Menu
RSS

საბედისწერო ფრჩხილი

როგორ შემოაკვდა ვახოს ბალტიისპირელი საყვარელი და რატომ არ უჩივლა გარდაცვლილი ქალის ოჯახმა

ბავშვობაში, ყველაზე ცნობილი ქართული დეტექტიური მოთხრობა „მონანიება“, ალბათ, ყველას გექნებათ წაკითხული. გამოძიება მას შემდეგ იწყება, რაც სანადიროდ წასული პოლიციელი (იმ დროს მილიციელი), შემთხვევით, ქალის მოჭრილ თითს იპოვის. 80-იან წლებში, ეს უბის წიგნაკივით პატარა, მაგრამ სქელი წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა, თანაც მაშინ არ იყო მობილური ტელეფონები, არც ამდენი ვიდეოკამერები იდგა და ზოგადად, არც კრიმინალისტიკა იყო იმ დონეზე, როგორც ახლაა. შესაბამისად, ჩახლართული ამბავი საინტერესოდ იკითხებოდა.

მთლად თითი არა, მაგრამ ვახო ე. მკვლელობისთვის მას შემდეგ დააკავეს, რაც მის მანქანაში კრიმინალისტებმა... ფრჩხილი იპოვეს. ვახოს ამ ამბის გახსენება არ უყვარდა, თუმცა აღფრთოვანებას ვერ მალავდა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც მოახერხეს და საქმე, რომელიც თითქოს უშეცდომო იყო, წვალებით, მაგრამ მაინც გახსნეს. 

რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფი ვახო, ერთ-ერთი, ყველაზე გამოცდილი კრიმინალი იყო და იმას, რომ ე.წ. დაუგეგმავ მკვლელობაზე ჩავარდა, ბედის ირონიით ხსნიდა, თუმცა მეორე მხრივ, ყველამ იცოდა, რომ მის ბიოგრაფიაში არაერთი ქურდობა, თუ ყაჩაღობა იყო, მაგრამ ყველაფერი საქართველოს საზღვრებს გარეთ. იქ „ნაშოვნ“ ფულს ვახო საქართველოში მშვიდად ხარჯავდა და ადგილობრივი პოლიციაც არ აწუხებდა, თუმცა... 

„ბელორუსიდან ახალი ჩამოსული ვიყავი. არის იქ გმირი ქალაქი ბრესტი, დიდი არაა, ასე, 300-350 ათასი კაცი ცხოვრობს. მოკლედ, მეორე სამამულო ომის დროს, იქ დიდი ომები იყო და ხალხი დღემდე პოულობს ძველ სამარხებს, სადაც ძველი, გერმანული იარაღია დამალული. არის საერთო სასაფლაოებიც და აი, იმ სასაფლაოებში ნამდვილი განძი ინახება. ხანდახან ისეთ საათს იპოვი კაცი, რომლის ფასმა, შესაძლოა, ნახევარ მილიონს აარტყას. 

ჰოდა, მე აქ მომცეს „ნაკოლი“, რომ იქ, სწორედ ნახევარმილიონიანი საათი იპოვესო. ვინც იპოვა, იმან ფასი არ იცის და მზად არის, ათი ათას დოლარად დათმოს, გამოჩენის ეშინიაო. მაშინვე წავედი, მოსკოვიდან ძმაკაცები ჩამოვიდნენ და სამ დღეში, საათი ვლადიკავკაზში მივყიდეთ ვიღაც ჰოლანდიელს. 

რა თქმა უნდა, მაშინვე საქართველოში წამოვედი, მინიმუმ, ორი თვე მეფესავით ვიცხოვრებდი, მაგრამ ბელორუსი გოგოების ჯავრი გამომყვა. საქმეზე ვიყავი და სად მეცალა ქალების სადევნად, ამიტომ გადავწყვიტე, „ჯავრი“ აქ მეყარა და ბათუმისკენ გავუტიე. 

ფული იმდენი მქონდა, ბელორუს ქალებს კი არა, ჩამოსული ტურისტების ნახევარს დავახვევდი თავბრუს. საკუთარი სახლი ვიქირავე, რადგან სასტუმროში არ არის კაი პონტი. ყოველ დღე, ახალ-ახალ ნაშასთან ერთად ვაპირებდი მისვლას. სახლი ისე კი არ წარმოიდგინოთ, კოიკები რომ აქვთ გასაქირავებელი, ღამეში 300 ლარს ვიხდიდი დაკომფორტის სრული კომპლექტიც მქონდა. 

მოკლედ, პლაჟზე თვალი ვერავის დავადგი და კაფეებში დავიწყე ბოდიალი. ერთი ისეთი გოგო დავინახე, მივხვდი, ყოველ დღე ახალ-ახალი კი არა, ცოლად მოყვანა არ მომინდეს-მეთქი. 

დაქალთან ერთად იყო და იმ საღამოს იმდენი მოვახერხე, რომ ორივე შინ მივიპატიჟე. პრაქტიკულად, ყველა სურვილი შევუსრულე და როგორც ჯენტლმენმა, ცალკე დაძინებაც შევთავაზე. მეორე დღე სულ ერთად გავატარეთ, რაც გვინდოდა და არ გვინდოდა, ყველაფერი ვნახეთ, ყველაფერი ვჭამეთ და ყველაფერი ვსვით. 

მე რომ ქალი მომეწონა, „პრიბალტიკელი“ იყო, მაგრამ ვინ ჩიოდა მაგას, საოცრად, საოცრად ლამაზი იყო. ჰო, კასტალინა ერქვა, ცოტა უცნაური სახელია, მაგრამ არც სახელისთვის მიმიქცევია ყურადღება, სულ უსახელო რომ ყოფილიყო, მაინც მომეწონებოდა... 

მოკლედ, ღამე დაქალმა ჩემთან წამოსვლა აღარ ისურვა, სასტუმროში ფულს რაში ვიხდიო და მეც არ ვუთხარი, ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად-მეთქი, რადგან ორ ქალს მაინც მოერიდებოდა ერთმანეთის და მე კიდევ მორიდებისთვის არ მეცალა. მოკლედ, იმ დღეს კასტალინა ჩემთან დარჩა, დაქალი _ სასტუმროში“, _ იხსენებდა ვახო და ამ მომენტზე, ყოველთვის ისე ამოიხვნეშებდა, იფიქრებდით, ფილტვებსა და გულს ერთად ამოაყოლებსო. 

„მესამე დღეს, დაქალი დილაუთენია დაგვადგა, დედაჩემს ინსულტი დაემართა, უნდა გავფრინდეო და კასტალინას აზრი აინტერესებდა. ამან რომ ნახა, ფული მაქვს და თავზე ვაყრი ყველაფერს, დავრჩებიო, თქვა და „დამწუხრებული“ სახეებით გავაცილეთ დაქალი ქუთაისის აეროპორტში. 

ქუთაისიდან ბათუმამდე, ენა არ გამიჩერებია, ოქროს კოშკებს დავპირდი ჩემს სიყვარულს და მართლაც, გულით მინდოდა, კარგა ხნით დარჩენილიყო. ასე გაფრინდა ხუთი დღე და საღამოს კასტალინამ ბარგის ჩალაგება დაიწყო, დილით მივფრინავ, ბილეთი მაქვსო. 

კინაღამ გული გამისკდა, ხან ეს მოვიგონე, ხან ის, ათას რამეს დავპირდი, მაგრამ აზრი არ შეიცვალა. რა უნდა მექნა? დალევა დავიწყე, ეგებ, გული გადავაყოლო-მეთქი და მთვრალმა, კიდევ ვეხვეწე. სულ „ალკაში“ მეძახა, მერე კიდევ მოაყოლა, „ხვატიტ პაცან, გულიატ“-ო. აი, ეს „პაცანი“ მაგრად გამიტყდა, 2 წლით იყო ჩემზე უფროსი და სულ იმას ამბობდა, რომ მცოდნოდა, ბავშვი იყავი, შეიძლება, შენთან არც დავწოლილიყავიო. დამაკომპლექსა, რა. 

მოკლედ, შემოვარტყი და თან ლაზათიანად შემოვარტყი. პატარა მაგიდა იდგა, იმის კუთხეს ჩამოარტყა საფეთქელი, ერთი გაიკანკალა და შემრჩა ხელში გვამი...“ 

ვახოს ყველაზე მეტად ამ ეპიზოდის მოყოლა უჭირდა და ჩადენილს აშკარად ნანობდა. საინტერესო ის იყო, რომ ეს სინანული პოლიციამაც დაუჯერა და მკვლელობისთვის, სულ რაღაც, 6 წელი და 6 თვე აკმარეს. 

„თავიდან მაგრად დავპანიკდი, მერე დავწყნარდი და დავიწყე ფიქრი, პოლიციაში დამერეკა, თუ კვალი წამეშალა? ნოხზე სისხლი კი იყო, მაგრამ უპირატესობა ის მქონდა, რომ ის ნოხი სახლის მეპატრონემ, ჩემი თანდასწრებით იყიდა ანუ ახალი იყო და იგივე ნოხის ყიდვა პრობლემას არ წარმოადგენდა. ბოლოს გადავწყვიტე, გვამი მომეშორებინა, სანამ კასტალინას დაქალი მოვიდოდა აზრზე, მოიკითხავდა ამას, მერე საქმე აღიძრებოდა, მერე ეს, მერე ის... 

მოკლედ, მინიმუმ, ერთი თვე გავთვალე და ერთ თვეში, კიდევ ბევრი რამე შეიცვლებოდა, თანაც არც სახლის მეპატრონემ იცოდა ჩემი გვარი და მისამართი, არც დაქალმა და არც კასტალინამ... 

გადავახვიე ნოხში სხეული, მანქანაში ცელოფანი დავაფინე და ჰაიდა, გურიის მხარეს, ტყეში. მთელი ღამე ვთხრიდი საფლავს, არ მინდოდა, ნადირს გაეფუჭებინა. ჯერ ერთი, შარი იყო და მეორეც, არ მინდოდა კასტალინას ლამაზი სხეული ეჯიჯგნათ ცხოველებს. 

მეორე დღეს, ის ადგილი შევათვალიერე, სადაც ნოხი იყიდებოდა, ახლო-მახლო კამერები ვერ დავლანდე, მშვიდად ვიყიდე და სახლში დავაგე. დავასრულე ჩემი დასვენება ზუსტად ისე, როგორც მოლაპარაკებული ვიყავი სახლის პატრონთან და ყველაზე მთავარი, ხომ ვიცოდი, რომ პოლიცია, პირველ რიგში, ტელეფონის კვალს გაყვებოდა? 

ამიტომ, კასტალინას მობილური ავიღე და ზღვისკენ წავედი. დაახლოებით, ერთი კილომეტრი ვიარე, შემდეგ ტელეფონი გამოვრთე, სიმ-ბარათიც ამოვიღე და გზა გავაგრძელე. დაახლოებით, 400 მეტრში, მოვისროლე ზღვაში. ეს იმიტომ, რომ სადაც სიგნალი გაწყდა, იქ შეიძლება, მყვინთავები ჩაეშვათ წყალში. 

მოკლედ, ჩემი აზრით, ყველაფერი გადასარევად დალაგდა, დავბრუნდი თბილისში და იმას ვფიქრობდი, რამდენ კვირაში მიპოვიდა პოლიცია. აქ გათვლაში შევცდი _ მეორე დღეს, სახლში დამადგნენ...“ 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, კასტალინას დაქალს იმ ღამესვე დაურეკავს და როგორც კი მიხვდა, რომ ტელეფონი გათიშული იყო, მაშინვე ხმაური ატეხა, ჯერ საელჩოში დარეკა, მერე პოლიციას მიმართა და, მოკლედ, კასტალინაზე ძებნა გამოცხადდა. 

ვახო მარტივად იპოვეს, ტელეფონების ანძებს მიჰყვნენ, ნომერი დაადგინეს და სახლშიც დაადგნენ. 

„რა თქმა უნდა, ძალიან მშვიდად ვუთხარი, რომ არაფერი ვიცოდი, რომ ის წასვლას აპირებდა და წავიდა კიდეც. ხან ისე მიტრიალეს, ხან ასე, მეზობლებიც დაკითხეს, ხმაურის ხმა ხომ არ გაგიგიათო. ერთ-ორმა ისიც დაადასტურა, იმ საღამოს დავინახე, სახლიდან მარტო რომ გავიდა ქალიო, აერიათ, ალბათ, რამე. სახლი დაათვალიერეს, გაჩხრიკეს, ახალმა ნოხმა დააეჭვათ, მაგრამ სახლის პატრონმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ჩემი ნაყიდია და არსად გაგატანთო. 

მოკლედ, შემეშვნენ და მეც ამოვისუნთქე, მაგრამ... გავიდა ორი კვირა და ისევ დამადგნენ, შენი მანქანა უნდა გავჩხრიკოთო. ძალიან მშვიდად გავუწოდე გასაღები, რადგან ჯერ ერთი, ცელოფანი მქონდა დაგებული და სისხლის კვალი არ იქნებოდა და მეორეც, იმის შემდეგ მანქანა პირადად, სამჯერ და გულდასმით გავრეცხე. თუ დნმ-ს იპოვიდნენ, ხმას ვერ ამოიღებდნენ, რადგან დაქალიც დაადასტურებდა, რომ კასტალინა ჩემს მანქანაში არ მჯდარა. 

ლუპით დაუარეს თითოეულ სანტიმეტრს და ბოლოს... ბოლოს, მოტეხილი ფრჩხილი იპოვეს, სისხლიც კი ჰქონდა ცოტა. ვისი ფრჩხილიაო და, არ ვიცი-მეთქი, მაგრამ მანიკურზე ვიცანი, ვისიც იყო. ალბათ, მანქანაში რომ ჩავდე, მაშინ გამოედო, კი გადმოუვარდა ხელი ნოხიდან გადმოღების დროს, მაგრამ რას ვიფიქრებდი... 

ჰოდა, ჩაატარეს ექსპერტიზა და დაადგინეს, რომ კასტალინას ფრჩხილი იყო. მერე ყველაფერი მარტივად დასრულდა, ვაღიარე, ადგილიც ვანახე და დადასტურდა, რომ შემთხვევითობა იყო. ოჯახმა არ მიჩივლა და ამანაც იქონია გავლენა, რომ ცოტა მომცეს“, _ ასე ასრულებდა მოყოლას ვახო, რომელმაც სასჯელი უკვე მოიხადა და... ისევ საშოვარზეა წასული.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში