Menu
RSS

6 წლის გოგომ ბინაში შესული მძარცველები ნაგანით დაჭრა!

„გამოფატრა, ნაწლავები ფეხებთან ეყარა“, _ რატომ მოკლა 70 წლის კაცმა შვილი

ცოტა ხნის წინ პეკინზე, 3 წლის ბავშვის დაჭრაში ეჭვმიტანილი ქალის მიმართ, პროკურატურამ სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. თამარ საძაგლიშვილი შეურაცხადად აღიარეს და სამწლიანი მკურნალობა დაუნიშნეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ვერ გეტყვით, ეს ვადა გაგრძელდება თუ არა, ან რა შედეგს გამოიღებს მკურნალობა, მაგრამ ქალთა ციხეშიც კი, საძაგლიშვილს კარგი რომ არაფერი ელოდა, თამამად შეიძლება ვთქვათ. ბავშვი ის თემაა, რომელიც ქალთა, თუ კაცთა ციხეში სიწმინდეა და ბავშვებზე განხორციელებული ნებისმიერი ძალადობა ციხეში უსასტიკესად ისჯება.

ამას წინათ გიამბეთ, თუ როგორ სჯიან ბავშვებზე მოძალადეებს, ახლა კი იმას მოგიყვებით, როგორ სჯიან იმ პატიმრებს თავად პატიმრები, რომლებსაც პირდაპირ, თუ ირიბად, ბავშვის სიკვდილში წვლილი მიუძღვით. სანამ უახლოეს ისტორიაზე გადავალთ, თბილისში, საძმოებისა თუ შეიარაღებული ბანდ-ფორმირებების თარეშის დროს მომხდარი ვთქვათ. 

თბილისის ერთ-ერთ უბანში, ოთხი პირი საყაჩაღოდ შევიდა. ოჯახის წევრები მალე გაკოჭეს და ყურადღება არ მიაქციეს 6 წლის გოგონას, რომელიც ყველას გასაოცრად, მშვიდად უყურებდა ნიღბიანებს და წივილ-კივილი არ დაუწყია. ბავშვისთვის არც მაშინ მიუქცევიათ დიდი ყურადღება, როცა ოთახიდან გავიდა, მაგრამ როცა ნაგანით ხელში დაბრუნდა, ყველა გაოგნდა. შოკი წამიერი ნამდვილად არ იყო, რადგან ბავშვმა იარაღი შემართა, ერთ-ერთ თავდამსხმელს შეძლებისდაგვარად დაუმიზნა და სასხლეტს გამოკრა. ტყვია ყაჩაღს მენჯში მოხვდა და სახსრებს შორის ჩაეჭედა. თავდამსხმელებმა ბავშვს იარაღი წაართვეს, დაჭრილი ძმაკაცი მხარზე გაიდეს და ბინა დატოვეს. 

მერე იყო, დაჭრილი რომ ყვებოდა სიცილით, ერთმა ბავშვმა ლამის დაგვხოცაო. ჰო, ტყვია კი ამოუღეს, მაგრამ ისე ჰქონდა ძვლები დამსხვრეული, რომ ზ.ხ. დღემდე კოჭლობს და ეს სწორედ იმ ბავშვის დამსახურებაა. რაც მთავარია, ასეთი იაღლიშის მიუხედავად, არავის მოსვლია აზრად, რომ ბავშვი მაშინვე, ან შემდეგ დაესაჯათ. 

ერთი ეგ გაარკვიეს: თურმე, ბავშვს მამა ცარიელი იარაღით ხშირად ართობდა და გოგოსთვის ნაგანი უცხო არ იყო. 

რაც შეეხება უახლოეს წარსულს, პეკინზე, დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა. მძღოლს მანქანა არ გაუჩერებია, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დაშავებულ დედა-შვილს, მომხდარიდან ერთ საათში, საპატრულო ეკიპაჟი შემთხვევით წაადგა თავს. სამართალდამცავებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ექიმების დასკვნით, მძღოლი რომ არ გაქცეულიყო და სასწრაფოში მაშინვე დაერეკა, ორივეს გადარჩენა შეიძლებოდა. 

დამნაშავე მძროლი ჯერ მიღებაზე დალეწეს გლდანის ციხის ბადრაგებმა, შემდეგ კი მორიგი „სასამართლო“ უკვე „ზონაზე“ ელოდა. სხვათა შორის, სასამართლომ მას ორი ადამიანის მკვლელობისთვის (სხვა რამეს ვერ დავარქმევთ), მხოლოდ 7 წელი მიუსაჯა. 

მოკლედ, მოიყვანეს მძღოლი რუსთავის #17 დაწესებულებაში და, რაღა თქმა უნდა, „მაყურებლების“ კამერაში, „დაკითხვაზეც“ შეიყვანეს. 

„შემეშინდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ რაც უნდა მექნა, რომც გავჩერებულიყავი, დამიჭერდნენ, ამიტომ გაქცევა გადავწყვიტე, სახლში მივედი, ბარგი ჩავალაგე და სოფელში წავედი. იქ დამიჭირეს და იქ გავიგე, რომ ორივე მომკვდარა“, _ გაუგებარი ლუღლუღით დაიწყო მძღოლმა. 

„და ამხელა „სირი“ რომ ხარ, ვერ უნდა მიმხვდარიყავი, რომ შუა პეკინზე, ამდენი კამერების თვალწინ, მალე გიპოვიდნენ და იმ შენი მანქანის „გლუშიტელს“ უკან გაგთხრიდნენ?!“ _ შეუღრინა „მაყურებელმა“. 

„პირველი შემთხვევა იყო ავარიის, ამიტომ დავიბენი და...“ 

„ააა, პრაქტიკა არ გაგატარეს ხო, ბავშვების ხოცვაზე, რომ არ დაბნეულიყავი?! იცი, მანქანა რომ გაგეჩერებინა, რომ დახმარებოდი, ორივე ცოცხალი იქნებოდა და პირობითს გაკმარებდნენ, ალბათ. ახლა კიდევ 7 წელი უნდა ხეხო და შენი შემწყალებლის დედა ვატირე მე“, _ ისევ შეუღრინა „მაყურებელმა“. 

„შენ რას იზამდი? შენც დაიბნეოდი“, _ საოცარი ფრაზა ისროლა მძღოლმა. 

„მე ჩემს საქციელზე პასუხისმგებელი ვარ, ბიჭო და ბავშვისთვის რომ დამეჯახებინა, გაქცევა კი არა, ხელში აყვანილს მივიყვანდი საავადმყოფოში, „პაჟიზნენი“ რომ მოეცათ. შენს შვილს რომ ვინმე დაჯახებოდა და ასე უპატრონო ძაღლივით მოეკლა ქუჩაში, რას იზამდი?“ _ კითხვა დაუსვა „მაყურებელმა“ და როცა მძღოლმა ხმა არ გაიღო, გვარიანად წაუთაქა. 

ეს ნიშანი გახლდათ იმისა, რომ ცემაზე „ხსნილი“ იყო და პატიმრები დამნაშავეს დაესივნენ. ამ დროს რამდენიმე ზემდეგი „მაყურებლების“ ოთახთან ახლოს იდგა, კარგად ესმოდა, თუ როგორ სცემდნენ მძღოლს, მაგრამ კარის შეღებას არ ჩქარობდა. დაახლოებით, 5 წუთში ზემდეგები „მაყურებლების“ ოთახში შევიდნენ, რა ხდება აქო, ზრდილობის გულისთვის იკითხეს და ნაცემი პატიმარი გაათრიეს. 

მართალია, მას შემდეგ მძღოლი აღარავის უცემია, მაგრამ ჩამტვრეული ცხვირის ძვალი და წარბზე ნახეთქის შედეგად დარჩენილი იარა მთელი ცხოვრება გაჰყვება... 

* * * 

მეორე შემთხვევა ძალიან სპეციფიური იყო: ერთ-ერთმა პატიმარმა ოჯახი ამოწყვიტა და ზედ მეზობლის შვილიც მიაყოლა. საქმე ის გახლდათ, რომ ამ პატიმარს სწორედ იმ ოჯახმა შვილი მოუკლა, თოფი გაუვარდა ოჯახის უფროსს, მაგრამ დამალა და 14 წლის ბავშვი ტყეში ნადირის საჯიჯგნად დააგდო. გამწარებულმა მამამ მესამე დღეს მიაგნო დაგლეჯილ შვილს, გამოიგლოვა და მერე იმის გარკვევა დაიწყო, სინამდვილეში რა მოხდა. როცა გაარკვია, ღამით სახლთან მივიდა და ფანჯრიდან ხელყუმბარა შეაგდო. ოჯახის ოთხი წევრი და მეზობლის ბავშვი ნაფლეთებად იქცა. 

„არ ვნანობ ჩადენილს და ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, შემთხვევით მოკლული ბავშვია. არ ვიცოდი, თუ იმათთან იქნებოდა, ველოდი, სანამ მოგროვდებოდნენ და ბავშვი უკანა კარიდან შესულა, უკანა მეზობლის იყო. ეგ ვერ გავთვალე, როცა გახსნილი ლიმონკა შევაგდე, მაშინ დავინახე ბავშვი, მაგრამ გვიანი იყო. იმათი შვილები არ იყვნენ სახლში, თუმცა რომც ყოფილიყვნენ, მსროლელი ვიყავი მაინც იმიტომ, რომ ჩემი შვილი არც ცოცხალი დაინდეს და არც _ მკვდარი. რომ გავალ, ბავშვის ოჯახი შურს თუ იძიებს, არც მაგის წინააღმდეგი ვიქნები, სრული უფლება აქვთ. მე შემთხვევით მოვკალი თუ არა ის ბავშვი, არ უნდა აინტერესებდეთ და მისაღებს მივიღებ თუ მომაკითხავენ“, _ ეს იყო ის სიტყვები, რომელიც 15-წელმისჯილმა პატიმარმა „მაყურებლის“ ოთახში თქვა და მას არავინ შეწინააღმდეგებია _ ვერავინ გაბედა შვილმკვდარი მამის გამტყუნება და, მით უმეტეს, მაშინ, როცა მისი ორი თანასოფლელი ამტკიცებდა, როცა ბავშვი ტყეში ვიპოვეთ, ერთი ფეხი მოჭმული ჰქონდა ნადირისგან და რადგან ჩვენს ტყეში და, მით უმეტეს, ზაფხულში მგელი და ტურა იშვიათია, ყველამ თქვა, ღორები იზამდნენო ანუ მამას ღორების დაგლეჯილი და ნახევრად შეჭმული შვილი შერჩა ხელში და გამწარდა კაცი. 

* * * 

სამწუხაროდ, იყო შემთხვევა, როცა შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული მამა იხდიდა სასჯელს. როგორც თავად ყვებოდა, შვილი ბევრს სვამდა და ერთ დღესაც, შინ სასმლის ფული რომ ვერ იპოვა და აღარც ჩასაბარებელი დარჩა არაფერი, დედაზე დანით გაიწია. საქმეში მამა ჩაერთო, დანა წაართვა, ამ ძიძგილაობაში მამა-შვილი მიწაზე გაგორდა და დანა შვილს შეერჭო. ეს იყო მამის ვერსია, თუმცა... 

„რა მიწაზე გაგორდა და რა დანა შეერჭო? ამოუყვანა ყელში და დანა რომ წაართვა, კედელზე მიაყენა, სანამ ხელი არ დაეღალა, მანამდე ურტყა მუცელში, გამოფატრა, ნაწლავები ფეხებთან ეყარა“, _ ეს მკვლელის თანასოფლელის მონაყოლი იყო და რეალობას ეს უფრო ჰგავდა. 

ამის მიუხედავად, მკვლელი მამა პატიმართაგან არავის დაუსჯია. ჯერ ერთ, ოჯახური საქმე იყო და მეორეც, 70-ს გადაცილებული კაცისთვის ხელი რომ დაერტყა ვინმეს, მიწამდე შეიძლება სული არც დაჰყოლოდა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში