Menu
RSS

საეჭვო გრანტები და ფინანსური დარღვევები მაია ცქიტიშვილის უწყებაში

სახელმწიფო აუდიტი ამხელს _ რატომ არ არსებობს ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აუდიტი გამოაქვეყნა. ესაა სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. სახელმწიფო აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ მაია ცქიტიშვილის უწყების ფინანსური ანგარიშგება, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ მდგომარეობას სამართლიანად არ ასახავს. ახლა ვნახოთ, კონკრეტულად რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა მაია ცქიტიშვილის უწყებაში.

ფინანსური აქტივები და ვადაგადაცილებული მოთხოვნები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში, ,,სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში, საგადასახადო აქტივი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 1 121 974 ლარია, ხოლო ორგანიზაციის საგადასახადო ბარათზე ჯამური დადებითი სალდო _ 3 940 385 ლარი. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორები, ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, „სხვა მოკლევადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში ასახული თანხის სისწორეში ვერ დარწმუნდნენ. 

2006 წლიდან, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „ქალაქ ჭიათურაში მდებარე ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის განახლების“ პროექტს განკარგავს, რომლის მშენებლობა ფინანსდება საფრანგეთის მთავრობის სესხით _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის მთავრობას შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტის შემსრულებელია ფრანგული კომპანია POMA. 

,,2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საფრანგეთის მთავრობის მიმართ გადასახდელი სასესხო ვალდებულება 11 825 492 ევრო იყო, რომელიც ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, წარმოშობილია საფრანგეთის მთავრობის მიერ, კონტრაქტორის მიმართ განხორციელებული პირდაპირი გადახდებით. მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიღებული ინფორმაციით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციამ კონტრაქტორისგან მიიღო არა 11 825 492 ევროს, არამედ _ 10 825 001 ევროს სამუშაოების შესრულების დოკუმენტაცია, რაც ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში, კომპანია POMA-ს მიმართ წარმოშობს 1 000 492 ევროს მოთხოვნას. აუდიტის პროცესში, ეს მოთხოვნა მესამე პირის დასტურის წერილით ვერ დადასტურდა, რადგან კომპანია POMA ქართული მხარის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს შესრულებულად თვლის და არ აღიარებს ფონდის მოთხოვნას'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

მიუხედავად დაკისრებული ფუნქციისა, კომპანია POMA-ს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდს არ აქვს დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუშაოების ზედამხედველობასა და გადახდილი თანხის შესრულებულ სამუშაოებთან შესაბამისობის დადგენას, რაც, ასევე შექმნიდა ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული მოთხოვნის სამართლიანობისა და უტყუარობის საფუძველს. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა და საკმარისი კონტროლის მექანიზმების არსებობა მნიშვნელოვანია სამართლიანი აღრიცხვისთვის, პროექტის დროულად და ეფექტიანად განხორციელებისა და ასევე, სახელმწიფოს მიერ გადასახდელი სესხის მიზნობრიობის დასადასტურებლად: 

,,აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, 1 000 492 ევროს მოთხოვნის უფლებაზე'', _ დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა. 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში, ფოთში, კანალიზაციის სატუმბი სადგურებისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა, რომლის საფუძველს წარმოადგენს ფოთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული პროექტის საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულებები: 

,,ამ ხელშეკრულებებით, ფოთის მუნიციპალიტეტს ფონდის მიმართ წარმოეშვა სასესხო დავალიანება, რომლის ნაშთი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 4 057 004 ლარია და წარმოადგენს ვადაგადაცილებულ მოთხოვნას. სესხის გადახდაზე მუნიციპალიტეტმა უარი განაცხადა, ვინაიდან პროექტის შედეგად მიღებული აქტივი, მთავრობის განკარგულებით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ გადაეცა, რომლის პარტნიორის უფლებამოსილებას ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის 100%-იანი წილის მმართველი ანუ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ამიტომ მუნიციპალიტეტი აქტივის განმკარგავი აღარაა''. 

აღსანიშნავია, რომ ფონდის შემოსავლები და მის მიერ სხვა პროექტების განხორციელება დამოკიდებულია მუნიციპალიტეტების მიერ საინვესტიციო ხელშეკრულებებით აღებული სასესხო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ საკითხზე, აზიის განვითარების ბანკის პროექტების ადგილობრივი მმართველისგან, მუნიციპალური განვითარების ფონდმა არაერთი გაფრთხილება მიიღო, რათა საკითხი დროულად გადაეწყვიტა და მუნიციპალიტეტს უპირობოდ შეესრულებინა ფონდის წინაშე სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 

,,აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ შესაფერისი მტკიცებულებები ვადაგადაცილებული მოთხოვნის მისაღებად განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რის გამოც ვერ გამოვთქვამთ მოსაზრებას, რამდენად აკმაყოფილებს აღნიშნული თანხები აქტივად აღიარების კრიტერიუმებს'', _ დაასკვნეს სახელმწიფო აუდიტორებმა. 

ძირითადი აქტივები და გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში, „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივები“, ასახულია 1 მილიარდ 475 მილიონ 974 972 ლარის ოდენობით. აქედან, 103 236 067 ლარის აქტივები წარმოშობილია 2006-2017 წლებში, რაც შედგება საპროექტო სამუშაოების, დაუმთავრებელი მშენებლობების, საკონსულტაციო მომსახურებისა და სხვა აქტივებისგან. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ჩართულნი არიან საპროექტო, საზედამხედველო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო პროცესში, ამ აქტივებზე სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობენ. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორები ვერ დარწმუნდნენ, რამდენად აკმაყოფილებენ ეს დაუმთავრებელი ძირითადი საშუალებები, აქტივად აღიარების კრიტერიუმებს. 

,,გარდა ამისა, 2018 წელს, დეპარტამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, „დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების“ მუხლიდან, „ძირითად აქტივებში“ გადაიტანა 2011-2017 წლებში დასრულებული ანუ 792 768 792 ლარის ღირებულების აქტივი. თუმცა დეპარტამენტმა ამ აქტივს ცვეთის ხარჯი არ დაარიცხა. ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნებისათვის, სწორედ ეს იწვევს მნიშვნელოვან სხვაობებს ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი აქტივების ნაშთებზე. აუდიტის ჯგუფის მიერ გადათვლის შედეგად გამოვლინდა, რომ „ძირითადი აქტივების“ მუხლი, 2018 წლის 1 იანვრამდე დაურიცხავი ცვეთის ხარჯით _ 45 484 646 ლარის ოდენობით, არასწორადაა გაზრდილი. ამდენად, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, „გრძელვადიანი აქტივები“ გაზრდილია 45 484 646 ლარით, ხოლო 103 236 067 ლარის აქტივის ნაშთზე, საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები ვერ მოვიპოვეთ, თუ რამდენად აკმაყოფილებენ აქტივად აღიარების კრიტერიუმებს''. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში, „გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები“, 49 890 583 ლარია. არადა, ფონდის მიერ, არასწორ პერიოდშია აღრიცხული შპს „ინსის“ მიმართ წარმოშობილი 972 475 ლარის ვალდებულებები, რადგან პირველადი დოკუმენტები საოპერაციო პერიოდით _ 2018 წლის დეკემბერს ეკუთვნის, ხოლო ვალდებულება აღიარებულ იქნა 2019 წელს, როდესაც ეს დავალიანება დაფარეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, ვალდებულებებისა და ხარჯის მუხლი არასწორად არის შემცირებული 972 475 ლარით. 

მეტიც, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში, არ არის ასახული ინფორმაცია ისეთი 11 სასამართლო დავის შესახებ, რომელთა სავარაუდო თანხა ცნობილი იყო 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და 27 მილიონ ლარს შეადგენდა. ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ამ დავების შესახებ ინფორმაცია, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში აისახოს. 

სსიპ ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის მიერ წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, „გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებების“ მუხლში, მომწოდებლის მიმართ დარიცხული ვალდებულებები ანუ 4 300 983 ლარი ასახული არაა, ვინაიდან ცენტრი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს საკასო მეთოდით, რაც აუდიტორების მტკიცებით, აღრიცხვის ინსტრუქციას არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, „არაფინანსური აქტივების“ მუხლით გაწეული ხარჯიც არასწორადაა შემცირებული. გარდა ამისა, აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, „გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები და კრედიტორული დავალიანებების“ მუხლი არასწორადაა შემცირებული 5 273 458 ლარით, ხოლო „გრანტებისა“ და „სუბსიდიის“ მუხლი, შესაბამისად _ 972 475 ლარითა და 4 300 983 ლარით. 

ძირითადი კაპიტალი და გრანტები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსურ ანგარიშგებაში, ძირითადი კაპიტალის მოხმარების ხარჯი 102 097 553 ლარია. ცვეთის ხარჯი ორგანიზაციამ ერთ-ერთი, შიდა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ბაზით გაიანგარიშა. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, აუდიტის ჯგუფმა ეს ხარჯი გადათვალა და გამოავლინა, რომ დეპარტამენტმა ის 9 112 964 ლარით ნაკლები ოდენობით აღრიცხა. აქედან გამომდინარე, აუდიტორების მტკიცებით, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #1-ში, „ძირითადი აქტივები“ არასწორადაა გაზრდილი 9 112 964 ლარით, ხოლო ფორმა #2-ში „ძირითადი კაპიტალის მოხმარების“ მუხლი კი პირიქით _ არასწორადაა შემცირებული 9 112 964 ლარით. 

,,2018 წლის 27 აგვისტოს, სამინისტროს აპარატსა და სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ფონდს ჭიათურის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამინისტროს ბალანსზე რიცხული 5 366 518 ლარის ფინანსური და 264 730 ლარის ღირებულების არაფინანსური აქტივი გადაეცა. გადაცემული აქტივი, 2015 წელს, სამინისტროს აპარატის მიერ კონტრაქტორისთვის გადახდილი საავანსო თანხა იყო. ფონდმა აქტივი მიიღო ლარებში განსაზღვრული თანხით, თუმცა ბუღალტრულად, 2015 წელს გადარიცხული საავანსო თანხა _ 2 379 092 ევრო და არაფინანსური აქტივის თანხა _ 100 000 ევრო, აღრიცხა 2018 წლის 27 აგვისტოს კურსის ეკვივალენტით ლარში ანუ 7 087 553 ლარისა და 297 910 ლარის ოდენობით. შესაბამისად, გრანტის სახით მიღებული შემოსავალი, 1 754 215 ლარით გადააფასა''. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, გრანტის სახით მიღებული შემოსავალი, 1 754 215 ლარით არასწორად გაზარდეს. 

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში, საბიუჯეტო სახსრებიდან გრანტების სახით გაწეულ ხარჯებში, ასახულია 147 061 587 ლარი, რის საფუძვლადაც, მხოლოდ კონტრაქტორებთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებია გამოყენებული. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ ხარჯის გაწევის შედეგად იქმნება ძირითადი აქტივი, რომელიც გადაეცემა მუნიციპალიტეტებს, თუმცა ფონდის საბუღალტრო მონაცემებში, აქტივის შექმნის ოპერაციები არ ფიქსირდება, ის პირდაპირ, „გრანტის“ მუხლით გაწეულ ხარჯადაა აღიარებული. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ აქტივის შექმნის ეტაპზე, კონტროლის მექანიზმი არ არსებობს! 

,,ფონდმა გრანტის სახით გაწეული ხარჯის საფუძვლად, ბენეფიციარებისთვის აქტივების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოგვიდგინა. აქედან გამომდინარე, ვერ მოვიპოვეთ შესაბამისი რწმუნება 147 061 587 ლარის გრანტის ხარჯად აღიარების შესახებ. ამ თანხიდან, 641 554 ლარი უნდა აღრიცხულიყო სუბსიდიის ხარჯად, ნაცვლად გრანტის ხარჯისა, რადგან არაფინანსური აქტივის მიმღები ბენეფიციარი კერძო სუბიექტია''. 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შესრულებული სამუშაოების საფუძველზე შექმნილ ძირითად აქტივებს, „გრანტების“ მუხლით გადასცემს შესაბამის მუნიციპალიტეტებს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, აღნიშნული მუხლით გაწეული ხარჯი 43 251 951 ლარია, ხოლო დოკუმენტაციის საფუძველზე გადაცემული აქტივის მოცულობა 41 169 733 ლარი, რაც 2 082 218 ლარით ნაკლებია ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ ოდენობაზე. 

შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბრის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #2-ში, გრანტების სახით გაწეული ხარჯები არასწორადაა გაზრდილი 2 082 218 ლარით, ხოლო 147 061 587 ლარის გრანტის ხარჯად აღიარების შესახებ, სახელმწიფო აუდიტორებმა შესაფერისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს! 

სხვა სახის დარღვევები 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სახელმწიფო აუდიტორებმა სხვადასხვა სახის დარღვევები გამოავლინეს. მაგალითად, სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში, „სუბსიდიების“ მუხლით გაწეული ხარჯი 14 740 197 ლარია. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 1 243 705 ლარის ოდენობის სუბსიდიის ხარჯი, ნაცვლად 2017 წლისა, მიკუთვნებულია 2018 წელს. შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბრის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #2-ში, „სუბსიდიის“ მუხლი არასწორადაა გაზრდილი 1 243 705 ლარით.

,,სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადააფასა გაცემული ავანსები, რითაც, აუდიტორების მტკიცებით, აღრიცხვის ინსტრუქცია დაირღვა. გადაფასების შედეგად მიღებული შემოსავალი _ 635 154 ლარი, ხოლო ზარალი _ 1 241 545 ლარია. ასევე, ფონდის მიერ მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში, გადაფასებულია მუნიციპალიტეტებზე დასარიცხი გრძელვადიანი სასესხო მოთხოვნა. ეს სესხი მუნიციპალიტეტებზე ლარში გასცეს, შესაბამისად, არასაოპერაციო ხარჯების ანგარიში 3 095 447 ლარით გაიზარდა. 2018 წლის 31 დეკემბრის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა #4-ში, „კურსთაშორისი სხვაობით მიღებული შემოსავალი“ არასწორადაა გაზრდილი 635 154 ლარით, ხოლო „კურსთაშორისი სხვაობით მიღებული ზარალი“ _ ასევე, არასწორადაა გაზრდილი 4 336 992 ლარით''. 

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საკუთარი სახსრების ანგარიშზე, 2017 წლის 29 დეკემბერს, კაპიტალური პროექტების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 91 936 465 ლარი მიიღო. აქედან, მთავრობის 2017 წლის 18 დეკემბრის #2635 განკარგულებით, 61 012 000 ლარი _ სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭირო შენობა ნაგებობების მშენებლობისთვის, ხოლო მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის #2570 განკარგულებით, 30 924 465 ლარი _ ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისთვის. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2018 წლის დასაწყისში, ამ ორივე თანხიდან 9 900 000 ლარი, ფონდმა დაუბრუნა ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო 82 012 000 ლარი, სარგებლის მიღების მიზნით, კომერციული ბანკების სადეპოზიტო ანგარიშებზე განათავსა. აუდიტორების მტკიცებით, აუდიტის დასრულების თარიღისთვის ეს პროექტები ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული და შესაძლოა, 2019 წლის ბოლომდეც ვერ დაიწყოს: 

,,აქედან გამომდინარე, მთავრობის ამ განკარგულებების მოთხოვნები ჯერ არ შესრულებულა. ამასთან, ფონდმა მიიღო საპროცენტო სარგებელი 4 842 449 ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს, როგორც საკუთარ შემოსავალს. გარდა ამისა, იზრდება რისკი, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესყიდვის პროცედურები ჩატარდება დაჩქარებული გზით, რამაც შესაძლოა, გამოყოფილი სახსრების ეკონომიური ხარჯვა ვერ უზრუნველყოს''. 

სსიპ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს აღრიცხული აქვს სს „საგზაო კომპანია თბილისის“ მიმართ დებიტორული დავალიანება 5 136 599 ლარის ოდენობით, რაც 2015 წლის 30 იანვარს გაცემული ავანსია. აუდიტორების მტკიცებით, ამ ვადაგადაცილებულ დავალიანებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სასამართლო დავა. 

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებებისა“ და „კრედიტორული დავალიანების“ მუხლებში ასახული აქვთ 49 890 593 ლარისა და 64 111 345 ლარის ვალდებულებები, რომლებიც მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიფაროს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, გამორიცხული არაა, რომ ვალდებულებების ნაწილი, გრძელვადიან ვალდებულებად აღიარების კრიტერიუმს არ შეესაბამებოდეს. 

გარდა ამისა, აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ფონდის 2018 წლის 31 დეკემბრის ფინანსური ანგარიშგებაში ასახული არაა მიწის ორი ნაკვეთი, მათ შორის ერთი გარდაბანში, სოფელ ფონიჭალაში _ 2 400 კვ.მ ფართი და მეორე თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე _ 238 კვ.მ ფართი. ეს მიწის ნაკვეთები ფონდს 2013-2017 წლებში გადაეცა, მაგრამ სახელმწიფო აუდიტორებისთვის უცნობია მათი საბალანსო ღირებულება, რომლითაც „არაწარმოებული აქტივების“ მუხლია შემცირებული. 

სამაგიეროდ, ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში, გაორმაგებულადაა ასახული ამხანაგობა „დაგი-სკის“ მიმართ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ვალდებულებები, ჯამში _ 103 964 ლარით, რის გამოც ეს მუხლი არასწორადაა გაზრდილი ამავე ოდენობით; 

ფონდის ფინანსური ანგარიშგების დანართ #2-ში, ხარჯების საკასო შესრულება არასწორადაა შემცირებული 105 139 ლარით, რადგან ფონდს არ ჰქონდა ასახული იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფრასტრუქტურული პროექტების ადმინისტრირების პროგრამული კოდი _ 34010104; 

ფინანსურ ანგარიშგებაში, ფონდმა გაორმაგებულად ასახა ორი ავტომობილის სამინისტროს აპარატისთვის გადაცემის საბუღალტრო გატარება. შესაბამისად, გრანტის სახით გაწეული ხარჯები _ 65 466 ლარის ოდენობით, არასწორადაა გაზრდილილი; 

ფონდი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს სისტემატიზებული საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ საშუალებით. აუდიტის დროს, ფონდის მიერ მოწოდებულ „ორისის“ მონაცემებში, სახელმწიფო აუდიტორებმა სხვადასხვა უზუსტობა დააფიქსირეს, კერძოდ, წლის ბოლოს არსებული უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსით გადაფასებული იყო ისეთი ნაშთები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა გადაფასებას, ხოლო კონკრეტული დოკუმენტები დუბლირებით იყო გატარებული. ეს გარემოებები მიუთითებს, რომ ფონდი სრულყოფილად არ იყენებს სისტემატიზებულ პროგრამაში არსებულ სხვადასხვა ტიპის კონტროლის მექანიზმებს, რაც ფინანსური ანგარიშგების შეცდომით წარდგენის რისკებს ზრდის. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ არცერთ უწყებაში, ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციით განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკა შემუშავებული და დანერგილი არ არის! არადა, აუდიტორების მტკიცებით, სწორედ ეს პოლიტიკა მოიცავს ინფორმაციას უიმედო ვალების, მოძველებული მატერიალური ფასეულობების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე, ცვეთად აქტივებზე გაწეული დანახარჯების შესახებ. გარდა ამისა, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და გამოყენება ამა თუ იმ უწყებაში, აღრიცხვის თანმიმდევრულობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში