Menu
RSS

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულებების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული გიორგი შანიძე, სასამართლოს ორივე ინსტანციამ გაამართლა!

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშაულებების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული გიორგი შანიძე, სასამართლოს ორივე ინსტანციამ გაამართლა. დავა ორ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და გიორგი შანიძეს ბრალად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. ბრალდებულს ორი წლის განმავლობაში იცავდნენ ადვოკატები ტარიელ კაკაბაძე და ლევან აფრასიძე. აღნიშნულ საკითხზე „ჰოთნიუსი“ შანიძის ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ტარიელ, რა გახდა ბრალდებულის გამართლების საფუძველი? 

_ სასამართლოში ნათლად დადასტურდა, რომ საქმე იყო არასწორად იყო გამოძიებული, ხოლო ბრალდების პოზიცია _ დაუსაბუთებელი. მაგალითად, პირადი ჩხრეკის ჩამტარებელ პოლიციელთა ჩვენებებს შორის იყო არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები. წინააღმდეგობრივი იყო მათი ჩვენებები ჩხრეკის დაწყების, მიმდინარეობისა და გიორგი შანიძის დაკავების დეტალებთან დაკავშირებით. ჯვარედინი დაკითხვის დროს, მათ არსებითად განსხვავებული ჩვენებები მისცეს სასამართლოს და გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, მათი ჩვენებები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. 

_ მაგალითად, კონკრეტულად რა წინააღმდეგობას გულისხმობთ? 

_ ძალიან ბევრი იყო ასეთი, მოგახსენებთ ერთ-ერთს _ ჩხრეკაში მონაწილე ერთი პოლიციელი ამბობს, რომ ჩხრეკა ჩატარდა მანქანასთან და გამომძიებელი პარალელურად ჩხრეკის ოქმს ავსებდა მანქანაში. მეორე პოლიციელი კი კატეგორიულად გამორიცხავს მანქანასთან ჩხრეკის ჩატარებას. უფრო მეტიც _ საერთოდ მანქანის ახლომახლო ყოფნასაც გამორიცხავს. 

გარდა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისა, ასევე გამოჩნდა, რომ პირის ჩხრეკის დროს, დაირღვა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. 

_ კონკრეტულად, რაში მდგომარეობდა კანონის მოთხოვნების დარღვევა? 

_ პოლიციელები ჯვარედინი დაკითხვის დროს ადასტურებდნენ, რომ როდესაც გამომძიებელმა გადასცა მათ ნივთები, ისინი არც კი დაუთვალიერებიათ, ისე დალუქეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, ამოღებამდე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს უნდა წარედგინოს ნივთები და უნდა მოხდეს მათი მონაწილეობით ნივთების დეტალური აღწერა. ფაქტია, ეს არ მომხდარა. 

ასევე, აშკარად ჩანდა, რომ ნივთები არ იყო დეტალურად დათვალიერებული, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები. ასევე, ქიმიური ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტების დაკითხვით დადასტურდა, რომ ექსპერტიზის ჩატარების დროსაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ დარღვევებს. 

ერთმა პოლიციელმა ასევე, განაცხადა, რომ ჯერ ბორკილები დაადეს შანიძეს და შემდეგ მოხდა ჩხრეკის ოქმის შევსება მაშინ, როდესაც მეორე პოლიციელი აცხადებს, რომ ოქმის შევსება მოხდა პირის დაკავების პარალელურად. მაშინ გამოდის, რომ პირი ჯერ დააკავეს და შემდეგ ჩაუტარეს ჩხრეკა. ისმის კითხვა _ თუ პირისთვის ჩხრეკა არ ჰქონდათ ჩატარებული (შესაბამისად, არ იცოდნენ მას ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა თუ არა), რის საფუძველზე დააკავეს ის?_ კითხვას ბრალდების მხარე ვერ პასუხობდა. 

მიუხედავად უამრავი დარღვევისა, საქმეში დაცვის მხარის ყველაზე დიდი არგუმენტი იყო ის, რომ საქმის გამომძიებელმა (პირმა, ვინც ჩაატარა პირადი ჩხრეკა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა), ვერ მოახერხა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმების შედგენის დადასტურება. 

_ რას გულისხმობთ საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმების შედგენის დადასტურებაში? 

_ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გულისხმობს იმ პირის სასამართლოში დაკითხვას, ვინც შექმნა დოკუმენტი. თუ პირი, ვინც დოკუმენტი შექმნა, ვერ დაადასტურებს დამაჯერებლად მის მიერ მტკიცებულების შექმნის ფაქტს, მაშინ ასეთი მტკიცებულება ვერ დაეფუძნება გამამტყუნებელ განაჩენს. გამომძიებელმა კი ვერ გაიხსენა მის მიერ საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმის შედგენის დეტალები. მას არც ბრალდებული ახსოვდა და არც _ მისი ჩხრეკის დეტალები. 

დაცვის მხარე ვაპელირებდით იმაზე, რომ აუცილებელი იყო, გამომძიებელს ეპასუხა დაცვის მხარის კითხვებზე, მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. თუ გამომძიებელს აღნიშნულ ვალდებულებას ჩამოვართმევთ, მაშინ აზრს დაკარგავს მოწმის ჯვარედინი წესით სასამართლოში დაკითხვა. ევროპული სასამართლო არაერთ საქმეში ხაზს უსვამს მოწმის (მათ შორის, პოლიციელი მოწმეების) ჯვარედინი წესით დაკითხვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ასევე, გამოძიებას შეეძლო, მოეპოვებინა სხვა მტკიცებულებები, რაც გაამყარებდა ბრალდებას, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. 

_ რა მტკიცებულებების მოპოვება შეეძლო გამოძიებას? 

_ საქმეში Ochelkov Vs Russia, ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ პოლიციელ მოწმეთა ჩვენებებს მცირე მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით. ასეთივე განმარტება აქვს გაკეთებული ევროპულ სასამართლოს უამრავ სხვა საქმეში. რა უშლიდა ბრალდებას ხელს, წარმოედგინა ნეიტრალური (არაპოლიციელი) მოწმეები, რათა გაემყარებინა საკუთარი პოზიცია? რა უშლიდა გამოძიებას ხელს ჩაეტარებინა გენეტიკური ან/და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა? რა უშლიდა ბრალდებას ხელს, მოეხდინა ნარკოტიკების ამოღების ვიდეო გადაღება მაშინ, როდესაც თავად პოლიციელები ყვებიან, რომ წინასწარ იცოდნენ შანიძის მხრიდან ნარკოტიკების ფლობის შესახებ, მისგან ადგილი არ ჰქონია წინააღმეგობას და ჰქონდათ სრული საშუალება, მოეხდინათ ამოღების ვიდეო გადაღება. 

რაც შეეხება საცხოვრებელი სახლიდან ნარკოტიკების ამოღებას, გარდა ზემოთაღნიშნული არგუმენტებისა, დაცვის მხარემ ასევე დავამტკიცეთ, რომ აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ სხვა პირებიც, კონკრეტულ ოთახში რჩებოდნენ მისი მეგობრები და სხვა ადამიანები. შესაბამისად, შეუძლებელია იმის უტყუარად დადგენა, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა მაინცდამაინც გიორგი შანიძეს და არა _ სხვა პირებს. ყველა პასუხგაუცემელი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. 

გამოძიებას ასევე, შეეძლო, მოეპოვებინა სხვა უამრავი მტკიცებულება, თუმცა გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად. იმისათვის, რათა პირი დამნაშავედ იქნეს ცნობილი, აუცილებელია, წარმოდგენილ იქნეს უტყუარი მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება იმ ადამიანის ეფექტურად დაცვა, ვინც უკანონო ბრალდების მსხვერპლია. თუ საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე, ადამიანს მრავალი წლით ციხეში მოვათავსებთ, შეიქმნება უდანაშაულო ადამიანების დასჯის საფრთხე და ამით დაზარალდება ქვეყნის დემოკრატია. 

_ რამდენად დადებითად იმოქმედებს მაღალი სტანდარტის არსებობა კრიმინალის დონეზე? 

_ მიმაჩნია, რომ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტის არსებობა არ უნდა იქნეს აღქმული უარყოფითად საგამოძიებო ორგანოს მხრიდან. პირიქით, აღნიშნული უნდა იყოს დამატებითი მოტივაცია გამოძიების ხარისხის გასაზრდელად. როდესაც საგამოძიებო ორგანო ეფექტურად მუშაობს, ამით მცირდება უდანაშაულო ადამიანის დასჯის შანსები და იზრდება საქმის ხარისხიანად გამოძიების შესაძლებლობა. არაფერი აზიანებს ქვეყანაში კრიმინალთან ბრძოლას, როგორც უდანაშაულო ადამიანის დასჯა. 

„ჰოთნიუსი“

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში