Menu
RSS

რატომ სცემეს „კანონიერმა ქურდებმა“ „კვეჟოვიჩს“

როგორ ისჯება ცილისწამება „ზონაზე“ და რა არ ეპატიებათ „კაი ბიჭებს“

ბოლო დროს, არაერთი ადამიანი, ღია ეთერში, უმძიმეს ბრალდებებს უყენებს მეორე ადამიანს. საქართველოში ხომ ასეა _ დასწამე ცილი ნებისმიერს და მერე იმან თავი უნდა იმართლოს, არა, ბატონო, არ მიქნიაო. მხოლოდ ჟურნალისტებს გვნახულობენ ხოლმე „დაბალ ღობედ“, როცა სასამართლოებში გარბიან, თორემ რეალურად, ჟურნალისტები მაქსიმალურად ცდილობენ ინფორმაციის გადამოწმებას. საინტერესოა, რა ხდება მაშინ, როცა ცილისწამება თავისუფლებაზე კი არა, გისოსებს მიღმა ხდება, როგორ იქცევიან პატიმრები და როგორია სასჯელი ცილისწამებაზე დაუწერელი კანონების მიხედვით? სანამ კონკრეტულ მაგალითებზე გადავალთ, გეტყვით, რომ კონკრეტულად ამ მიმართლებას კრიმინალურ სამყაროში არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს, თუმცა...

ყველაზე ცუდი, რაც არის და რის გამოც ციხეში ნათქვამი სიტყვა, შესაძლოა, ისე დატრიალდეს, რომ თავს დიდ უბედურებად დაგატყდეს, ნდობის საკითხია ანუ თუ რიგითი პატიმარი ამბობს რამეს და იმის საწინააღმდეგოს აცხადებს „კაი ბიჭი“, უჯერებენ „კაი ბიჭს“, რადგან „კაი ბიჭი“ არ იტყუება (?!). უფრო კონკრეტულად რომ აგიხსნათ, ერთ მაგალითს მოგიყვებით. 

რუსთავის #17 დაწესებულებაში ორი პატიმარი საუბრობდა. ერთმა მოულოდნელად თქვა, ეს „მაყურებელი“ ამ დავითას რომ ყველგან დაათრევს, „კაი ბიჭი“ ეგ არ არის, „პრისტუპნიკი“ ეგ არ არის და რად უნდაო. ამბავი „მაყურებლის“ ყურამდე მივიდა, რადგან მას, ვინც ეს მოისმინა, „კამერაში“ წამოსცდა. „მაყურებელმა“ ორივე დაიბარა, დადასტურების შემთხვევაში, მთქმელს „მაყურებლის“ საქმეში ჩარევის ბრალს წაუყენებდნენ და „კაი ბიჭობის“ დაკარგვასთან ერთად, ჯანმრთელობაც გვარიანად შეერყეოდა. ააგდო ქვა მთქმელმა და შეუშვირა თავი, არ მითქვამს, „კაი ბიჭი“ ვარ და ჩემი გჯერათ, თუ ამ „პეხოტასიო“?! 

დაუწერელი კოდექსის თანახმად, „კაი ბიჭს“ დაუჯერეს და მეორე სცემეს. 

„შენ ხომ იცი, რომ ის ტყუილს არ იტყოდა და ისიც იცი, მაგ დავითაზე ზურგს უკან რომ ჭორაობენ. რატომ დაარტყი ხელი უდანაშაულო კაცს?!“ _ ჰკითხა პატიმარმა #0578-მა მაყურებელს მომხდარის შემდეგ. 

„ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, თანაც ახლა სხვებს შეეშინდებათ და ენას კბილს დააჭერენ“, _ უთხრა მაყურებელმა. 

„სისულელეს რომ ამბობ, ხვდები?“ _ არ მოეშვა #0578. 

„და იმ დავითაზე მეტად, შენ რომ „გაბლატავებ“, შენ თუ ხვდები?“ _ უპასუხა მაყურებელმა და საუბარიც ამით მორჩა. 

როგორც უცხოური მედია იტყობინება, ორიოდე კვირის წინ, სწორედ ანალოგიური შემთხვევა მოხდა, ოღონდ თავისუფლებაზე და „კანონიერ ქურდებს“ (როგორც უცხოური მედია უწოდებს) შორის. ცოტა ხნის წინ, გურამ ჩიხლაძე, იგივე „კვეჟოვიჩი“ გაილახა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მას ხელი მოხვდა. როგორც ამბობენ, მან დახმარებისთვის მეგობარს, იმავე სტატუსის მატარებელ თემურ ჭურაძეს მიმართა და სთხოვა, კონკრეტული ქურდების წინაშე ანგარიშის გასწორებაში დახმარებოდა. ჭურაძემ აღნიშნული ინფორმაცია, სწორედ იმ ქურდებს მიაწოდა, მათ „კვეჟოვიჩს“ შეხვედრა სთხოვეს, რომელსაც ჭურაძეც დაესწრო. იმის გამო, რომ ჭურაძეს დამადასტურებელი საბუთი არ ჰქონდა, რათა დაემტკიცებინა საკუთარი სიმართლე, გაილახა, თუმცა კრიმინალურ სამყაროში ვარაუდობენ, რომ რეალურად, ჭურაძე დამნაშავე არ იყო. 

ისევ აქაურ ციხეებს დავუბრუნდეთ. ვახო უ. გლდანის ციხეში რამდენჯერმე ისე სცემეს, რომ გატეხილი ორი ნეკნის გარდა, ღვიძლისა და თირკმელების პრობლემაც შეექმნა. არადა, ვახო ქუჩის ბიჭი იყო, მომპარავი, მთელი თბილისი იცნობდა, „კაი ბიჭობდა“ და შესაბამისად, ცემაც უნდა აეტანა, თუმცა ბოლოს, ვერ გაუძლო და ზემდეგებს უთხრა, თანამშრომლობაზე ხელს მოგიწერთო. საკანში შემოსულმა ვახომ, პირველი, რაც გააკეთა, თანასაკნელებს აუწყა, ასე და ასე მოხდა, რომ იცოდეთ, მეტს ვერ გავუძლებდი და ხელი მოვაწერე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითანამშრომლებო. 

მესამე დღეს, ვახო ზემდეგებმა ისევ გაიყვანეს და უკან გვარიანად ნაცემი დააბრუნეს. როგორც თავად ახსნა, სთხოვეს მოეყოლა, რა ხდებოდა „კამერაში“, მაგრამ არ მოყვა და ამის გამო გაილახა. 

აი, რუსთავის #16 დაწესებულებაში მიყვანილ ვახოს ახალი განსაცდელი ელოდა. ზემდეგებმა მისი განთავსება „კაზლიატნიკში“ გადაწყვიტეს ანუ იქ, სადაც ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე თანახმა პატიმრები ცხოვრობენ, თუმცა მან კატეგორიული უარი განაცხადა. 

მართალია, ჩვეულებრივ „კამერაში“ შეუშვეს, მაგრამ პატიმრებში „გაბაზრდა“, რომ ვახოს თანამშრომლობაზე ხელი ჰქონდა მოწერილი და, პრაქტიკულად, არავინ ენდობოდა. 

ერთ დღეს, ვახოს „კაი ბიჭთან“ კამათი მოუვიდა და „საქმის გასარჩევად“, „მაყურებლის“ „კამერაში“ შევიდნენ. 

„მე აქ „კაზიოლების“ საქმე ვარჩიო? „ნა რავნე“ როგორ დაუდექი ამას, „რამსი“ რომ გაუმართე?“ _ იკითხა მაყურებელმა. 

მისი სიტყვებიდან, „კაზიოლი“ სწორედ ვახო იყო, „კაი ბიჭი“ კი მას „ბაზარში“ არ უნდა გაჰყოლოდა, თავის ტოლ-სწორად არ უნდა ჩაეთვალა. ვახომ ახლიდან დაიწყო ახსნა, რა და როგორ მოხდა, რომ ცემით სიკვდილს, ის ერთი ხელმოწერა არჩია, მაგრამ განაჩენი გამოტანილი იყო _ დაუწერელი კანონის თანახმად, ცემას უნდა გაუძლო და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას არ უნდა დასთანხმდე. 

„შენ რამდენი გყავს ისეთი, რომელსაც ჩუმად აქვს ხელი მოწერილი და ჩუმად თანამშრომლობს?“ _ ჰკითხა #0578-მა ამ ამბის შემდეგ „მაყურებელს“. 

„ალბათ, ბევრი, მაგრამ ადრე თუ გვიან, გაბაზრდება“, _ უთხრა „მაყურებელმა“. 

„ჰოდა, სანამ გაბაზრდება, აგერ, კაცი გეუბნება, მე მაქვს ხელი მოწერილი, არ ვთანამშრომლობო, მაგრამ არ უჯერებ. არადა, არ იტყუება აშკარად, ასე ვერ მოიტყუება, აზრი ეკარგება ტყუილს“, _ ახსნა დაუწყო #0578-მა, მაგრამ მაყურებელმა არ მოუსმინა, დაუწერელ კანონებს ვერ გადავალო. 

ასე არის თუ ისე, ცილისწამებაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც არ არის ბოლომდე გარკვეული ყველაფერი და პრინციპი _ „ის, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“, იქაც აქტიურად მოქმედებს.

 

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში