Menu
RSS

რატომ არ შეიძლება ქალის ქურდად კურთხევა და რა ადგილი უკავიათ ცოლებს „კანონიერი ქურდების“ ცხოვრებაში

„მურკების“ კრიმინალური ანატომია _ რა ცვლილებები შევიდა ბოლო დროს „ქურდულ კარაბადინში“

ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილური ნაბიჯებით, პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა ცდილობს, „კანონიერი ქურდები“ ისე შეავიწროვოს, რომ ისინი აიძულოს, სახელმწიფო დატოვონ და სხვაგან გადაბარგდნენ. როგორც იქნა, სახელმწიფოს მეთაურები ხვდებიან, რომ „კანონიერი ქურდების“ გარეშე უფრო მარტივია ცხოვრება, ნაკლებია უკმაყოფილო ბიზნესმენთა რიცხვი, ხოლო წარმატებულ ბიზნესზე რომ დგას ქვეყნის ეკონომიკა, არახალია. ამიტომ, ქურდები პოსტსაბჭოთა სივრცეს ტოვებენ და ძირითადად, აზიაში ინაცვლებენ, ან აზიისა და ევროპის გზაგასაყარზე, მაგალითად, თურქეთში. ჩვენს მეზობლად, ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე მეტი „კანონიერი ქურდია“ თავმოყრილი და თურქეთის ხელისუფლება ყველაფერ ამისგან, ზუსტად იგივე სარგებლის მიღებას ცდილობს, რაც დიდმა ბრიტანეთმა მიიღო, როცა რუსეთიდან გაქცეული არაერთი ოლიგარქი შეიფარა. მაშინ ბრიტანელები, თავშესაფრის სანაცვლოდ, ოლიგარქებს ქვეყნის ეკონომიკაში ასეული მილიონობით დოლარის ინვესტირებას სთხოვდნენ და იღებდნენ კიდეც. ასეა თურქეთის შემთხვევაშიც, თუმცა იქ ასეულ მილიონებზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ ქვეყანაში ცხოვრების სანაცვლოდ, რამდენიმე მილიონი ქვეყანაში ქურდებმა უნდა გაიმეტონ და ფული რაიმე ბიზნესში დააბანდონ. არ აქვს მნიშვნელობა, რა ბიზნესი იქნება, მთავარია, ლეგალური იყოს, ადამიანები დასაქმდნენ და ქვეყნის ეკონომიკაშიც ფული შევიდეს.

70-მილიონიანი ქვეყანა, აგერ, უკვე მერამდენე წელია, პრაქტიკულად, ომის პირობებსა და კონკრეტული მიმართულებით დაწესებულ სანქციებში ცხოვრობს და შესაბამისად, „ქურდული ინვესტიციები“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ თურქეთში ჩასულ კრიმინალებს ერთი ურყევი პირობის შესრულება უწევთ _ მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაატერორონ ადგილობრივი ბიზნესი ანუ არ უნდა გამოსძალონ ფული ადგილობრივ ბიზნესმენებს. როდემდე გაგრძელდება ყველაფერი ეს, ვერ გეტყვით, რადგან თურქეთის ეკონომიკაში ჩადებული ფული ერთია და გზა, რომლითაც ეს ფული იქნა ნაშოვნი, მეორე. მაგალითად, რუსეთში მიღებული კანონის შემდეგ, რომელიც ქურდის სტატუსზე სასჯელს ითვალისწინებს, ქვეყნიდან გაქცეულ ავტორიტეტებს ფული კი აქვთ, მაგრამ გავლენა უსუსტდებათ. რუსეთში დარჩენილმა ბიზნესმენმა იცის, რომ რამდენიმე თვეში, ქურდი მას ვეღარ მისწვდება, ვეღარ დასჯის და გადახდასაც წყვეტს. ეს კი შემოსავლის კლებაა იმ ძირითადი წყაროსი, რომლითაც „კანონიერი ქურდები“ იკვებებიან და შემდეგ, აუცილებლად დადგება მომენტი, როცა მათ საკუთარი ჯიბის გარდა, „საერთოს“ შევსებაც დასჭირდებათ, სწორედ მაშინ, არ არის გამორიცხული, თურქ ბიზნესმენებს დაერიონ. 

სირიასთან ომში ჩართულ თურქეთის ხელისუფლებას რამდენად ეყოფა ძალა და რესურსი, რომ ადგილზე ორგანიზებულ, კარგად შეიარაღებულ და საკმაოზე მეტად გამოცდილ კრიმინალებს ებრძოლოს, დრო გამოაჩენს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქურდები ქვეყანასა და ადგილსამყოფელს იცვლიან. ისინი მიგრირებდნენ ყოველთვის, როცა საფრთხე ემუქრებოდათ და პირველი დიდი „გადასახლება“ საქართველოდან მოხდა. ჩვენთან მიღებული უპრეცედენტო კანონის შემდეგ (თითქმის ანალოგიური კანონი იტალიასა და აშშ-შია, ოღონდ იქ „მაფიის ოჯახის“ წევრობა ისჯება), ქვეყანა 200-ზე მეტმა „კანონიერმა ქურდმა“ დატოვა. შესაბამისად, ქვეყნიდან წავიდნენ მათი ოჯახებიც _ ცოლები და შვილები, მაგრამ იყო ისეთი შემთხვევები, როცა ქურდებმა „მეორე ნახევრები“ საქართველოში დატოვეს და ასევე, არცთუ ცოტაა შემთხვევა, როცა ისინი თურქეთში გადაბარგდნენ, მაგრამ „ცოლები“ რუსეთში დარჩნენ. 

და მაინც, რა ადგილი უკავია ქალს „კანონიერი ქურდის“ ცხოვრებაში. თუ ისტორიას დავუჯერებთ, „კანონიერი ქურდები“ ციხეების საკონტროლებლად, სისტემამ შექმნა, თუმცა შემდეგ ვეღარ გააკონტროლა და ეს ელიტური კრომინალური კასტა ცალკე განვითარდა. ძველი ქურდული კარაბადინის მიხედვით, „კანონიერ ქურდს“ გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა და მათ შორის, ოჯახთან დაკავშირებით _ ქურდს არ უნდა ჰყოლოდა ოჯახი, მისი ოჯახი ქურდული სამყარო უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, არ უნდა ჰყოლოდა ცოლი. რეჟიმს ეს წესი მაშინ მარტივი მიზეზის გამო სჭირდებოდა _ იმ შემთხვევაში, თუ ქურდი კონტროლიდან გავიდოდა და ხელისუფლებას მისი მოკვლა მოუწევდა, ქურდს არ უნდა ჰყოლოდა მომკითხავი და ჭირისუფალი. 

სხვათა შორის, არაერთი „კანონიერი ქურდი“ ხელისუფლებამ სამამულო ომში იმისთვის გამოიყენა, რომ მათ დანარჩენი პატიმრები აიძულეს, სამშობლოს დასაცავად იარაღი აეღოთ ხელში და ფრონტის წინა ხაზზე, თავადაც იბრძოდნენ. ომის დასრულების შემდეგ, ფრონტზე მებრძოლი ქურდები ციხეში დააბრუნეს. მათსა და იმ ქურდებს შორის, რომლებმაც იარაღის აღებაზე უარი თქვეს, ნამდვილი ომი გაჩაღდა და მაშინ, ორივე მხრიდან, ასეულობით ქურდი მოკლეს. 

დროთა განმავლობაში, იცვლებოდა ქურდული წესები და იცვლებოდა მიდგომები. ეს, რა თქმა უნდა, ოჯახსაც შეეხო და დღეს იშვიათია ქურდი, რომელიც იტყვის, რომ არ უნდა ჰყავდეს ცოლი და შვილები. ეს იმიტომ, რომ დღევანდელ „კანონიერ ქურდებს“, ჭირისუფალიც ბევრი ჰყავს და სანათესაოც. შესაბამისად, იმის გამო, რომ ქურდს მოკვლის შემთხვევაში არავინ მოიკითხავს, უკვე აღარ მუშაობს და ამიტომ, აღნიშნული აკრძალვა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა, თუმცა ქალს ქურდის ცხოვრებაში, მაინც საინტერესო ადგილი უჭირავს. 

დავიწყოთ იმით, რომ „კანონიერი ქურდი“ ვერასდროს გახდება ქალი. მიზეზი მარტივია _ არ შეიძლება, ქურდს ვინმე „ხმარობდეს“, ამ სიტყვის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ქალის სიტყვას „ქურდულში“, ფასი დღესაც არ აქვს და კონკრეტულ საქმეზე, ქალის მოწმედ მოყვანა არ შეიძლება. 

ასევე, არ შეიძლება ქალის ნდობა და ზოგადად, „ქურდულ სამყაროში“, ქალი არათუ ქვედა საფეხურზე დგას, მას საფეხური, უბრალოდ, არც აქვს. ამის მიუხედავად, ქურდებს აქვთ ოჯახები, ჰყავთ ცოლები, შვილები და უფრთხილდებიან მათ, თუმცა ხმამაღლა არცერთი ქურდი არ იტყვის, რომ პირველივე საჭიროების შემთხვევაში, არ მიატოვებს მის გვერდით მყოფ ქალს, თუმცა რამდენად გააკეთებს ამას, საქმე საქმეზე როცა მიდგება, არავინ იცის. 

გარდა იმისა, რომ ის ცოლია, მისი შვილების დედაცაა და სწორედ მას აბარია შვილები მაშინ, როცა ქურდი „პაბეგში“, ან „სროკზეა“, თუმცა... 

„წესითა და რიგით, ქურდს არ უნდა ჰქონდეს ისეთი ურთიერთობა ქალთან, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, 2 წუთში ვერ დაამთავრებს. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ქილერის ტყვიას ქურდთან ერთად, მისი ცოლიც ემსხვერპლა. ასევე, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ქალი ქურდს გადაფარებია და მისთვის ნასროლი ტყვია მიუღია, თუმცა არც ის უკვირს ვინმეს, როცა კონკრეტულმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ქალი ფარად გამოიყენა და თავად აიფარა ტყვიისგან თავდასაცავად. ზოგადად, ყველაფერი ეს პირობითი ცნებებია, ერთია, რა წერია დაუწერელ კანონებში, მეორეა _ რას ამბობენ ქურდები და მესამეა, როგორ მოქმედებენ ისინი კონკრეტულ დროსა და მომენტში. 

მიყვარს თუ არა მე ჩემი ცოლი? რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, პოლიცია რომ „დამეხვოსტოს“, არ მივატოვებ გაურკვეველი ვადით და „პაბეგში“ არ წავალ“, _ იტალიაში მცხოვრები ქართველი „კანონიერი ქურდის“ ეს სიტყვები მრავლისმეტყველია. 

სხვათა შორის, არცთუ იშვიათი შემთხვევა ყოფილა, როცა ქურდები, სწორედ ცოლების მეშვეობით დაუჭერიათ. უმუშავიათ სამართალდამცავებს, ქალებისთვის დაუჯერებიათ, რომ ასე უკეთესი იქნება და მათაც პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამთ. ადრე ასეთი საქციელი სიკვდილით ისჯებოდა, ახლა კი მკვლელობებს ყველა ერიდება, რადგან სასჯელიც გამკაცრებულია, საგამოძიებო ტექნოლოგიებიც შორსაა წასული და დამატებით, ქალის მკვლელობისთვის ციხეში წასვლა არავის სურს, თუმცა ადრე ისეც ყოფილა, რომ ციხიდან გამოსულ ქურდს, გამყიდველი ქალი თავად მოუკლავს და უკანვე შებრუნებულა. 

დღეს „კანონიერი ქურდების“ ცოლებს, ძირითადად, საკუთარი ბიზნესი აქვთ და ეს ბიზნესი მაღაზიებით, ან სილამაზის სალონებით შემოიფარგლება. შესაბამისად, ქმრის დაჭერის შემთხვევაში, ქალი ვერ აკონტროლებს მისი გავლენის სფეროებს, მაგრამ თუ განსაკუთრებული მტერი არ ჰყავს, მშვიდად აკეთებს საკუთარ ბიზნესს და ოჯახს არჩენს. 

დაუწერელ კანონში ახალი მუხლი ათიოდე წლის წინ ჩაიწერა _ დაკავებული ქურდის გავლენის სფერო, შესაძლოა, წაიღოს სხვა ქურდმა, მაგრამ ის არ უნდა შეეხოს ოჯახურ ბიზნესს ანუ იმ საქმეს, რომელსაც ცოლი აკეთებს. აქედან გამომდინარე, ქალმა „ქურდულ კარაბადინში“ რაღაც ფუნქცია შეიძინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სიტყვის უფლება მიეცა, ან მის მიმართ ნდობა გაჩნდა. 

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, „კაი ბიჭებისგან“ დღესაც გაიგონებთ ტერმინს _ „მურკა“ ანუ ქალი, რომელთანაც ცხოვრობ, მაგრამ ცხოვრობ იმიტომ, რომ მამაკაცური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო, თორემ რეალურად, ეს ქალი არც გიყვარს, არც მისი დაკარგვის გეშინია, არც ენდობი. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, სიტყვებით, თორემ რეალურად, უმრავლესობას ამ „მურკების“ დაკარგვის ეშინია და ძალიანაც უჭირს. 

ისე, არცთუ იშვიათად, პატიმრები იგებენ ხოლმე, რომ ცოლები, ან მეგობარი გოგონები გაუთხოვდნენ, ან სხვასთან დაიწყეს ცხოვრება. თუ საქმე რიგით პატიმარს ეხება, ის ნერვიულობას არ მალავს, ზოგი ლამის კედლებზე გადის, მაგრამ თუ საქმე „ბლატატასთან“ გვაქვს, მაშინ აგდებულად საუბრობს ამაზე, მშვიდად ამბობს, გავალ, სხვა „მურკას“ ვნახავო, მაგრამ რეალურად ხომ ყველამ იცის, რომ არანაკლებ ნერვიულობს, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი, უბრალოდ, აკრძალულია. 

ორ შემთხვევას მოგიყვებით, რომელიც რუსთავის #16-ე ზონაში მოხდა. გრძელვადიანი პაემნები ახალი დაწესებული იყო, როცა ერთ-ერთ, რიგით პატიმარს ცოლმა მოაკითხა. გრძელვადიანი პაემნების წესი ასეთია _ დილით გადაჰყავთ პატიმარი იმ კოტეჯში, სადაც 24 საათი უნდა გაატაროს, კეტავენ კოტეჯში, შემდეგ ზემდეგი მიდის და შემოჰყავს ოჯახის წევრი. კოტეჯის წინ, რკინის გისოსით შემოსაზღვრული აივანია, რომელსაც ბოქლომი ადევს. ჰოდა, გადაიყვანეს ეს პატიმარი გრძელვადიან პაემანზე, მოაკითხა ცოლმა და როცა კოტეჯში უნდა შეეშვათ, ცოლმა ოფიცერს უთხრა, კარი არ გააღოო. პატიმარი გაოცებული უყურებდა გისოსების მეორე მხრიდან ცოლს, მან კი მშვიდად უთხრა: 

„აქ იმისთვის მოვედი, რომ იგრძნო ის, რასაც ახლა იგრძნობ“. 

ეს თქვა და უკან გაბრუნდა. ამ ამბავში ყველაზე რთული ის არის, რომ მარტო პატიმარს კოტეჯში არავინ დატოვებდა და ცოლის წასვლის შემდეგ, 30 წუთში, ისიც „ზონაზე“ დააბრუნეს. რა თქმა უნდა, გაჩნდა კთხვა, რატომ დაბრუნდა ასე მალე და პატიმარიც იძულებული გახდა, მოეყოლა, რაც მოხდა (სხვა რამეს, უბრალოდ, ვერ მოიფიქრებთ იმიტომ, რომ სხვა რამ არ არსებობს, ოჯახის წევრი ან მოდის, ან არა და წერტილი). 

„კაი ბიჭებმა“ ხელი აუქნიეს, დაიკიდე, სხვას ნახავ „სვაბოდაზეო“, მაგრამ არ იყო ყველაფერი ეს მარტივი გადასატანი, ნერვიულობით კბილები დასცვივდა იმ პატიმარს, თუმცა თავისუფლებაზე გასვლის შემდეგ, ყველაფერი დალაგდა და ახლა ცოლთან ერთად, კვლავ ერთ ოჯახად ცხოვრობს. 

მეორე შემთხვევა არანაკლებ საინტერესოა: ერთ-ერთი პატიმარი მუდმივად ამბობდა, ცოლს გაფრთხილებული ვყავდი, თუ წამალზე ისევ დაგიჭერენ, რასაც ვერასდროს წარმოიდგენ, იმას ვიზამო. ჰოდა, მეორე წელს ამთავრებდა ეს პატიმარი და ამბობდა, როგორც ჩანს მაპატია, არაფერი ჩაუდენია, თორემ ქალის გაქანება ხომ იცითო. 

ჰოდა, ერთ დღესაც, როცა ცოლს ელაპარაკა, უთხრა, ხვალ ამა და ამ დროს დამირეკე, სიურპრიზი მაქვსო. ამანაც დაურეკა და მწარედაც ინანა: ტელეფონში სექსის ხმა გაიგონა, შემდეგ კი ცოლმა უთხრა, რომ მეგობარ კაცთან ერთობოდა და ეს იყო დაპირებული სასჯელი, თუმცა თავისუფლებაზე გასვლის შემდეგ, ეს პატიმარი ცოლს შეურიგდა და თქვა, რომ ცოლმა, უბრალოდ, ფილმიდან მოასმენინა ხმები და არა რეალურად, თუმცა ვინ იცის...

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში