Menu
RSS

სკანდალური ექსკლუზივი _ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე რეკომენდაცია მარგველაშვილის შეწყალების კომისიამაც გასცა!

„ხელი გამიშვი, სად მიმათრევ, ბიჭოო!“ _ დევაძის სკანდალური ჩვენება და თარაშ მუკბანიანის მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები!

 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, ბოლოს გამოცემული შეწყალების აქტი კიდევ კარგა ხანს იქნება განხილვის თემა. შეწყალებულთა სიაში მკვლელობისთვის გასამართლებულები, ნარკორეალიზატორები და ერთი ძებნილიც მოხვდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. პირველი, ვისზეც ხმაური ატყდა, რამაზ დევაძე იყო, პირი, რომელსაც ბათუმის ღამის კლუბში, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობის გამო, 12 წელი ჰქონდა მისჯილი. მოგვიანებით, ამ საქმეში ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა და ისიც ითქვა, რომ მუკბანიანის ოჯახის წევრები დევაძის შეწყალების წინააღმდეგნი არ იყვნენ. 

ჩვენ საქმის დეტალებზე, ადვოკატ ირაკლი გაბრიჭიძეს ვესაუბრეთ. სწორედ გაბრიჭიძე იყო პირველი, რომელმაც დევაძე დაკავების შემდეგ ნახა და დღემდე მის ინტერესებს იცავს. მოკლედ, „ვერსია“ სკანდალური საქმის არანაკლებ სკანდალურ გაგრძელებას გთავაზობთ.

_ ბატონო ირაკლი, გაიხსენეთ როგორ გახდით დევაძის ადვოკატი და რა მოხდა საწყის ეტაპზე? 

_ ღამის ორ საათზე, დამირეკეს დევაძის ოჯახის წევრებმა და მითხრეს, რომ რამაზი დააკავეს. დილის 8 საათზე, უკვე ბათუმში ვიყავი. თავიდან პოლიციელები ვნახე, რომლებმაც თქვეს, ჩვენი თანამშრომელი დახვრიტა, ორი ტყვია ესროლა მიბჯენით, დაბლა წაქცეულსო. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, რადგან თუ პოლიციელების სიტყვებით ვიმსჯელებდი, გამართლების შანსი არ იყო. ვნახე დევაძე და პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა _ ის ამბობდა, რომ არავინ მოუკლავს. 

შემდეგ გავარკვიე, რომ მუკბანიანს ორი კი არა, ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ხოლო საქმე ბოლომდე სუფთა რომ არ იყო, საბოლოოდ, მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, უბრალოდ, გაქრა. 

_ კამერის ჩანაწერები პირადად მაქვს ნანახი, თან რამდენიმე რაკურსით და რას ნიშნავს, გაქრა? 

_ ღამის კლუბში, სადაც მკვლელობა მოხდა, რამდენიმე კამერა დგას. ამოიღეს ყველა ჩანაწერი, გარდა იმ კამერისა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო შემთხვევის ადგილთან. რომ ვკითხე, ამ კონკრეტული კამერის ჩანაწერი სად არის-მეთქი, მიპასუხეს, ვერ ამოვიღეთო ანუ კამერა მუშაობდა, ყველაზე ახლოს იყო და ვერ ამოიღეს? 

გამაკვირვა იმანაც, რომ დევაძე სარფის საბაჟო პუნქტზე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციისადმი პატივისცემის მიუხედავად, კაცი, რომელსაც ქვეყნიდან გაქცევა სურს, საბაჟოს არ მიადგება, სხვა გზით წავა და, დამიჯერეთ, სურვილის შემთხვევაში, დევაძეს ბათუმიდან თურქეთში არაოფიციალურად გადასვლა არ გაუჭირდებოდა. ამის ნაცვლად, ის პირდაპირ მივიდა საბაჟოზე და იქ დააკავეს მკვლელობის ბრალდებით, რამაც ძალიან გააკვირვა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ არავინ მოუკლავს. 

_ თუ ასეა, მაშინ, მომხდარიდან 2 საათში, რატომ მიდიოდა ქვეყნიდან? 

_ მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ადგილობრივ ძალოვანებთან. ბარში მომხდარი ჩხუბის გამო კი იფიქრა, რომ მისი დაკავების მიზეზი ექნებოდათ და სიტუაციიდან განრიდება სცადა. აი, ამონარიდი რამაზის ჩვენებიდან: 

„2014 წლის 26 დეკემბერს, მე, ჩემს მეგობრებთან _ ბესიკ მამულაძესთან, რამინ შაქარიშვილთან და გელა ჩხაიძესთან ერთად, ვიმყოფებოდი ქ. ბათუმში, გ. ტაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ „კიდობანში“. იქ მივედით, დაახლოებით, დღის 13:00 საათზე, დავიწყეთ ალკოჰოლური სასმელების _ არყისა და კონიაკის დალევა, თავდაპირველად, გელა არ გვახლდა და ის მოგვიანებით შემოგვიერთდა. ჩვენ ხსენებულ კაფე-ბარში გავჩერდით, დაახლოებით, სამი საათი, რის შემდეგაც ავედი გონიოს დასახლებაში პირად საქმეზე, მეგობრებთან ერთად, იქედან მალე დავბრუნდით და კვლავ მივედით კაფე-ბარ „კიდობანში“, სადაც კვლავ გავაგრძელეთ ქეიფი, იქ გავჩერდით რამდენიმე საათი, რის შემდეგაც გასული წლის 27 დეკემბრის, დაახლოებით, 01:00 საათზე, მე, ბესიკ მამულაძე, რამინ შაქარიშვილი და გელა ჩხაიძე, წავედით ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩაზე მდებარე დისკო-კლუბ „ლეგასში“. იქ მივედით ბესიკ მამულაძის მართვის ქვეშ არსებული ავტომაქანით, ჩვენ ცოტა გართობა და დროის გაყვანა გვინდოდა, რადგანაც შუაღამისას, ველოდებოდი სტუმარს თურქეთის რესპუბლიკიდან და მოგვიანებით, იმას უნდა დავხვედროდი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ქემალ ფაშაში, იქედან კი ორივე ერთად გადმოვიდოდით საქართველოში, სარფის გავლით. 

დისკო-კლუბში მისულებმა, მანქანა გავაჩერეთ კლუბის წინ ეზოში და ჩვენ, ოთხივე, შევედით დისკო-კლუბის დარბაზში, სადაც იყო უამრავი ხალხი. მე წავედი მეგობრებთან ერთად დარბაზის ბოლოსკენ, სადაც სარკის წინ არის საცეკვაო ადგილი და ბოლოში არის შემაღლებული ბაქანი, მასზე არსებული მაგიდებითა და სავარძლებით, ასევე, სხვა ინვენტარით. როდესაც მიუახლოვდით ხსენებულ ბაქანს, დავინახე, რომ ბაქნიდან ხელს მიქნევდა ჩემი ნაცნობი ზვიად თავაძე, კონკრეტულად, საიდან ვიცნობ, ვერ გავიგე, გვყავს საერთო მეგობრები, ის გვეპატიჟებოდა ბაქანზე არსებულ მაგიდასთან და მივხვდი, რომ ის იყო ხსენებულ მაგიდასთან შეკრებილი სტუმრებიდან ერთ-ერთი. მე მივიღე მისი მიპატიჟება და ავედი ბაქანზე, უკან ამომყვა ბესიკ მამულაძე, ხოლო 2-3 წუთში კი _ გელა ჩხაიძე და რამინ შაქარიშვილი. მე და ბესიკი მივედით მაგიდის თავთან, სადაც ზვიად თავაძემ შეგვივსო ჭიქები. ვერ ვიხსენებ, იმ მაგიდასთან დავლიე თუ არა, რადგანაც კაფე-ბარ „კიდობანიდან“, ფაქტიურად, მთვრალები წამოვედით, მისვლიდან დაახლოებით, 20 წუთში, ბაქანზე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამოვიდნენ გელა და რამინი, რომლებსაც მე შევეგებე მოაჯირებთან, რის შემდეგაც, ყველანი ერთად მივედით მაგიდასთან. 

მისვლიდან რამდენიმე წამში, მე დავინახე, რომ ჩემს სიახლოვეს მყოფი ბესიკ მამულაძე, ეკამათებოდა ჩემთვის უცნობ პირს, როგორც შემდეგში გავიგე, ეს პიროვნება იყო თარაშ მუკბანიანი. სანამ მათთან მივიდოდი, დავინახე, რომ თარაშმა ამოიღო პისტოლეტი და მიმართა ბესიკის სახისკენ. ამ დროს მაგიდიდან წამოდგნენ იქ მყოფი მამაკაცები, მათ შორის, ზვიად თავაძე და ცდილობდნენ, რომ მოკამათეები დაეშოშმინებინათ და თარაში დაეწყნარებინათ. დავინახე, რომ მოკამათეებს შორის, გასაშველებლად ჩადგა გელა ჩხაიძე, ხოლო თარაშმა მისი სახის მიმართულებით მიმართა იარაღი. მე არ მინდოდა, რომ რაიმე ცუდი მომხდარიყო, რის გამოც მე მივედი თარაშთან და უკანა მხრიდან, უსიტყვოდ, წელში შემოვხვიე ხელები და ვცდილობდი, რომ ჯერ ბაქნიდან ჩამომეყვანა, ხოლო შემდეგ კლუბიდან გამეყვანა და დამეწყნარებინა.

ამ დროს თარაში, იარაღით ხელში, იწევდა ბაქანზე, უკან მყოფი ჩემი მეგობრების მიმართულებით. მე მოვახერხე და თარაში მივიყვანე ბაქნიდან ჩამოსასვლელ კიბეებთან, რის შემდეგაც დავიწყეთ კიბეებზე ჩამოსვლა. ჩამოსვლის დროს, მე ფეხი დამისხლტა საფეხურზე და კიბეებზე ჩამოვედი ბორძიკით. სწორედ ამ მომენტში შემომხედა მან მე და მიხვდა, რომ მე არ ვიყავი მისი მეგობარი, მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ მე აქტიურად მოვუწოდებდი დამშვიდებისაკენ, ის ყურადღებას არ მაქცევდა და ჩემსკენ არ იხედებოდა. სწორედ კიბეზე წაბორძიკების დროს, უფრო სწორად, შემდეგ შემომხედა მან და როდესაც დამინახა უცნობი პირი, აგრესიულად დამიყვირა _ „ხელი გამიშვი, სად მიმათრევ, ბიჭოო!“ 

მე კვლავ მოვუწოდე, რომ დამშვიდებულიყო და იარაღი შეენახა, რაზეც თარაშმა შემაგინა დედის მისამართით, იმავდროულად დავინახე, რომ თარაშმა ხელში დაკავებული პისტოლეტი მომართა დაბლა, ჩემი ფეხის მიმართულებით. მე მივხვდი, რომ ის აპირებდა ჩემზე სროლას, რის გამოც გავწიე სწრაფად ფეხი და, მართლაც, გავიგონე გასროლის ხმა. ამის შემდეგ, მან მომართა იარაღი მეორე ფეხის მიმართულებით. მე მოვასწარი და ამჯერად, იარაღიდან მოშორებით, მეორე მხარეს გავიწიე და გაწევისთანავე, გავიგონე მეორე გასროლის ხმა. მე მაინც არ გავუშვი ხელი, რის გამოც თარაშმა უკვე ჩემი სახის მიმართულებით დამიმიზნა იარაღი და კვლავ გინებით მითხრა, ხელი გამიშვიო. მივხვდი წამიერად, რომ ის აპირებდა ჩემი მიმართულებით გასროლას, რის გამოც მე მყისიერად, ჭიდაობის ერთ-ერთი ილეთით გავიქნიე თარაში ზურგის მხარეს, მისი უკუგდების დროს. მე კვლავ მომესმა გასროლის ხმა, სწორედ უკუგდების მომენტში. ილეთიდან გამომდინარე, თარაშთან ერთად, მეც დავეცი მეტლახის იატაკზე და დავარტყი თავი იატაკს, ცოტა გავბრუვდი, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. 

მე დავინახე, რომ თარაში იყო უმოძრაოდ, უგონოდ, რის გამოც მე მისი განიარაღების მიზნით, ხელი გავაშვებინე პისტოლეტს, რომელზეც ხელის გაშვება თარაშს არ უნდოდა და წავართვი პისტოლეტი. 

ამის შემდეგ, მე წამოვდექი ფეხზე, ხელში მეკავა პისტოლეტი და ვიცოდი ისიც, რომ გასროლის შემდეგ, პისტოლეტი იქნებოდა დამუხტულ, შეყენებულ მდგომარეობაში, რის გამოც იარაღს მყარად მოვკიდე ხელი და ვცდილობდი მის განმუხტვას, რა დროსაც ვერ ვიგრძენი მე, რა დროს მიმედო ხელი სასხლეტ კავზე, უეცრად გავიგონე გასროლის ხმა და მივხვდი, რომ ჩემს ხელში არსებული იარაღი გავარდა. 

მე, ამ ფაქტის შედეგად, დავიბენი, ვერ დავინახე, რა მიმართულებით წავიდა ტყვია და სად მოხვდა. წამიერად, მე მოვედი გონს და შევიხედე სარკისა და მისი იარაღის მიმართულებით, რა დროსაც დავინახე, რომ თარაში კვლავ იატაკზე იწვა გაუნძრევლად. მე იმ მომენტში არ ვიცოდი, ჩემი ხელიდან შემთხვევით გავარდნილი ტყვია ვინმეს თუ მოხვდა, რის გამოც თარაშზე განაწყენებულმა, იმის გამო, რომ მისი არასწორი ქმედების გამო, კინაღამ მე დავიღუპე, რადგანაც ის აპირებდა ჩემზე სროლას, მივედი თარაშთან და მივარტყი ფეხი, რის შემდეგაც ხელში დაკავებული იარაღი დავაგდე იატაკზე, მწოლიარე თარაშის გვერდით და მე, ბესიკთან და რამინისთან ერთად, გამოვედი დისკო-კლუბიდან. 

მე, დისკო-კლუბიდან გამოსვლის შემდეგ, მომხდარი ფაქტები მახსოვს ნაწილობრივ, კერძოდ, ვაჩვენებ, რომ კლუბიდან გამოსვლისას, მე არ ვიცოდი, ჩემი ხელიდან შემთხვევით გავარდნილი ტყვიით თუ იყო ვინმე მკვდარი. ასევე, მქონდა განცდა, რომ მე მკლავდნენ და გადავურჩი სიკვდილს. მე, მომხდარის შედეგად, ვიყავი აღგზნებული და როგორც მახსოვს, დისკო-კლუბიდან გამოსვლის შემდეგ, ერთ, თუ ორ პიროვნებას დავარტყი ხელი...“ 

_ შემდეგ რა მოხდა? 

_ შემდეგ უკვე, მოწმეების გაქრობა დაიწყო. ვინმემ სადმე ახსენა, რომ მუკბანიანმა ბარში სამი ადამიანი დაჭრა მანამ, სანამ დევაძე იარაღს წაართმევდა? ამ სამიდან ერთი, თურქეთის მოქალაქე იყო, რომელიც, უბრალოდ, გააქრეს, დაცვის ერთი თანამშრომელი, რომელსაც ტყვია თითში მოხვდა და თითი დაკარგა, ისიც გააქრეს. ჩვენება აგებული იყო დაცვის ორ თანამშრომელზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ წაქცეულ მუკბანიანს, დევაძემ დამიზნებით, ზემოდან ქვემოთ ესროლა. ამ დროს, სასამართლოზე წარვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ეწერა, რომ გასროლა მოხდა ქვემოდან ზემოთ ანუ დევაძეს მუცელთან ეჭირა იარაღი, მუკბანიანი ფეხზე იდგა და უნებური გასროლის შედეგად, ტყვია მას ლოყაში მოხვდა. 

საქმეში იდო ფსიქოლოგის დასკვნა, რომელიც პირდაპირ ამბობს: კლუბიდან გამოსვლის დროს, დევაძის მდგომარეობა ნათლად მიუთითებდა იმაზე, რომ მან არ იცოდა,დაშავდა თუ არა ვინმე გასროლილი ტყვიით. 

_ მოწმეები თუ ამბობდნენ, წაქცეულ მუკბანიანს ესროლა დევაძემო, ხოლო ექსპერტიზამ გასროლა პირიქით _ ქვემოდან ზემოთ დააფიქსირა, სასამართლომ ეს როგორ არ გაიზიარა? 

_ არ გაიზიარა. სასამართლოზე ახლიდან დაკითხეს მოწმეები და მათ ჩვენება შეცვალეს. როცა მოსამართლეს მათი ჩვენებები დავუდეთ წინ, მან არ გაიზიარა და განაცხადა, რომ ადრე მიცემული ჩვენებები არ აინტერესებდა და იზიარებდა მხოლოდ იმას, რასაც სასამართლოზე ისმენდა. ამ დროს, ჩვენ ვაპელირებდით, რომ გასროლა მოხდა შემთხვევით. რაც შეეხება იარაღს, ამ კონკრეტულ იარაღზე, საუბარია „Hშ-9“-ზე, ექსპერტს პირდაპირ უწერია: 

„პისტოლეტ Hშ-9“-ს არ გააჩნია ჩახმახი, რომლითაც შეიძლება დადგინდეს, არის თუ არა მოყვანილი იგი საბრძოლო მდგომარეობაში, ამავე დროს, საკეტის გადმოწევა ლულაში არსებული ვაზნის ამოსაგდებად სახელურის ანუ ტარის მცველის დაჭერის გარეშე, შეუძლებელია. ე.ი. ცერა თითისა და ხელის გულის გადაბმის ადგილით უნდა ჩაიძიროს ტარის მცველი, უნდა მოხდეს სახელურზე ე.წ. მუშტის შეკვრა, მაგრამ ამ დროს, თუ თითი სასხლეტზე არის მოთავსებული, სასხლეტის მცველის ჩაწევას (გათიშვას) თითი ვერ გრძნობს, რა დროსაც შესაძლებელია, მოხდეს გაუთვალისწინებელი გასროლა. უსაფრთხოების მაღალი დონის მიუხედავად, გამოუცდელ და კონსტრუქციას გაუცნობიერებელ, ეიფორიაში მყოფი ადამიანის ხელში, შესაძლებელია მოხდეს შემთხვევითი გასროლა იმ დროს, როცა იგი დააპირებს სავაზნიდან ვაზნის ამოგდებას, ან სავარაუდოდ, ჩახმახის დაშვებას, რომელიც მას არ გააჩნია ანუ განმუხტვას...“ 

პრაქტიკულად, ექსპერტი ჩვენ გვეთანხმებოდა და სასამართლომ ესეც არ გაითვალისწინა. სასამართლომ არ გამოითხოვა ყველაზე ახლოს მყოფი კამერის ჩანაწერები, სასამართლომ არ გაიზიარა კადრი, რომ მუცელზე მიბჯენილი იარაღით ვერ მოახერხებ დამიზნებას და ეს იყო შემთხვევითი გასროლა. 

_ ანუ, თქვენ თანახმა იყავით გაუფრთხილებელ მკვლელობის მუხლზე? 

_ რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ არ ვამბობდით, რომ დევაძეს არავინ მოუკლავს, მაგრამ ეს იყო შემთხვევით, განზრახვის გარეშე და არა ისე, როგორც ამბობდნენ. ამ მუხლზე სასჯელი 2-დან 4 წლამდეა და ჩვენც, სწორედ ამას ვითხოვდით. მოსამართლემ არაფერი გაიზიარა და არაფერი გაითვალისწინა, სააპელაციომ, დავაკონკრეტებ, ქუთაისის სააპელაციომ განაჩენი ძალაში დატოვა და ვისაც ამ უწყებასთან ჰქონია შეხება, დამეთანხმება, რომ ქუთაისის სააპელაციოში განცხადების შეტანას, უბრალოდ, აზრი არ აქვს, ხოლო უზენაესმა, საქმე წარმოებაში არ მიიღო. არადა, დარწმუნებული ვარ, უზენაესში შანსი გვექნებოდა, რადგან მტკიცებულებები ძალიან, ძალიან სერიოზული იყო. 

_ და მივედით მთავარზე _ შეწყალებაზე. 

_ პროცესი ბევრად ადრე დაიწყო. თავიდან, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას მივმართეთ. მაშინ შეწყალების კომისიაც ფუნქციონირებდა და საქმის მასალების დეტალური განხილვა კატეგორიულად მოვითხოვეთ. კომისიამ ეს საქმე შეისწავლა და დადებითი რეკომენდაცია გასცა. 

_ ანუ, მარგველაშვილის დროს არსებულმა შეწყალების კომისიამ ამ საქმეზე დადებითი რეკომენდაცია გასცა? 

_ დიახ. 

_ და რატომ არ შეიწყალა მარგველაშვილმა დევაძე? 

_ მან მოითხოვა დაზარალებულების თანხმობა და... 

_ და თქვენ ეს თანხმობა არ გქონდათ... 

_ გვქონდა, როგორ არ გვქონდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ამ საქმეზე სიმართლე გაეგო ყველას. იქნებოდნენ ეს დევაძის მეგობრები, დაზარალებულები, თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირი. მოხდა ისე, რომ მუკბანიანის მეუღლეს გააცნეს საქმე, როგორც მე ვიცი, მან ნახა ფირიც და დარწმუნდა, რომ გასროლა იყო შემთხვევითი და არა _ მიზანმიმართული. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ მუკბანიანის მეუღლემ, ყოველგვარი ანგარებისა და ძალდატანების გარეშე, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ნოტარიულად დაამოწმა, რომ დევაძის გათავისუფლების წინააღმდეგი არ იყო. 

_ მაშინ, რატომ არ შეიწყალა მარგველაშვილმა? 

_ მე ასე ვიტყვი, მას არ ეყო სიმამაცე, ვერ გაბედა გადაწყვეტილების მიღება და ეს, იმის მიუხედავად, რომ მაგიდაზე ედო შეწყალების კომისიის დასკვნა, დაზარალებულის თანხმობა და სხვადასხვა ფედერაციისა, თუ ცნობილი ადამიანების ათეულობით შუამდგომლობა. 

_ დევაძის საქმეზე რომ განცხადება არაერთმა ფედერაციამ და, მაგალითად, სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოშინოშინმა შეიტანა, მართალია? 

_ დიახ. 

_ შემდეგ რა მოხდა? 

_ შემდეგ ანალოგიური განცხადებით მივმართეთ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას. მან მიიღო დოკუმენტაცია და მოითხოვა ახალი თანხმობა დაზარალებულებისგან ანუ ჩათვალა, რომ ძველი თანხმობა არ იყო საკმარისი. მოხერხდა დაკავშირება მუკბანიანის მეუღლესთან და მან ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში ახალი დოკუმენტი, ისიც ნოტარიულად დამოწმებული, თავად დატოვა. ამის შემდეგ მოხდა შეწყალება. 

_ უშუალოდ სასამართლოს მიმდინარეობის დროს რატომ არ ანახეთ დაზარალებულებს ფირი და რატომ არ გააცანით საქმის მასალები? 

_ მაშინ ამის შესაძლებლობა არ იყო. ოჯახი შოკში იყო, დაიღუპა ახალგაზრდა კაცი და ვერავინ მივიდოდა და ვერავინ ეტყოდა, მოდით, საქმის მასალებს გაეცანითო. თავად მეუღლეც უმძიმეს მდგომარეობაში გახლდათ, ექიმების დახმარება სჭირდებოდა, ისეთ შოკურ და სტრესულ მდგომარეობაში იყო. 

_ სულ რამდენი მოიხადა დევაძემ? 

_ 4 წელი და 8 თვე ანუ იმაზე მეტი, რაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისთვისაა გათვალისწინებული. 

_ დევაძისა და მინდია გორაძის, იგივე ლავას ოღლის ურთიერთობაზეც უნდა გკითხოთ. მაშინ აპელირებდნენ, რომ დევაძე ლავას ოღლის უახლოესი მეგობარი და დაჯგუფების წევრი იყო. 

_ მაშინ ეს ყველაფერი ოპოზიციამ თქვა, რადგან სჭირდებოდა ხმაური და სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, სჭირდებოდა იმის თქმა, რომ კრიმინალებმა პოლიციელებზე ნადირობა დაიწყეს. რაც შეეხება დევაძეს, თავის დროზე, ის გორაძესთან ერთად დადიოდა ჭიდაობაზე ანუ ისინი ერთ დარბაზში ვარჯიშობდნენ ზუსტად ისე, როგორც ვარჯიშობდა კიდევ ასი კაცი. ბავშვობაში, შეიძლება, მეც დავდიოდი სპორტის სახეობაზე რომელიმე ცნობილ, თუ უცნობ ადამიანთან ერთად და მერე რა? ადამიანს რომ იცნობ, ეს დანაშაულია? 

რაც შეეხება მეგობრობასა და დაჯგუფების წევრობას, პროკურატურამ ვერ დადო ვერც ერთი მტკიცებულება, რომ ბოლო წლებში, დევაძესა და ლავას ოღლის რაიმე კავშირი ჰქონიათ, ან ტელეფონით უსაუბრიათ, ან შეხვედრიან. ეს იყო ოპოზიციის მიერ, თითიდან გამოწოვილი ინფორმაცია. ვიღაცამ უთხრა, რომ ისინი ბავშვობაში ერთ დარბაზში ვარჯიშობდნენ და ეს დაიხვია ხელზე. დაახლოებით, 200-300 კაცი იტყვის ბათუმში, რომ ბავშვობაში, დევაძესთან ერთად ვარჯიშობდა და შესაბამისად, გორაძესთან ერთადაც და ეს დანაშაული არ არის. 

_ ახლა რას აკეთებს დევაძე? 

_ მალე ჭიდაობაში ვეტერანთა პირველობა გაიმართება. რამაზს სურდა, ციხიდან მიეღო ამ ტურნირში მონაწილეობა, ახლა კი თავისუფლებაზე მყოფი ვარჯიშობს და აუცილებლად იჭიდავებს. ის სპორტსმენი კაცია, არ არის მილიონერი, როგორც ამას აშუქებდნენ. მისი დაჭერის შემდეგ, ოჯახს ისე გაუჭირდა, რომ ბინა ბანკში ჩადეს და დიდი ალბათობით, ამ ბინას დაკარგავენ. კიდევ ვიმეორებ, რაც ჩაიდინა დევაძემ, იმისთვის უკვე მოიხადა სასჯელი. 

_ ითქვა ისიც, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს, პატრიარქის ძმისშვილმა, მეუფე დიმიტრიმაც მიმართა. 

_ შეწყალების საქმეში მეუფე დიმიტრის განცხადება არ დევს, შესაბამისად, ამას ვერ დავადასტურებ. იყო დევაძის პირადი მოძღვრის განცხადება, მაგრამ არა მეუფე დიმიტრისა.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში