Menu
RSS

იტალიაში ქართველი კრიმინალები ქართველ ემიგრანტ ქალებს არეკეტებენ!

რას ერჩიან „კანონიერი ქურდები“ ნადირ სალიფოვს და რა ელის ლავას ოღლის

აბა, თუ იცით, რატომ არ აცხადებს საქართელოს ხელისუფლება საერთაშორისო ძებნას „კანონიერ ქურდებზე“? ქართული კანონმდებლობით, ეს სტატუსი ხომ დასჯადია და სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით რეგულირდება? საქმე ისაა, რომ როგორც უნდა მოინდომოს საქართველოს ხელისუფლებამ, მხოლოდ ამ სტატუსისთვის, არავინ არავის გადმოსცემს. საქართველოს გარდა, „კანონიერი ქურდობა“ დასჯადი არსად იყო და სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთი დაემატა. რუსეთთან გართულებული ურთიერთობის გამო, საეჭვოა, იქიდან ქურდების „იმპორტი“ მოხდეს. მით უმეტეს, თუ რუსეთის ფედერაცია ამ სტატუსის პირს დაიჭერს, თავად გაასამართლებს.

ყველაფერი ეს კი იმიტომ მოგიყევით, რომ რუსმა სამართალდამცავებმა ინტერპოლს ნადირ სალიფოვზე, იგივე „გულუზე“, საერთაშორისო ძებნის გამოცხადება სთხოვეს. მართალია, ჯერჯერობით, ინტერპოლს არ უთქვამს პასუხი, მაგრამ ამ სფეროს სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ინტერპოლი ყველაზე გავლენიანი ქურდის წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებისგან თავს შეიკავებს. 

საქმე ისაა, რომ რუსეთი მას სწორედ სტატუსს ედავება და საქართველოს გარდა, ეს სტატუსი დასჯადი არსადაა. შესაბამისად, სალიფოვს თავისუფლად შეუძლია იცხოვროს დუბაიში და მას არავინ არ შეეხება, თუმცა... 

უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში მაცხოვრებელ აზერბაიჯანელებში, სალიფოვს უდიდესი ავტორიტეტი აქვს. საკმარისია ერთი ზარი, რომ მთელი სოფელი, ან სოფლები ფეხზე დადგნენ და მისი მითითება, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უსიტყვოდ შეასრულონ. 

„გულუზე“ საუბრობენ, როგორც ღმერთზე და ეს ახალი არაა. ქართველი სამართალდამცავები მეტ-ნაკლებად მშვიდად არიან, რადგან ზუსტად იციან, რომ სალიფოვი საქართველოში ვერ ჩამოვა, თუმცა მისი გავლენის გამო, რამდენჯერმე სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ, რაც აზერბაიჯანულ სოფლებში „ობშიაკის“ შეგროვებასა და „გულუს“ სახელით, კრიმინალურ გარჩევებში აისახა. 

პარალელურად, სალიფოვის ავტორიტეტი მოსვენებას სხვა „კანონიერ ქურდებსაც“ არ აძლევს. თავად განსაჯეთ: იმის გასარკვევად, უნდა ჰქონდეს თუ არა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის მხარდაჭერის იმედი, ბადრი კოღუაშვილი იტალიაში ჩავიდა და „მერაბ სოხუმსკის“ შეხვდა. მართალია, მათი საუბრის შინაარსი მხოლოდ მათ იციან, თუმცა იტალიაში მცხოვრები ქართველი კრიმინალები გვეუბნებიან, რომ გამორიცხულია, მერაბმა კოღუაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადოს. 

საქმე ისაა, რომ ჯანგველაძე, ტარიელ ონიანის უახლოესი მეგობარია. შესაბამისად, ონიანს კოღუაშვილის მეგობართან, შაქრო კალაშოვთან თბილი ურთიერთობა ნამდვილად არ აქვს და ამიტომ, პრინციპის _ „ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია“ სალიფოვის წინააღმდეგ არ წავა. 

კოღუაშვილი და კალაშოვი „გულუს“, გურამ ჩიხლაძის, იგივე „კვეჟოვიჩის“ ცემას ვერ პატიობენ. მართალია, თავად სალიფოვს „კვეჟოვიჩისთვის“ ხელი არ დაურტყამს, მაგრამ მისი გარემოცვის წევრები შეეხნენ, ხოლო როცა ჩიხლაძემ წასვლა დააპირა, „გულუმ“ ირონიულად თქვა, პირველად ვხედავ, ქურდი გარბოდესო. 

ზოგადად, ონიანის ესპანეთში ექსტრადიციამ გეგმები მთელ კრიმინალურ სამყაროს აურია. ყველა დარწმუნებული იყო, რომ „ტაროს“ ექსტრადიცია თურქეთში მოხდებოდა, რის შემდეგაც ის თავისუფალი გახდებოდა და ყველაზე გავლენიან კლანს ჩამოაყალიბებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთის ფედერაციამ ონიანი ესპანელ სამართალდამცავებს გადასცა და პირენეებზე, 50-მილიონიან ჯარიმასთან ერთად, 8-წლიანი ციხეც ემუქრება. 

მართალია, ტარიელის ადვოკატების განცხადებით, ისინი მოახერხებენ კლიენტის დახსნას, მაგრამ მათივე თქმით, იმის გარანტიაც ჰქონდათ მიღებული, რომ ონიანი ესპანეთს არ გადაეცემოდა. 

თურქეთის ციხეში, გაურკვეველ ვითარებაშია კიდევ ერთი კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავას ოღლი“. პრინციპში, რაღა იგივე, გორაძემ გვარი გადაიკეთა და ოფიციალურად გახდა ლავას ოღლი. ჰოდა, მინდია ლამის ერთი წელია, თურქეთის ციხეში იხდის სასჯელს და იმის მიუხედავად, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, მას ხან უკრაინულ ციხეში აჯანყება დააბრალეს, ხან _ რუსეთში ჩასვლა, რეალობა სხვაგვარია _ ის თურქეთის ციხეშია და ჩამოთვლილთაგან არცერთში მონაწილეობა არ მიუღია, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ შეძლებდა. 

გაურკვეველ ვითარებას რაც შეეხება, მისთვის ბრალი ჯერაც არ წაუყენებიათ ანუ არ უთქვამთ, რას ედავებიან და თურქული კანონების მიხედვით, ასეთ მდგომარეობაში ადამიანი, შესაძლოა, 2 წელი ამყოფონ ანუ დაიჭირონ ნებისმიერი, მერე თქვან, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ორი წლის განმავლობაში, არც კი მოიკითხონ. 

სხვათა შორის, იგივე კანონი მოქმედებს საბერძნეთშიც და ამ პრაქტიკას, ძირითადად, უცხოელებზე ცდიან ხოლმე _ დაიჭერენ, ორი წელი ატარებინებენ ციხეში, შემდეგ კი ადეპორტებენ. 

ჩვენი ინფორმაციით, გორაძის წინააღმდეგ საქმე უნდა აღეძრათ და ის სწორედ ამის გამო დააკავეს, თუმცა საბოლოო ჯამში, მტკიცებულებები ვერ იპოვეს და ბრალსაც ამიტომ ვერ უყენებენ. როდემდე გაგრძელდება ეს, ვერ გეტყვით, მაგრამ გორაძის ოჯახის წევრებმა 4 ნოემბერს აქცია გამართეს საქართველოში, თურქეთის საელჩოსთან და სიტუაციაში გარკვევა მოითხოვეს. მართლაც რთულია, როცა ერთი წელია, ციხეში ხარ და არათუ არ იცი, რისთვის დაგიჭირეს, არამედ არც გეუბნებიან და თან წინ, კიდევ ერთწლიანი გაურკვეველი პერსპექტივა გელოდება. 

სხვათა შორის, ესპანეთში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ევროპის არცერთ ქვეყანაში, სპეცოპერაცია, რომელიც ქართველების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, აღარ ჩატარებულა. სავარაუდოდ, ეს იმის ბრალია, რომ ქართველმა კრიმინალებმა „ცივილური რეკეტის“ ფორმა აირჩიეს და ამიტომ ნაკლებად ჩანან. 

რას გულისხმობს „ცივილური რეკეტი“? _ იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ქალი გვიყვება: 

„აქ ყველამ იცის, ვინ არის კრიმინალი და ვინ _ არა. ამიტომ, შეძლებისდაგვარად ანგარიშს ვუწევთ, რაიმე პრობლემა რომ არ შეგვექმნას. ამათმა გააკეთეს ბაზა, სადაც ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალია აღრიცხული. თუ რომელიმე უმუშევარი რჩება, ისინი ცდილობენ, სამსახური უშოვონ, ოღონდ ეს არ არის საოცნებო სამსახური, მთავარია, სადმე რამე გამონახონ და არ აინტერესებთ, როგორი პირობები იქნება. სამსახურის შოვნის შემდეგ, ვალდებული ხარ, 500 ევრო გადაიხადო, თუნდაც ახალ სამსახურში ერთი დღე იმუშაო. აქ არიან ქართველი ბიჭები, რომლებიც იტალიაში 10 წელზე მეტია ცხოვრობენ. მათ მცირე ბიზნესიც აქვთ და, რა თქმა უნდა, კრიმინალები მათაც სთხოვენ, რომ ქართველები დაასაქმონ და ფული იშოვონ.თვეში ასი ქალის დასაქმებას ახერხებენ, მერე ის ქალები სამსახურებიდან გამორბიან და ვალად რჩებათ ის 500 ევრო. ჰოდა, იწყება მერე თხოვნა და პრობლემები. შედარებისთვის გეტყვით: ოფიციალურად რომ მიმართო იტალიაში დასაქმების ბიუროს და სამსახური გიშოვოს, ორკვირიან გამოსაცდელ ვადას გაძლევს ანუ მოერგები და მოგეწონება თუ არა და შემდეგ, 200-დან 400 ევრომდე იხდი, გააჩნია, რა ოდენობის ჯამაგირს იღებ“, _ გვიყვება ემიგრანტი. 

სხვათა შორის, აღნიშნული პრობლემა წლების წინ, ყველაზე მწვავედ იტალიის ქალაქ ბარიში იდგა, თუმცა როგორც ამბობენ, შემდეგ თითქმის ორი ათეული კრიმინალი დააკავეს და რეკეტიც დასრულდა. ვერ გეტყვით, ამ სტატისტიკით, ამჯერად რომელი ქალაქი ლიდერობს, მაგრამ ფაქტია, ანალოგიური პრობლემა სამშობლოდან გადახვეწილ არაერთ ქალბატონს აქვს. 

P.S. ასე მიჩუმათება ევროპელმა სამართალდამცავებმა დიდი ქარიშხლის წინ იციან ხოლმე და ვინძლო, მორიგი სპეცოპერაცია უახლოეს მომავალში არ მოსცხონ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში