Menu
RSS

„ციანიდის სკანდალის“ კვალი მოსკოვამდე მიდის?

რა თანამდებობას სთავაზობდნენ სოსო ოხანაშვილს _ მეუფე პეტრე სკანდალურ დეტალებს ასაჯაროვებს

ე.წ. შეწყალების სკანდალი თითქოს მინავლდა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს ამ საკითხზე ახსნა-განმარტების მიცემა არასოდეს მოუწევს. სალომე ზურაბიშვილმა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის მაინც უნდა ახსნას, თუ რატომ არ შეიწყალა დეკანოზი გიორგი მამალაძე მაშინ, როცა საპყრობილეში მყოფი სასულიერო პირის დამნაშავეობაში ბოლომდე, არც „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილია დარწმუნებული.

დიახ, ჭყონდიდის ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) მიანიშნებს, რომ საზოგადოების მსგავსად, „ციანიდის სკანდალზე“ გარკვეული კითხვის ნიშნები ივანიშვილსაც აქვს. ყოველ შემთხვევაში, მეუფემ ასეთი ალბათობა ნეწპოსტ ტვ-ის გადაცემაში _ „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ დაუშვა ანუ მას შემდეგ, რაც გადაცემის ავტორმა და წამყვანმა, ჟურნალისტმა ვანო პავლიაშვილმა, რესპონდენტს სიტყვა ივანიშვილთან შეხვედრაზე ჩამოუგდო. მეუფემ დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრისას, „ციანიდის სკანდალზეც“ ისაუბრა. ამასთან, მეუფემ თქვა, რომ ის და ივანიშვილი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ერთი შეხვედრის შესახებ გახდა. ზოგადად, ამ ინტერვიუში, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა აქცენტი ბევრ საინტერესო თემაზე გააკეთა და საკუთარი ცხოვრების აქამდე უცნობი დეტალებიც გაახმაურა, თუმცა ამის შესახებ დეტალურად ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი „ციანიდის სკანდალის“ პერიპეტიებს მივყვეთ. 

 

მოკლედ, იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ დეკანოზ მამალაძის დაკავება ჩვეულებრივი საეკლესიო ინტრიგა იყო, თუმცა საზოგადოების უმეტესობამ დღემდე ვერ გაარკვია, თუ რა იყო ამ ინტრიგის მიზანი. მეუფე პეტრეს საუბრიდან კი ნათელი ხდება, რომ „ციანიდის სკანდალი“ სახელმწიფოს წინააღდეგ მოწყობილი ავანტიურაა, რომლის კვალიც, შესაძლოა, ჩვენს ჩრდილოეთელ მეზობლამდე ანუ რუსეთამდეც მივიდეს. ყოველ შემთხვევაში, მიტროპოლიტი ასეთ ალბათობას არ გამორიცხავს. 

„ციანიდის საქმე“ საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ორკესტრირებული სცენარი იყო“, _ ამბობს მეუფე. 

ამ „ორკესტრირებული სცენარის“ მთავარი სამიზნე იყო, თუ არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი? _ ამ კითხვაზე მეუფე პეტრეს პასუხი ასეთია: 

„აქ რამდენიმე ინტერესის თანხვედრა მოხდა და რაც დრო გადის, მით მეტი ჩნდება ჩემთვისაც კი. 

დიდი ბურუსითაა ეს საქმე მოცული, მაგრამ დავიწყოთ იქიდან, რომ რამდენიმე თვით ადრე, გამოვიდა მაღალი იერარქი და თქვა, პატრიარქის წინააღმდეგ დაწყებულია ბრძოლა და ჩვენ პატრიარქს დავიცავთო. 

შემდეგ მე დავსვი შეკითხვა სინოდზე, მეუფე, იქნებ, გვითხრათ, რას გულისხმობდით ამ ნათქვამში და ასევე, როცა თქვით, სიძეობა არ არის იმუნიტეტი-მეთქი ანუ სოსო ოხანაშვილის მისამართით იყო საუბარი, რომელიც სიძეც იყო და პატრიარქის დაცვის უფროსიც. 

მერე აღმოჩნდა, რომ ასევე, ჩაფიქრებული იყო, ოხანაშვილი გარიდებოდა საქართველოს საპატრიარქოს. როგორც მოგვიანებით გავიგე, საკმაოდ მაღალ თანამდებობებს სთავაზობდნენ მას სხვადასხვა სტრუქტურაში, მათ შორის, საერო ხელისუფლებაც, მაგრამ მერე ითქვა, რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. 

მერე, თურმე, ამ ადამიანის დაკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა მის ეპარქიაში და ვიღაც აღმოაჩინეს... 

დღემდე მსვლელობა არ მისცემია ამ საქმეს. არადა, მამაო სასჯელს იხდის მკვლელობის მომზადებისთვის (იგულისხმება დეკანოზი გიორგი მამალაძე, _ ავტ.), რაც აბსურდულია, ქორეპისკოპოსის მკვლელობა თუ იგეგმებოდა და დაკვეთილი იყო, თვითონ როგორც ამბობს, რატომ არავინ დაისაჯა? სხვათა შორის, ეს „ციანიდის სკანდალამდე“ მოხდა. 

ასევე, მანამდე წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებში ე.წ. ანალიტიკოსის, პატრიარქი ცოცხალი უნდა დაბრუნდეს გერმანიიდანო ანუ აშკარად, რაღაც ორკესტრირებული სცენარი იყო. 

საქმის მიხედვით ჩანს, ქორეპისკოპოსმა იცოდა, რომ მღვდელი ემზადება, ეძებს ციანიდს ვიღაცის ლიკვიდაციისთვის და ელოდება, როდის დაიჭერენ საზღვართან, წარმოგიდგენიათ?! 

დავუშვათ, სპეცსამსახურები ჩასაფრებულნი იყვნენ აეროპორტში, მაგრამ მე რომ გავიგო, რომ ჩემი მღვდელი მოსაკლავ ნივთიერებას ეძებს და დაველოდო, როდის დაიჭერენ... სპეცსამსახურებს ვუთხრა, რომ ფაქტზე დავიჭიროთ, ან არარსებულ ფაქტზე, არარსებული ციანიდით? _ ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე?“ 

მეუფე პეტრეს თქმითვე, პირველი შეფასება, რაც ამ საკითხზე გააკეთა, ასეთი იყო: ყველაფერი ეს მიმართულია იმისკენ, რომ თუ მართლა რამე მოუვიდოდა პატრიარქს გერმანიაში, სიტუაცია ყოფილიყო შემზადებული: 

„ამისთვის იყო ერთ-ერთი სპეცოპერაცია, როცა ამბობდნენ, ოპერაციის რისკები 60/40-ზეაო ანუ პატრიარქს ოპერაცია, შეიძლება, ვერ გადაეტანა ანუ ვიღაცას სჭირდებოდა მზადყოფნა ტრაგიკული შემთხვევისთვის. შემდგომ უკვე, როცა დააკავეს და თითქოს აღკვეთეს... ხელისუფლების პირველი პირები მწყობრში ჩადგნენ, მათ შორის, მთავარი პროკურორი გვეუბნებოდა, რომ მაღალი იერარქის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა და ეს მაღალი იერარქი აღმოჩნდა ქალი. ეს ხომ მკრეხელობაა?! 

შემდეგ იერარქები ამბობდნენ, ნდობას ვუცხადებთ პროკურატურასო, რომელ პროკურატურას უცხადებ ნდობას, რომელმაც გითხრა, რომ მაღალი იერარქი ქალია?! 

მერე, სასულიერო პირის გარემოცვიდან, პატრიარქს ოპერაციის წინ ეუბნება, მამაო მოდიოდა თქვენს მოსაკლავადო. ერთმა როგორც მითხრა, ეს იყო კონტროლი (ე.წ. საკონტროლო გასროლა, _ ავტ.), ციანიდით თუ არა, ამით მაინც შეიძლება გული გასკდომოდა. 

ხვდებით, რასთან გვაქვს საქმე? _ ეს სერიოზული პრობლემაა“. 

ამავე ინტერვიუში, ჭყონდიდის მიტროპოლიტი აკონკრეტებს, რომ „ციანიდის საქმე“ დიდი შეთქმულება იყო არა ილია მეორის, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, საქართველოში ჯანსაღი მოვლენების წინააღმდეგ: 

„შევთხოვ უფალს, ყველაფერს ჩამოეხსნას ფარდა და ყველა იმხილოს, ვინც ამ საქმეში ძალიან ბინძურად არის გარეული. ანტიქრისტიანულია ყველაფერი ის, რაც ამ მოვლენებში განვითარდა“. 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, მეუფე პეტრე ამბობს, რომ ივანიშვილთან ძალიან ბევრ საკითხზე ისაუბრა. 

„მე კმაყოფილი ვარ ნამდვილად, შეხვედრით“, _ ამბობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი და ადასტურებს, რომ ივანიშვილს ორჯერ შეხვდა: 

„ციანიდთან“ დაკავშრებით იყო პირობა, რომ ძალიან მალე, მამაო განთავისუფლდება, თუმცა ეს პირობა დაირღვა იმ კუთხით, რომ საპატრიარქო ისეთ უხერხულობაში ჩავარდა, რომ საპატრიარქომ მამაოსგან მოითხოვა ბოდიში. 

მე, საერთოდ, ვიყავი მომხრე და შევთავაზე ხელისუფლებას შუამდგომლობისკენ. მაგალითად, პრემიერი კვირიკაშვილი გვარწმუნებდა რაღაც უპრინციპოდ, ეგონა, რომ მართლა მკვლელობა მზადდებოდა და აეროპორტში იმიტომ არ დავაკავეთო, არ გვინდოდა დაფიქსირებულიყო, რომ მღვდელი დააკავესო... 

მე და ბიძინა ივანიშვილს გვქონდა ორი შეხვედრა, ვერ ვხედავ ამაში რაიმე პრობლემას. მგონი, უხერხულია საზოგადოების ჩასაფრებულობა ამ საკითხზე...

მოდით, ვაღიაროთ, რომ არც საერო და არც სასულიერო ხელისუფლების დამოკიდებულებაში, პიროვნულად არავის წინააღმდეგ არ მივდივარ. მე მივდივარ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, საქართველოს ეკლესიაში ჯანსაღი, მტკიცე, მართლმადიდებლური დამოკიდებულების სასარგებლოდ, ამ სვლას ვინც წინ შეეღობება, ყველა უნდა წავიდეს მის წინააღმდეგ!“ 

ისე, თუნდაც ამ განცხადებებიდან ნათელია, რომ მეუფე პეტრე ე.წ. საეკლესიო დოგმებს არ ემორჩილება ანუ უცხო თვალისთვის ნათელია, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი „დინების საწინააღმდეგოდ“ მიდის და ბევრ ისეთ რამეზე საუბრობს, რაზე საუბრისგან, სხვა მღვდელმთავრები თავს იკავებენ. ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ არცთუ დიდი ხნის წინ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ჭყონდიდის მიტროპოლიტს „არაკაცი“ უწოდა. 

ამ ინციდენტის თაობაზე, ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, შემთხვევა ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა. 

სინოდის წევრებისთვის, დაბალი რანგის სასულიერი პირის მხრიდან მეუფის შეურაცხყოფა, მიუღებელი აღმოჩნდა. 

„რა თქმა უნდა, განვიხილავთ, როცა დადგება დღის წესრიგში“, _ ასე შეაფასა მომხდარი მეუფე ანტონმა. 

ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა კი თქვა: „ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სცილდება საზღვრებს, ქრისტიანული ეთიკის, კანონიკური ნორმების საზღვრებს, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას“. 

ყველაფერ აქედან ნათელი ხდება, რომ საეკლესიო ინტრიგები თანდათან პიკს უახლოვდება. ამ ინტრიგის მთავარი საბაბი კი, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ისაა, თუ ვინ გახდება ილია მეორის მემკვიდრე. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი, ვინც პატრიარქის მემკვიდრედ განიხილება, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიოა. 

სხვათა შორის, მეუფე შიოს იმის გარანტიას, რომ კათალიკოსის ტახს დაიკავებს, ცალკეული პოლიტიკოსებიც აძლევენ, თურმე. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეჭვი აქვს ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: 

„ცალკეული პოლიტიკოსები, ე.წ. ლიდერები, მოსაყდრეს გასაპატრიარქებლად, საკუთარი პოლიტიკური გუნდებით მხარდაჭერას რომ ჰპირდებიან, ზოგი თბილისელობის, ზოგიც „ჯიგრულ პონტში“, ამას რა ჰქვია? 

იმდენსაც ნუ იზამთ, ხალხმა საბოლოოდ დაგამტვრიოთ ცხვირ-პირი! 

როცა გჭირდებათ, უცებ გადააქცევთ დანარჩენ სამყაროს პრორუსულად და ამ მხარდაჭერას სხვა კი არაფერი ჰქვია! 

ერთი დიაგნოზია მხოლოდ _ ვინც ამ მხარდაჭერაზე მიდიხართ, სწორედ თქვენ ხართ პრორუსები! 

კიდევ განმეორდება ეგეთი დაპირება-შეპირებები და გამოვდებ თქვენს სახელებსა და გვარებს, იმართლეთ მერე თავი აქაც და იმქვეყნადაც!“ 

ისე, მირცხულავამ, მეუფე შიოსთან დაკაშირებით, იგივე სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ანუ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მოსაყდრე შიო სხვა ეპისკოპოსების გარემოცვაშია, თუმცა მათზე „ზევითაა“. 

„ამას სხვა რა ჰქვია, თუ არა მკრეხელური ქცევა? მანახეთ, სადმე თუ წერია, რომ მოსაყდრე, სხვა ეპისკოპოსებისგან არის გამორჩეული? რას გვაჩვევთ, რომ მომავალი პატრიარქია? და თავად ეპისკოპოსებს, ქვემოთ მსხდომთ, უხერხულობა არ უჩნდებათ? 

აშშ-ში „ვიზიტი“ პრორუსის გადასავლურებაა? ალფეევის მიერ მოსაყდრედ გამორჩეული, გინდა აშშ-ში ჩავიდეს და გინდა _ იაპონიაში, სულით მუდამ მოსკოვში და კირილთანაა! 

ეს ფოტო, თუნდაც ყველაზე პროდასავლელი ანუ პროქართული პერსონა რომ იყოს მოსაყდრე, თვალნათლივ მეტყველებს, თუ როგორ ბნელა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში და არა მხოლოდ საპატრიარქოში“, _ დაწერა ანალიტიკოსმა სოციალურ ქსელში. 

აი, ყოველივე ამის ფონზე, „ციანიდის სკანდალი“ კიდევ უფრო ჩახლართული ხდება, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სინოდი არ აპირებს, დაკავებული დეკანოზის თემას დაუბრუნდეს. 

„სინოდი არ განიხილავს ამ საკითხს. იყო თავის დროზე განხილული. პატრიარქმა თქვა, როცა გამოძიება დაიწყო, რომ გამოვუცხადოთ ნდობა გამოძიებას.... შედეგი გამოძიებისა იყო და საჯაროდ იყო ის ფარული კამერების ჩანაწერები ტელევიზიით ნაჩვენები, რაც აღარ იძლევა საფუძველს, რომ ჩვენ იგნორირება გავუკეთოთ, ან ჩავთვალოთ, რომ ეს ფალსიფიკაციაა“, _ თქვა ახლახანს, რუსთაველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი). 

მეუფე პეტრე კი, ზემოხსენებულ ინტერვიუში, ადასტურებს კულუარულ ინფორმაციას, რომ რამდენიმე თვის წინ, უწმინდესმა ეპისკოპოსებს და, მათ შორის, მეუფე შიოს დაავალა, დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით სპეციალური წერილი მომზადებულიყო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიგზავნებოდა, მაგრამ ეს წერილი თვალით არავის უნახავს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ... წერილი არავის დაუწერია! 

რაც შეეხება მეუფე პეტრეს ცხოვრების უცნობ დეტალებს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ზემოხსენებულ ინტერვიუში ჰყვება, რომ სანამ ეკლესიურ ცხოვრებას დაიწყებდა, პოლიტიკით იყო დაინტერესებული და გასული საუკუნის 90-იან წლებში, კერძოდ, 1995 წელს, სენაკის მაჟორიტარად კენჭსაც იყრიდა. 

„მიწიერ ბოროტებად მე არ ვთვლი პოლიტიკას და მიმაჩნია, რომ ეს იმ ბინძური პოლიტიკოსების და ძლიერთა ამა ქვეყნის ყალბი ფსიქოლოგიაა იმისთვის, რომ პატიოსან ადამიანებს დაუხშონ კარი. ამ ფილოსოფიას არ ვიზიარებ... 

როდესაც მივიღე ეს გადაწყვეტილება, ეს იყო ავადსახსენებელი 1994 წელი. სენაკის მაჟორიტარობას ვაპირებდი, ოღონდ უპარტიოდ, დამოუკიდევბელი კანდიდატი ვიყავი. როდესაც შევხედე, რა შეიძლება ამ ბედკრულ წლებში ერთმა, რიგითმა მოქალაქემ გააკეთოს, თუნდაც ჩემი რეგიონის, სენაკის მასშტაბით, სწორედ ამან გადამაწყვეტინა, კენჭი მეყარა და შევსულიყავი პარლამენტში და იქიდან მებრძოლა ჩემი კუთხისათვის. რამდენად შევძლებდი და ღმერთი შემაძლებინებდა ჩემი სამშობლოსათვის ამას, ეს უკვე სხვა საკითხია. შემდეგ მივხვდი, რომ არ იყო ეს ნება ღვთისა, ვიცოდი, რომ ჩემს სინდისს და ჩემს გულს, რა გულითაც მე ეს მინდოდა, ამ ყველაფერს ხედავდა უფალი. ბავშვობიდან დიდი ეკლესიური არ ვიყავი, ბებია-ბაბუისგან მქონდა ჩანერგილი იმ დონის სარწმუნოება, რომ ღმერთი არის სასწაული. 

როგორც მახსოვს, 7 000-ზე მეტი ხმა ავიღე, მაგრამ არ იყო საკმარისი. ეს ერთგვარი ნიშანი იყო იმისა, რომ მე დამეწყო შემდეგ ძიება და შემდეგ დავიწყე ბიბლიის კითხვა. უნდა ვაღიარო, 25 წლის ასაკში წავიკითხე ბიბლია პირველად“, _ ამბობს მეუფე პეტრე. 

ყველაფერ ამის ფონზე, მეტად მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რაც რამდენიმე დღის წინ, ჭყონდიდელობის დღესასწაულზე მოხდა: 

მარტვილში ყოფნისას, მიტროპოლიტმა იობმა იქადაგა. ქადაგებისას, მან გიორგი ჭყინდიდელის ღვაწლზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა დავით აღმაშენებლის ეპოქაზე და რამდენჯერმე ახსენა რუის-ურბნისის კრება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის განწმენდისთვის აუცილებელი ღონისძიება. 

მან, ასევე, ისაუბრა მეუფე პეტრეზე და მისი ღვაწლი, საქმიანობა და პოზიცია, რომელსაც ის ახმოვანებს, მეტად დასაფასებლად მიიჩნია. 

განსაკუთრებით ყურადსაღები იყო მის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომ მეუფე პეტრე აგრძელებს გიორგი ჭყონდიდელის საქმიანობას. ყველაფერი ეს საინტერესო იმ ფონზეა, როცა ჭყიდიდელს თავს, მისი პოზიციის გამო ესხმიან საპატრიარქოს „ჩინოსმები“, ან მათთან დაახლოებული ღვთისმსახურები. 

* * * 

ზოგადად, ქართულ ეკლესიაში რუსული გავლენები ძლიერი რომაა, ამის შესახებ დიდი ხანია, დადის ხმა, თუმცა ისეთი სასულიერო პირი, რომელიც კრემლს უპირისპირდება, ცოტაა. ამ მხრივ, მეუფე პეტრეს მსგავსად, დედა სიდონიაც გამოირჩევა, რომელმაც ახლახანს, სოციალურ ქსელში დაწერა: 

„იქნებ, გარკვევით ვთქვათ, რატომ არა რუსეთს: 

1. ის პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. 

2. გველაპარაკება თითის ქნევითა და მუქარით. 

3. დამცინავია. 

4. არ არის მეგობრული, ამპარტავნულად, საზოგადოების ნების წინააღმდეგ გასცემს ინსტრუქციებს. 

5. მართლმადიდებლობამ, ქრისტიანობამ ყველა ქვეყანაში, ერის თავისებურებების მიხედვით განსაზღვრა ადგილობრივი ჩვევები. „უფროსმა ძმამ“ კი, გარკვეულწილად, წაშალა იდენტობა და, მოგვახვია თავს თავისი ტრადიციები, რომელსაც ქართველი ვერასდროს შეისისხლხორცებს და გადავიქცევით „ღამურებად“. 

6. მესმის, რომ მას საკუთარი საზღვრები ანაღვლებს და ვერ გაგვიწევს ანგარიშს, მაგრამ თანამშრომლობა, დიალოგი უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის პატივისცემისა და აღიარების ფარგლებში და არა თავში წამოკვრითა და ბრძანებებით. უნდა მოგვცენ საშუალება, ერი თავისი თვითმყოფადობის, ხასიათის გარემოში განვითარდეს, 

მაგრამ მას შურს და იცის, რომ ამ გზით, საქართველო უფრო ცივილური გახდება და ასეთი საზოგადოების მართვა აღარ იქნება იოლი. 

და, რატომ გინდათ, რომ გვმართოთ, თან ვიღაც ერთუჯრედიანი შუამავლების მეშვეობით? 

გვაღიარეთ და გვემეგობრეთ. 

ესაა... 

არ ვართ ისეთი სულელი ერი, როგორადაც წარმოგვაჩენთ თქვენი „სიდიადის“ ფონზე. 

P.s. გამოსავალი. ისე უნდა განვვითარდეთ, რომ დიალოგის იქით, გზა არ დავუტოვოთ“. 

მოკლედ, „ციანიდის სკანდალით“ დაწყებული „საეკლესიო გარჩევები“, თანდათან, ახალ ფაზაში შედის. 

რა იქნება, ყველაფერ ამის ბოლო? _ ამას მომავალი გვიჩვენებს.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში