Menu
RSS

სკოლის სისხლიანი ბანკეტი

როგორ გახდა „კანონიერი ქურდი“ კრივში საქართველოს ორგზის ჩემპიონი

არცთუ იშვიათად, ციხეში ადამიანები შემთხვევით ხვდებიან. ვინ ავარიის შემდეგ, ვინ, უბრალოდ, შარს გადაეყრება, ვის კიდევ რამეს „შეტენიან“... ჰო, ასეთებიც ხდება და ეს განსაკუთრებით კარგად წინა ხელისუფლებას გამოსდიოდა. სწორედ წინა ხელისუფლების დროს იყო ციხეში ძალიან ბევრი ადამიანი შემთხვევით მოხვედრილი და მათ უმრავლესობას ცხოვრება, უბრალოდ, დაენგრა. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, აქვე, ჩვენს გვერდით, 2010 წელს მოხდა.

ერთ-ერთი სკოლის გამოსაშვები კლასი ბანკეტისთვის ემზადებოდა, როცა გოგოებმა თქვეს, მამაოც დავპატიჟოთ, დაგვლოცავსო. ადგილობრივი ეკლესიის ახალგაზრდა მამაოსთან ყველა მეგობრობდა, თითქმის ყველა მისი მრევლი იყო, აღსარებას სწორედ მას აბარებდა და ამიტომაც, სასულიერო პირმა შეთავაზება სიხარულით მიიღო. 

საბანკეტო დარბაზამდე ყველა ნათხოვარი მანქანით მივიდა. გოგონები რესტორნის შესასვლელთან, სკამზე ისხდნენ და მამაოს ესაუბრებოდნენ, რომელიც ბროწეულის ხის ჩრდილს აფარებდა თავს და გრძელი ანაფორის კალთებს მტვრისგან იფერთხავდა. 

მოულოდნელად, მოსახვევში მანქანა გამოჩნდა, დიდი სისწრაფით წამოვიდა რესტორნის შესასვლელისკენ და მუხრუჭებმა უმტყუნა, მოცურდა და ზუსტად იმ სკამს დაეჯახა, რომელზეც გოგონები ისხდნენ. ერთ-ერთმა, მამაოს კალთაში, წამებში დალია სული, დანარჩენები კი სხვადასხვა მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

რაც ყველაზე საინტერესოა, მანქანის მძღოლი საზეიმოდ შეკრებილი მოსწავლეების თანაკლასელი არ იყო, ის გვერდითა რესტორნიდან მთვრალი ადგა, მეგობარს მანქანა მოპარა და გასეირნება განიზრახა. სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა... 

თანაკლასელის გასვენებისთვის ბავშვებმა ფული შეაგროვეს. ყვავილებისა და გვირგვინის გარდა, სურდათ, საფლავის ქვაც თავად გაეკეთებინათ და სოლიდური თანხაც გამოვიდა. თანხა კლასის „ყოჩს“, დათოს და კლასის ყველაზე ძლიერ ბიჭს, კრივში საქართველოს ორგზის ჩემპიონ გოგიტას მისცეს. ბიჭებმა ყვავილები იყიდეს, შემდეგ კი ქვის საამქროშიც მივიდნენ და ქვა შეუკვეთეს. გადასახდელი 1600 ლარი იყო და ბიჭებსაც თანხა თან ჰქონდათ, მაგრამ დათომ თავი გაიგიჟა, ჯერ გააკეთონ, ფულს წინასწარ თუ მივცემთ, დროსაც გაწელავენ და უგულოდ იმუშავებენო. 

საამქროდან წამოვიდნენ და გზაში დათო გოგიტას შეუჩნდა, ბედი მაქვს, სლოტები დავატრიალოთ, ამ ფულს გავაორმაგებო. შევიდნენ და ერთ საათში, ჯიბეში 1600-დან, მხოლოდ 8 ლარი ედოთ. 

„რა ვქნათ ახლა?“ _ ლამის ტიროდა გოგიტა. 

„არაფერი, ახლა სახლში წავიდეთ, ხვალ ერთ ადგილზე წამომყევი, დანარჩენი მე ვიცი“, _ შეაგულიანა დათომ. 

მეორე დღეს მეგობრები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და დათომ ვიღაც ტიპის მაღაზიას მიაყენა, შენ აქ დამელოდეო. შიგნით შესულ მეგობარს ფანჯრიდან უყურებდა გოგიტა. მაღაზიის მეპატრონესა და დათოს შორის საუბარი დაიძაბა და მალე მუშტი-კრივიც დაიწყო. გოგიტას წამითაც არ უფიქრია, ისე შევარდა მაღაზიაში და მეპატრონე ორი დარტყმით გათიშა. გათიშულს დათომ ოქროს ჯაჭვი მოსწყვიტა და მაღაზიიდან გავარდა, გოგიტა უკან მიჰყვა... 

საღამოს ჯერ გოგიტა აიყვანა პოლიციამ, მერე _ დათო. ბრალად გამოძალვა წაუყენეს და არა _ ძარცვა, რადგან დათო სწორედ იმ ოქროს ჯაჭვს თხოვდა, დავალომბარდებ და ორ თვეში დაგიბრუნებო. 6-6 წელი მისცეს მეგობრებს, რადგან... დანაშაულის ჩადენამდე, ერთიკვირიანი ინტერვალით, ორივე სრულწლოვანი გახდა. 

„შენ რა გენაღვლება, მაინც მთელი ცხოვრება ქურდობა გინდოდა და კი გაივლი ახლა სკოლას. მე რა ვქნა, მე? კარიერა ხომ დამენგრა, სასწავლებელშიც ვერ ჩავაბარებ, აქედან რომ გავალ, 24 წლის ვიქნები, მთელი ახალგაზრდობა აქ გაირბენს“, _ ლამის ტიროდა გოგიტა, მაგრამ დათო ამშვიდებდა, მოვახერხებთ რამესო, მაგრამ ციხეში მოხვედრით... აშკარად ბედნიერი იყო. 

ორი წლის შემდეგ, ციხეში შვილის სანახავად მისულ გოგიტას მამას უთხრეს, თქვენი შვილი „კრიტში“ გადაიყვანესო. 

„ჩემი შვილი? ჩემი წესიერი შვილი? ჯერ ამ ნახევრად ღია ზონას ძლივს შეეგუა, ახლა კიდევ „კრიტი?“ სულ უნდა დამღუპოთ?“ _ გაგიჟდა კაცი, თუმცა დაწესებულების დირექტორის მოადგილემ „დაამშვიდა“: 

„მე არ ვიცი, რას გეუბნებათ თქვენი შვილი და რას ვერ შეეგუა, მაგრამ „კრიტში“ იმიტომ გადავიყვანეთ, რომ მოსვლის დღიდან ვერ გავაჩერეთ, სულ მუშტებზე იყურებოდა, მერე, აქაური წესების აზრზე მოვიდა და 2 თვეა, რაც ზონის მაყურებელი გახდა. ამიტომ, მადლობა გვითხარით, ქურდული ტრადიციების მუხლით, „სროკი“ რომ არ დავუმატეთ და ადვოკატს დააბარეთ, ცოტა „გაზს“ დაუწიოს, თორემ სპეცრაზმი ისე დალეწავს, ვერცერთი ექიმი ვერ ააწყობს“... 

„თქვენ გეშლებათ, მე დათოს კი არა, გოგიტას მამა ვარ“, _ თავი ვერ შეიკავა მშობელმა. 

„არა, მე კი არა, თქვენ გეშლებათ. დათო ისევ აქ არის, ცდილობს შაობას, მაგრამ არ გამოსდის, აი, გოგიტა კი ზონას ანგრევდა და ამიტომაც „გაიკრიტა“, _ დააზუსტა პოლიციელმა. 

გაოგნებული წამოვიდა ციხიდან გოგიტას მამა, არ ელოდა, არ სჯეროდა, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. გოგიტას თანაკლასელებს ჩამოუარა, რამე ხომ არ გაგიგიათ, რომ გირეკავთ, რამე ისეთს ხომ არ ამბობს, მართლა ხომ არ დავიღუპეო? 

თანაკლასელებმა ახალი არაფერი უთხრეს, იშვიათად გვირეკავს და თუ გვირეკავს, უბრალოდ, გვკითხულობსო. ეს მშობელს უთხრეს, თორემ რეალურად, უბანში „ბლატაობდნენ“, ჩვენი თანაკლასელი „ზონის მაყურებელიაო“. 

მამამ როგორღაც მოახერხა შვილთან შეხვედრა, განსაკუთებული ვერაფერი შეატყო, ეგონა, „მაყურებელს“ სხვანაირად უნდა ესაუბრა, სხვანაირი მანერები ჰქონოდა, მის წინ კი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგიტა იდგა, რომელიც „ზონის“ უფროსობას აგინებდა, რაღაცები დამაბრალეს, აქეთ გამომისროლესო. 

გოგიტა ციხიდან ვადაზე ადრე იმიტომ გათავისუფლდა, რომ საყოველთაო ამნისტია შეეხო. სახლში მისული, გარეთ ერთი კვირა არ გამოსულა, შინაური გარემო მომენატრაო. მამაც ბედნიერი გახლდათ, რაც არ მოეწონა, შვილის მხრებზე სვირინგებად ამოტვიფრული ვარსკვლავები იყო, მაგრამ ამასაც მიეჩვია. ერთი ის უკვირდა, რომ ამ დღების განმავლობაში, მის შვილთან 50-მდე სხვადასხვა ასაკის ადამიანი მოვიდა, ყველა პატივით ეპყრობოდა, ყველა ეფერებოდა. კვირის თავზე, გოგიტა ავტობაზრობაზე წავიდა და ძვირადღირებული მანქანა იყიდა. 

„ფული საიდან?“ _ გაოგნდა მამა. 

„ესენი ჩემი მეგობრები იყვნენ, რომ მოდიოდნეენ, დამიტოვეს ცოტ-ცოტა, ახალი გამოსული ხარ, დაგჭირდებაო და საბოლოოდ, ბევრი შეგროვდა“, _ დაამშვიდა მშობელი. 

გოგიტასთან ერთად, ციხიდან დათოც გათავისუფლდა, მაგრამ ერთ თვეში, ყაჩაღობის ბრალდებით ისევ დაიჭირეს. ამ ამბიდან ორი დღეც არ იყო გასული, გოგიტას სახლში სამართალდამცავები გამოჩდნენ. მამას ელდა ეცა, ყვირილი დაიწყო, რას ერჩით ჩემს შვილს, სახლიდან 10 წუთითაც არ გადის, სულ თვალწინ მყავს და თუ ვინმეს ნახვა უნდა, სახლში გვაკითხავსო. პოლიციამაც სწორედ ეს უთხრა, სახლში რომ აკითხავენ, ეგ არ მოგვწონს და ამიტომ, გოგიტამ საქართველო, მაქსიმუმ, ერთ კვირაში უნდა დატოვს, თორემ დავიჭერთო. 

გოგიტამ უხმოდ დაუქნია თავი, მანქანა მამამისს გადაუფორმა და იტალიაში წავიდა. ცრემლით გააცილეს მშობლებმა, იქ რა უნდა გააკეთო, ხელობა შენ არ იცი, უმაღლესი განათლება შენ არ გაქვსო. გოგიტამ დაამშვიდა, კრივს დავუბრუნდები, აუცილებლად გავიკაფავ გზასო. 

ერთი წლის შემდეგ, გოგიტას თანაკლასელები უკვე ამაყად იმას კი არ ამბობდნენ, ჩვენი თანაკლასელი „მაყურებელიაო“, არამედ, ერთმანეთს მის „ქურდად კურთხევას“ ულოცავდნენ. შემდეგ, ესპანეთში გადავიდა გოგიტა, იქ სპეცოპერაციის დროს, სხვებთან ერთად დააკავეს, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს და გაუშვეს. 

საქართველოში ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, აკრძალული აქვს და ამიტომ, დედა წაიყვანა ევროპაში, მამა კი... მამა გულის შეტევით გარდაეცვალა და გასვენებაში სამართალდამცავებმა არ ჩამოუშვეს.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში