Menu
RSS

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, კრისტოფ კასტანერთან. 

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა, ფრანგ კოლეგას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. 

ვიზიტის მიზანია, ორ ქვეყანას შორის, სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ, ერთობლივი ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების განხილვა. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ, 2019 წლის მაისში, ხელი მოეწერა საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას. 

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტემბერში მივლენილი ქართველი ოფიცრების წარმატებულ საქმიანობას, რომლებიც საფრანგეთის ჟანდარმერიის, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებში, ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობენ. 

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრები პირადად გაესაუბრნენ ქართველ ოფიცრებს და მათ ფრანგ ხელმძღვანელებს, განიხილეს მათი საქმიანობის მიმდინარეობა და ერთობლივ მუშაობაში წარმატება უსურვეს. 

შეხვედრის დასასრულს, მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიას, უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის, არსებული გამოწვევების საპასუხოდ გატარებული ზომებისა და მათი შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. 

,,პირველ რიგში, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მინისტრს მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის საფრანგეთის მხარდაჭერა. ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ დავკარგოთ. 

ჩვენი ინტეგრირება ევროპაში არის ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. ვთანამშრომლობთ რა, როგორც მიგრაციის, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, რაც დღეს, საფრანგეთის მიმართულებით მნიშვნელოვანია. ბატონი მინისტრი ბრძანდებოდა საქართველოში, შეხვდა ყოფილ შინაგან საქმეთა მი ნისტრს, დღევანდელ უკვე პრემიერ-მინისტრს, შეთანხმდნენ სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, სწორედ მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. დამატებით იქნა მოვლენილი სამი ოფიცერი და ვფიქრობთ, კიდევ ოფიცრების დამატებას, რათა საფრანგეთში არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა. 

ჩვენ მზად ვართ, საფრანგეთთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ეს ციფრები, რა თქმა უნდა, დაიკლებს და წამოვა ქვევით'', _ განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ასევე, კრისტოფ კასტანერმა, პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა გიორგი გახარიას, რომელსაც მაისში, თბილისში შეხვდა, როდესაც მას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. 

 

„ამა წლის პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით _ ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით, იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია. 

მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში, ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97%-ის შემთხვევაში, თანხმობა არ იქნა გაცემული. 

ჩვენ ქართულ მხარესთან განვიხილეთ კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის, აეროპორტებში გარენა-ჩაფრენის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოვთქვით. მინდა აღვნიშნო ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს და მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას, მაღალი ხარისხის თანამშრომლობისთვის. 

საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო თვეების განმავლობაში, თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება, დაახლოებით, 50%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს, რაც შეიძლება მაღალ დონეზე. 

თანამშრომლობა მნიშვნელოვანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც და ჩვენ მივესალმებით 3 ქართველი სამართალდამცველის ყოფნას პარიზში, რომლებსაც კიდევ დაემატებათ 2 მეკავშირე ოფიცერი და ისინი ჩვენს სამსახურებთან ერთად იმუშავებენ. 

მესმის, შესაძლოა, მიგრაციასთან დაკავშირებით, დელიკატური სიტუაციები არსებობს, მაგრამ მსურს, დავაფიქსირო საფრანგეთის პოზიცია, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ბუნებრივია, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, დავიცვათ ის ადამიანები, როგორც ქართველები, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ვმასპინძლობთ საფრანგეთის საზღვრებში, მაგრამ როდესაც ამ მექანიზმს იყენებენ სხვა მიზნებისთვის, აუცილებელია, რომ გვქონდეს მტკიცე და თანამშრომლობითი პოზიცია. 

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, უპრეცედენტო რაოდენობით გავზარდეთ საკონსულო მიმართულებით მომუშავე კადრები საქართველოსთან მიმართებაში. 

მინდა, ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც საფრანგეთში, თავშესაფრის მიღების მიზნით ჩამოსვლას აპირებს, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ძალიან მკაცრები ვიქნებით და თავშესაფარს მხოლოდ მათ შევთავაზებთ, რომლებიც ამას ნამდვილად იმსახურებენ. აქვე, მინდა, მივესალმო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჩართულობასა და ძალისხმევას'', _ აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში