Menu
RSS

არის თუ არა ღმერთი კრიმინალების მოკავშირე

რატომ არ იპარავენ ქურდები ჯვრებს და როგორ ექცევიან „ზონაზე“ ეკლესიის მძარცველებს

ზოგადად, ღმერთზე ფიქრს დამნაშავეები, ძირითადად, ციხეში იწყებენ, რადგან გარეთ ამის დრო არ აქვთ და ციხეში კიდევ სასჯელი, ღვთისგან მოვლენილ განსაცდელად, ყველაზე მარტივად აღიქმება, თანაც პატიმრობაში მყოფი პირი თავისუფლებაზე გასვლაზე მუდმივად ფიქრობს და საამისოდ აკეთებს ყველაფერს _ ლოცვიდან დაწყებული, მარხვით დამთავრებული. მართალია, ყველაფერი ეს, ხშირად, ძალიან ჰგავს ნიკო გომელაურის ლექსის ერთ ტაეპს: „როდის ტყუილებს მოვრჩები, ხატებთან მაინც რომ ვრჩები“, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც რეალურად რჩებიან რწმენაში და ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ეკლესიის გზას ირჩევენ.

შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, მაგრამ ეკლესიების მოხატვის, ხეზე და ქვაზე ხატების კვეთის ნიჭს, დიდი ნაწილი, სწორედ პატიმრობის დროს აღმოაჩენს ხოლმე და შემდეგ, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება. 

მაგალითად, 2011 წელს, რუსთავის #17 დაწესებულებაში, სასჯელს იხდიდა პატიმარი, რომელმაც ხეზე კვეთა, სწორედ ციხეში დაიწყო და ეს საქმე იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ შეკვეთებს საპატრიარქოც კი აძლევდა და ფულსაც უხდიდა, თუმცა პატიმარი თანხის უდიდეს ნაწილს, კვლავ ეკლესიას უბრუნებდა. თავისუფლებაზე გასვლის შემდეგ კი, ეს საქმიანობა განაგრძო და მისთვის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა, თუმცა თავად თქვა, მღვდლობას ვერ შევძლებ, ამის შინაგანი ძალა არ მაქვსო. 

ჰო, ის პატიმარი სასჯელს მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა, თუმცა აგერ, მერამდენე წელია, არაფერი დაუშავებია და დიდი ალბათობით, არც დააშავებს. 

და მაინც, სად გადის ზღვარი რეალურ რწმენასა და ფარისევლობას შორის? რის მიღწევას ცდილობენ პატიმრები ციხეში, ქრისტიანული ცხოვრების წესის აყოლით, მარხვის დაცვისა, თუ შვიდგზის ლოცვებზე დგომით? 

პირველ რიგში, ის ვთქვათ, რომ მამაოებისა, თუ ბერების უმრავლესობა ციხეებში ყოველგვარი ანგარების გარეშე დადის. მათ იქ მრევლი ჰყავთ _ სულიერი შვილები და მათი რწმენის განმტკიცებაზე მუდმივად ზრუნავენ. იყვნენ ისეთებიც (ძირითადად, გლდანის ციხის მიმდებარედ), რომლებიც გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ შედიოდნენ პატიმრებთან, საერთოდ არ იცნობდნენ მათ და ხან ამბები მიჰქონდათ და მოჰქონდათ ოჯახის წევრებთან, ხანაც პატიმარს, უბრალოდ, ტვინის განიავებაში ეხმარებოდნენ. 

რუსთავის #17 დაწესებულებას ყველაზე ხშირად, დავით გარეჯას ბერები სტუმრობდნენ. საოცრება იყო მათი მოსვლა, რადგან მუდმივად ცდილობდნენ პატიმრების გამხნევებას, დასატუქსებს ტუქსავდნენ, მამა-შვილურად ეფერებოდნენ პატიმრებს და საკუთარი ხელით ჩამოქნილი სანთლებიც მუდმივად მოჰქონდათ. არც საეკლესიო ლიტერატურას ივიწყებდნენ, ლოცვის წიგნებს, ჯვრებს და ყველაფერი ეს უანგაროდ, გულითა და ბერული სიწმინდით შემოჰქონდათ. სწორედ მათი ხათრი და რიდი ჰქონდათ პატიმრებს; სწორედ გარეჯში მიდიოდა გათავისუფლების შემდეგ პატიმრების უმრავლესობა მოსალოცად და ბერების თავისუფლებაზე სანახავად. 

ეს, რაც შეეხება სასულიერო პირებს, ახლა პატიმრებზე ვთქვათ... 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პრაქტიკულად, არ არის ადგილი, სადაც ვიდეოთვალი არ დგას. კი ამბობენ, ვიდეოთვალი კამერებში არ არისო, მაგრამ პატიმრების აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა (და არცთუ უსაფუძვლოდ), რომ წინა ხელისუფლების დროს აშენებული და რეაბილიტირებული შენობების უმრავლესობაში, მოსასმენი მოწყობილობაა და იყო შემთხვევა, როცა პატიმრებმა „კამერებში“ ვიდეოთვალიც იპოვეს, თუმცა ეს სხვა ისტორიაა. 

მოკლედ, როცა მოახლოვდება დღეასაწაული ანუ როცა პატიმრებმა იციან, რომ პრეზიდენტი შეწყალების აქტს გამოსცემს, მაშინვე აქტიურდებიან ხოლმე. შვიდგზის ლოცვებსა, თუ წირვებზე ციხეებში არსებულ ეკლესიებში ტევა არ არის. ეკლესიის შესასვლელთან კამერაა, რომელსაც პატიმრები უღიმიან, აქაოდა, გამოსწორების გზაზე ვარ, ლოცვასა და წირვას არ ვაცდენო, მაგრამ როგორც კი მორჩება პროცესი და შეწყალების აქტი გამოიცემა, ეკლესიებში მაშინვე მხოლოდ ისინი რჩებიან, რომლებიც რეალურად ლოცულობენ და სანთელს შეწყალების იმედად არ ანთებენ. 

ერთი ეგაა, რუსთავის #17 დაწესებულებაში არსებულ სამ „ზონას“, პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ოქროს კრიალოსანი ჰქონდა. კრიალოსანი ძალიან, ძალიან ძვირფასი იყო, ოქროც გვარიანად ჰქონდა და თავისუფლებაზე მისი ფასი 10 ათასზე ნაკლები არ იქნებოდა. ჰოდა, 3 ათასი პატიმარი ისე სათუთად ეპყრობოდა ამ კრიალოსანს, როგორც რელიქვიას. არ ყოფილა შემთხვევა, კრიალოსანი წამით მაინც დაკარგულიყო, მუდმივად ეკლესიაში იყო და პატიმრები რიგ-რიგობით კითხულობდნენ ლოცვებს. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ მოეპარათ, სად უნდა წაეღოთო, მაგრამ ნურას უკაცრავად _ წაღება მარტივად შეიძლებოდა. მაგალითად, გადის პატიმარი თავისუფლებაზე (გაშვება, ძირითადად, დილის 10 საათამდე ხდება), შევიდა ეკლესიაში, გადაყლაპა კრიალოსანი და სანამ ვინმე რამეს იფიქრებს, გავა თავისუფლებაზე. თუმცა საბედნიეროდ, ეს თავში აზრად არავის მოსვლია, არ გაუბედავს, არ უკადრებია არავის და იმედია, ასე იქნება მუდმივად, თორემ ეკლესიის გაქურდისთვის, არა ერთი და ორი პატიმარი იხდიდა სასჯელს, თუმცა ამას ვერც ისინი ბედავდნენ. 

რაც შეეხება ეკლესიის გაქურდვისთვის გასამართლებულ პატიმრებს. მათ ე.წ. „კაზლიატნიკში“ უშვებდნენ ანუ იმ პატიმრებთან, რომლებსაც არ ენდობიან, მაგრამ რომლებიც იერარქიულად, „ქათმებზე“ მაღლა დგანან. მიზეზი მარტივია _ შეიძლება, არ გქონდეს რწმენა, მაგრამ ეკლესიის გაქურდვა უპატიებელი დანაშაულია, ვერ ახსნი, ვერ „გააპრავებ“. ღმერთის სახლში შესვლა და იქიდან ნივთების მოპარვა არ შეიძლება და დაუწერელი კანონებით, თუ ამას იკადრებ, იკადრებ ყველაფერს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, საუბარია მეჩეთებზე, კათოლიკურ ეკლესიებზე და ა.შ. 

უფრო მეტიც, ბინიდან მოპარულ ოქროულს შორის, ძალიან იშვიათად არის ხოლმე, რომ ჯვარი დაიკარგოს. ქურდები ოქროს ჯვარს ხელს არ ჰკიდებენ, რადგან იციან, ის ძირითადად, ნათლობისაა და ამიტომ ცდილობენ, ხელი არ მოკიდონ, თანაც არ არის ღირებული ნათლობის ჯვარი და რადგან ქურდებს ღმერთი საკუთარ მოკავშირედ მიაჩნიათ, ცდილობენ, არ განარისხონ. 

ახლა, რაც შეეხება ღმერთის მოკავშირეობას, მაცხოვარი ჯვარზე რომ გააკრეს, აქეთ-იქიდან ავაზაკები იყვნენ და უფალმა ისინი დალოცაო. ასევე, ლეგენდის თანახმად (რომელიც ერთი წყაროთიც არ დასტურდება), მაცხოვრისთვის ერთი ლურსმანი გულში უნდა გაეყარათ, მაგრამ ის ქურდმა მოიპარა და ამის შემდეგ, თურმე, ღმერთმა ქურდები დალოცაო. 

არაერთ პატიმარს სვირინგად აბლაბუდა და ობობა აქვს. ესეც ლეგენდას უკავშირდება: ქურდს სამართალდამცავები მისდევდნენ, ის გამოქვაბულში შეძვრა, ობობამ აბლაბუდა გააბა და როცა მდევარი გამოქვაბულს მიადგა, შიგნით აღარ შევიდა, აქ დაუზიანებელი აბლაბუდაა და არავინ იქნებაო. 

ყველაფერი ეს კი ყურანში წერია, როცა მუჰამედს მისდევდნენ დასაჭერად და ისტორიაც ზუსტად იგივეა ანუ ესეც კრიმინალურმა სამყარომ სათავისოდ მოირგო. 

ასეა თუ ისე, საქართველოში არაერთი ეკლესიაა, რომლებიც, სწორედ „კრიმინალურმა ატორიტეტებმა“ ააშენეს და არცთუ მცირე შემოწირულობები გაუკეთებიათ სასულიერო პირებისთვის, სწორედ კრიმინალებს. შედეგად, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ შინაგანად, მონანიების მომენტი ყველას აქვს, მაგრამ სხვა საკითხია, ვინ როგორ ავლენს ყველაფერ ამას საჯაროდ.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში