Menu
RSS

ექსკლუზივი _ ქართველმა კრიმინალმა მოსკოვის ბანკიდან 1.4 მილიონი გაიტაცა

რას ედავებიან უკრაინელი სამართალდამცავები „კანონიერ ქურდ“ ლაშა ჯაჭვლიანს და რა აკრძალული ნივთი იპოვეს შაქრო კალაშოვის „კამერაში“

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებისგან სრულად იწმინდება. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ ქვეყნიდან ყველა „კანონიერ ქურდს“ გააძევებდა, ხოლო ვინც დარჩებოდა, ციხეში ჩასვამდა, სამართალდამცავები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.

გარდა იმისა, რომ ე.წ. კანონიერ ქურდებზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა, მათ აღარც ციხეებში აქვთ სასათბურე პირობები. მაგალითად, აქამდე ასე იყო: „კანონიერი ქურდები“ მობილური ტელეფონით უპრობლემოდ სარგებლობდნენ, მაგრამ პუტინმა ესეც აკრძალა. როგორც ჩანს, აკრძალვა კარგად ვერ გაიგო რამდენიმე ციხის უფროსმა და როცა გასულ კვირას, მორიგ „შმონზე“, შაქრო კალაშოვს „კამერაში“ მობილური უპოვეს, ციხის უფროსი თანამდებობიდან არათუ გაათავისუფლეს, პასუხისგებაშიც მისცეს. ეს ნიშანი იყო დანარჩენი დაწესებულებებისთვის და, როგორც რუსული მედია იუწყება, ციხეში მყოფი „კანონიერი ქურდები“ გარესამყაროს, უბრალოდ, მოწყდნენ. 

სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ არაერთი „კანონიერი ქურდი“ გასულ კვირას რუსეთიდან სასწრაფო წესით აიბარგა. 

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ერთ-ერთი მათგანი _ ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინაში მაშინ დააკავეს, როცა საზღვარი გადაკვეთა. უკრაინელი სამართალდამცავების ინფორმაციით, ჯაჭვლიანი უკრაინაში კრიმინალური სინდიკატის შესაქმნელად ჩავიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. 

ისიც ვთქვათ, რომ უკრაინის რადა უკვე მუშაობს იმ კანონპროექტზე, რომელიც „კანონიერ ქურდობას“ დასჯადს გახდის და უკრაინა, საქართველოსა და რუსეთის მერე, იქნება მესამე ქვეყანა, სადაც „ქურდული სტატუსი“ სისხლის სამართლის დევნის საფუძველი გახდება. 

* * * 

საქართველოში თურქეთის საელჩოსთან ჩატარებული აქციის მიუხედავად, კვლავ უცნობია, რას აპირებს თურქეთის პოლიცია მინდია ლავას ოღლისთან დაკავშირებით. ლავას ოღლი უკვე რამდენიმე თვეა, თურქეთის პოლიციას დაკავებული ჰყავს და ამ ხნის განმავლობაში, მისთვის ბრალი არ წაუყენებია ანუ, რეალურად არც ადვოკატმა და არც დაკავებულმა არ იციან, რას ედავებიან სამართალდამცავები. მინდიას ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და თურქეთის ხელისუფლებას პასუხს სთხოვენ, თუმცა პასუხი არ არის. 

* * * 

ახლა კი ექსკლუზივი: დაახლოებით, ერთი თვის წინ, მოსკოვში თავზეხელაღებული თავდასხმა მოხდა. დაახლოებით ერთი თვის წინ, ინკასაციის მანქანას, რომელსაც ბანკის ფული გადააქვს, ორი პირი დაესხა. დაცვის ორი თანამშრომელი ბანკში ფულის შესატანად შევიდა, მძღოლი კი საჭესთან დარჩა. სწორედ ამ მძღოლს დაესხნენ თავს, მუქარით აიძულეს, შიგნიდან უკანა კარი გაეღო და ტომრებით დაწყობილი ფული მეორე თავდამსხმელმა წაიღო. 

აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ _ თავდამსხმელი, რომელმაც ფული წაიღო, მანქანაში ჩაჯდა და... ტერიტორია მაშინვე დატოვა ანუ მეორე თავდამსხმელი, რომელიც მძღოლის კართან იდგა, ადგილზე დარჩა. იგი ტერიტორიის დატოვებას ფეხით შეეცადა, მაგრამ, როგორც ჩანს, მანქანაში მყოფ მძღოლს პირველმა შოკმა გაუარა და გაქცეულ თავდამსხმელს საინკასაციო მანქანით დაედევნა, დააჯახა და კედელზე მიაჭყლიტა. თავდამსხმელი გადარჩა, თუმცა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობია მიიღო და ადგილიდან ვეღარ მიიმალა. 

რუსმა სამართალდამცავებმა დაკავებული საავადმყოფოში, იქიდან კი ციხეში გასულ კვირას გადაიყვანეს. ჰოდა, ეს პიროვნება საქართველოს მოქალაქეა, ქუთაისის მაცხოვრებელი. სახელსა და გვარს რომ არ ვწერთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიცით. მისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია რუსებმა უკვე გამოითხოვეს, თუმცა საქართველოდან ბევრი ვერაფერი გასცეს _ რუსეთში 3-ჯერ ნასამართლევი, ბელორუსის ციხეში ნაჯდომი, უკრაინაში ნასამართლევი პირი, საქართველოში სამართალში არცერთხელ არ ყოფილა მიცემული. 

რაც შეეხება მეორე პირს, რომელმაც შემთხვევის ადგილი დატოვა, მასზე ძებნაა გამოცხადებული, თუმცა პოლიციას მისი აღწერილობის გარდა, ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს, რადგან დაკავებული დუმილის უფლებას ინარჩუნებს და „პადძელნიკის“ ვინაობას არ ასახელებს. 

გაქცეულს, პოლიციის გარდა, დაკავებულის სამეგობროც ეძებს, რადგან სამართალდამცავთა ცნობით, დაახლოებით, 30 მილიონი რუბლია გატაცებული, რაც ქართული საზომებით, 1.4 მილიონი ლარია. პოლიციისგან განსხვავებით, დაკავებულის ახლობლებმა, უდიდესი ალბათობით, გაქცეულის ვინაობაც იციან და ისიც, თუ სად უნდა ეძებონ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში