Menu
RSS

„კლანის წევრი“ მოსამართლეების „გრეხები“

ოდიოზური სახეების გამდიდრებისა და „გაქოცების“ სკანდალური ანატომია

მიმდინარე კვირა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს დაეთმობათ. თავდაპირველად დეპუტატებმა თამარ ალანიას მოუსმინეს, თუმცა რაღა მოუსმინეს, ისეთი კითხვები დაუსვეს, რომლებზე პასუხიც მრავლასმნახველ მოსამართლესაც გაუჭირდა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის და ალანია არ იქნება გამონაკლისი. სხვებს ბევრად მწვავე კითხვები ელოდებათ და თუ რატომ, შევეცდებით ამაზე ქვემოთ მოგითხროთ. 

მაშ ასე, „ვერსია“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სკანდალურ საქმეებს და დოსიეებს გთავაზობთ.

რადგან პარლამენტში პირველად ქალბატონი თამარი დაიბარეს, ჩვენც მისით დავიწყოთ. ალანიას კარიერაში ერთ-ერთი, ყველაზე სკანდალური გვანცა ყუფარაძის საქმეა. 2007 წელს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით, განიხილა არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც დამნაშავემ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა, ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განსაკუთრებული სისასტიკით. 

გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში დააკავეს თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის. 2007 წლის ივნისში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ნახევარი ჩაეთვალა პირობითად. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად სცნო. საინტერესოა, რომ ახლაც, ამ გადასახედიდან, თამარ ალანია ამბობს, რომ ყუფარაძეს ბევრი არ მიუსაჯა და განაჩენი სავსებით ლოგიკური და ადეკვატური იყო. 

ალანიას ხელში გაიარა „მუხროვანის ამბოხის“ საქმემაც. ქალბატონმა თამარმა არც ამჯერად „იძუნწა“ და კობა ოთანაძეს 29, ლევან ამირიძეს _ 28, ხოლო მამუკა გორგიაშვილს 19 წელი მიუსაჯა. 

არანაკლებ საინტერესოა გიორგი მიქაუტაძის კარიერა და მის ხელში გავლილი საქმეები: 2012 წელს, სწორედ გიორგი მიქაუტაძის გადაწყვეტილებით, დააჯარიმეს 17 პირი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ თანხა შესწირა. მაშინდელ ხელისუფლებას ოფიციალური დევნა ჰქონდა გამოცხადებული „ოცნების“ აქტივისტებზე და მაშინ მიქაუტაძეს ოპოზიცია ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელს ეძახდა, თუმცა მიქაუტაძის კარიერაში არის ერთი გამორჩეული საქმე, სადაც ის არა, როგორც მოსამართლე, არამედ, როგორც მხარე ფიქსირდება. 

2016 წლის აგვისტოში, აჭარაში, დაბა გონიოს სანაპიროზე მოხდა ინციდენტი მოსამართლე გიორგი მიქაუტაძესა და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძეს შორის, რომლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეც, მოსამართლე მიქაუტაძემ, განიხილა ინციდენტამდე 1 წლით ადრე. თამარ ხაჭაპურიძის განცხადებით, მის 13 წლის შვილს მოსამართლემ სცემა. გამოძიება არასრულწლოვნის ცემის მუხლით დაიწყო. გამომძიებლის განცხადებით, მოზარდის ცემის ფაქტზე დაკითხეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, თუმცა საქმე არ გამოძიებულა, ხოლო დღეის მდგომარეობით, გამოძიება ხანდაზმულია, თუმცა გონიოს ინციდენტთან დაკავშირებით, პროკურატურამ არასრულწლოვნის ცემის მუხლით დაწყებულ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და გამოძიება გააგრძელა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტზე, რის შედეგადაც, არასრულწლოვანი პირის მშობლები სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა. 

გოჩა ჯეირანაშვილი, ერთი შეხედვით, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი მოსამართლეა, თუმცა მასთან კითხვები არასამთავრობოებს ქონებრივი დეკლარაციის გამო აქვთ. საქმე ისაა, რომ 2018 წელს, მისი გასავალი შემოსავალს აჭარბებს და საუბარი 100 ათას ლარზეა ანუ მოსამართლეს 100 ათასით მეტი ხარჯი აქვს, თუმცა არ ჩანს, საიდან მოიტანა ეს ფული. ალბათ, დაგვეთანხმებით, როცა საუბარი მოსამართლეზეა და არსაიდან 100 ათასი ლარი ჩნდება, კითხვები სხვა უწყებებმაც უნდა დასვან. 

კიდევ ერთ კანდიდატს, ზაზა თავაძეს არასამთავრობო სექტორი ზურაბ ადეიშვილის კადრად მიიჩნევს. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობისას (2004-2007), მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო ვასილ როინიშვილი (ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე), ამავე დეპარტამენტის უფროსად მუშაობისას (2007-2008) კი – ზურაბ ადეიშვილი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობისას (2008-2010 წლები), მინისტრი იყო ნიკა გვარამია (2008 წელი), ხოლო შემდეგ – ზურაბ ადეიშვილი (2008-2010 წლები). ზაზა თავაძესთან ერთად, მინისტრის მოადგილე გახლდათ მაია კოპალეიშვილი (2007-2009 წლები). ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა შემდეგი შემადგენლობით: კონსტანტინე კუბლაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ზაზა მეიშვილი, ვალერი ცერცვაძე, ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე. 

კიდევ ერთი საინტერესო საკითხი ის გახლავთ, რომ სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიღებული ბინა, თავაძემ მეოთხედ მილიონ დოლარად გაყიდა, თუმცა... ისევ იმ ბინაში ცხოვრობს. ზაზა თავაძე საქართველოში ერთ-ერთი, ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსამართლეა. 2010-2018 წლებში, მისმა ანაზღაურებამ თითქმის მილიონ ლარს მიაღწია. ყველაზე მაღალი ხელფასი 2017 წელს უფიქსირდება, ჯამში, 138 484 ლარი. 

კანდიდატის გამოკვეთილად მაღალი ანაზღაურება მედიის ყურადღების საგანი არაერთხელ გახდა, მათ შორის, 2016 წელსაც, როდესაც 2 თვეში, ხელფასის სახით, 37 478 ლარი მიიღო. 2010 წელს, ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდა და სახელმწიფოსგან ბათუმში ბინა სიმბოლურ ფასად მიიღო. 2016 წელს, მან აღნიშნული ბინა, სავარაუდოდ, მეუღლის ძმის სიდედრს, ირმა ირემაძეს 250 000 აშშ დოლარად მიჰყიდა. ამ ბინის შეძენამდე, რომელიც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ქალბატონ ირმა ირემაძეს რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი ქონება არ უფიქსირდება: მის სახელზე რეგისტრირებული იყო მხოლოდ მემკვიდრეობით გადმოცემული ბინა (2006 წელი). 

ეჭვებს აჩენს ის გარემოებაც, რომ ირმა ირემაძემ, შეძენიდან რამდენიმე დღეში, უძრავი ქონება, ვინმე ტატიანა ოსოტოვაზე გაასხვისა. მხარეებს შორის ნასყიდობის შეთანხმების პირობები უცნობია. ბათუმის ბინის გასხვისების შემდეგ, მოსამართლე ზაზა თავაძე და მისი ოჯახი კვლავ იმავე სახლში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას, კანდიდატის მეუღლემ აღნიშნა, რომ მათ ორივე ახალ მფლობელთან ჰქონდათ შეთანხმება, რომლის თანახმადაც, გაყიდულ ბინაში ცხოვრების გაგრძელება შეეძლოთ. უკანასკნელ წლებში, აღნიშნული უძრავი ქონება კიდევ რამდენჯერმე გაიყიდა. 

როცა კომპანია აქტიური აღარ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას შემოსავალი არ მოაქვს. ამის მიუხედავად, მოსამართლე თამარ ზამბახიძის მეუღლემ და მისმა პარტნიორებმა, „ქართულ ოცნებას“ სოლიდური თანხა შესწირეს და ეს მაშინ, როცა ის კომპანია, რომლის მეწილეებიც არიან, უბრალოდ, გაჩერებულია. 2017 წელს, მოსამართლე თამარ ზამბახიძე საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა, ვინაიდან კანდიდატის მიერ წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციაში არ იყო სრული ინფორმაცია მისი მეუღლის სამეწარმეო საქმიანობაზე. კერძოდ, მან არ მიუთითა მეუღლის კავშირი ორ საწარმოსთან, რომლებიც დეკლარაციის შევსების მომენტისთვის არ ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, არ ჰქონდათ ბრუნვა და შემოსავალი. 

აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ასეთ საწარმოზე მიუთითებლობა აღარ არის დაჯარიმების საფუძველი. კანდიდატის მეუღლე შპს „ყაზბეგი +“-ის 17%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის წილებს ინაწილებენ სხვა პარტნიორები, რომელთაგან 3 პირი – ირაკლი თოფაძე (20 000 ლარი), ნიკოლოზ სვანიძე (20 000 ლარი), ნიკოლოზ ბახტაძე (70 000 ლარი) – მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მათ პარტია „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 120,000 ლარი შესწირეს. 

ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი ის კანდიდატია, რომელიც პარლამენტში თავს შინაურულად იგრძნობს. მას დეპუტატის მანდატი 2004-07 წლებში ჰქონდა და საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა. რაც შეეხება შემოსავალს, ლალი ფაფიაშვილს 2007-2017 წლებში, პროფესიული და აკადემიური საქმიანობის შედეგად, შრომის ანაზღაურების სახით, მიღებული აქვს 1,638,413 ლარი. 

კანდიდატი ლაშა ქოჩიაშვილი საზოგადოებას რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმით უნდა ახსოვდეს. მაშინ ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებით, დაახლოებით 5 ათასლარიანი დავალიანების გამო, 120 მილიონის აქტივები დაყადაღდა. 

„აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არის დღეს დაყადაღებული. დაახლოებით, 4 500 ლარის დავალიანების გამო, 120 მილიონი დოლარის ღირებულების საწარმო არის დაყადაღებული. ეს არის კატასტროფა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში არის დასაქმებული 2 500 ადგილობრივი მოსახლე და მე მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, მე ვიტყოდი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც მინიმუმ 2 500 კაცის ოჯახის წინაშე. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით იმიტომ, რომ მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარდგეს, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე და განმარტოს, თუ რატომ ახდენს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს“, _ ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. 

რაც შეეხება ქოჩიაშვილის ფინანსებს, ყველაზე საინტერესო, ალბათ, მისი მეუღლის სამსახურია. ანა ხიჯაკიძე სტომატოლოგია და ერთი წლის განმავლობაში, კლინიკიდან მისმა შემოსავალმა 535 ლარი ანუ პრაქტიკულად, ერთი კბილის ფასი შეადგინა. 

მაია ვაჩაძე ერთ-ერთი, ყველაზე გამოცდილი და, რაღა თქმა უნდა, ერთ-ერთი, ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოსამართლეა. 2010-2016 წლებში, სასამართლო სისტემიდან, ანაზღაურების სახით, მიღებული აქვს 872 406 ლარი და რაც მნიშვნელოვანია, არ აქვს საბანკო ვალდებულება, რაც ასე სანატრელია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის. 

მერაბ გაბინაშვილი საქართველოს სამართლის ისტორიაში აუცილებლად შევა. მას წილად ხვდა ნიკანორ მელიას საქმე, როცა დეპუტატს იმუნიტეტი შეუჩერეს და სამართალში მისცეს. ეს გახლდათ უპრეცედენტო ქმედება და ამ საქმის განსჯა ბედმა, თუ უბედობამ, სწორედ მერაბ გაბინაშვილს არგუნა. რა გადაწყვეტილება მიიღო გაბინაშვილმა, კარგად მოგეხსენებათ და სავარაუდოდ, მელია თავის სამაჯურს მოსამართლეს აუცილებლად ანახებს. გაბინაშვილს არასამთავრობო სექტორი ე.წ. კლანის აქტიურ წევრად მოიაზრებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას პარლამენტში იოლი საათები არ ექნება. 

2013-2017 წლებში, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი, საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასევე, მოსამართლე გაბინაშვილის საბჭოში მოღვაწეობის პერიოდს ემთხვევა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების გამჟღავნების საქმე. 

2016 წელს, ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის საცხოვრებელი ბინის ქირა, წლების განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარებოდა იმ პირობებში,

როდესაც მოსამართლე ბინას, საკუთარი დედისგან ქირაობდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადების მიხედვით, ინფორმაცია სახელმწიფო თანხების გაფლანგვის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა დაეწყო დისციპლინური სამართალწარმოება, ხოლო პროკურატურას – გამოძიება. საზოგადოებისთვის უცნობია, მოჰყვა თუ არა რეაგირება ამ ფაქტს. 

კანდიდატ მერაბ გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში, აქტიურად გამოიყენებოდა მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანისა და დაწინაურების მექანიზმი. ამ პერიოდში, მოსამართლე უკონკურსოდ დაწინაურდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლე გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში, საბჭომ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძისა (3 წლის ვადით) და მიხეილ ჩინჩალაძის (უვადოდ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად გამწესებას, ასევე, მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას. 

დეკლარაციის მიხედვით კი... ბატონ მერაბთან კასპის ნაკვეთის გაქრობაზე აქვთ კითხვები. მერაბ გაბინაშვილმა 2017 წელს, 60 000 დოლარის სესხი აიღო და ეს თანხა დუშეთში სახლის შეძენას მოახმარა. 2009-2015 წლების მდგომარეობით, მერაბ გაბინაშვილის საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი კასპში, საერთო ფართობით 2100 კვ.მ., თუმცა შემდგომ, დეკლარაციებში აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ყოველგვარი დასაბუთებისა და კონკრეტული მონაცემების გარეშე იკარგება. 

კიდევ ერთმა კანდიდატმა, მირანდა ერემაძემ, 2009 წელს ანუ მაშინ, როცა რეალურად არანაირი წინაპირობა არ არსებობდა იმისა, რომ ხელისუფლება 3 წელიწადში შეიცვლებოდა, განიხილა დაჩი ცაგურიას საქმე. საინტერესოა, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც პირი გასამართლდა, საბჭოთა პერიოდშია მიღებული. სასამართლო სხდომა ჩატარდა იმავე დღეს, რა დღესაც პოლიციამ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, შესაბამისად, პირს ფაქტობრივად, არ მიეცა სათანადო დრო და შესაძლებლობა მტკიცებულებების შესაგროვებლად და საკუთარი არგუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად. პროცესის განმავლობაში, დაჩი ცაგურიას მიეცა მხოლოდ 30 წუთი იმისთვის, რომ უზრუნველეყო მისი ინტერესების დამცველის/ წარმომადგენლის საქმეში ჩართვა. 

მოსამართლე მირანდა ერემაძის მეუღლე, მალხაზ გრიგალავა კომერციული საქმიანობით არის დაკავებული. იგი შპს „დიარონის“ 100%-იანი წილის მფლობელი და ამავდროულად, დირექტორია. მალხაზ გრიგალავა საკუთარი კომპანიისთვის ფართს შპს „გეგასგან“ ქირაობს, რომლის 92.5%-იანი წილი გრიგოლ ლეკვეიშვილის საკუთრებაშია. ბატონმა გრიგოლ ლეკვეიშვილმა, 2017-2018 წლებში, პარტია „ქართულ ოცნებას“ 107 000 ლარი შესწირა. 

შპს „გეგას“ გარდა, გრიგოლ ლეკვეიშვილის საკუთრებაში არაერთი კომპანიაა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო ტენდერებში და საკმაოდ მსხვილ საბიუჯეტო კონტრაქტებს იღებენ. უკანასკნელი მონაცემებით, გრიგოლ ლეკვეიშვილის კომპანიებს 167 გამარტივებულ შესყიდვაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. 

მოსამართლე ნინო ქადაგიძის კარიერაში კი ყველაზე საინტერესო მისი შემოსავლებია. მან 6 წელიწადში, ხელფასის სახით, თითქმის მილიონი მიიღო. უფრო კონკრეტულად კი, 2002-2018 წლებში, მოსამართლე ნინო ქადაგიძემ სამოსამართლო საქმიანობიდან 911 000 ლარი მიიღო. უზენაეს სასამართლოში იგი 2002-2012 წლებში მუშაობდა და მიღებულმა ანაზღაურებამ 475 105 ლარი შეადგინა, ხოლო 2013 წლიდან, სააპელაციო სასამართლოში გადავიდა და 2018 წლის ჩათვლით, ჯამში, 435 985ლარი გამოიმუშავა. მის კარიერაში ყველაზე მაღალი ხელფასი 2018 წლით თარიღდება, მიღებული თანხა 84 675 ლარი იყო. 

მოსამართლე ნინო ქადაგიძე 2013 წელს იყო „სს რუსთავ გაზის“ იურისტი, საიდანაც ანაზღაურების სახით, 4000 ლარი მიიღო. იგი საქართველოს უზენაესს სასამართლოში მოსამართლედ 2012 წლის ბოლომდე მუშაობდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოში, 2013 წლის ივნისიდან შეუდგა საქმიანობას. კონკრეტული თარიღი დასახელებული არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ მან „სს რუსთავ გაზს“ მომსახურება იმ მოკლე პერიოდში გაუწია, რა დროსაც მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებდა. მოსამართლის მეუღლე, ირაკლი ანთაძე 2011-2016 წლებში, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ლოგისტიკის სპეციალისტად მუშაობდა, სადაც მან, ჯამში, 109,464 ლარი გამოიმუშავა. 

ისტორიაში შევა ბატონი ნუგზარ სხირტლაძეც, როგორც ერთ-ერთი პრეცენდენტული საქმის მოსამართლე. ტრანსგენდერი პირი სასამართლოში ითხოვდა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების ბათილობას, რომლითაც უარი ეთქვა სააქტო ჩანაწერში სქესის ცვლილებაზე იმ მოტივით, რომ არ ჰქონდა ჩატარებული სქესის შეცვლის ოპერაცია. იგი ასევე, ითხოვდა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ახალი აქტის გამოცემას, სადაც მისი სქესის ცვლილება აისახებოდა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა სარჩელი არ დააკმაყოფილეს. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომელსაც მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძე თავმჯდომარეობდა, ტრანსგენდერი პირის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო და არ მიიღო არსებითად განსახილველად. 

რაც შეეხება ფინანსებს, ბატონ ნუგზარს მილიონზე მეტი აქვს მიღებული. 2000-2018 წლებში, მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძემ, სასამართლო სისტემიდან შემოსავლის სახით 1,183,314 ლარი მიიღო. ამ დროისთვის მას საბანკო ვალდებულება არ უფიქსირდება. 

პაატა სილაგაძის კარიერაში გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმეს უჭირავს განსაკუთრებული ადგილი. გია გვიჩიანი და ნიკა ჩემია 2006 წელს, საერთო სასამართლოებმა დამნაშავედ სცნეს ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს, პროკურატურამ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ვერსია ეჭვქვეშ დააყენა. მან მიუთითა, რომ 2006 წელს, პროკურატურას ჰქონდა აშშ-ის ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ორი ანაბეჭდი არ ეკუთვნოდათ მსჯავრდებულებს. პროკურატურამ განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნა არ დართვია სისხლის სამართლის საქმეს და არ წარდგენილა სასამართლოში. პროკურატურის განცხადებით, ,,ექსპერტიზის დასკვნები ზრდის ვარაუდს იმის შესახებ, რომ მკვლელობაში მსჯავრდადებულ პირებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ“. 

2017 წლის 20 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ კაპანაძემ, გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, მსჯავრდებულები უდანაშაულოდ სცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. 

ძალიან დიდი ალბათობით, ქალბატონ ქეთევან ცინცაძეს კითხვებს მიხეილ ჩინჩალაძესთან მუშაობის პერიოდსა და სამსახურში ხატია ჯავახიშვილის აყვანასთან დაკავშირებით დაუსვამენ. ჯავახიშვილის მეუღლე კი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, ვანო ბოლქვაძე გახლავთ. ყოველ შემთხვევაში, ცინცაძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე, სწორედ ამ ორ ფაქტზე დაუსვეს არაერთი კითხვა. 

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა 2011 წლის დეკემბერში. ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ადვოკატები, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმებასა და მოსარჩელეთათვის მოქალაქეობის აღდგენას ითხოვდნენ. მოსამართლე შოთა გეწაძემ, სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მან დაადგინა, რომ უკანონოა ბრძანებულების ის ნაწილი, რომლითაც ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა და მას მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, სასამართლომ ამ ნაწილში, პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში დატოვა. ეს საქმე კი შოთა გეწაძემ განიხილა, რომელიც პარლამენტში გასაუბრებაზე აუცილებლად მივა და აღნიშნულ საქმეს აუცილებლად გაახსენებენ. ცნობისათვის, აღნიშნულ საქმეში ივანიშვილის ადვოკატები შალვა თადუმაძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქარია ქუცნაშვილი და არჩილ კბილაშვილი იყვნენ. 

არასამთავრობო სექტორი გეწაძეს „კლანის წევრად“ მოიხსენიებს და, რაღა თქმა უნდა, ამ მიმართლებითაც სერიოზული შეკითხვები იქნება. ის 2007-2009 წლებში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი გახლდათ და ეს მაშინ, როცა ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე, მიხეილ ჩინჩალაძე იყო. სწორედ ამიტომ, მას ჩინჩალაძის კადრად აღიქვამენ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში