Menu
RSS

ბანკების დაყაჩაღების სკანდალური სქემა

„სულ ცემა-ტყეპით გვქონდა სექსი“ _ ყაჩაღისა და მაღაზიის გამყიდველის სიყვარულის ამბავი

მარტში, თბილისში მომხდარი ბანკის ყაჩაღობა ჰოლივუდურ ,,თრილერს'' უფრო ჰგავდა, ვიდრე _ რიგით დანაშაულს ანუ იყო ყველაფერი _ მძევლების აყვანიდან დაწყებული, ბანკიდან ფულის წაღებით, კიდევ ერთი მძევლის აყვანითა და სროლებით დამთავრებული. ჯერჯერობით, სამართალდამცავებს ეჭვმიტანილები არ დაუკავებიათ და ისე ჩანს, რომ ამის გაკეთება გაჭირდება. ცხელ კვალზე პოლიცია ვერ გავიდა და ეს, იმის მიუხედავად, რომ ორივე მძევალი, ლამის 24-საათიან რეჟიმში დაიკითხნენ, ხელჩასაჭიდი ვერაფერი თქვეს.

ზოგადად, საქართველოში ბანკების ძარცვა-ყაჩაღობის მარტივი სქემა არსებობს. დამნაშავეთა აბსოლუტური უმრავლესობა ,,მარტივ გზას'' ირჩევს _ შედის ბანკში იარაღით, იატაკზე აწვენს დაცვასა და პერსონალს და იღებს იმ თანხას, რაც იმ დროისთვის სალაროშია. ძირითადად, თანხა 3-დან 10 ათასამდე მერყეობს, თუმცა ისეც ყოფილა, დამნაშავეს ათასი ლარიც ვერ წაუღია და... 40 ათასიც გაუტაცებია. ასეთი დანაშაულები დიდი პროცენტულობით იხსნება, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სათვალთვალო კამერა იმახსოვრებს დამნაშავის აგებულებას, შემდეგ ეს ქსელურად ვრცელდება და ანალოგიური აგებულების რამდენიმე ადამიანთან მიდის მუშაობა. საბოლოოდ, კრიმინალური წარსულის ადამიანზე კეთდება აქცენტი და მისი დნმ-ით ხდება პიროვნების დადგენა. ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ასეთ თავხედურ დანაშაულზე ვინმე პირველად, ან შემთხვევით მიდის. 

რუსთავის #17 დაწესებულებაში, ბანკების ყაჩაღობის ბრალდებით, არაერთი პირი იხდიდა სასჯელს. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, გამოცდილებას უზიარებდნენ, შეცდომების ალბათობას რიცხავდნენ და გეგმებსაც აწყობდნენ სამომავლოდ. შესაბამისად, ვარაუდი, რომ ციხე ადამიანებს ასწორებს, ამ შემთხვევაში, ნაკლებად ამართლებდა. 

შეიძლება, დამნაშავისთვის ცოტა უცნაური სახელია, მაგრამ უშანგი ც. ბანკების ფილიალების ნამდვილი რისხვა იყო. გარდა იმისა, რომ ის საქართველოში არ ასვენებდა საფინანსო დაწესებულებებს, ევროპული გამოცდილებაც ჰქონდა და ასე განსაჯეთ, სკანდინავიის ყველა ქვეყნის ციხეში იყო ნაჯდომი, თუმცა სკანდინავიაში საკმარისი იყო, კარგად მოქცეულიყო 2-3 თვე და სასჯელის ვადას, პრაქტიკულად, უნულებდნენ. 

,,ნორვეგიაში რომ დამიჭირეს, 6 წელი მომცეს _ სამი ბანკის დაყაჩაღება დამიმტკიცეს, მეოთხეზე კი დამიჭირეს, თან ყველა შემთხვევაში, ნიღბის გარეშე ვიყავი _ კლიენტივით შევდიოდი ბანკში და მერე, სანთლისგან გაკეთებული პისტოლეტით მიმქონდა ფული. აი, პისტოლეტმა სერიოზული როლი ითამაშა, ადვოკატმა, რომელიც სახელმწიფომ დამიქირავა, განაცხადა, რომ მე შინაგანად მოძალადე და მკვლელი არ ვიყავი, რადგან სანთლის პისტოლეტი ჩემი მხრიდან მოქალაქეების დაზიანების ალბათობას გამორიცხავდა. დავეთანხმე, რა უნდა მექნა? მოვინანიე... იმას ხომ არ ვიტყოდი, ნორვეგიაში იარაღი ვერ ვიშოვე, თორემ სანთლის პოსტოლეტით დანაშაულზე რა წამიყვანდა-თქო?! მომცეს ექვსი წელი და ციხეში მყოფმა ქართველებმა მითხრეს, კარგად თუ მოიქცევი, ამის ნახევარიც არ მოგიწევს ჯდომაო. ექვსი თვე არაფერი დამიშავებია, ეგ კი არადა, პატიოსნად ვშრომობდი იქაურ საამქროში და სიგარეტის ფულიც პატიოსნად მერიცხებოდა ბარათზე. ექვსი თვის შემდეგ, ფსიქოლოგთან მალაპარაკეს, ცრემლად დავიღვარე, ეს რა მომივიდა-მეთქი და ცხრა თვის თავზე, როგორც გამოსწორებული ადამიანი, ციხიდან გამომიშვეს, თუმცა იქვე ამიხსნეს, საბუთები არ გაქვს წესრიგშიო და გამომაგდეს საქართველოში'', _ სიცილით იხსენებდა უშო ნორვეგიულ ვოიაჟს. 

რაც შეეხება საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს, უშანგი ამტკიცებდა, ვინმეს რომ არ ჩავეშვი, ახლაც თავისუფლებაზე ვიქნებოდიო. სამკაციანი დაჯგუფება, რომელშიც უშანგის გარდა, მამუკა ქ. და გიორგი კ.-ც შედიოდნენ, ლომბარდებს და ბანკებს არ ასვენებდა. ჯერ აჭარაში, შემდეგ კი თბილისში, დაჯგუფებამ 12-მდე ბანკის ფილიალი და ლომბარდი გაასუფთავა. ხელწერა მუდმივად ერთი ჰქონდათ _ იარაღით შედიოდნენ ორნი, მესამე ასევე, იარაღით გარეთ მოპარულ მანქანაში ელოდათ და ზუსტად 45 წამში რასაც მოასწრებდნენ, მოჰქონდათ, მეტ დროს ბანკში არ ჩერდებოდნენ. 

,,ჰკითხე გიოს, თითო შესვლაზე 4-5 ათასზე ნაკლები არ წამოგვიღია. 20 ათასიც წამოვიღეთ ერთხელ, მაშინ მამუკას დის ოპერაციის ფული გვინდოდა და ვიშოვეთ. არცერთხელ დაგვჭირვებია გასროლა, რადგან დაცვის პოლიციას ხელფასი 200 ლარი აქვს და ამ ფასად თავს არავინ შემოგაკლავს. ნიღბებით დაგვინახავდნენ თუ არა, თქმაც არ სჭირდებოდათ, ისე შლიდნენ ხელებს და წვებოდნენ იატაკზე. მომსახურე პერსონალი კი ძირითადად ქალებისგან იყო შემდგარი და იმათ ეგრევე პანიკა ეწყებოდათ. მთავარი იყო, პირველი დაკივლების შემდეგ, კივილი ისტერიკაში არ გადასვლოდათ და მალე გაჩუმებულიყვნენ'', _ ღიმილით იხსენებდა უშო. 

რაც შეეხება სამეულის დაკავებას, ისინი ვერ მიხვდნენ, სად ან ვისთან წამოსცდათ ის, რომ მორიგ საქმეზე მიდიოდნენ. თითქოს არავისთვის არაფერი უთქვამთ, მაგრამ ერთ დღეს, როცა ავტომობილი მოიპარეს, იარაღი და ნიღბები ჩადეს და კორპუსის ეზოდან გასვლა დააპირეს, საიდანღაც პოლიციელთა მთელი არმია დაესხათ თავს და დააკავეს. ბრალად ყველას ყაჩაღობა წარუდგინეს და ზედ ისიც დაუმატეს, რაც ამათი გაკეთებული არ იყო, მაგრამ გაუხსნელი გახლდათ. ბიჭებმა ყველაფერზე უარი თქვეს, მაგრამ მანქანიდან ამოღებულ ნიღბებს და იარაღს რაღას უზამდნენ? ამიტომ, 9-9 წელი შეირგეს და სასჯელის ვადის გასვლას მშვიდად ელოდნენ. 

რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, პატიმრების რიგებში არიან ისეთებიც, რომლებიც ძალადობაზე შეგნებულად მიდიან, რადგან არ აკმაყოფილებთ მარტივად მოპარული ფული. ასეთი, პირველ რიგში, ოთარ ბ. იყო, რომელიც მეორედ იხდიდა სასჯელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თავისუფლებაზე გამოვიდა, ორ თვეში ისევ ყაჩაღობაზე დაიჭირეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ორიოდე თვის წინ, ისევ გათავისუფლდა. 

,,ყაჩაღობას ადრენალინი აქვს. ჯერ იმაზე კაიფობ, როგორ ეკვეთება მუხლები გოიმს, იარაღს რომ დაინახავს. მერე, იმაზე კაიფობ, ამ იარაღით თავს რომ გაუხეთქავ და სისხლი რომ მოდის, მაგრამ უხარია, რომ ჯერ ისევ ცოცხალია, მერე იმაზე კაიფობ, ფულის მოცემა რომ ენანება, მაგრამ სიცოცხლეს ვერ რისკავს ფულის სანაცვლოდ... აბა, ის რა არის, რომ შეხვალ, დაბლა გაგორდება და წამოიღებ. მაგის მუღამს ვერ ვიგებ'', _ ყვებოდა ოთარა და ერთ ძალიან საინტერესო შემთხვევას იხსენებდა. 

,,საბურთალოზე, უბნის მაღაზიაში შევედი, ფული არ მქონდა და ცოტას წამოვიღებ-მეთქი. ,,ჩულქი'' და იარაღი სულ ჯიბეში მედო, წამოვიცვი თავზე და შევედი. მოლარემ მაშინვე გამოაღო ,,კასა'', მაგრამ ეს ხომ მარტივი იყო _ ავდექი და ამ გოგოს შემოვარტყი, მერე კიდევ შემოვარტყი და გაგორდა. დაცემისას ხალათი გაეხსნა და მკერდი გამოუჩნდა. ნასვამი ვიყავი და კი მოვუსრისე მკერდი, მაგრამ მაგის დრო სად იყო, მალევე შევეშვი, ფული ავიღე და წამოვედი. აი, მერე, სახლში ვიხსენებდი, რომ თითქოს ესიამოვნა ყველაფერი. ორ დღეში ისევ მივაკითხე, ოღონდ, როგორც მყიდველმა. არ დამხვდა, მერე კიდევ, კიდევ და როგორც იქნა, სმენას დავამთხვიე. გავიცანი, დავპატიჟე... მერე, სახლში რომ ავედით, იქ ვუთხარი, მე ვიყავი მაშინ და მომეწონე-მეთქი. თუ შევატყობდი, რომ ჩამიშვებდა, ალბათ, მოვკლავდი. გაუხარდა, თან ძალიან გაუხარდა. მერე მითხრა, ქმარმა იმიტომ გამომაგდო, სიამოვნებას ვერ ვიღებ, თუ პარტნიორი ტკივილს არ მაყენებსო. მოკლედ, სულ ცემა-ტყეპით გვქონდა სექსი და რომ გავალ, ცოლადაც მოვიყვან'', _ ოცნებებში წასული ყვებოდა ოთარა. 

*** 

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ოთარ ბ-მ, ცოლად სწორედ ის გამყიდველი მოიყვანა. 

გლდანში, ბანკის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით, შსს-მ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა: ,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის 8 მარტს, გლდანში „საქართველოს ბანკზე“ მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნა. 

ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი _ წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ. და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1999 წელს დაბადებული კ.გ. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული და ნიღბიანი ბრალდებულები გლდანში, „საქართველოს ბანკში“ შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს. ბანკის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით დაცვის პოლიცია გამოიძახეს. ბანკის ფილიალთან მისულ დაცვის პოლიციას თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლისას არავინ დაშავებულა. 

ბრალდებულებმა, ბანკის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმამდე, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2 მოქალაქეს და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოართვეს. პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელები იძულებული გახდნენ, მძევლად აყვანილი ორივე მოქალაქე გაეთავისუფლებინათ და შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ავტომანქანით მიიმალნენ. 

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო გატაცებული ავტომანქანა, რომელიც ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. 

დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. 

დადგენილია დანაშაულში მონაწილე მესამე პირიც და მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით, 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით'', _ აცხადებენ შსს-ში.

 

პატიმარი #0578

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში