებულები „კაი ბიჭების“ კასტას განეკუთვნებოდნენ და იმის მიუხედავად, რომ გლდანის ციხეში გვარიანად სცემეს, სასამართლოზე ერთხელაც არ უთქვამთ, გიორგის ვიცნობთ და ჩვენთან ერთად იყოო. 

საბოლოო ჯამში, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სამს, როგორც აღიარებითი ჩვენების მიმცემებს, 7-7 წელი ჩამოურიგა, ხოლო გიორგის, როგორც დანაშაულის ბოლომდე უარმყოფელს, 15 წელი მისცა „საჩუქრად“. 

ცნობისთვის: გიორგი დღემდე ციხეშია და სასჯელს იხდის. პარადოქსული ისიც გახლდათ, რომ ის სამი ყაჩაღი და გიორგიც, რუსთავის #17 დაწესებულებაში მოხვდნენ, მაგრამ კონფლიქტი არ ჰქონიათ _ ბიჭებმა სასამართლოზე ბოლომდე იჭიდავეს, ცემაც აიტანეს და გიორგის პრეტენზია, უბრალოდ, ვერ ექნებოდა. ახლა ისინი თავისუფლები არიან, გიორგი კი _ სასჯელს იხდის. 

* * * 

ახალციხელმა ბიჭებმა ქეიფი გადაწყვიტეს და, იმის მიუხედავად, რომ ფული არ ჰქონდათ, იქვე, სოფლად ქათმები დაიჭირეს _ ზოგი შეწვეს, ზოგი მოხარშეს და, საერთო ჯამში, მუსრი შვიდ ქათამს გაავლეს. მათდა საუბედუროდ, შვიდში ორი ქათამი, ვანო მერაბიშვილის დედას, ქალბატონ ჟენია მერაბიშვილს ეკუთვნოდა. ვინც არ იცის, იმასაც ვეტყვით, რომ „იმ ვანოს“ ზეობის დროს, ქალბატონ ჟენიას, როგორც საქართველოს სკოლებში საუკეთესო დირექტორს,სპეციალური ჯილდოც გადასცეს. 

მოკლედ, ეს როგორ აკადრეს დედაჩემსო და 7 ქათმის ქურდობაზე, სამი ბიჭი დაიჭირეს. ჯგუფური ქურდობა ეპიზოდებად შეუკრეს და თითოს 7 წელი მიუსაჯეს ანუ მაქსიმუმი, რასაც ეს მუხლი ითვალისწინებდა... 

* * * 

დათო იმ სამარშრუტო ტაქსიში იჯდა, რომელიც სამეგრელოდან თბილისისკენ მიდიოდა. ხაშურთან „მარშუტკა“ ავტოავარიაში მოჰყვა, 11 პირი მძიმედ დაშავდა, თუმცა დათოს თითიც არ გაკაწვრია. სწორედ მან დარეკა სასწრაფოში, მან შეატყობინა პატრულს მომხდარის შესახებ და სასწრაფოცა და პატრულიც, სწორედ მისი ზარის შემდეგ მივიდნენ ადგილზე. დათო, პრაქტიკულად, ერთადერთი ჯანმრთელი მოწმე იყო და ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. დაკითხვა გაიწელა, ღამის 3 საათზე დასრულდა და პოლიციელებმა უთხრეს, დილით ადრე გაგიჩერებთ „პაპუტნი“ „მარშუტკას“ და თბილისამდე გაგაყოლებთო. დათომაც მშვიდად გაატარა ის ღამე ხაშურის პოლიციის შენობაში, დილის 7 საათზე კი სამართალდამცავებმა მართლაც გაუჩერეს თბილისის „მარშუტკა“ და მგზავრი გამოაყოლეს. სახლში მოსული დავითი, ორ საათში, პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა _ დანაშაული ღამის 3 საათზე იყო მომხდარი და „ცხელ კვალზე“ გახსნეს. 

რაღა თქმა უნდა, დაკავებული ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ წინა დღეს ავარიაში მოჰყვა, დარწმუნებულიც გახლდათ, ხაშურის პოლიციიდან ჩანაწერებს ამოიღებდნენ, ნახავდნენ, რომ მაშინ, როცა თბილისში ყაჩაღობა მოხდა, ის ხაშურის პოლიციაში ჩვენებას აძლევდა და... 

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საჭიროდ არ მიიჩნია, რომ ხაშურის პოლიციის შიდა პერიმეტრიდან, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოეღო. თბილისელ სამართალდამცავებს სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავდათ და ამიტომ, დათოს მარტივად მიუსაჯეს 7 წელი, თან დაამადლეს, შეგვეძლო 9 მოგვეცა, მაგრამ დაგინდეთ, როგორც პირველი დანაშაულის ჩამდენიო. 

დიახ, ყველაფერი ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. 

* * * 

ალბათ, უპრეცედენტოა საქმე, რომელიც სოზარ სუბარის ომბუდსმენობის დროს მოხდა. გორში, მკვლელობაში ეჭვმიტანილს ასამართლებდნენ, კაცი ბოლო ხმაზე ყვიროდა, არავინ მომიკლავსო, პროკურატურა კი დაჟინებით სთხოვდა გვამის დამარხვის ადგილის ჩვენებას ანუ რეალურად, გვამი არ არსებობდა, ოჯახმა პოლიციაში განცხადება შეიტანა ადამიანის უგზო-უკვლოდ გაუჩინარებაზე და დააკავეს პირი, რომელიც საეჭვოდ მიიჩნიეს. 

მოკლედ, მაშინ ბატონი სოზარიც სასამართლო დარბაზში იყო, მოსამართლემ „მკვლელს“ 15 წელი მიუსაჯა, თან ადვოკატის გარეშე, რადგან ადვოკატს, თურმე, დილით სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, პროცესი არ გადაუდეს, ის კი პროცესზე არ ჩანდა. განაჩენის გამოცხადებიდან, დაახლოებით, 30 წამში, დარბაზში ადვოკატი შემოვიდა და თან მოიყოლა კაცი, რომლის მკვლელობისთვისაც, 30 წამით ადრე, მის კლიენტს 15 წელი მიუსაჯეს. ატყდა ერთი ამბავი, სანამ ამ ადამიანის ნამდვილობა დაადგინეს და დარწმუნდნენ, რომ გარდაცვლილი ცოცხალი იყო, დროც გაიწელა. საბოლოოდ, როცა ყველა ელოდა დაკავებულის გათავისუფლებასა და განაჩენის შეცვლას, მას... 3 წელი მიუსაჯეს. პროკურატურამ იხტიბარი არ გაიტეხა, მკვლელობის ბრალდება მოუხსნა, მაგრამ აყვანის დროს, ბრალად პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფა წაუყენა და მოსამართლემაც 3 წელი „აკმარა“. 

* * * 

დიტო ესპანეთსა და ინგლისში წარმატებულ ბიზნესს ეწეოდა. როგორც თავად ამბობდა, 2008 წლის არჩევნების წინ, გივი თარგამაძემ დაურეკა და ნაციონალების ყულაბაში მილიონი დოლარის შემოწირულობა სთხოვა. დიტომ უარი შემოუთვალა, თარგამაძე კი დაემუქრა, ჩამივარდები ხელშიო. ერთი წლის შემდეგ, დიტო საქართველოში, დედის გასვენებაში ჩამოვიდა, ერთი კვირა დარჩა, ხოლო როცა ესპანეთში უნდა გაფრენილიყო, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. ბრალად ყაჩაღობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება წაუყენეს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლდათ, რომ იმ დღეს, როცა თითქოს, დაკავებულმა საქართველოში იყაჩაღა, ესპანეთში, „ბარსელონას“ მონაწილეობით მატჩი გაიმართა და დიტო, როგორც „ბარსას“ ქომაგი, სტადიონზე იმყოფებოდა. შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და როცა ტრიბუნებისკენ კამერა მიატრიალეს ოპერატორებმა, კადრში დიტოც მოხვდა. 

იწვალა ადვოკატმა, სასამართლოზე ეს უტყუარი ფაქტი წარადგინა, აქაოდა, ჩემი კლიენტი თბილისში ვერანაირად იქნებოდა, „ნოუ კამპის“ ტრიბუნებზე იჯდაო. გამოძიებამ ეს ახალ გარემოებად ჩათვალა და ყაჩაღობასთან ერთად, დიტოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთა და გადაკვეთაც დაუმატა და, საბოლოო ჯამში, 30 წელი მიუსაჯეს. 

საბედნიეროდ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, ვინც საპყრობილე დატოვა, სწორედ დიტო იყო. 

* * * 

კახეთში, მეზობელმა მეზობელს არყის სახდელი ქვაბი მოპარა, ქვები სპილენძის იყო და დაზარალებულმაც იჩივლა. პოლიციამ ქურდი მაშინ დააკავა, როცა ნაწილებად დაჭრილი ქვაბი ჩასაბარებლად, ჯართის პუნქტში მიიტანა. სასამართლოზე ნივთმტკიცებად, ქურდის მიერ დაჭრილი და ტომარაში ჩადებული არყის სახდელი მოიტანეს, რომელიც დაზარალებულს უნდა ამოეცნო. დაზარალებულმა დახედა სპილენძის ნაჭრებს, ჩემი გახეხილ-გაპრიალებული იყო, ამას სხვა ფერი დაჰკრავსო, უთხრა მოსამართლეს და გაცოფებულმა პროკურორმაც მაშინვე უკეთესად გაარკვია სიტუაციაში _ დაზარალებული, რომელმაც საკუთარი ნივთი ვერ ამოიცნო და არ დაადასტურა, ცრუ ჩვენების მიცემისთვის, 3 წლით გაუშვეს დასასვენებლად, ქურდი კი, რომელსაც ნივთი უპოვეს, ოთხი წლით გაისტუმრეს ციხეში. 

* * * 

რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. ამას დაუმატეთ ისიც, რომ პატიმრების 99%-ს უსასტიკესად სცემდნენ და თანაც, რამდენჯერმე. ახლა ცემა-ტყეპა შეწყვეტილია, არც ასეთი აბსურდული ბრალდებებით მიდიან უზარმაზრ „სროკებზე“ და ჩხარტიშვილიც მალე დატოვებს ციხეს. 

ისე, ციხე ასეთი მცირე ხნით, საუკეთესო ადგილია, რათა მოვლენებს ცივი გონებით შეხედო და გააანალიზო. შესაბამისად, ეგებ, ეს დაკავება ლაშას პოლიტიკურ კარიერასაც წაადგეს და ის თავისუფლებაზე, სხვა იდეებითა და შემართებით დაბრუნდეს. 

გვერწმუნეთ, იქიდან, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის შეცდომები ყველაზე კარგად ჩანს.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში