Menu
RSS

რატომ იკლავენ თავს მოზარდები

რამდენი ადამიანია დასჯილი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ბულინგისგან

ბოლო დროს, სუიციდის შემთხვევები გახშირდა და ასეთ დროს, შსს გამოძიებას, როგორც წესი, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყებს, თუმცა საინტერესოა, თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო, ვინმე დაისაჯა თუ არა? „ვერსიამ“ გაარკვია, როგორია სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღძრული და გახსნილი საქმეების სტატისტიკა. ამასთან, ფსიქოლოგსაც ვესაუბრეთ, რომელმაც აგვიხსნა, რა უყალიბებს ადამიანებს და, განსაკუთრებით, მოზარდებს ისეთ სისასტიკეს, რასაც ბულინგი ჰქვია და რის გამოც, მათი თანატოლები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ფსიქოლოგმა ისიც გვითხრა, თუ რა უნდა გააკეთოს ოჯახმა, საზოგადოებამ და სკოლამ ბავშვის სწორად აღსაზრდელად... ამავე სტატიაში გაგაცნობთ შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრულ ქეისებსაც...

რამდენიმე დღის წინ, ვარკეთილში, 16 წლის ბიჭი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა და სიცოცოცხლე სუიციდით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, თანატოლებმა მას დამამცირებელ გარემოებაში, მობილური ტელეფონი წაართვეს და დაალომბარდეს. 16 წლის მოზარდის სუიციდის მიზეზი ბულინგი გახდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარკეთილში, მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია: 

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, 6 პირი დააკავეს. დანაშაული 2-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული გ.შ., 2002 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გ.ბ., 1998 წელს დაბადებული გ.გ., 2002 წელს დაბადებული გ.მ. და 1998 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.წ. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს, მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. მომხდარიდან მეორე დღეს, ამავე ფაქტზე პოლიციამ 1999 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევი გ.მ.-ც დააკავა, რომელსაც, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას, ამოღებულია „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები. 

გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“. 

თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, შსს-მ რამდენიმე თვის წინ, გურიაში მომხდარ ფაქტზეც ერთი პირი დააკავა: 

„შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. ჩადენილი დანაშაულის უმაღლესი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ., სოციალური ქსელის -Fაცებოოკ-ის საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს, გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის საშუალებით, გოგონასთან მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს, აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც, არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც, ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ საჯარო ინფორმაციაში, 115-ე მუხლით აღძრული საქმეების სტატისტიკა კი ასეთია: 

2018 წელი _ სულ რეგისტრირებულია 1 253 საქმე; გახსნილია _ 3. 

2019 წელი _ რეგისტრირებულია 1 392 საქმე; გახნსილია _ 6. 

„ვერსია“ ფსიქოლოგ ზურა მხეიძეს ესაუბრა: 

_ ბატონო ზურა, რა უყალიბებს ადამიანებს, განსაკუთრებით, მოზარდებს იმგვარ სისასტიკეს, რასაც სხვები თვითმკვლელობამდე მიჰყავს? 

_ საერთოდ, ბავშვები განსწავლას ახორციელებენ გარკვეული ქცევითი მოდელებით და სოციალური გარემოთი ანუ რაც გარეთ ტრიალებს, მათთვის ჩვეულებრივი რამაა. მასმედიასა და ურთიერთობებში რა აგრესიასაც ვხედავთ, ამის კულტივირება ხდება. აგრესია ყოველდღიური, ჩვეულებრივი მოვლენა და დასაშვებია, თან მე რასაც მინდა, იმას ვიტყვი თქვენ შესახებ და ეს გადის აზრისა და თავისუფლების გამოხატვაში ანუ წახალისებულია ეს აგრესია. მაშინ ნუღარ გვიკვირს, რომ მოზარდებმა და ბავშვებმა ეს შეითვისონ და ხშირად განახორციელონ კიდეც ასეთი ქცევები. 

_ ასეთ დროს რა როლი ენიჭება ოჯახსა და მშობლებს? 

_ ოჯახს ერთ-ერთი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აღზრდის პროცესში იმიტომ, რომ გარემო იმდენად აგრესიული და არასწორია, ერთადერთ იმედად, რომელმაც ბავშვს სწორი ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბოს, ოჯახის ინსტიტუტი რჩება. რა თქმა უნდა, სკოლასაც თავისი პასუხისმგებლობა აქვს, ოჯახსაც და ზოგადად, საზოგადოებასაც. უბრალოდ, კარგად ვიცით, რომ არავის უნდა, თვითონ დაიბრალოს ეს საკითხი და მარტო ერთ მხარეზე ხდება გადაბრალება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, რას ხედავს ბავშვი, რა ღირებულებებია მის ოჯახში და ა.შ. 

_ მშობელმა რა უნდა გააკეთოს, რომ მისი შვილი მსხვერპლი არ გახდეს? შეიძლება, კარგ მოქალაქედ აღვზარდო შვილი და სხვას არაფერი დაუშავოს, მაგრამ როგორი მეთოდით გავზარდო, რომ თავად არ გახდეს სხვების მსხვერპლი? 

_ ზოგადად, მოზარდების ასაკი, განსაკუთრებით, 12 წლიდან ზემოთ, ძალიან მგრძნობიარეა. ოჯახთან ერთი პრობლემაა: ეს აღარ არის ბავშვი, არც ზრდასრულია, ამ ასაკში ხდება თავისი სოციალური სტატუსის დამკვიდრება. თუ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მშობლის შეფასება, შემდეგ უკვე, ამგვარი შეფასება საკმარისი არაა და მას აინტერებს თავისი სტატუსი თანატოლებში. აქედან გამომდინარე, იწყება ამბოხი, მათ შორის, მშობლის მიმართაც იმის დასამტკიცებლად, რომ პიროვნებაა. ამიტომ, ამ ასაკში ბულინგი და ის, რაც ხელს უშლის მის რეალიზებას, სოციალურ სივრცეში ადგილის დამკვიდრებას, გაცილებით მგრძნობიარედ აღიქმება. ოჯახმა რა უნდა გააკეთოს? პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რა სიტუაციაა, რა ღირებულებებს ხედავს ოჯახში მოზარდი. ეს მგრძნობიარე, გარდატეხის პერიოდი, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გაიაროს მშობელმა იმიტომ, რომ მოზარდები მგრძნობიარენი არიან ისეთი რაღაცის მიმართ, რასაც ზრდასრული საერთოდ არ მიაქცევს ყურადღებას, მოზარდისთვის კი ეს მნიშვნელოვანია მანამ, სანამ თავის თავზე შეხედულება არ განუვითარდება. მშობლებს ხშირად არ გვახსოვს, იმ პერიოდში რა განცდები გვქონდა, გეგონება, ბავშვობიდან უცებ გავიზარდეთ, მაგრამ რთული პერიოდია გასავლელი... 

_ სახელმწიფომ ამ კუთხით მარეგულირებლის როლი როგორ უნდა მოირგოს? 

_ სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს, რა ტიპის მოქალაქე უნდა, რომ მიიღოს. სახელმწიფოს აქვს მოვალეობები თავისი მოქალაქეების მიმართ, მაგრამ მოქალაქესაც აქვს მოვალეობები სახელმწიფოს მიმართ. მარტო უნარების, ინგლისურის ცოდნაზე კი არა, ღირებულებების ჩამოყალეიბებაზეც უნდა იფიქრონ. მე, მაგალითად, არ ვიცი, რანაირ მოქალაქეს ზრდის სახელმწიფო. ცოდნით ნაწილში, ასე თუ ისე, იციან, რა უნდა ასწავლონ, მაგრამ რა ღირებულებებით უნდა დააფორმირონ, ეს არ ჩანს. ჩვენ პროპაგანდას სალანძღავ სიტყვად ვიყენებთ, არადა, მას თავის მნიშვნელობა აქვს ღირებულებით ნაწილში. პროპაგანდა მიწოდების მეთოდია. ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას რომ ეწევი, ესეც პროპაგანდაა. ჯანსაღი ცხოვრება ჩვენთან ფიტნესსა და დიეტასთანაა გაიგივებული, სინამდვილეში, სოციალურ გარემოზე, სამსახურში კარგ პირობებსა და მთელ რიგ ფაქტორებზეა საუბარი. მოკლედ, სახელმწიფომ ყველაფერ ამის ფორმირება საბავშვო ბაღიდან, ნელ-ნელა უნდა განსაზღვროს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში