Menu
RSS

როგორ მოვიპაროთ... ვიბრატორი

ავლაბრელი რაფიკას კურიოზული ქურდობის ისტორია

რა შეიძლება მოიპაროს ადამიანმა? უფრო კონკრეტულად, რის მოსაპარად შეიძლება შევიდეს ბინაში ქურდი და შემდეგ, ამ ნივთის შესახებ ისეთი ამბები ატყდეს, პატიმრებთან თავის მართლება მოუხდეს, ხელთათმანით შევეხე, ხელი არ მომიკიდებიაო?! ასევე, მოუხდეს იმის მტკიცება, რომ „საქათმის პასაჟირი“ არ არის და ჩვეულებრივი ბინის ქურდია?

რაფიკა, რაფო, რაფაელი _ ავლაბრელი რაფაელის (საბუთებში ასე ეწერა) დანახვაზე, პატიმრები ღიმილს ვერ იკავებდნენ. მიზეზი კი ის ნივთი იყო, რომელიც მან გერმანიაში ყოფნისას მოიპარა, იგივე საქართველოში გაიმეორა და დაიჭირეს. ეს ისტორია რაფიკას, ალბათ, მილიონჯერ ჰქონდა მოყოლილი და როცა პატიმრები ხასიათზე ვერ იყვნენ, ახლიდან სთხოვდნენ ხოლმე მოყოლას და ისიც არ იზარებდა, სიამოვნებით ყვებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ლამის ყველამ ზეპირად იცოდა, სომხური აქცენტით, ქართულად მოყოლილი უპრეცედენტო ისტორია, მაინც საყოველთაო მხიარულებას იწვევდა. ყველაფერი კი „მერსედესის“ ყიდვის სურვილით დაიწყო. 

„ჩემი მეზობელი მაქსი, ავლაბრელია ეგეც, გერმანიაში რამდენიმე წლის წასული იყო. სოციალური ქსელით ვიპოვე და ვუთხარი, გერმანიაში ჩამოსვლა მინდა, მანქანა უნდა ვიყიდო და თუ მომეხმარები-მეთქი. აბა, რას ვიზამ, რაფო-ჯანო, ჩამოდიო და წავედი. ჰამბურგში ცხოვრობდა, მივედი, პირველი, მეორე და მესამე დღე ქალაქი დავათვალიერეთ, მეოთხე დღეს იმაზე მეტად დავთვერი, ვიდრე შემეძლო და დილით აღმოვაჩნე, რომ სახლში, სადაც მაქსი ცხოვრობდა, ათამდე ქალი იყო, მე და მაქსი შიშვლები ვეყარეთ და ბოლოს გაირკვა, ყველა მე დამიპატიჟებია, ნახევარზე მეტს, ალბათ, არც შევხებივარ და გადავიხადე ჩემი „მერსედესის“ ფული ამ ქალებში. 

რა უნდა მექნა? ლამის ტირილი დავიწყე, მაქსი მამშვიდებდა, მოვიფიქრებთ რამესო, მაგრამ ეგ რისი მომფიქრებელი უნდა ყოფილიყო, წლები ცხოვრობდა გერმანიაში და თავისიანებს ერთი მანქანა ვერ გამოუგზავნა. 

საღამომდე „პახმელიაზე“ გამოვდიოდით, მერე მაქსმა გაიხსენა, აქ ერთი ქართველია, ჩალიჩობს, იპარავს, ეგებ, საქმეზე წავყვეთო. მანამდე არასდროს არაფერი მომიპარავს და თავიდან კი ვიუარე, მაგრამ მერე დავთანხმდი. სახლში რა უნდა მეთქვა, გერმანიაში ფული ქალებში დავხარჯე და მანქანა მაგიტომ ვერ ვიყიდე-მეთქი? 

მომკლავდა მამაჩემი, ცოლიც მომკლავდა და დედაც მომკლავდა. ჰოდა, სამჯერ რომ არ მოვეკალი, დავთანხმდი. 

პირველი ბინიდან, დაახლოებით, 500 ევროს ნივთები გამოიტანეს, მე „ატასზე“ ვიდექი, მეორე ბინიდანაც იგივე და მივხვდი, ასე აზრი არ ჰქონდა. 500 ევროდან ჩემი 150 ევრო იყო, მაქსს და იმ ქართველ კუკურისაც მიჰქონდათ თავისი წილი, 50 ევრო კიდევ ჭამაში ხომ გვინდოდა? ჰოდა, ერთ საღამოს, მაქსმა გაიხსენა, ქალთან დავდიოდი და... ოქროს ვიბრატორი ჰქონდაო. ვიბრატორი ხომ იცით, რაც არის? მაგის მოპარვა არ გინდა? კუკურამ თავი გაიგიჟა, მე ქურდულს ვაწვები, მომავალი ვარ, ვიბრატორს ხელს არ მოვკიდებო. მე ვუთხარი, შენ ბინაში შემიყვანე, ხელს მე მოვკიდებ-მეთქი. როგორც მაქსი ამბობდა, დაახლოებით, ნახევარი კილო იყო და მთლიანად ოქროსი. ჩემს მანქანას კი არა, მეორე მანქანასაც ეყოფოდა. 

მოკლედ, ორი დღე ვუთვალთვალეთ იმ პენსიონერი ქალის სახლს, მერე შევედით და სადაც იყო, კი მითხრა მაქსმა. იქ დამხვდა... აი, ვისაც ახლოდან არ უნახავს, არ იცის რა შეგრძნებაა. ხელის მოკიდება არ მინდოდა, მაგრამ ისიც ხომ ვიცოდი, თბილისში რომ უნდა მოვეკალი ჩემი ოჯახის წევრებს და ავიღე, ჩანთაში ჩავდე და წამოვედი. მოვედით სახლში, ეს კუკურა ოქროში კარგად ერკვევა, მაგრამ ხელს არ კიდებს, ისე ათვალიერებს. არადა, ხელი რომ მოკიდოს, უეჭველი იტყვის, ოქროა თუ არა, არ კიდებს, რა. მე კიდევ ისეთ ხასიათზე ვარ, ლამის ავიღო და უკან გავთხარო ეს ვიბრატორი მაქსს, რადგან თანდათან ეჭვი მეპარება, რომ ოქროსია. როგორ შეიძლება, ამხელა რაღაცა ოქროსი იყოს და თან კიდევ ასე აფუჭებდე? 

მოკლედ, კუკურამ მითხრა, მე ოქროს მყიდველი მყავს, იმას წავუღოთ და გვეტყვის, რა მასალააო. წავედით იმ კაცთან, რუმინელი იყო. ჩანთიდან სანამ ამოვიღებდი, ხელთათმანი გავიკეთე და დაიბნა კაცი, რა მოიტანეთო? ამოვიღე ნელ-ნელა, ეს რუმინელი ხან ამას უყურებს, ხან _ ჩვენ. მერე რაღაც ჰკითხა კუკურას, იმან ყვირილი დაუწყო და მე ვამშვიდებ, რა გითხრა ასეთი-მეთქი? რაო და, ხელთათმანით რომ კიდებს ხელს, გაგერეცხა, ახლა თუ იხმარეთო. ვაი შენს რაფოს, ვიბრატორის მომხმარებელიც გამხადეს. მარტივად, შიშველი ხელებით გამომართვა იმ რუმინელმა, ატრიალა, დაყნოსა, სინჯიც აიღო და დაასკვნა _ ოქროსი არ არის, მაგრამ თუ გინდათ, ათას ევროში გაგიყიდით, ძვირფასია ძალიანო. 

რა თქმა უნდა, დავთანხმდით. მოკლედ, ერთი თვე შევრჩი გერმანიას, როგორც იქნა, მოვაგროვე იმის ფული, რომ „მერსედესი“ მეყიდა, არა ისეთი, როგორიც მინდოდა, მაგრამ მაინც „მერსედესი“ და წამოვედი ჩემს ავლაბარში... 

ყველაზე საინტერესო აქ დაიწყო, ერთხელ დავთვერი და უბანში ეს ისტორია მოვყევი. კუკურა არ ვახსენე, იქიდან მომკლავდა, მაქსს კი ყველა იცნობდა და მაგრადაც დაცინეს. მეორე დილით მეზობელი დამადგა, საქმე მაქვსო. „პახმელია“ ვიყავი, საღამოს ვილაპარაკოთ-მეთქი და კარგიო. საღამოს ისევ დამადგა, „იტოგში“, გუშინ რომ მოყევი, ხომ გახსოვსო? მერე-მეთქი? თბილისში ვიცი, ოქროს ვიბრატორი აქვს უეჭველი ერთ ქალსო. გადავირიე კინაღამ, რა თბილისი, რა ვიბრატორი-მეთქი და კი, აქვსო, თავი გაიგიჟა. რა იცი-მეთქი და რემონტს ვაკეთებდი, მაშინ ვნახე შემთხვევითო. მერე იმ ქალმაც გვანახა მე და ჩემს „პაცობნიკს“, სხვაგან ვერ ნახავთ ასეთ რამეს, ოქროსიაო. 

ვინ ქალია-მეთქი და ხომ იცით, თბილისი პატარაა და ერთ-ერთ კონკრეტულ სფეროში, საკმაოდ ცნობილ ქალბატონზე მითხრა. გონებაში ჩამოვყარე, იქ თუ ათასი ევრო მომცეს და ოქროსი არ იყო, ეს უეჭველი ბევრად მეტი ეღირება-მეთქი. 

წავედით იმ „პაცობნიკთან“, იმან დაგვიდასტურა, სუფთა ოქრო იყო, ხელშიც კი მეჭირაო. 

გერმანიაში მიღებული გამოცდილების შესაბამისად, სახლი დავზვერეთ, ამათ იქაურობა კარგად იცოდნენ და იმედი გვქონდა, რომ ქალი არ იჩივლებდა, თბილისია, რა, და საჩივარი შეიტანე, ვიბრატორი დავკარგეო, ცოტა „ტეხავს“, ხო? 

მოკლედ, შევძვერით, როგორც იქნა, გამოვიტანეთ ის ვიბრატორი და ეგრევე ნაცნობ ოქრომჭედელთან გავქანდით. იმან კიდევ უყურა, ხელში ატრიალა, ჩართო კიდეც, ბოლოს თქვა _ არ შეიძლება, ასეთი ნივთი ოქროსი იყოსო. მაინც გასინჯა და მოოქროვილიაო, ბოლოს თქვა. 

რა თქმა უნდა, არ დაიტოვა, თბილისში მაგის კლიენტი სად უნდა გვენახა და წამოვიღეთ სახლში იმის იმედით, რომ ქალი არ იჩივლებდა, რადგან მარტო ეს ნივთი მოვიპარეთ, დავიწყეთ „კაიფი“, უბანში ძმაკაცები ერთმანეთს დაბადების დღეებზე ვჩუქნიდით, ხან ერთს ჰქონდა სახლში, ხან _ მეორეს და ასე, ხელიდან ხელში გადადიოდა. 

სამი თვის შემდეგ, პოლიციამ დაგვაკავა. თურმე, იმ ქალმა იჩივლა კი არა, მთელი ამბები დააწია პოლიციას, დროზე იპოვეთ ქურდებიო და ამ ვიბრატორის ამბავიც გაბაზრებული იყო. 

სანამ ავლაბრიდან საბურთალოს პოლიციამ გაიგო, რა ხდებოდა აქეთ, მანამდე კი გავიდა ეს თვეები. ქურდობისთვის 4-4 წელი მოგვცეს და ის ვიბრატორი კიდევ ნივთმტკიცებად ამოიღეს. უბანში კიდევ რამდენმა კაცმაც იცოდა, იმდენს პირობითი ჩამოურიგეს დანაშაულის დაფარვის გამო _ აქაოდა, მოპარული რომ იყო, რატომ არ განაცხადეთო. ასე დაღუპა ერთმა ვიბრატორმა ნახევარი უბანი და დაუბრუნდა იმ ქალს“, _ ღიმილით ასრულებდა მოყოლას რაფო. 

ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კიდევ ერთი რამ იყო: ერთხელ, როცა რაფო ამ ისტორიას ყვებოდა და იმ თბილისელ ქალბატონამდე მივიდა, ერთ-ერთმა პატიმარმა, ვანჩომ გაოცებით თქვა, მაგას ვიბრატორი რად უნდოდა, ქმარი ხომ ჰყავსო და... პატიმრებმა ხმამაღლა დასცინეს. 

ვანჩო სასჯელს იმაზე იხდიდა, საყვარელთან იყო, ქმარმა მოუსწრო, მუშტი-კრივი გამართეს და ვანჩომ, ბოლოს, დანა დაარტყა. მერე ხუმრობდნენ ხოლმე პატიმრები, იმ ქალს ოქროს ვიბრატორის ფული არა, მაგრამ ვანჩოს ტელეფონის ნომერი ჰქონდაო.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში