Menu
RSS

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალური კამპანია _ „მეტი სიცოცხლისათვის“ მეორე ეტაპი დაიწყო

რა საკანონმდებლო ცვლილებები და ღონისძიებები იგეგმება მეორე ეტაპის ფარგლებში

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის“ ახალი ეტაპი საზოგადოებას უკვე გააცნო. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის'', აქტიურად გრძელდება და მისი ახალი, მეორე ეტაპი იწყება. მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მეორე ეტაპის ფარგლებში, გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების, პრაქტიკული ქმედებებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით: „2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 10.2%-ით შემცირდა. ამავე მონაცემებით, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9 თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. თუმცა ეს არ გვაძლევს სიმშვიდის უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება ამ ციფრის კლებისკენ მივმართოთ. მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების რაოდენობის ზრდა და სამინისტროს მიერ, რეგულაციების გამკაცრება რეალურ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს, თუ საზოგადოებრივი ცნობიერება არ ამაღლდება'', -განაცხადა ნინო ჯავახაძემ. 

საინტერესოა, კონკრეტულად, რა ღონისძიებებს გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის“, მეორე ეტაპის ფარგლებში. ამ თემაზე, „ვერსიას“ შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი მიხეილ დაუშვილი ესაუბრება.

_ ბატონო მიხეილ, რა შედეგი მიიღეთ სოციალური კამპანიის პირველ ეტაპზე და ხართ თუ არა კმაყოფილი მიღწეულით? 

_ როგორც იცით, შარშან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემური განახლების რეფორმა დაიწყო, რომლის ერთ-ერთი, მთავარი მიმართულება საგზაო უსაფრთხოებაა. ვინაიდან ეს საკმაოდ მსხვილი გამოწვევაა ჩვენთვის, გადავწყვიტეთ, აქცენტი სწორედ საგზაო უსაფრთხოებაზე გაგვეკეთებინა. შედეგად, მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, რაც გულისხმობდა არსებული პრობლემების სიღრმისეულ შესწავლას. სტატისტიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად, კონკრეტული სამოქმედო გეგმა დავსახეთ. კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის“, ორ ნაწილად ანუ ორ კომპონენტად გავყავით. პირველი ნაწილი იყო ის ღონისძიებები, რაც გაზაფხულზე, აპრილში დავიწყეთ. ერთი კომპონენტია იურიდიული მხარე ანუ სამართლებრივი ბაზის გადახედვა, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში. ზოგ შემთხვევაში, ეს ცვლილებები გამკაცრებას გულისხმობს, ზოგ შემთხვევაში _ ახალი რეგულაციისა და სანქციის შემოღებას. მეორე კომპონენტი ადმინისტრირების გამკაცრება იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ პატრული უფრო ეფექტურად მუშაობს, ან უფრო მეტ დროსა და ყურადღებას უთმობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ასევე, აქცენტი გავაკეთეთ უკონტაქტო პატრულირებასა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარებაზე. მაგალითად, თუ აპრილში, საქართველოს მასშტაბით, 2 600 ფუნქციონირებადი კამერა იყო ქვეყნის მასშტაბით, დღეისათვის 4 300-ზე მეტი კამერა გვაქვს. აქედან ნაწილი ზოგადი ხედვის კამერაა, რაც ნიშნავს, რომ კამერა ავტომატურად ვერ აფიქსირებს ჯარიმას ანუ ოპერატორი აკეთებს ამას ხელით, ხოლო დანარჩენი _ ე.წ. ჭკვიანი კამერებია, რომლებიც ავტომატურად აფიქსირებენ სამართალდარღვევას. გარდა ამისა, სისტემა უზრუნველყოფს, რომ ჯარიმა დაიწეროს და ამის შესახებ ეცნობოს დამრღვევ პირს. 

შეიძლება ითქვას, რომ სოციალური კამპანიის პირველი ეტაპი წარმატებული იყო. თუ შევადარებთ, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების, ასევე დაშავებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობას, ვნახავთ, რომ შარშანდელი წლის 9 თვესთან შედარებით, წლევანდელი 9 თვე კლებაშია _ დაახლოებით, 7%-10%-ის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ კლების ტენდენცია შეინიშნება, საბოლოოდ, როგორც საგზაო შემთხვევების, ასევე დაშავებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა კვლავ დიდია. წლის განმავლობაში, განზრახ დანაშაულის შედეგად გარდაცვლილი პირების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპული ადამიანებისა. ავტოსატრანსპორტო შემთხვევა არის ქეისი, რომელიც მოხდა დაუდევრობით ანუ მძღოლი ფიქრობდა, რომ მას ეს შემთხვევა არ დაუდგებოდა, მაგრამ დაუდგა და, როგორც წესი, ეს ქმედება განზრახ დანაშაულად ითვლება. 

სწორედ ამ ციფრებიდან და ანალიზიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ამ კამპანიის პირველი ეტაპი საკმარისი არ იყო და მეორე ეტაპის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს... 

_ უკაცრავად, მაგრამ ვიდრე მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ვისაუბრებთ, საინტერესოა, როგორ შეხვდა საზოგადოება კამპანიას „მეტი სიცოცხლისთვის“? 

_ შესაძლოა, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს გაუჩნდა კითხვები, რამდენად ეფექტიანი და შედეგიანი იქნებოდა ეს კამპანია, მაგრამ გაცილებით დიდი ნაწილი დადებითად შეხვდა. საუბარია საზოგადოების უდიდეს ნაწილზე, რომელიც ფიქრობს და სჯერა, რომ საგზაო უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს თითოეულ მოქალაქეს ეხება, რომელიც ყოველდღიურად, ქუჩაში გადის და გადაადგილდება ტრანსპორტით, ან ფეხით. თქვენ იცით, რომ ფეხით მოსიარულე პირიც საგზაო მოძრაობის მონაწილეა, რადგან გადადის გზაზე, სარგებლობს სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურით, ამიტომ თითოეული მათგანისთვის საგზაო უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენი დაკვირვებით, კამპანიის პირველ ეტაპს საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს არასაკმარისია, უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი ამ მხრივ და სწორედ ამიტომ ამ კამპანიის მეორე ეტაპს ვიწყებთ. 

_ კონკრეტულად, რა ტიპის ღონისძიებებს გეგმავთ კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, მეორე ეტაპის ფარგლებში? 

_ მეორე ეტაპი სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ესაა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გულისხმობს რეგულაციების გამკაცრებას, ახალი რეგულაციების შემოღებას საგზაო მოძრაობის მიმართულებით; მეორე _ უფრო ეფექტიანი და გარკვეულ შემთხვევებში, უფრო მკაცრი ადმინისტრირება და მესამე _ ცნობიერების ამაღლება. 

განვიხილოთ სამივე მიმართულება: საკანონმდებლო ცვლილებების კომპონენტში, ჩვენი ანალიზითა და სტატისტიკაზე დაკვირვებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება, ასევე მანევრირების წესების დარღვევა (შემხვედრ ზოლში გადასვლა _ როდესაც გასწრების წესს არღვევს მძღოლი, რაც სამწუხაროდ, ხშირად ფატალურად მთავრდება) და ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ... რეალურად, ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს, მაგრამ რაც ჩამოგითვალეთ, ძირითადია. 

ამ მიზეზებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ შესაბამისად უნდა შეიცვალოს და რიგ შემთხვევებში, უნდა გამკაცრდეს სანქციები. აქ საუბარია, როგორც ფულად ჯარიმებზე, ასევე მართვის უფლების ჩამორთმევასა და ცალკეულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ პატიმრობაზეც კი, არაუმეტეს 15 დღისა. თუმცა ცალსახად და ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს უწყებაში, განხილვისა და დისკუსიის საგანია. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ როდესაც ხვალ ჩვენი თანამოქალაქეები გაიღვიძებენ, ისინი გაცილებით მკაცრად დაისჯებიან დარღვევისთვის, ან მეტ ჯარიმას მიიღებენ. ცხადია, ეს პროექტი ჯერ მთავრობას უნდა წარვუდგინოთ, შემდეგ _ პარლამენტს. საკანონმდებლო ორგანოში განხილვის პროცესში კი, შესაძლოა, შემცირდეს ჯარიმების რაოდენობა, ან საერთოდ ამოღებულ იქნეს ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილი. 

რაც შეეხება ადმინისტრირების ნაწილს, ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვსაუბრობთ. ესაა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარება. დაახლოებით, ორი წლის წინ, ძალიან ცოტა კამერა ფუნქციონირებდა ქვეყნის მასშტაბით, დღეისათვის, 4 300-ზე მეტი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერაა ჩართული, ნაწილი _ ზოგადი ხედვისაა, ნაწილი _ ნომრის ამომცნობი, ე.წ. ჭკვიანი კამერა. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, 5 000 კამერა ფუნქციონირებდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღეისთვის, 200-ზე მეტი სიჩქარის კონტროლის სექციაა ჩართული ქვეყნის მასშტაბით, საუბარია ქვეყნის ძირითად მაგისტრალებზე და თითქმის 800 კილომეტრი საგზაო მონაკვეთი უკვე დაფარულია სიჩქარის კონტროლის სექციური კამერებით. გარდა ჩვეულებრივი პატრულირებისა, საკმაოდ ეფექტურად მუშაობს უკონტაქტო პატრულირებაც. ეს ნიშნავს ხელით სიჩქარისმზომ მოწყობილობებს და ასევე არასაპატრულო ეკიპაჟის ფორმით აღჭურვილ ავტომობილებსაც, რომლებიც მოძრაობენ შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში ქვეყნის მასშტაბით. ეს ავტომობილები ავტომატურად, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის საშუალებით აფიქსირებენ ჯარიმებს. ხელით სიჩქარის მზომი მოწყობილობები ჩვენი და ამერიკელი კოლეგების ერთობლივი პროექტია, რომლის ფარგლებშიც, მათ ეს მოწყობილობები გვაჩუქეს და საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ. დღეისთვის, თითქმის 30 000 სამართალდარღვევაა დაფიქსირებული ხელით სიჩქარის მზომი რადარების საშუალებით. 

მესამე მიმართულებაა ცნობიერების ამაღლება. სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით, საზოგადოებამ უკვე იხილა როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური შინაარსის ვიდეოკლიპები. ნეგატიურ ვიდეოკლიპებში ასახულია ის მძიმე შედეგი, რაც საგზაო წესების დარღვევას უკავშირდება და ხშირად, ფატალურად სრულდება, ხოლო პოზიტიურში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ავტომობილს კანონის დაცვით მართავენ. კამპანიის პირველ ეტაპზე, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე, ინსტალაციები გვქონდა, მეორე ეტაპზე _ ვიდეოკლიპებში გვექნება რეალური ისტორიები, შეხვდებით ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს დიდი ტკივილი, მოისმენთ მათ მონათხრობსა და რეალურ ისტორიებს ავტოსაგზაო შემთხვევებზე. გარდა ამისა, კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, განვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ვეცდებით, აქ კერძო სექტორიც ჩავრთოთ. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ შსს მუშაობს ონლაინ მედია პლატფორმის განვითარებაზე ფორმორე.ლიფე. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა, რომელზეც მოცემული იქნება ე.წ. შავი წერტილების რუკა, თემატური ვიდეო-ბლოგები და სხვადასხვა ინფორმაცია, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამოადგებათ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში