Menu
RSS

„წაიკუზე და ხელები ზურგზე!“

ქართველი „ძველი ბიჭის“ შოკისმომგვრელი ისტორია, რომელმაც რუსული ციხის „კარცერში“ 7 წელი გაატარა

წინა ხელისუფლების დროს, ქართული ციხე ჩვეულებრივი სასაკლაო და რეალურზე რეალური ჯოჯოხეთი იყო. შესაძლოა, დაგვავიწყდა კიდეც, მაგრამ აბა, გავიხსენოთ, ბოლოს როდის იყო, ხალხი მასიურად რომ გამოვიდა და ციხეში არსებული მდგომარეობა გააპროტესტა? ან ის როდის იყო ბოლოს, ციხეში პატიმარი გაურკვეველ ვითარებაში რომ გარდაიცვალა? რა თქმა უნდა, ციხე კურორტი არც ახლაა, მაგრამ პატიმრებს აქვთ მთავარი _ მათ ზუსტად იციან, რომ გაცინების ან ხმამაღლა საუბრის გამო, არავინ დაუწყებს ცემას და ცემაში არ შემოაკვდებათ. მეორე მხრივ, იმჟამინდელი ციხის ბევრი ჯალათი დღესაც დაუსჯელია და ეს ძალიან ცუდია, რადგან მათ იგივეს გაკეთების შანსი რომ მიეცეთ, სწორედ დაუსჯელობის სინდრომის გამო, აუცილებლად გააკეთებენ.

ამის მიუხედავად, ქართული ციხე მაინც უფრო რბილ რეჟიმად ითვლებოდა იმასთან შედარებით, რაც რუსეთის ზოგიერთ ციხეში ხდებოდა. იყო ციხეები (დღესაც არის), სადაც სიტუაციას ერთადერთი სიტყვა განსაზღვრავდა _ „ბეზპრედელი“. რა თქმა უნდა, თუ ასეთ ციხეებში „კანონიერ ქურდებს“ მიიყვანდნენ, ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ შიდა წესრიგის დამყარებას, მაგრამ ეს მცდელობა ან სხვაგან გადაყვანით, ან „კარცერით“ სრულდებოდა. 

თავად განსაჯეთ, ტარიელ ონიანი, რომელიც სასჯელს „შავ დელფინში“ იხდიდა, „ადმინისტრაციული კანონის დარღვევის“ გამო, „კარცერში“ 700-ზე მეტჯერ იმყოფებოდა. ერთი „გაკარცერება“, კარგ შემთხვევაში, 3 დღეა და გამოდის, რომ ონიანმა მთელი „სროკი“ „კარცერში“ მოიხადა. 

რატომ? იმიტომ, რომ არც ციხის კანონებს ემორჩილებოდა და არც იმ პატიმრებს უსვამდა თავზე ხელს, რომლებიც არასწორად იქცეოდნენ. შესაბამისად, ტარიელი, პრაქტიკულად, იზოლირებული იყო და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ონიანისდარი ადამიანები უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობენ _ მათ არ ეშინიათ არც „კარცერის“, არც რეჟიმის, ისინი აკეთებენ იმას, რაც უნდა აკეთონ და არ აქვს მნიშვნელობა, ამისთვის როგორ დასჯიან... 

* * * 

რუსთავის #17 დაწესებულებაში ახალი ეტაპი რომ მოიყვანეს, ერთი ისეთი პატიმარი ერია, ყველასგან რომ გამოირჩეოდა. უზარმაზარი სათვალე ეკეთა, უჩვეულოდ გამხდარი იყო, თუ სხვებს ბარგი მოჰქონდათ, ეს ჯიბეში ხელებჩაწყობილი მოდიოდა და გარემოს ათვალიერებდა. 

ოფიცრების ოთახთან წამით შედგა და მშვიდად იკითხა, რომელ „ხატაში“ შევიდეო და როცა ნომერი უთხრეს, კიბეს აუყვა. საკანში შესულმა ასევე, მშვიდად მოათვალიერა გარემო, ცარიელი ნარი დაინახა, მივიდა და წამოწვა. ჰო, მანამდე „გამარჯობა“ გადმოაგდო დამადლებლი კანფეტივით. 

„ბიჭო, ჩვენთან ვიღაც პროფესორი მოიყვანეს, სათვალიანი, მაგარი ნაწვალებია, ეტყობა, ხმას არ იღებს, წევს და „აკიმარებს“. არც სძინავს, არც ღვიძავს, არც არაფერს ამბობს, არც თქვენთან ყოფილა და ვინ არის, იქნებ გავიგოთ“, _ „მაყურებლებთან“ ერთ-ერთი პატიმარი იყო შესული და ახალ თანამოსაკნეს საკმაოდ უცნაურად ახასიათებდა. 

„მაყურებლებლებს“ ყველაზე მეტად ის არ მოეწონათ, რომ ახლამოსული მათთან არ მივიდა, არ გაეცნო, არ უთხრა, ვინ იყო, საიდან მოდიოდა და ამიტომ, თავად ააკითხეს კამერაში. 

პატიმარი უცვლელ პოზაში დახვდათ _ იწვა და თითქოს ვერავის ამჩნევდა. 

„გაუმარჯოს“, _ „მაყურებელი“ უცერემონიოდ ჩამოჯდა ნარზე. 

„გამარჯობა“, _ არც კი გამოუხედავს ახალ პატიმარს. 

„ადექი, ზონის მაყურებელი გელაპარაკება“, _ სხვა პატიმარმა ახალს, მოსაუბრის სტატუსი გააცნო. 

„ძალიან კარგი“, _ გამოცოცხლდა ახალმოსული, შემდეგ წამოჯდა და მაყურებელს, დაახლოებით, ათ წამში ჩამოურაკრაკა, _ „მე თემო ბ. ვარ, აღმოსავლეთ საქართველოში ნაცნობ-ნათესავი არ მყავს, ამიტომ სანამ ჩემები „მოიხოდებიან“, პირველადი მოხმარების ნივთები, ერთი ბლოკი „მალბორო“, საპარსი, ყავა და ჩაი მინდა...“ 

გაოცებისგან ყველამ პირი დააღო, ზოგს ირონიულად გაეღიმა, მარტო „მაყურებელი“ შეცბა, უხმოდ წამოდგა და „რეგიონის მაყურებლები“ მოვიდნენო, ჩუმად თქვა. „კამერაში“ მალე, ყველა რეგიონის „მაყურებელი“ შევიდა. 

„ამ კაცს მიხედეთ, ყველაფერი მიაწოდეთ, ჩვენი ძმაა, ნაწვალებია მაგარი... სიგარეტი ახლავე მოუტანეთ. პრინციპში, ყველაფერი ახლავე მოუტანეთ, იდება „ობშჩიაკში“. მე გავასწორებ მერე „ობშჩიაკს“, _ თქვა „მაყურებელმა“ და კამერიდან გავიდა. 

ყველა გაოცდა, მაგრამ ხმა არავის გაუღია, „მაყურებლის“ სიტყვა კანონი იყო და იმასაც მიხვდნენ, თემო რიგითი პატიმარი რომ არ იყო. მისმა სახელმა „მაყურებელზე“ ძალიან იმოქმედა და ახლა ყველა იმას ელოდა, რას იტყოდა „ზონის“ პირველი პატიმარი ახალმოსულზე. 

„მაყურებელი“ კამერაში ჩავიდა, „ბლატატაც“ თან გაჰყვა და საკანში შესულმა მოყოლა დაიწყო: 

„თემო სერიოზული „პრისტუპნიკია“. მიკვირს, ზონაზე როგორ მოიყვანეს, ქურდი არ არის, მაგრამ ქურდების ძმაა, მაგის სიტყვას ქურდებთანაც დიდი წონა აქვს. რუსეთში იჯდა, „კრესტებში“, ამბობენ, „ზონა“ გააშავაო და დანარჩენს თვითონ მოყვება, ხასიათზე თუ იქნება“, _ დაასრულა „მაყურებელმა“. 

თემო, დაახლოებით, ერთი კვირა, პრაქტიკულად, არავის ეკონტაქტებოდა, ან იწვა, ან ეზოში სეირნობდა მარტო და ისევ გარემოს ათვალიერებდა. მერე, ნელ-ნელა ვიღაცებს გაუშინაურდა, ათას რამეზე ესაუბრებოდა, მაგრამ არც ქურდულ ტერმინებს იყენებდა, არც რაიმე საქმეზე ამბობდა რამეს, უბრალოდ, საუბრობდა ამინდზე, ჩიტებზე, ბინძურ ჰაერზე... 

„ბოლოს და ბოლოს, არ იტყვი, რა ხდებოდა რუსეთში? როგორი ზონაა? აქ ჯობია, იქ ჯობია?!“ _ ვერ მოითმინა ერთ დღეს ერთ-ერთმა პატიმარმა და თემოს მაშინ დაუსვა კითხვა, როცა ის გატაცებით საუბრობდა ლომების ცხოვრების წესსა და, ზოგადად, ლომების პრაიდზე. 

„მოდი, ერთხელ მოვყვები და ამ თემაზე აღარ ვისაუბრებ. შედარებას რაც შეეხება, ციხე ყველგან ციხეა, შინაგანად უნდა იყო თავისუფალი, თორემ ბევრი ვიცი, „სვაბოდაზე“ რომ არის და სინამდვილეში, ციხეში ზის. 

7 წელი მომისაჯეს რუსეთში, არ ვიმსახურებდი ამდენს, მაგრამ სასამართლოზე პროკურორმა პირდაპირ თქვა, ბევრ საქმეში გვყავს ეჭვმიტანილი, უბრალოდ, ვერ ვუმტკიცებთო. ჰოდა, რაც დამიმტკიცეს, იმაზე მაქსიმუმი მომცეს. წამიყვანეს „კრესტებში“ და რომ შევედი, გვარიანად მირტყეს. აი, რომ იღლებიან ცემაში და რომ აღარ შეუძლიათ ხელის ქნევა, ისე მცემეს. „კარცერში“ ჩამაგდეს, იარები და სილურჯეები მოურჩეს, საკანში მერე ავიყვანოთო. მომირჩა ორ კვირაში და „კარცერიდან“ რომ გამომიყვანეს, წაიკუზე, ხელები ზურგსუკან მაქსიმალურად აწიე და ისე იარეო. მეგონა, მეხუმრებოდნენ, მაგრამ როცა გამიმეორეს და ხელები გადამიგრიხეს, შევაგინე. პირველ ჯერზე, თურმე, არ ვუცემივარ, ისეთ დღეში ჩამაგდეს და ერთ თვემდე დამჭირდა გამოშუშება. 

„კარცერში“ დროის შეგრძნება დაკარგულია, გააღებენ კარს და გეტყვიან, გამოდიო და ვერ ხვდები, ერთი კვირა გავიდა, თუ ორი, არ არსებობს დრო. მეორე გამოყვანაზე იგივე გაიმეორეს და მეც რომ იგივე გავიმეორე, შემაბრუნეს მესამედ. 

მეოთხედ აღარაფერი უთქვამთ, „კამერაში“ ამიყვანეს და სრული „ბეზპრედელია“ _ ვიღაც კუნთმაგარი ტიპები „კაჩაობდნენ“. ხელი გავარტყი ერთ-ერთს და სანამ „კამერა“ გააღეს, გასისხლული ვეგდე. წამიყვანეს ისევ „კარცერში“ და ბევრი რომ არ გავაგრძელო, „კარცერში“ გავატარე 7 წელი, სამარტოო საკანში. სულ ეს იყო“, _ დაასრულა თემომ. 

„სამარტოო საკანში, როგორ?“ _ გაუკვირდა ერთ-ერთს. 

„როგორ და მარტივად: მარტო ხარ, შენ, ნათურა, საწოლი, რომელსაც დილის რვაზე კეცავენ და საღამოს ათზე შლიან, ერთი ნახვრეტი ანუ „პარაშა“ და „პაიკა“ დღეში სამჯერ“, _ გაეცინა თემოს. 

„მერე?“ _ არ ეშვებოდნენ პატიმრები. 

„რა მერე? შვიდი წელი არ არის ცოტა, მით უმეტეს, როცა მარტო ხარ. ერთადერთი, რასაც ვნანობ, ის არის, რომ მხედველობა გამიფუჭდა. საკანში დღე და ღამე შუქი ენთო და თან ისეთი ნათურა, რომელიც მხედველობას აფუჭებს. კარგად ვხედავდი, ახლა კიდევ, ბოლო მინუსი მიკეთია და ძლივს ვარჩევ ერთ მეტრში ადამიანის სახეს. ოპერაცია კეთდებაო, დაგიბრუნდებაო მხედველობაო, მპირდებიან, მაგრამ რა ვიცი, აბა“, _ ხელი ჩაიქნია თემომ. 

„და აქ როგორ მოხვდი?“ _ ისევ ჰკითხა ერთ-ერთმა პატიმარმა. 

„აქაც მარტივად. როცა გამომიშვეს, ზედ ციხის კართან დამადეს „ბრასლეტები“, აქაოდა, შენ საქართველოშიც გეძებენო. არადა, აქ არაფერი მქონდა გაფუჭებული, მაგრამ მეძებდნენ, ეგონათ, ქურდის სტატუსი მქონდა და მაგ მუხლით გავასამართლებთო. გამომადეპორტეს, აქ გადააბარეს ჩემი თავი პოლიციას და რომ მიხვდნენ, ქურდი არ ვიყავი, იმ წლის დანაშაული შემტენეს, როცა საქართველოში არ ვცხოვრობდი. ვერ დავამტკიცე უდანაშაულობა და კი ვარ აგერ, სამწლიან „სროკზე“. მალე გაირბენს, თან ამდენი ხალხია და მარტივია უფრო. ცოტა შეჩვევა კი მიჭირს შვიდწლიანი მარტოობის შემდეგ, მაგრამ ჯობია, აქ შევეგუო, ვიდრე გარეთ“, _ გაიცინა თემომ. 

პატიმრები დაშლას აპირებდნენ, როცა ერთ-ერთმა ბოლო და მეტად უცნაური კთხვა დაუსვა: 

„თემო, კაცურად, შვიდი წელი, მარტო რას აკეთებდი?!“ 

თემო ჩაფიქრდა, შემდეგ ნაღვლიანდ გაიღიმა და ორი სიტყვა გადმოაგდო: 

„სროკს ვიხდიდი...“

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში