Menu
RSS

ვინ იქნება შემდეგი? გზა ბერლინში, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა

23 აგვისტოს, ბერლინში, მამაკაცი პარკთან გზას აუჩქარებლად მიუყვებოდა. გეზი მეჩეთისკენ ჰქონდა აღებული, შაბათის ლოცვა იწყებოდა. უეცრად მას თავს დაესხნენ და ადგილზევე მოკლეს. მამაკაცი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი იყო. მას მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.

მალევე, გერმანულმა პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. მას ჯიბეში ვადიმ ანდრეევიჩ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა. თუმცა დღემდე, ბოროტმოქმედის რეალური ვინაობის დადგენა, გერმანელი სამართალდამცავების თავსატეხად იქცა. ანდრეევიჩი ხმას არ იღებს, მხოლოდ რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებთან დაამყარა კომუნიკაცია და მას მერე პირში წყალი ჩაიგუბა. რა თქმა უნდა, კრემლი ამ სკანდალურ მკვლელობასთან ყოველნაირ კავშირს უარყოფს, მაგრამ არც გერმანელ სამართალდამცავებს ეხმარება გამოძიებაში. 

მომხდარიდან მალევე, დასავლურ მედიასა და ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა გონივრული ვარაუდი, რომ ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ხანგოშვილი ჩეჩნეთში, სწორედ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, იდგა ასლან მასხადოვის გვერდით და საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის მკვლელს, რუსეთის არაბიომეტრიული პასპორტი, ვინმე სოკოლოვის სახელზე, მკვლელობიდან ორი კვირით ადრე აუღია. ასევე, ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ, ქილერმა ახლომდებარე მდინარეში თავისი ველოსიპედი, Gლოცკ-ის მარკის პისტოლეტი და პარიკი გადააგდო და წინასწარ გამზადებული მოპედით მიმალვა სცადა. უბრალოდ, ორმა თინეიჯერმა მისი საეჭვო მოქმედებები დაინახა და მაშინვე პოლიციას შეატყობინა. რუსმა გაქცევა ვერ მოასწრო. 

„ბიბისი“-ს რუსული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ხანგოშვილის მეუღლე ამბობს, რომ ზელიმხანმა ცოტა ხნით ადრე, ბერლინის პოლიციას მიმართა და მისი უსაფრთხოების დაცვა ითხოვა, თუმცა როგორც ჩანს, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის მიმართ რეალური საფრთხის არსებობა, იქ არ დაიჯერეს. არადა, უნდა აღინიშნოს, რომ ხანგოშვილზე ნადირობა დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა. მის ლიკვიდაციას ჯერ კიდევ 2006 და 2015 წლებში, საქართველოშიც ცდილობდნენ, მაგრამ იმხანად ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მან პირველ შემთხვევაში, ФСБ-ს სქემა ქართულ სპეცსამსახურებთან ერთად გაშიფრა, მეორე შემთხვევაში კი, დაუდგენელმა პირმა, მხოლოდ მისი დაჭრა შეძლო. NEW YORK TIMES-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი უფროსი, ზურაბ მაისურაძე ყვება, რომ 2006 წელს, ქართველმა სამართალდამცავებმა, რუსეთის ციხის ყოფილი პატიმრის გაშიფვრა და დროული „გადაჭერა“ მოახდინეს. 

ამის შემდეგ, ხანგოშვილმა საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა, რაღაც პერიოდი უკრაინას აფარებდა თავს, მაგრამ მალევე, გერმანიას, მისი აზრით, უფრო უსაფრთხო ქვეყანას მიაშურა. 

რა თქმა უნდა, შუაგულ ევროპაში მომხდარმა მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ევროპის ჩეჩნური დიასპორა მკვლელობის დამკვეთების გამოვლენასა და დასჯას აქციებზეც კი ითხოვს. უცხოელი გამომძიებელი ჟურნალისტები აყალიბებენ ვერსიას იმის შესახებ, რომ სოკოლოვის პასპორტი ყალბია. ამ მოსაზრებას ერთობლივ ჟურნალისტურ გამოძიებაში, გამოცემები _  Bellingcat, Der Spiegel  და  Insider  _ სხვადასხვა ფაქტებით ამყარებენ. მათ მიერ, რუსეთის სახელმწიფო ბაზების გადამოწმებით დადგინდა, რომ სოკოლოვის ვიზის განაცხადში მითითებულ მისამართზე _ პეტერბურგში, მსგავსი ვინაობის მქონე პირი საერთოდ არ ცხოვრობს. ასევე, გადაამოწმეს რუსეთის საპასპორტო სისტემა, სადაც მსგავსი მონაცემების მქონე პირი არ არის რეგისტრირებული. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ფანტომი „ვადიმ სოკოლოვი“, სწორედ ბერლინის კონკრეტული სპეცოპერაციისთვის შეიქმნა. 

მალევე, დასავლური მედიის ცნობით, გერმანელმა სამართალდამცავებმა ანონიმური წერილი მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ სოკოლოვი სინამდვილეში, ყოფილი მილიციის მაიორი ვლადიმერ სტეპანოვია, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში, წესით, 24-წლიან სასჯელს უნდა იხდიდეს. მილენიუმის დასაწყისში, ის ერთ-ერთ რუსულ ბანდას არასასურველი ბიზნესმენის ლიკვიდაციაში დაეხმარა, რის გამოც ციხეში ჩასვეს. წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნულმა პატიმარმა, ხანგოშვილის მოკვლის დავალება, ციხიდან გამოშვების სანაცვლოდ მიიღო. 

ამას გარდა, ცოტა ხნის წინ, NEW YORK TIMES-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია იმის შესახებ, რომ ევროპაში, ბოლო ათწლეულია, რუსული გასაიდუმლოებული დანაყოფი „29155“ მოქმედებს. ეს არის ჯგუფი, რომელიც ახლახან გამოააშკარავეს და რომლის მთავარი მიზანი, ყველა შესაძლო მეთოდით, დასავლეთთან ჰიბრიდული ომის გამართვაა. ამ ომის იარაღებს შორისაა, როგორც პროპაგანდის წარმოება, ასევე ჰაკერული თავდასხმები და შეიარაღებული კონფრონტაციაც. ამ დანაყოფის ოფიცრები ევროპის ქვეყნებში გადაადგილდებიან, ზოგი მათგანი ავღანეთის, ჩეჩნეთისა და უკრაინის ომების ვეტერანია. მათი ოპერაციები იმდენად დაშიფრულია, რომ ხშირად, მათი არსებობა ГРУ-ს სხვა დანაყოფებმაც კი არ იციან. პირველად, მათი იდენტიფიცირება ევროპის სადაზვერვო საზოგადოებამ, მონტენეგროს 2016 წლის წარუმატებელი პუტჩის შემდეგ შეძლო, რა დროსაც, პრემიერ-მინისტრის მკვლელობა და პარლამენტის შენობის აღება იგეგმებოდა. ამ დანაყოფის კვალს, ამჟამად, სკრიპალის მოწამვლის საქმეშიც ხედავენ. 

არ არის გამორიცხული, რომ ხანგოშვილის მკვლელობა საიდუმლო დანაყოფ „29155“-ის ჩადენილიც იყოს. თუმცა ვინ არის სინამდვილეში მისი მკვლელი _ ГРУ-ს ჩინიანი თანამშრომელი, თუ „ფრილანსერი“ _ ეს ევროპელმა სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ. ამავდროულად, ცხადია, რომ მხოლოდ წელიწადია გასული სერგეი სკრიპალის მოწამვლიდან და რუსეთის მტრად შერაცხული ადამიანის სასტიკი, დაუნდობელი განადგურების ფაქტს, კვლავ ადგილი აქვს. არც სკრიპალი იყო პირველი, რადგან არ შეიძლება დავიწყებას მიეცეს ანა პოლიტკოვსკაიას, სერგეი მაგნიტსკის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, ბორის ნემცოვისა და სხვათა ტრაგიკული, ბურუსით მოცული ისტორიები, ხოლო ის, რაც დღემდე გრძელდება, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მსგავსი ფაქტების მომსწრენი, მომავალშიც გავხდებით. 

ერთი წლის წინ, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტზე, დასავლეთმა პასუხისმგებლობა მოსკოვს უკვე მორიდების გარეშე დააკისრა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ დაუსწრებლად, ГРУ-ს ორ თანამშრომელს ბრალიც წაუყენა. კრემლი „ცრუ ბრალდებებით“ აღშფოთებულია და მას მერე, სასტიკი სანქციების გამო ოხრავს. თუმცა მეორე მხრივ, მათი სპეცსამსახურები, იმავე ბოროტი სტრატეგით მოქმედებას აგრძელებენ _ მათთვის სულერთია, რომელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზეა მსხვერპლი; სულერთია, რომ ირღვევა ადამიანების ფუნდამენტური უფლებები, რომ ხდება სიცოცხლის ხელყოფა. 

ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ახლახანს, ძალიან ამბიციური და ხმამაღალი განცხადება გაისმა _ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ ყოველწლიურ შეკრებაზე, „ამინდის შემქმნელმა“ და გავლენიანმა რუსმა პოლიტოლოგმა, სერგეი კარაგანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი გენერალური იდეა, იმ ფაქტის გაფორმება უნდა გახდეს, რომ რუსეთი არის საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარი მიმწოდებელი მთელი სამყაროსთვის და საკუთარი თავისთვის. ეს აბსურდული განცხადება, თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ იმ დიდ სტრატეგიულ საფარველად და მთავარ ნარატივად, რომელიც დღეს კრემლს გააჩნია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან რუსეთის იმპერიის ამბიცია ნაკლები არც არასდროს ყოფილა _ რუსეთს ყოველთვის სწადდა, რომ საკუთარი თავი მსოფლიოს გადამრჩენლად და მფარველად წარმოეჩინა, მაგრამ რეალობა სულ სხვაა და ამას მსოფლიო სულ უფრო თვალნათლივ ხედავს. აბა, რომელი სულელი დაიჯერებს, რომ „პოლონიუმების“, „ნოვიჩოკებისა“ და „გლოკების“ გამოყენებით, შეიძლება, სამყარო დაიცვა.

ტრისტან ნებიერიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში