Menu
RSS

ქისტური ვენდეტა _ როდის და როგორ იღებენ პანკისელები სისხლს

„დედაჩემს ოპერაციისთვის ფული არ ჰქონდა და იძულებული გავხდი, მექურდა!“ _ თორღვას სევდიანი თავგადასავალი

გასულ კვირას, პანკისში ტრაგედია დატრიალდა _ მამაკაცებს შორის კონფლიქტი, მკვლელობითა და რამდენიმე ადამიანის დაჭრით დასრულდა. პოლიციამ საქმეზე, ორი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა და მკვლელობა გახსნილადაც გამოაცხადა. არ დავიწყებთ იმის გარჩევას, რას მოჰყვა კონფლიქტი, საქმე გვარებს შორის დაპირისპირებაში იყო, თუ ჰესების მშენებლობაში, მაგრამ ფაქტია: ამ ამბავს გაგრძელება აუცილებლად ექნება და ის, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან, არაფერს ცვლის.

თუ სატელევიზიო სიუჟეტების მიხედვით ვიმსჯელებთ, ხეობაში აზრთა სხვადასხვაობაა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები შურისძიებით იმუქრებიან, ხეობის უხუცესებს, რაღა თქმა უნდა, შერიგება სურთ და ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიციაც კი უძლური იქნება _ გადაწყვეტილებას თემი გამოიტანს და აღასრულებს კიდეც. 

 

და მაინც, რას ნიშნავს ქისტური ვენდეტა, სადამდე შეიძლება წავიდეს ადამიანთა შურისძიება და რეალურად, უჯერებს თუ არა ხეობის უხუცესებს ახალგაზრდობა ანუ ის თაობა, რომელმაც წესით, მომავალში უნდა გადაიბაროს ხეობა და ზოგადად, ვის უფრო მეტი გავლენა აქვს პანკისში _ უხუცესებს, თუ ახალგაზრდებს?! 

პანკისელ თორღვას, სახელი მამამისმა, ძმაკაცის პატივსაცემად დაარქვა და ამით, როგორც მამა, ისე შვილიც ამაყობდა, მაგარი კაცის სახელი მქვიაო. თორღვა სასჯელს ქურდობისთვის იხდიდა და პატიმრების ყურადღებას მხოლოდ იმით იპყრობდა, ქისტი რომ იყო. 

ყველას აინტერესებდა ლეგენდად თქმული ქისტების ამბები, თუმცა თორღვა დიდი მოლაპარაკე არ იყო, არც ამბების მოყოლა უყვარდა და ერთადერთი, რაზეც ჩალიჩობდა ხოლმე, ტელეფონზე დარეკვა გახლდათ. ძირითადად, პანკისში რეკავდა, თავისიანების ამბებს იგებდა და... ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, საკნიდან დიდ ხანს აღარ გამოსულა, ლოცულობდა და მთელმა „ზონამ“ გაიგო, რომ ლაფანყურში მას ბიძაშვილი და ბავშვობის ძმაკაცი მოუკლეს. 

„სისხლი სისხლის წილ, უცხო არ არის თქვენთვის და ასეთ შემთხვევაში, როგორ ხდება, როცა ხეობა სახელმწიფოს ეტაკება?“ _ ჰკითხა პატიმარმა #0578-მა თორღვას, როცა მან გლოვა დაასრულა. 

„არაფერიც არ ხდება... კონკრეტულად თუ იცი, ვინ ესროლა, კიდევ შეიძლება რამეზე იფიქრო, ასე კი, რა უნდა ქნა, მთელ სპეცრაზმს ხომ არ დაეტაკები? კონკრეტულად ვერაფერს გაიგებ, რადგან სპეცრაზმი ნიღბებითაა, ინფორმაცია საიდუმლოა. მოკლედ, ძნელია, რა“, _ ხელი ჩაიქნია თორღვამ. 

„და როცა იცი, მკვლელი ვინ არის, სავალდებულოა სისხლის აღება, თუ მაგას უხუცესები წყვეტენ?“ _ არ მოეშვა #0578. 

„უხუცესები ბევრ რამეს წყვეტენ, მაგრამ რეალური ძალა უკვე ახალგაზრდობაშია. როგორ არის, იცი? დღეს ბევრ რამეს ფული წყვეტს, ფინასურად თუ ძლიერი ხარ, ავტორიტეტიც გაქვს. ახლა, პატარა ბავშვი რომ შეხედავს, სოფლის უხუცესი, წესიერი, განათლებული, პატივსაცემი კაცი, წელში ოდნავ მოხრილი, ძლივს მოაბიჯებს, მაგრამ მხრებით საუკუნე და გამოცდიულება მოაქვს. მეორე მხარეს კი 100-ათასიან მანქანაზე ზის ახალგაზრდა ბიჭი, ცხოვრება უხარია, რა უნდა ბავშვს? _ რა თქმა უნდა, იმ ახალგაზრდის ცხოვრება და ამიტომ, პატივისცემა კი არ იკარგება ხეობაში უხუცესების მიმართ, არამედ, ნაკლებად უჯერებენ. 

საჭირბოროტო საკითხებზე, მუდმივად უხუცესები იკრიბებიან, ჩვენც იქ ვართ ხოლმე, ვისმენთ, ვსწავლობთ, მაგრამ... თუ ვინმემ გაჭედა, არ ვეთანხმები უხუცესთა გადაწყვეტილებასო, რას იზამენ? _ ვერაფერს. 

გავა წლები, უხუცესების მიმართ პატივისცემა ისეთივე იქნება, მაგრამ მათ ნაკლებად დაუჯერებენ. ცხოვრება მოიტანს ამას, ასე მგონია მე“, _ მეორედ ჩაიქნია ხელი თორღვამ. 

„ქართველებში, ძირითადად, სვანებსა და მთიულებშია სისხლის აღება, იქ ქალებსა და ბავშვებს არ ეხებიან. თქვენთან როგორ არის?“ 

„ვაჟკაცი თუ ხარ, ქალებსა და ბავშვებთან რა გინდა? ან მოსისხლეს ეძებ, ან კიდევ იმის ძმას, გააჩნია, როგორ ხარ გამწარებული. ქალი და ბავშვი ჩვენთანაც შეუხებელია და, მგონია, ყველგან შეუხებელია, არა?“ _ აქეთ დასვა კითხვა თორღვამ. 

„რა ვიცი, ტერორისტები კი არ არჩევენ და... ტერორისტების ბუდეაო, პანკისზე რუსები ამბობენ ხშირად და ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, ქართულმა ხელისუფლებამაც, პრაქტიკულად, ეგ თქვა...“ _ თვალი მოუჭუტა #0578-მა. 

„რა ტერორისტები, რის ტერორისტები? ამბობენ, ქისტები საბრძოლველად მიდიან სხვა ქვეყნებშიო. ჰო, მიდიან იმიტომ, რომ ფული არ აქვთ და დაქირავებული მებრძოლები არიან. აბა, რა ქნან, როგორ იშოვონ? აგერ, მე მოვიპარე და დამიჭირეს. ტერორისტების ბუდეაო, რომ ამბობენ, მითხარი ერთი ტერორისტული აქტი, რომელიც ქისტმა გააკეთა, ვერ მეტყვი იმიტომ, რომ არ გაუკეთებია და მე თუ მკითხავ, საზღვრის იქითა მხარე, სწორედ ჩვენ გვიჭირავს, საქართველოს საზღვრის და თუ იქიდან მტერი შემოვა, მერე ტერორისტებიც გავხდებით და შაჰიდებიც, არ შემოვუშვებთ არავის! მაგიტომ გვიტევს რუსეთი, თორემ ფაქტები ხომ არ არსებობს, არა?“ _ თითქოს გაბრაზდა თორღვა. 

„და იქ, სადაც იბრძვით, იქ რომ მოაწყოთ ტერაქტი, ვინმე გიშლით, თუ რომ ჩადიხართ, პირობას დებთ, ტერაქტში მონაწილეობას არ მივიღებთო?“ _ არ მოეშვა #0578. 

„იქ, ძირითადად, თვითმკვლელები არიან და შენ გაგიგია, რომელიმე ქისტს თავი აეფეთქებინოს და ტერაქტი მოეწყოს? _ არა და ეს იმიტომ, რომ არ ვართ ტერორიზმისკენ მიდრეკილები. ბრძოლა, კი ბატონო, მტერია და ესვრი, მაგრამ უდანაშაულო ხალხს არავინ ხოცავს!“ _ დაასვა ბეჭედი თორღვამ. 

„სისხლის აღება ახლაც ხშირია?“ _ ჰკითხა #0578-მაა. 

„იცი, როგორ არის? უკვე მკვლელობებია იშვიათი. ადრე უფრო ხშირი იყო, ახლა შემცირდა კი არა, თითქმის სრულიად მოისპო. კარგია ეს, ყველა ერიდება, ყველა ხვდება, რომ თუ სისხლის აღებას ვერ მოასწრებენ გარდაცვლილის ახლობლები, ციხე არ ასცდება, დიდი „სროკი“ და ვის უნდა, ახლა, ეგ? 

ზოგადად, პანკისელებზე კრიმინალი როგორ არის შემცირებული, ატყობ? აგერ, სამი ათასი კაცი იხდის სასჯელს და ჩემს გარდა, ერთი ქისტია მარტო. პროცენტულად, ყველაზე ცოტა დამნაშავეები ჩვენ გვყავს“, _ ამაყად თქვა თორღვამ. 

„აბა, შენ რაღამ გადაგრია, საქურდავად რომ წამოხვედი?“ _ გაეცინა #0578-ს. 

„ეგ ცოტა რთული ამბავიაა. ხის მასალა ჩამოვიტანეთ თბილისში, უნდა გამეყიდა, დედა მყავდა საოპერაციო. იაფად გავყიდე, მესამედიც ვერ ავიღეთ იმისი, რაც ოპერაციისთვის მჭირდებოდა. რა უნდა მექნა? ვიფიქრე, სადმე რამეს მოვიპარავ-მეთქი. ჰოდა, ერთმა ქალმა ელიავაზე, უნიტაზში 1000 ლარი რომ გადაიხადა, მივხვდი, ბევრი ფული ექნება-მეთქი და სახლამდე მივყევი. მერე, ორი დღე ვათვალიერე ის სახლი, როგორ უნდა შევსულიყავი და... შევედი. 

სიგნალიზაცია ჰქონია ისე, რომ პირდაპირ პოლიციაში რეკავდა. შესვლიდან, დაახლოებით, 3-4 წუთში, ალყაში მომაქციეს ავტომატებით და სულ პანჩურებით გამომიყვანეს. მოსამართლემ, პირველი შემთხვევაა და ამიტომ, მინიმუმს _ 4 წელს მოგცემო და პროკურორმა, სამი იმაზე დაუმატე, რომ სხვის კუთვნილ ტერიტორიაზე შევიდაო. ჰოდა, 4 წელი ქურდობის მცდელობისთვის მომცეს, 3 წელი კი _ სხვის კერძო საკუთრებაში უნებართვოდ შეჭრისთვის. მუხლი 4-დან 6-მდე იყო და, საბოლოო ჯამში, 7 წელი მომარჭვეს, თან შეღავათით“, _ გაეცინა თორღვას. 

„დედა როგორ არის?“ 

„გაიკეთა ოპერაცია. საქონელი გაყიდა მამამ და გაიკეთა, კარგად არის, გადარჩა, მაგრამ ახლა ჩემზე ნერვიულობა კლავს, ციხეში რომ ვარ, თავის თავს აბრალებს. იმიტომ ვჩალიჩობ ხოლმე მუდმივად დარეკვაზე, ვაწყნარებ, ვამშვიდებ, რაც შემიძლია, არ შეიძლება მაგისთვის ახლა ნერვიულობა“. 

 

„თორღვა, გულახდილად მითხარი, რომ გაიგო, ვინ დახოცა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, შენი ბიძაშვილი და ძმაკაცი, ისისხლებ?“ _ ჩუმად ჰკითხა #0578-მა. 

„არა, _ დაფიქრებით თქვა თორღვამ და მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა, _ ჯერ უნდა ვიცოდე, რატომ მოკლეს, დეტალები უნდა ვიცოდე და მეორეც, მე თუ გავიგებ, იმათი ოჯახის წევრებიც გაიგებენ, ძმები, მამები და იმათი ვალია სისხლის აღება. ძმები და მამები რომ არ ჰყავდეთ, მერე ჩემიც და ბევრი სხვის ვალდებულებაც იქნებოდა, მაგრამ ახლა თავზე არ უნდა გადაახტე ოჯახს. იქნებ, სულაც არ აპირებს სისხლის აღებას და შენ რატომ ეჩრები?“ 

„არ აპირებს“ რას ნიშნავს? შესაძლებელია, სისხლი რაიმე საზღაურით ჩამოიბანოს? მაგალითად, ვიცი შემთხვევები, როცა საქონელი, ან ფული მიუციათ და შერიგებულან, მაგრამ ძირითადად, შემთხვევითი მკვლელობების დროს“, _ აუხსნა #0578-მა. 

„რთულია მაგის გაკეთება, ძალიან რთული. ჯერ ერთი, შემთხვევითი მკვლელობა ცუტა უცნაურად ჟღერს და მერე, მაგალითად, მკვდარში გამოართვი 10 ძროხა. იცი, ეს რას ნიშნავს? მოგირეკავს მეორე ათ ძროხას, მოგიკლავს კიდევ ოჯახის წევრს და ხმასაც ვერ გაიღებ, მაგრამ საბედნიეროდ, მკვლელობების რიცხვი ძალიან შემცირდა, შემცირდა კრიმინალიც და ეს ძალიან კარგია“, _ დაასრულა თორღვამ.

 

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში