Menu
RSS

ბათუმელი მაღალჩინოსნების უნიათობა და შპს-ების მიერ უკანონოდ მითვისებული სახელმწიფო ქონება

ბათუმის მუნიციპალიტეტის სკანდალური აუდიტი

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და ორი მაღალჩინოსანი პატიმრობაში რჩებიან. პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბათუმის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს პროკურატურა სახელმწიფო თანხების გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედავება... ამასობაში, სახელმწიფო აუდიტის სამახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი გამოაქვეყნა. მართალია, მთავარი პროკურატურა ბათუმის მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს სულ სხვა საქმეზე _ ,,იაფი სახლის'' პროექტზე ედავება, მაგრამ ვფიქრობთ, აუდიტის დასკვნაში ასახული ფაქტებიც ყურადსაღებია, მით უმეტეს, რომ მასში განხილულია უკონკურენტო პირობებში ჩატარებული აუქციონების შედეგად, უკანონოდ მითვისებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და საბუღალტრო აღრიცხვაში დაშვებული უხეში დარღვევების ფაქტები.

უკანონოდ მითვისებული სახელმწიფო ქონება 

აუდიტის პერიოდში მოპოვებული ინფორმაციისა და ჩატარებული დათვალიერების შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 12 შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული ფიზიკურ, თუ იურიდიულ პირებს. მართალია, სამინისტროსა და ბათუმის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა განმარტეს, რომ ამ ქონების არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები მათთვის ცნობილი იყო და სამართლებრივ რეაგირებასაც გეგმავდნენ, თუმცა სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მათი საქმიანობა, ძირითადად, ქონების უკანონოდ სარგებლობის ფაქტების დადასტურების, ასევე სამინისტროსა და მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილებით შემოიფარგლებოდა. 

მეტიც, აუდიტის პერიოდშიც კი, ამ ქონების უნებართოდ გამოყენება გრძელდებოდა და რიგ შემთხვევებში, აუქციონის გამოცხადებისას, ქონება ვერ გამოთავისუფლდა. შედეგად, აუქციონები არ შედგა, რაც შესაძლოა, საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შემაფარხებელ გარემოებად ჩაითვალოს. განვიხილოთ რამდენიმე, კონკრეტული ფაქტი: 

აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ, ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 21 934 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 2022 წლის 17 აგვისტომდე ვადით, იჯარით გასაცემად, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი 2017 წლის 18 აგვისტოს გამოცხადდა. სააუქციონო ვაჭრობის შედეგად, 52 500 ლარის საწყისი ღირებულების ქონების წლიური სარგებლობის საფასური 3 002 200 ლარით განისაზღვრა, თუმცა გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გასაფორმებლად არ გამოცხადდა და აუქციონი უარყოფითი შედეგით დასრულდა. აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ამ ქონების იჯარით გაცემის მიზნით, 2018 წლის 22 ნოემბერსაც გამოცხადდა აუქციონი, სადაც ქონების საწყისი სარგებლობის საფასური 75 000 ლარით განსაზღვრეს. სააუქციონო ვაჭრობა ამ შემთხვევაშიც შედგა და შედეგად, წლიური სარგებლობის საფასური 1 001 100 ლარით განისაზღვრა, მაგრამ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოუცხადებლობის გამო, ხელშეკრულება არც ამ შემთხვევაში გაფორმებულა: 

,,აუდიტის პერიოდში მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ორივე შემთხვევაში, აუქციონში ქონების უნებართვოდ მოსარგებლე იმარჯვებდა, რომელიც აუქციონის წინადადების ღირებულებას მიზანმიმართულად ზრდიდა, რათა სხვა პირის გამარჯვება არ დაეშვა, თუმცა უარს აცხადებდა ხელშეკრულების გაფორმებაზე. აღნიშნული ქმედებით, ის აუქციონებში მონაწილეობისთვის გადახდილი 31 875 ლარის საგარანტიო თანხის ხარჯზე, 2016 წლიდან, ქონებით სარგებლობას ახერხებდა. შედეგად, ბიუჯეტმა არანაკლებ 95 625 ლარის შემოსავალის მიღების შესაძლებლობა დაკარგა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებული აუქციონის უარყოფითი შედეგებით დასრულების მიუხედავად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მომდევნო აუქციონი მხოლოდ 14 თვის შემდეგ გამოაცხადა და ამ პერიოდში, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთის შესახებ საკითხი არ დაუყენებია, რაც შესაძლოა, არამართლზომიერი ქმედების რისკებს შეიცავდეს'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ხიმშიაშვილის ქუჩა #13-ის მოპირდაპირედ, 271 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 444 კვ.მ ნაგებობის საზღვაო პირსის იჯარის უფლებით სარგებლობაში გადაცემაზე გამოცხადებულ აუქციონში, შპს „სანტორინომ'' გაიმარჯვა. აუქციონის შედეგების შესაბამისად, 36 000 ლარის საწყისი საიჯარო ღირებულების ქონების წლიური საიჯარო გადასახადი 1 126 000 ლარით განისაზღვრა. საქმეში არსებული მასალებისა და მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულების შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ ნაგებობით (პირსით), უნებართოდ სარგებლობდა შპს „ეიაიეს გრუპი''. მეტიც, ამავე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა კვების ობიექტი უნებართვოდ განათავსა. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, მერიამ ამ ტერიტორიის უკანონოდ სარგებლობა ვერ აღკვეთა, რაც ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა. 2018 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის მერიამ შპს „ეიაიეს გრუპისგან'', ხოლო 2018 წლის 8 ოქტომბერს _ ფიზიკური პირისგან, 2017 წლიდან, თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის გამოთავისუფლება და საიჯარო თანხების გადახდა მოითხოვა, თუმცა ეს მოთხოვნები იურიდიულ პირს ორი თვის დაგვიანებით, ფიზიკურ პირს კი, რვა თვის დაგვიანებით მხოლოდ მაშინ ჩაბარდა, როდესაც სახელმწიფო აუდიტი მიმდინარეობდა. ამასთან, ამავე პერიოდში, მუნიციპალტეტის ქონების უნებართვოდ გამოყენება მაინც გრძელდებოდა, თუმცა საიჯარო გადასახადის სახით, მერიის მიერ დაკისრებული თანხების გადაუხდელად! 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქონების უნებართვოდ გამოყენების აღსაკვეთად, სამინისტროსა და მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების უმოქმედობის შედეგად, ბიუჯეტმა საერთო ჯამში, არანაკლებ 1 221 625 ლარის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა დაკარგა, რაც შესაძლოა არამართლზომიერი ქმედების რისკებს შეიცავდეს! 

სახელმწიფო ქონება იპოთეკარების საკუთრებაში?! 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, სახელმწიფო ქონებები ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ვერ ბრუნდება. მყიდველების მიერ სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად კი ქონება საკრედიტო დაწესებულების კუთვნილება გახდა. აუდიტის დასკვნაში ამის დამადასტურებელი რამდენიმე, კონკრეტული ფაქტია განხილული. 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, 2007 წლის 14 დეკემბერს გამართულ პირობებიან სააუქციონო ვაჭრობაზე, ქობულეთში, თამარ მეფის სანაპირო #74-ში მდებარე ყოფილი, #1 მუსიკალური სკოლის შენობა (451.1 კვ.მ ფართი) და მასზე მიმაგრებული 1 050 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივიატიზება გამოცხადდა. სააუქციონო ვაჭრობაში შემოთავაზებული ფასის _ 160 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საფუძველზე, გამარჯვებულად, მოქალაქე ნ.ბ. გამოცხადდა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იყო, აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი, აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა, ხოლო 18 თვის ვადაში, უნდა აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა სასტუმრო: 

,,ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულებულა. მყიდველის მიერ, სამინისტროს თანხმობით, ეს ქონება 2008 წლის 29 ივნისს, იპოთეკით დაიტვირთა და თბილისის სააღსრულებო სასამართლოს 2013 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გადავიდა სს „საქართველოს ბანკის'' საკუთრებაში, რომელმაც ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა. სამინისტროს 2016 წლის 16 თებერვლის ბრძანებით, ხელშეკრულება მოიშალა, თუმცა ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ეს ქონება ვერ დაბრუნდა''... 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2008-2012 წლებში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე არასათანადო მონიტორინგის პირობებში, მყიდველებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ქონება სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ გამოიყენეს. შედეგად, ავტონომიურმა რესპუბლიკამ 546 480 ლარის ღირებულების ქონებაზე საკუთრების უფლება დაკარგვა. 

,,აქვე საყურადღებოა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებელი პირების განმარტებით, აუდიტის პერიოდში, ამ საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, წარმოებდა მოლაპარაკებები შემსყიდველებთან და საკრედიტო დაწესებულებებთან, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია და ეს საკითხი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება''. 

აქედან გამომდინარე, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის მერიაში, ქონების მართლზომიერ გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტების დროულ გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, რაც უარყოფითად აისახება საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შედეგებზე! აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი ფორმით განკარგვისას, არ ხდებოდა შემსყიდველი კომპანიის საფინანსო მდგომარეობის შესწავლა და სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადო მონიტორინგი, რაც შესაძლოა, ავტონომიური რესპუბლიკის ქონების არამართლზომიერი განკარგვის რისკებს შეიცავდეს.

,,გარდა ამისა, სამინისტროსა და მერიაში, გასაყიდი ქონების საწყისი საპრივატიზებო სარგებლობის ღირებულება ზუსტად განსაზღვრული არ არის, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება. მეტიც, ექსპერტის მიერ დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირებისა და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, საბაზრო ფასთან მიმართებებში, სავარაუდოდ, 5 579 722 ლარით ნაკლები თანხით განხორციელდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონებების პრივატიზებისას, აუქციონები გამოცხადდა კონკრეტული დაინტერესებული მხარის მიერ შემოთავაზებული წინადადების ანალოგიური პირობებით, რის გამოც შეიზღუდა კონკურენცია. მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს და შესაძლოა, უარყოფით გავლენას ახდენდეს ბიუჯეტის შემოსავლებზე'', _ მითითებულია აუდიტის დასკვნაში. 

შეუსრულებელი ვალდებულებები 

2017-2018 წლებში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, 274 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, პირობების შესრულების მონიტორინგს ახორციელებდა. სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ამ ხელშეკრულებებიდან 37 შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები დადგენილ ვადებში არ შესრულებულა, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, 14 შემთხვევაში _ ხელშეკრულებები შეწყდა. ამის მიუხედავად, სახელმწიფო აუდიტორებმა არასათანადო კონტროლის დაწესების შემთხვევები მაინც გამოავლინეს. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2013 წლის 20 აგვისტოს #173 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ინდივიდუალურ მეწარმეს 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში მდებარე 405 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 405 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2013 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იყო, 5 ტ/სთ (ტონა/საათში) წარმადობის ციტრუსის დამახარისხებელი საწარმო აემოქმედებინა, რისთვისაც არანაკლებ, 60 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. 

,,საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, მყიდველმა ინვესტიცია განახორციელა, მაგრამ 2017 წლის 1 იანვრიდან, საწარმო არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, არ სრულდება საწარმოს პროფილის შენაჩუნებისა და საქართველოს 20 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება. სამინისტროს 2018 წლის 10 ოქტომბრის წერილით, მყიდველს აცნობეს, რომ საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის პროცედურების დაიწყებოდა, თუმცა შესაბამისი ბრძანება 2019 წლის 30 იანვარს, ანუ ოთხი თვის შემდეგ გამოსცეს. ამასთან, აუდიტის მიმდინარეობისას, ამ კონკრეტულ საქმეზე, სამინისტროს სხვა აქტივობები არ განუხორციელებია''. 

ბათუმის მერიის მიერ, 2017 წლის 15 აგვისტოს ჩატარებული აუქციონის შედეგების გათვალისწინებით, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების პირობით, შპს „სტრონგ დეველოპმენტს'', 1 200 000 ლარად, საკუთრებაში გადაეცა ბათუმში, ბაგრატიონის ქ. #127-ში მდებარე 5 317 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იყო, რომ აუქციონზე შეძენილი ქონების საბოლოო ღირებულება (საპრივატიზებო საფასური) სრულად, ხელშეკრულების დადებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში გადაეხადა; საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 თვეში, დაეწყო და 36 თვეში დაესრულებინა მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერ-სახის მქონე საცხოვრებელი სახლების (კომერციული/არაკომერციული) მშენებლობა და მშენებლობის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვეში, საცხოვრებელი სახლების საერთო ფართის 10%, საცხოვრებელი ბინების სახით, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაეცა ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის. 

,,აუქციონის პირობით, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ინვესტიციის რაოდენობა განსაზღვრული არ არის. აუდიტის პერიოდში მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად გაირკვა, რომ მყიდველს გადახდილი აქვს ნასყიდობის ღირებულება, თუმცა მშენებლობის დაწყების შესახებ ვალდებულება არ შეუსრულებია, რისთვისაც 2018 წლის 27 ივლისს, პირგასამტეხლოს სახით, 600 ლარი დაერიცხა. შეუსრულებელ ვალდებულებაზე რეაგირება მერიამ მხოლოდ 2019 წლის 28 იანვარს განახორციელა და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ კომპანიას მშენებლობის დასაწყებად დამატებითი ვადა მისცა. გადაწყვეტილების საფუძვლად, პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის გადახდა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა სახელდება, თუმცა აუდიტის მიმდინარეობისას, მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. შესაბამისად, სახეზეა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობაზე ბათუმის მერიის არასათანადო რეაგირების ფაქტი, რაც შესაძლოა, მუნიციპალიტეტის ქონების არამართლზომიერი განკარგვის რისკებს შეიცავდეს. ეს კი შიდა კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს''. 

შეცდომები საბუღალტრო აღრიცხვაში 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის მერიაში, უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის დარიცხული პირგასამტეხლო ბუღალტრულად არ აღირიცხებოდა. არადა, პირგასამტეხლოს სახით დარიცხვასა და შესაბამის ბუღალტრულ აღრიცხვას ექვემდებარებოდა 59 059 908 ლარი და 39 852 795 აშშ დოლარი _ სამინისტროში, ხოლო 862 309 ლარი _ ბათუმის მერიაში. 

,,2017-2018 წლებში, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მოტივით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, ქონების მყიდველები/მოიჯარეები 48 შემთხვევაში გათავისუფლდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული 22 644 236 ლარისა და 12 792 338 აშშ დოლარის საჯარიმო სანქციისაგან იმ პირობით, თუ სრულად ხელშეკრულების პირობები სრულად შესრულდებოდა. აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში დარიცხული საჯარიმო სანქციის აღდგენის ნაცვლად, 2018 წელს, პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 3 234 766 ლარი და 1 098 241 აშშ დოლარი, ხელახლა ჩამოაწერეს. აუდიტით გამოვლინდა შემთხვევები, როცა სანქციებისგან გათავისუფლების აუცილებლობა არ დასტურდება და დამატებით დასაბუთება სჭირდება''. 

განვიხილოთ რამდენიმე, კონკრეტული ფაქტი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით და მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „სტრატოტელს'', პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცა მახინჯაურის დასახლებაში მდებარე 33 530 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 2 255 კვ.მ შენობა-ნაგებობა. შეთანხმებული პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, რომ 2022 წლის 16 თებერვლამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს სასტუმრო და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი დაწესებულება. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,სტრატოტელი'' ვალდებული იყო, ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში, ნასყიდობის საფასურის ნაწილი _ 975 000 ლარი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში გადაეხადა, მოემზადებინა სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულების შენობა-ნაგებობის პროექტისა და არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, საკუთრებაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე ასაშენებელი ობიექტების მშენებლობის ნებართვა მიეღო. 

,,2017 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ინვესტორს ეს ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 6 დეკემბრის #155 განკარგულების შესაბამისად, პროექტის მიზანშეწონილობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების მოტივით, კომპანია გათავისუფლდა 994 500 ლარის საჯარიმო სანქციისგან და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 14 თვით გაუგრძელდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 3 ივლისის #70 განკარგულების შესაბამისად, შპს „სტრატოტელი'' კვლავ გათავისუფლდა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის განსაზღვრული 1 042 650 ლარის ჯარიმისაგან იმ პირობით, რომ ყველა იმ ვალდებულებას შეასრულებდა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მოტივით, შპს „სტრატოტელი'' ნასყიდობის ფასის ნაწილის _ 731 500 ლარის გადაუხდელობის გამო დარიცხული 48 150 ლარის ჯარიმისგან გათავისუფლდა''. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 16 მაისის #144 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, შპს „ელიტ სქიი რესორტს'', საკუთრებაში გადაეცა ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 3 120 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მხარეებს შორის 2016 წლის 20 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას 2018 წლის 20 ნოემბრამდე, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 3 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება დაეკისრა. 

,,ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ, სამშენებლო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევის ჩატარების მოტივით, კომპანიამ ხელშეკრულების ვადის ორი თვით გაგრძელება მოითხოვა, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 19 სექტემბრის #266 ბრძანების საფუძველზე, დაკმაყოფილდა. ხელშეკრულებაში ცვლილებები 2017 წლის 14 სექტემბერსაც განხორციელდა, რასაც საფუძვლად დაედო საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიასთან (წყნდჰამ ჰოტელს @რესორტს) სასტუმროს ოპერირების შესახებ მოლაპარაკების წარმოება. მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, დამატებითი პირობის გარეშე, ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში მდებარე 1 544 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც დამატებით მიჰყიდეს''. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არც ამჯერად შესრულდა, რის გამოც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობის შესაბამისად, შპს „ელიტ სქიი რესორტს'', აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 7 ივნისის #57 განკარგულების საფუძველზე, 2019 წლის 1 დეკემბრამდე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება გადაუვადდა და ამასთან, პირობების დარღვევისთვის დარიცხული პირგასამტეხლო _ 10 556 ლარიც ჩამოეწერა. 

არახელსაყრელი კლიმატური პირობების მიზეზით, 2018 წლის 21 დეკემბერს, კომპანიამ კვლავ მოითხოვა ვალდებულებათა შესრულების ვადების გაგრძელება, რაც ასევე დაკმაყოფილდა და 2019 წლის 15 იანვარს, ხელი მოეწერა შეთანხმებას ვალდებულების 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა და არახელსაყრელი კლიმატური პირობები, რაც ამ გეოგრაფიული სექტორისთვის არსებითად დამახასიათებელი ნიშანია, პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების აუცილებლობის დასაბუთებად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, სახელშეკრულებო პირობების შესრულების ვადების გასაგრძელებლად, ეს არასაკმარისი არგუმენტია. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ბათუმის მერიაში, უძრავი ქონების განკარგვაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, პირგასამტეხლოს სახით დარიცხული _ 59 922 217 ლარი და 39 852 795 აშშ დოლარი ბუღალტრულად აღრიცხული არ არის! 2018 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში დარიცხული საჯარიმო სანქციის აღდგენის ნაცვლად, პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 3 234 766 ლარისა და 1 098 241 აშშ დოლარის ჩამოწერა განხორციელდა! ამასთან, დასაბუთების გარეშე, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შემთხვევებიც ფიქსირდება, რაც შესაძლოა, არამართლზომიერი ქმედების რისკებს შეიცავდეს!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში