Menu
RSS

თეა წულუკიანის უწყება კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი?!

ხარვეზები ფინანსურ აქტივებში, საგადასახადო ვალდებულებებსა და მედიკამენტების აღრიცხვა-კონტროლში _ იუსტიციის სამინისტროს აუდიტის სკანდალური შედეგები!

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო შეამოწმა. ესაა კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს ფინანსურ მდგომარეობას, კონსოლიდირებულ ფინანურ შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას სამართლიანად არ ასახავს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ იუსტიციის სამინისტროს, ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციით განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკა არ შეუმუშავებია და შესაბამისად, არც დაუნერგავს!

იუსტიციის სამინისტრო კანონს არღვევს?! 

სააღრიცხვო ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, კონსოლიდაციის დროს, ეკონომიკურ ერთეულში შემავალი ერთეულების ნაშთები და მათ შორის განხორციელებული ოპერაციები მთლიანად უნდა გამოირიცხოს, ხოლო ანგარიშგება ამ ოპერაციებისა და ნაშთების გარეშე უნდა მომზადდეს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არარსებობის გამო, ფინანსური ანგარიშგების კონსოლიდაციისას, სამინისტროს მიერ არ ხდება სისტემაში შემავალ ერთეულებს შორის ოპერაციებისა და ნაშთების ელიმინირება ანუ გამორიცხვა: 

,,კერძოდ, ელიმინირებული არ არის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებს შორის განხორციელებული ოპერაციები, ღირებულებით _ 42 805 035 ლარი და წლის ბოლოს არსებული მოთხოვნა/ვალდებულებების ნაშთები, შესაბამისად, 17 058 000 და 178 090 000 ლარი. აქედან გამომდინარე, სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შემოსავლები და ხარჯები გაზრდილია 42 805 035 ლარით, ხოლო მოთხოვნების და ვალდებულებების საბოლოო ნაშთები _ 175 058 000 და 178 090 000 ლარით'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

2015 წლის 21 ივლისს, იუსტიციის სახლს, სამინისტროს აპარატისგან გადაეცა 17 318 060 ლარის საბალანსო ღირებულების მიწა, თუმცა 2015 წლის კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში, ეს ოპერაცია აისახა ცალმხრივად, მხოლოდ სამინისტროს აპარატის მიერ, როგორც კაპიტალური გრანტის ხარჯი. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ იუსტიციის სახლმა, აქტივის მიღების ოპერაცია არ ასახა, რადგან საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოსთვის დოკუმენტაცია არ მიუწოდებია. მიზეზად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ საბალანსო ერთეულებს შორის, პერიოდული ურთიერთშედარება არ ხორციელდებოდა; აქტივის მიღება კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში ასახულია 2018 წელს; კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგებაში, წმინდა ღირებულება გაზრდილია სხვა არასაოპერაციო შემოსავლების მუხლთან კორესპონდენციით და არა წინა პერიოდების შეცდომების კორექტირების გზით: 

,,ანალოგიურად, ეროვნული არქივის მიერ, ძირითად აქტივებთან დაკავშირებული წინა პერიოდის შეცდომები 2018 წელს შესწორდა, ხოლო აქტივები და არასაოპერაციო შემოსავლები 1 358 014 ლარით გაზარდეს. სააღრიცხვო ინსტრუქციის შესაბამისად, სამინისტროს ეს შეცდომები რეტროსპექტულად არ გაუსწორებია. შედეგად, ფინანსურ ანგარიშგებაში გრძელვადიანი აქტივებისა და წმინდა ღირებულების საწყისი ნაშთები წარმოდგენილია შემცირებული, 18 676 075 ლარის ღირებულებით, თუმცა ამავე ოდენობის თანხითაა გაზრდილი არასაოპერაციო შემოსავლების მუხლი _ კაპიტალში ცვლილების შესახებ ანგარიშგებაში''. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2018 წელს, იუსტიციის სამინისტროს საბალანსო ერთეულების უმრავლესობაში, ქონების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, ან არასრულად ჩატარდა. მაგალითად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, 2018 წლის აპრილში, ინვენტარიზაცია მხოლოდ ცენტრალურ საწყობში დაიწყო. საინვენტარიზაციო კომისიამ 915 050 ლარის ფასეულობათა დანაკლისი გამოავლინა და შემდგომი რეაგირების მიზნით, ამავე წლის ივლისში, ეს მასალები სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაუგზავნა: 

,,იქიდან გამომდინარე, რომ ინვენტარიზაცია მხოლოდ სასაწყობო სამმართველოში ჩატარდა, რაც მატერიალური აქტივების სრულად მოძიებას ვერ უზრუნველყოფდა, საგამოძიებო სამსახურმა მიიჩნია, რომ საჭირო იყო სრული სტრუქტურული ინვენტარიზაცია. შემდგომი რეაგირების მიზნით, ეს მასალები სამსახურის გენერალურ დირექტორს გადაუგზავნეს. დანაკლისების მიზეზების დასადგენად, ამ ეტაპზე, ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოებისთვის არ გადაუციათ!'' 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ არც 2018 წელს და არც წინა ორი საანგარიშო წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობები და მიწა) ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. გარდა ამისა, ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებიათ იუსტიციის სამინისტროს აპარატში, ასევე „სმართ ლოჯიქში“, პრობაციის სააგენტოში, საჯარო რეესტრის სააგენტოსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრში. თუმცა ინვენტარიზაცია ნაწილობრივ განხორციელდა ეროვნულ არქივში, კერძოდ, ეს ფაქტობრივი აღწერა იყო, მაგრამ შედეგები 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არ აუსახავთ, ხოლო იუსტიციის სახლში, 2018 წლის დეკემბერში დაწყებული ინვენტარიზაცია ჯერაც არ დასრულებულა. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ იუსტიციის სამინისტროში კანონმდებლობის მოთხოვნები დაცული არაა! 

ხარვეზები ძირითად და ფინანსურ აქტივებში 

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ბალანსზე ირიცხება თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე, 2014 წლამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ჯამური თანხით _ 85 507 033 ლარი. სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, სამინისტროში დღემდე მოუგვარებელია, როგორც განხორციელებული სამუშაოების ღირებულების იუსტიციის სახლისთვის გადაცემის, ასევე შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად, ეს შენობა 2012 წლიდან ფუნქციონირებს. 

,,მიღებული განმარტებით, ექსპლუატაციაში მიღების პრობლემა გამოწვეულია მშენებლობის შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამობის გამო. აღსანიშნავია, რომ პრობლემა ნაწილობრივ, 2019 წლის ივნისში მოგვარდა. კერძოდ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, იუსტიციის სახლს, ბალანსზე რიცხული 2 807 066 ლარის სამუშაოები გადასცა. ამასთან, სამინისტროს განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. შედეგად, ეს აქტივი კლასიფიცირებულია არასწორად, როგორც დაუმთავრებელი მშენებლობა და მას ცვეთა არ ერიცხება''. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ „სმართ ლოჯიქის“ ბალანსზე, დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე ირიცხება იუსტიციის სამინისტროს შენობის მეორე სართულზე, 2015-2016 წლებში, 332.6 კვ.მ ფართზე (სასერვერო ოთახი) გაწეული სამუშაოების ღირებულება _ 532 048 ლარი. ფაქტობრივი ექსპლუატაციის მიუხედავად, ფართის რეგისტრაციის საკითხი არ გადაწყვეტილა. შედეგად, ეს აქტივიც არასწორადაა კლასიფიცირებული, რადგან ნაცვლად „დაუმთავრებელი მშენებლობისა“, ასახული უნდა იყოს „შენობა-ნაგებობის“ ანგარიშზე და ცვეთაც ერიცხებოდეს. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სერვისების სააგენტოს დმანისის მომსახურების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა ღირებულება 431 056 ლარია, ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა ექსპლუატაციაში 2018 წელს მიიღეს. ამის მიუხედავად, ეს აქტივი 2018 წლის ბოლოს, ნაცვლად არასაცხოვრებელი შენობებისა, დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე ასახეს და მასზე ცვეთა არ დაურიცხავთ. 

,,2016-2017 წლებში, სამინისტროს აპარატმა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისგან Mიცროსოფტ-ის ლიცენზიები მიიღო, რომელთა საერთო ღირებულება – 7 097 046 ლარია. 2017 წელს, ამ აქტივზე ინსტრუქციით გათვალისწინებული ამორტიზაციის თანხა (ღირებულების 10%) – 709 075 ლარი არ დაურიცხავთ. აქედან გამომდინარე, ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გრძელვადიანი აქტივები კლასიფიცირებულია არასწორად, ასევე წარმოდგენილია 5 431 049 ლარით გაზრდილი ღირებულებით, ხოლო საანგარიშო პერიოდის ცვეთის ხარჯი _ 864 071 ლარითაა შემცირებული''. 

რაც შეეხება ფინანსურ აქტივებს, ამ მხრივ, სახელმწიფო აუდიტორებმა შემდეგი გარემოებები გამოავლინეს: ფინანსური აქტივების 2018 წლის საწყისი და საბოლოო ნაშთები მოიცავს შიდაჯგუფურ, არაელიმინირებულ თანხებს, შესაბამისად _ 374 097 და 175 058 ლარის ოდენობით; სამინისტროს 11 საბალანსო ერთეულში, სადაც ფინანსური აქტივების ჯამური მოცულობა 26 529 094 ლარია, არ ჩატარებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ინვენტარიზაცია. გამომდინარე აქედან, დავალიანების ამოღების ალბათობისა და ბალანსზე არსებობის საკითხი არ განუხილავთ და შესაბამისად, არც გადაუწყვეტავთ; ფინანსური აქტივების დაახლოებით 20%, რაც 6 293 028 ლარია, წარმოშობილია 1996-2014 წლებში. ამ თანხიდან, ყველაზე დიდი წილი მოდის 2004 წელს წარმოშობილ, შპს „ნოლას“ დავალიანებაზე (სპეციალური პენიტენციური სამსახური), რაც 4 299 005 ლარს შეადგენს. დავალიანების შესაბამისი დოკუმენტაცია გადაგზავნილია სამართალდამცავ უწყებაში, ხოლო დანარჩენი დავალიანებების ნაწილზე _ 761 005 ლარზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. დანარჩენ შემთხვევებში, დავალიანებების უმეტეს ნაწილზე, სახელმწიფო აუდიტორებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ მოიპოვეს. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, იუსტიციის სამინისტროს ფინანსური აქტივები წარმოდგენილია 191 002 ლარით გაზრდილი ღირებულებით. გარდა ამისა, აუდიტორები 6 177 001 ლარის მოთხოვნების არსებობასა და სიზუსტეში ვერ დარწმუნდნენ. 

დარღვევები საგადასახადო ვალდებულებებში 

აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულებების ანგარიშზე _ „ვალდებულებები დეპოზიტით“, 2018 წლის საწყისი და საბოლოო ნაშთები შეადგენს 119 012 076 და 133 837 054 ლარს, რაც სააღსრულებო პროცედურების შედეგად ამოღებული და კრედიტორებისთვის გადასარიცხი, ასევე გირაოს თანხაა. ამ ვალდებულებების აღრიცხვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტორებმა შემდეგი გარემოებები გამოავლინეს: 

,,ასე მაგალითად, 2 767 095 ლარის წარმოშობის წელი და კრედიტორის ვინაობა იდენტიფიცირებული არაა. აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, ეს საკითხი უკავშირდება ბიუროს შექმნის პერიოდში არსებულ აღრიცხვის პრობლემებს, რის გამოც კრედიტორების იდენტიფიცირება შეუძლებელია; არ არის გადაფასებული უცხოურ ვალუტაში არსებული სადეპოზიტო ვალდებულებები, კერძოდ, 2015-2018 წლებში, კურსის ცვლილებით მიღებული ჯამური ზარალი 691 032 ლარია, მათ შორის, 2018 წლის ზარალის თანხა _ 431 067 ლარი, რის შედეგადაც, 2018 წლის ბოლოს, ვალდებულების ანგარიში წარმოდგენილია შემცირებულად _ 691 032 ლარით ისევე, როგორც ამ პერიოდის არასაოპერაციო ხარჯები _ 431 067 ათასი ლარით; 2018 წლის ბოლოს, სადეპოზიტო ანგარიშებზე არსებული თანხა დაკავშირებულია 87 000-ზე მეტ საქმესთან. ნაშთებისა და მათი ოპერაციების კონტროლისთვის, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა არ არსებობს, მონაცემთა დამუშავება ხდება მანუალურად _ Mშ Eხცელ-ის პროგრამაში, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ხოლო კონტროლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომის დაშვების რისკიც არსებობს''. 

რაც მთავარია, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო, სადეპოზიტო ნაშთებისა და ბრუნვების ბუღალტრული აღრიცხვა არ წარმოებს ინდივიდუალურად, კრედიტორების მიხედვით. საბუღალტრო ანგარიშზე თანხების ზრდა და შემცირება აისახება ჯამურად, ბანკის ამონაწერებში დაფიქსირებული თანხების შესაბამისად. 2018 წლის დასაწყისში და ბოლოს, ვალდებულებების ანგარიშზე არსებული ნაშთი მოიცავს, როგორც სააღსრულებო პროცედურების შედეგად ამოღებულ და კრედიტორებისთვის გადასარიცხ, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ და ბიუროს მომსახურების საფასურის თანხებს. საჯარო რეესტრის სააგენტოსა და „სმართ ლოჯიქის“ მიერ, 2018 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის საფუძველზე გაანგარიშებული მოგების გადასახადის თანხა 169 056 ლარია, მაგრამ სააღრიცხვო ინსტრუქციის შესაბამისად, სწორედ ამ თანხით, კაპიტალში ცვლილების ანგარიშგებაში, წმინდა ღირებულება არ შეცვლილა. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მოგების გადასახადის თანხა, საგადასახადო კოდექსით დადგენილი პრინციპებით არ დაუანგარიშებიათ, რაც გავლენას ახდენს საგადასახადო ვალდებულებებისა და წმინდა ღირებულების ანგარიშების ნაშთებზე, თუმცა კორექტირებისთვის საჭირო თანხა ვერ განისაზღვრება!

მედიკამენტების აღრიცხვა და კონტროლი 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, 2017 წელს განხორციელებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების ინვენტარიზაციის შედეგად, 2018 წლის 10 იანვრის სხდომის ოქმით, კომისიამ 893 058 ლარის დანაკლისი გამოავლინა, მათ შორის, გაუქმებულ პენიტენციური დაწესებულებებზე რიცხული _ 134 078 ლარის მარაგებიც შედის. ამ ხარვეზის მიზეზები სახელმწიფო აუდიტორებმა ასე დაასაბუთეს: 

,,წინა პერიოდებში, არ განხორციელებულა მედიკამენტების ინვენტარიზაცია; წლების განმავლობაში, არასწორად, ხოლო რიგ შემთხვევებში, საერთოდ არ აწარმოებდნენ მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების ბრუნვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას; პენიტენციურ სისტემაში, მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები არ არსებობს! კომისიამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რომ ეს შედეგები ბუღალტრულად აესახა, ხოლო სამინისტროს განმარტებით, დანაკლისების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებებში გაიგზავნება''. 

 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ხშირ შემთხვევაში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საკმარისი ბუღალტრული ნაშთების არარსებობის გამო (აუდიტის შედეგად, იდენტიფიცირებულია 30 001 ლარის ხარჯად ჩამოწერის ოპერაცია, რაც ბუღალტრულად არაა ასახული), დოკუმენტაციის მიხედვით, მედიკამენტების სრულად ჩამოწერის პროცედურა ვერ ხორციელდება. შედეგად, მარაგების ანგარიშზე, საანგარიშო წლის ბოლოს ირიცხება 893 058 ლარის ფაქტობრივად არარსებული მარაგი, ხოლო ხარჯის მუხლი _ „საქონელი და მომსახურება“ წარმოდგენილია 30 001 ლარით შემცირებული ღირებულებით. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, ამჟამად, 12 პენიტენციური დაწესებულების აფთიაქებში, სადაც მედიკამენტებს იღებენ და შემდგომ ანაწილებენ, შესაბამის პირებთან არ არის გაფორმებული ხელშეკრულებები სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. ეს ყველაფერი, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მედიკამენტების მიღება-გაცემასა და აღრიცხვაში არსებულ ნაკლოვანებებზე მიუთითებს. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მედიკამენტების აღრიცხვა-კონტროლის არსებული სისტემა, ვერ უზრუნველყოფს მარაგების დაცულობას, მიზნობრივ ხარჯვასა და მათ გამოყენებას. 

სხვა სახის დარღვევები 

სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და გამოყენება, აღრიცხვის თანმიმდევრულობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ იუსიტიციის სამინისტროში, ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციით განსაზღვრული სააღრიცხვო პოლიტიკა შემუშავებული და დანერგილი არაა. არადა, სწორედ ეს პოლიტიკა შეიცავს ინფორმაციას უიმედო ვალების, მოძველებული მატერიალური ფასეულობების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, ასევე ცვეთად აქტივებზე გაწეული დანახარჯების შესახებ: 

,,სწორედ სააღრიცხვო პოლიტიკის არქონითაა გამოწვეული სხვადასხვა საბალანსო ერთეულში, ერთი და იმავე მუხლების (ძირითადი აქტივები, ცვეთის ხარჯი, მოგების გადასახადის გაანგარიშება, ქონების/მოგების გადასახადის ხარჯი) აღიარების სხვადასხვა მეთოდის/პრინციპის არსებობა. სააღრიცხვო ინფორმაციის დასამუშავებლად და ე.წ. მთავარი წიგნის საწარმოებლად, იუსტიციის სამინისტროს აპარატს არ გააჩნია ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფა. სააღრიცხვო ჩანაწერებს Mშ Eხცელ-ის პროგრამით ახორციელებენ, რაც ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესში, კონტროლის ნაკლოვანებას წარმოადგენს''. 

აუდიტის შედეგად ირკვევა, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, არაფინანსურ აქტივებზე პასუხისმგებელი პირები ხელშეკრულებებით, მხოლოდ სასაწყობო სამმართველოს 6 ქვედანაყოფზეა განსაზღვრული. კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალურად პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ხელშეკრულება 12 პენიტენციური დაწესებულების საწყობის მენეჯერთან გაფორმებული არაა, ასევე, დაწესებულებათა აფთიაქებსა და სხვადასხვა ქვედანაყოფებში, სადაც ხდება ფასეულობათა მიღება, შენახვა და გაცემა, რაც წარმოშობს აქტივების დაცულობასთან დაკავშირებულ რისკებს, ვინაიდან ფორმალურად არ არსებობს მათ მიღება-შენახვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. 

,,სააღრიცხვო მონაცემებით, იმ 6 საწყობზე, სადაც პასუხისმგებელი პირები ხელშეკრულებებით არიან განსაზღვრულნი, 2018 წლის დასაწყისში რიცხული მარაგებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების საერთო ღირებულება, ამავე თარიღით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მარაგებისა და გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების ღირებულების, დაახლოებით, 39%-ია _ საერთო ღირებულება კი 10 886 070 ლარია, ხოლო 6 საწყობზე რიცხული ფასეულობების ღირებულება _ 4 191 093 ლარი''. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, დარღვევაა ისიც, რომ საჯარო რეესტრისა და სერვისების სააგენტოები, საკუთარი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფუნქციის საინფორმაციო-ტექნოლოგიური (IT) აპლიკაცია-პროგრამებით სარგებლობენ, რომელთა უმეტესობა შექმნილია საკუთარი რესურსით (საჯარო რეესტრი _ 28 პროგრამა-აპლიკაცია, ხოლო სერვისების სააგენტო _ 36 პროგრამა-აპლიკაცია). ამ პროგრამებისა და აპლიკაციების უმრავლესობა, უშუალოდ მონაწილეობს სააგენტოების ძირითადი შემოსავლების ფორმირებაში. 

გარდა ამისა, საჯარო რეესტრის სააგენტოს შიდა რესურსებით, შემუშავებულია 15 პროგრამული უზრუნველყოფა და გადახდილი საფასურის სანაცვლოდ, ამ პროგრამებით გარე უწყებები ყოველწლიურად სარგებლობენ. მათ შორისაა, ისეთი მნიშვნელოვანი პროგრამები, როგორებიცაა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ძირითადი საქმისწარმოების პროგრამა. სახელმწიფო აუდიტორები, სწორედ ამ ფაქტებს სამინისტროს ხარვეზად მიიჩნევენ.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში