Menu
RSS

დიდი „რაზბორკები“ კრიმინალურ სამყაროში

როგორ შეიწყალა ლუკაშენკომ ქართველი „კანონიერი ქურდი“ და რა საფრთხის წინაშე დგას კალაშოვის „სასტავი“

წინა კვირას, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტი“, მევლუდ ჭიჭიაშვილი, უკრაინელმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს, თუმცა ჭიჭიაშვილის მისამართით „კრიმინალური ავტორიტეტის“ თქმა ცოტა უცნაურია, რადგან ის, უბრალოდ, იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მარტო მოქმედებდა და ანგარიშს მხოლოდ საკუთარ თავს უწევდა. ასეთ ადამიანებზე ამბობენ ხოლმე, მათი ქურდებსაც ეშინიათო. ვერ გეტყვით, რამდენად ეშინოდათ ჭიჭიაშვილის ქურდებს, მაგრამ მას რომ ანგარიშს უწევდნენ, ფაქტია. ის არასდროს მონაწილეობდა კრიმინალურ გარჩევებში, თუმცა მის სახელს არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ჭიჭიაშვილს კიდევ ბევრ ისეთ საქმეს მიაწერენ და შეაწმენდენ ხელს, რომელიც არ ჩაუდენია. 

მოკლული ჭიჭიაშვილი კი იმიტომ გავიხსენეთ, რომ დაახლოებით, ანალოგიურ სიტუაციაშია ნადირ სალიფოვი, იგივე „გულიც“. ორი წელიც არაა გასული, რაც სალიფოვი ციხიდან გათავისუფლდა და ამ ხნის განმავლობაში იმდენი მოახერხა, რომ კრიმინალური სამყაროს „ნათლიმამად“ იქცა. მართალია, „გული“ „კანონიერი ქურდის“ სტატუსით სარგებლობს, მაგრამ დასამალი არაა, რომ მისი არაერთ ქურდს ეშინია. სწორედ რომ ეშინია, რადგან თავისი გავლენის სფერო სალიფოვს, არაერთმა ქურდმა უბრძოლველად გადაულოცა და თუ უცხოურ მედიას ვენდობით, მისი ქონება უკვე მილიარდს აჭარბებს. 

რა თქმა უნდა, ეს ამბავი ბევრმა ვერ აიტანა და, პირველ რიგში, შაქრო კალაშოვმა, რომელიც რუსმა სამართალდამცავებმა ხანგრძლივი ვადით გამოკეტეს ციხეში და ახლა კალაშოვი იქიდან ცდილობს სიტუაციის გაკონტროლებას, თუმცა ბერკეტები ნელ-ნელა ხელიდან ეცლება. ჯერ იყო და, მის მიერ დაწესებული აკრძალვა, „კანონიერ ქურდად“ აღარავინ ვაკურთხოთ, ჯერ იმაში გავერკვეთ, ჩვენს „ოჯახში“ მართლა ქურდი ვინ არისო, რამდენჯერმე უკვე დაირღვა და რაც მთავარია, დაირღვა მისი დაპატიმრების შემდეგ. ეს პირველი ნიშანია, რომ შაქროს ანგარიშს ბოლომდე აღარ უწევენ. ყველაზე ნათლად კი, კალაშოვისადმი უპატივცემულობა გასულ კვირას გამოჩნდა. ამ თემაზე, თურქეთში მცხოვრები ქართველი კრიმინალი გვესაუბრა. 

„კალაშოვის უახლოესი მეგობარი ბადრი კოღუაშვილია, „კანონიერი ქურდი“, რომელსაც „გული“ ერჩის. სწორედ „გულის“ გამო, კოღუაშვილს არაერთმა ქურდმა აქცია ზურგი და კალაშოვმაც ციხიდან შემოთვალა, „სხადნიაკი“ გააკეთეთ და იქ იმსჯელეთო, მაგრამ ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოვიდა. 

საქმე ისაა, რომ „სხადნიაკზე“ აუცილებლად უნდა იყოს „გულიც“, მაგრამ ის დუბაიდან გამოსვლას არ აპირებს. როცა თურქეთის პოლიციამ დაკავებული სალიფოვი გაუშვა და რუსეთს არ გადასცა, მისგან გარანტიაც მიიღო, რომ თურქეთში აღარ დაბრუნდება. იყო საბერძნეთის ვარიანტიც, მაგრამ „გულიმ“ პირდაპირ თქვა, რომ საბერძნეთში ჩასვლა არ სურს, რადგან კოღუაშვილს იქაურ სამართალდამცავებთან კარგი ურთიერთობა აქვს და არ არის დარწმუნებული, რომ არ დაიჭერენ. ეს, ყველაფერთან ერთად, ცალკე ბრალდებაა ბადრისადმი, რადგან „გულიმ“ ის, პრაქტიკულად, დაადანაშაულა, რომ პოლიციასთან არის შეკრული. თავის მხრივ, „გული“ ყველას დუბაიში ეპატიჟება, მაგრამ იქ კოღუაშვილი არ მიდის, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ სადმე ქილერის ტყვია არ დაეწევა“, _ გვეუბნება თურქეთში მცხოვრები ქართველი კრიმინალი. 

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, კოღუაშვილი თურქეთში იმყოფებოდა და ქვეყნის „მთავარ კრიმინალს“, სედატ პეკერს შეხვდა. როგორც გვიყვებიან, შეხვედრაზე კოღუაშვილმა პეკერს პირდაპირ უთხრა, როგორმე „გული“ თურქეთში ჩამოიყვანეო, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. უფრო მეტიც, პეკერმა „გულის“ დაურეკა და შეხვედრის დეტალები უამბო. როგორც ჩანს, იქ ითქვა ისეთი რამ, რაზეც სალიფოვი ძალიან გაბრაზდა და თავისი გარემოცვის სამი წევრი, დუბაიდან თურქეთში, სასწრაფო წესით გაამგზავრა ბადრისთან „დასალაპარაკებლად“. 

კოღუაშვილი მიხვდა, რომ მათთან საუბარი „საინტერესო“ არ იქნებოდა და ამიტომ, მაშინ, როცა დუბაიდან წამოსული თვითმფრინავი სტამბოლში დაეშვა, სტამბოლიდან ჩეხეთის მიმართულებით აფრენილ ლაინერს კოღუაშვილი გაჰყვა. 

ყველაფერ ამის პარალელურად, ბელორუსში უპრეცედენტო რამ მოხდა: ქვეყნის ფაშიზმისგან გათავისუფლების 75-ე წლისთავის აღსანიშნავად, ალექსანდრ ლუკაშენკომ 2 000 პატიმარი შეიწყალა. ძირითადად ისინი, რომლებიც წვრილმან დანაშაულზე იხდიდნენ სასჯელს და რომლებზეც ციხის ადმინისტრაციამ დადებითი რეკომენდაცია გასცა. შეწყალებულთა შორის, ყველასთვის მოულოდნელად, მოხვდა გელა ქარდავაც, „კანონიერი ქურდი“, რომელიც 20 თვის წინ, ბელორუსის პოლიციამ ზარ-ზეიმით დააკავა და სამწლიანი ციხეც მიუსაჯა ანუ ქარდავას 16 თვე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ შეწყალებულთა სიაში მოხვდა. როგორც ბელორუსული მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა „კრიმინალური სამყაროს“ უმაღლეს საფეხურზე მდგომი პირი ანუ „კანონიერი ქურდი“ შეიწყალა. სავარაუდოდ, ლუკაშენკოს არ უთხრეს, ვის იწყალებდა და ძალიან დიდი ალბათობით, ამ საქმეში ვიღაცებმა დიდი ფულიც აიღეს. სანამ ხმაური ატყდებოდა, ქარდავა თურქეთში გაფრინდა. 

ყველაფერი ეს საინტერესო იმიტომ არის, რომ ქარდავა ერთ-ერთ გავლენიან ქურდად ითვლება და მის მხარეს არაერთი ათეული „კანონიერი ქურდი“ იჭერს. საგულისხმოა ისიც, რომ ქარდავამ ჯერ 2002 წელს გამოთქვა პრეტენზია კოღუაშვილის მიმართ და მისთვის სტატუსის შეჩერება მოახერხა, მერე კი იგივე 2015 წელს გააკეთა. მაშინ დიდი ამბები ატყდა და სიტუაცია კალაშოვმა განმუხტა -„სხადნიაკი“ მოვიწვიოთ და ყველაფერი იქ განვიხილოთო. „სხადნიაკი“ დროში გაიწელა, მერე ქარდავაც დაიჭირეს, კალაშოვიც და ამ ამბავმაც გაურკვეველი ვადით გადაიწია, მაგრამ ახლა მთავარი მოქმედი პირები ანუ ქარდავა და კოღუაშვილი თავისუფლებაზე არიან და „სხადნიაკის“ მოწვევას ხელს არაფერი უშლის, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა. 

„სხადნიაკის“ მოწვევას გეგმავს ტარიელ ონიანიც. მოგეხსენებათ, მისი ციხეში ყოფნის დროს, გავრცელდა „მალიავა“, რომელსაც არაერთი „კანონიერი ქურდი“ აწერდა ხელს და რომელშიც მითითებული იყო, რომ ონიანს სტატუსი შეუჩერდა. ტაროს სწორედ ამ ადამიანებთან სურს გასაუბრება და უნდა მოისმინოს, რის საფუძველზე მოაწერეს მათ ხელი აღნიშნულ წერილს. 

როგორც ვარაუდობენ, ყველა ხელისმომწერი ბოდიშს მოიხდის და ტარიელიც მათ „დიდსულოვნად“ აპატიებს. ჰოდა, თუ იმავე „სხადნიაკზე“ ქარდავასა და კოღუაშვილის საქმეც გაირჩევა, დიდი ამბები იქნება. ონიანის დაჭერის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, ვინც მისი გავლენის სფეროებზე პრეტენზია განაცხადა, სწორედ ქარდავა იყო ანუ ტარიელს მასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. 

მეორე საკითხია ის, რომ ქარდავას პრეტენზია აქვს, არცთუ მცირერიცხოვანი, მეგრელი „კანონიერი ქურდების“ ლიდერად ითვლებოდეს, რაზეც პრეტენზია ონიანის უახლოეს მეგობარს, მერაბ ჯანგველაძესაც გააჩნია, ამიტომ ქარდავას ერთადერთი გზა რჩება -„გულის“ უნდა შეეკრას და მისი მხარდაჭერა მოიპოვოს. სხვა საკითხია, რამდენად აწყობს თავად „გულის“ ეს ამბავი, რადგან მან კარგად იცის, რომ ონიანის გათავისუფლებით, მისი ტახტრევანი ისედაც გვარიანად შეირყევა და სალიფოვს არ სურს, ონიანთან თავიდანვე ომში ჩაებას, ამიტომ ქარდავას ძალიან გაუჭირდება მისი მხარდაჭერის მოპოვება. 

ეგ კი არა და, ერთ-ერთი პირველი, ვინც გათავისუფლებულ ონიანს უმასპინძლებს, სწორედ სალიფოვი იქნება. სხვა საკითხია, რამდენად მოინდომებს თავად ტარიელი ამ მასპინძლობის მიღებას, რადგან მან ზუსტად იცის, რომ თავისუფლებაზე გამოსვლით, არაერთ ადამიანს დაუფრთხობს ძილს და სიფრთხილე მართებს. ჯერჯერობით ერთადერთი, ვისაც ტარო ბოლომდე ენდობა, მერაბ ჯანგველაძეა და ონიანიც თავიდან, სწორედ მასთან ერთად იქნება. 

ასეა თუ ისე, „კრიმინალურ სამყაროში“ დიდი გადანაწილება რომ იწყება, ფაქტია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი უსისხლოდ არ ჩაივლის. ვერ გეტყვით, ბოლოს როდის იყო, ქურდები ერთმანეთს იმ დონეზე აღარ ენდობოდნენ, რომ „სხადნიაკზე“ მისვლას ერიდებოდნენ, რადგან „ქურდული კარაბადინის“ მიხედვით, „სხადნიაკზე“ მისვლისგან თავის შეკავება, დანაშაულის პირდაპირი აღიარებაა, თუმცა როგორც ჩანს, დაუწერელ კანონებში, რაღაც ისევ დაუწერლად შეიცვალა. 

ჰოდა, სწორედ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, თავში რომ ვახსენეთ -ჭიჭიაშვილი არ იყო ქურდი, მაგრამ მისი ყველას ეშინოდა. ახლა კი, ქურდები არიან და... ერთმანეთის ეშინიათ და დაუწერელ კანონებზე მეტად, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე უფრო ფიქრობენ, ზემდეტად ფრთხილობენ და მათი დაცვაც იმ ოდენობის და შეიარაღებისაა, პრეზიდენტებს შეშურდებათ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში