Menu
RSS

კახელი „კომბლეს“ თავგადასავალი, რომელმაც ციხეში ყოფნისას, ბიზნესი დაიწყო

რატომ გადაამტვრია თავზე კომბალი დამქირავებელს და როგორ ექცა შარი ხეირად ახალგაზრდა მწყემსს

ზოგადად, საზოგადოებაში ასეთი წარმოდგენაა _ ქართული ციხე ადამიანებს არ ასწორებს. პირიქით, ციხეგამოვლილები უფრო ხვეწენ დანაშაულის ჩადენის სქემას და უფრო ორგანიზებულად მოქმედებენ, თუმცა ეს, ერთი შეხედვით, რადგან არის შემთხვევები, როცა ციხიდან გამოსული ადამიანი არათუ გამოსწორებულა, ბიზნესმენიც გამხდარა და... პარლამენტშიც მოხვედრილა. დღეს პარლამენტარებს შევეშვათ, ისედაც ყველამ იცის, ვის რამდენი აქვს მოხდილი, აი, ბიზნესს რაც შეეხება...

„ქიზიყიც უბატონო იყო, უბატონო“, _ მოესმა ერთ-ერთი საკნიდან პატიმარ #0578-ს გაბრაზებული ხმა და საკანში შეიხედა. იმას, რომელიც ცხარობდა, არ იცნობდა, სამაგიეროდ, იცნობდა ნარზე არხეინად წამოწოლილ გელოვანს, რომელიც არცთუ იშვიათად, ირონიული ღიმილით ამბობდა ხოლმე, გლეხებო, პატივი მეცით, თავადი გესაუბრებათო. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ვინც არ იცოდა და არ იცნობდა გელოვანს, ბრაზდებოდა ამ ირონიის გამო. როგორც ჩანს, ქიზიყელი პატიმარიც ახალი მოყვანილი იყო და გელოვანის სიტყვებმა გააცხარა. 

„გელოვანები არ ცხოვრობდნენ ქიზიყში, თორემ გეყოლებოდათ ბატონი“, _ ცეცხლზე ნავთი დაასხა სხვა პატიმარმა და ლამის მუშტი-კრივი ატყდა, მაგრამ საერთო სიცილის ფონზე, გაბრაზებული პატიმარი მალე დაშოშმინდა. 

„ვინ არის?“ _ ღიმილით ჰკითხა #0578-მა გელოვანს და იმანაც ღიმილით უპასუხა _ „ახალია, ქიზიყელი, გულიანი ბიჭი ჩანს. კარგად ვერც ვკითხე, რაზე ზის, ვიღაც ცემაო, თუ ცხვარი წაართვაო, თუ იმან წაართვაო, რაღაც ფერმერული თემაა, რა. მოიცა, ახლა ვკითხოთ“, _ თქვა გელოვანმა და ახლადმოსულს დაუძახა. ისიც ცოტა ეჭვიანად მოვიდა, #0578-ს ახედ-დახედა, მერე გელოვანს ანიშნა, რა გინდაო. 

„რაზე ზიხარ, ძმას ვენაცვალე?“ _ ჰკითხა გელოვანმა. 

„ვთქვი გუშინ“, _ მოიღუშა ქიზიყელი. 

„მეგობარო, აქ რამდენიც დაინტერესდება მაგ თემით, იმდენჯერ მოგიწევს მოყოლა. ის კი გავიგე, 4 წელი მომცესო და ამ ოთხ წელში, შეიძლება ოთხასჯერ მოყვე ეგ ამბავი. წესია აქ ასეთი და ჩვენ ხომ ვერ შევცვლით? მაგას „სხადნიაკი“ უნდა, საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა, ქვორუმი უნდა...“ _ პარლამენტის თავმჯდომარესავით ჩამოარაკრაკა გელოვანმა და ქიზიყელსაც, რომელსაც ლევანი ერქვა, სხვა გზა აღარ ჰქონდა, მოყოლა დაიწყო. 

„ფერმის გაკეთება მინდა, აი, მთელი ცხოვრება, ფერმა მინდა, რომ მქონდეს, რა. ჰოდა, იქ, ქიზიყში, მეზობელს ათასობით ცხვარი ჰყავს. ერთი წელი დამეხმარე და 12 ცხვარს მოგცემო ანუ თვეში ერთ ცხვარსო. ცოტაა ეს, ძალიან ცოტა, მაგრამ არსად ვმუშაობდი, თან მამაჩემმა მითხრა, 12-ს თუ ეგ მოგცემს, გავიჭირვებ, 12-საც მე გიყიდი და ერთ წელში, 50-მდე ცხვარი გეყოლებაო. დავთანხმდი, ერთი წელი _ მთელი ქიზიყია მოწმე, თავი არ დამიზოგავს. დამთავრდა ის ერთი წელი და ჩემი 12 ცხვარი გადმოარჩია, წაიყვანეო. შევხედე, ყველა მამალია. გადავირიე კინაღამ, მამლები რად მინდა, უნდა გავამრავლო-მეთქი. ჩვენ ცხვარზე შევთანხმდით და აგერ, 12 ცხვარს გაძლევ, დედალ-მამალზე საუბარი არ გვქონია და მე როგორც მაწყობს, ისე უნდა გადაგიხადოო, უტიფრად მითხრა. ხან ასე ვეხვეწე, ხან _ ისე, მერე კაცებიც მივუგზავნე და იცი, რა თქვა იმ ოჯახქორმა? _ ეგაო, კარგი მუშააო, ერთი წელი კიდევ იქნება ჩემთან, დედლები რომ წაიყვანოსო და ამიტომ ახლა მამლებს უნდა დასჯერდესო. ამან სულ გადამრია და გამაცოფა, მივუვარდი ბინაში, კომბალი წავართვი და ზედ დავალეწე. მიჩივლა და აგერ, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაო და 4 წელი მომცეს“, _ დაასრულა ლევანამ. 

„მოიცა, კაცო, კომბალი სახლში მიჰქონდა ხოლმე?“ _ გაიოცა გელოვანმა. 

„რას ნიშნავს, თავადი რომ ხარ, სახლში კი არა, ბინაში, ბინას სადგომს ეძახიან მწყემსები, სადაც თვითონ ცხოვრობენ“, _ აუხსნა #0578-მა. 

„არც მე ვარ გლეხი“, _ მოიღუშა ლევანა, მაგრამ გელოვანმა გააჩერა _ „შენ რა კალიცომომძვრალი ლიმონკასავით ფეთქდები ყველა სიტყვაზე, გაიცინე და გაატარე, რა“. მერე #0578-ს მიუბრუნდა და ჰკითხა, შენ საიდანღა იცი ამდენიო? 

„საიდან, თავადისშვილო და, წიგნები უნდა იკითხო, მაგალითად, ალექსანდრე ყაზბეგი და იქ წერია ეგ ამბები, მეცხვარეების ცხოვრება“, _ გაეღიმა #0578-ს. 

„ახლა რას აპირებ?“ _ გელოვანმა ამჯერად ლევანას ჰკითხა. 

„რას უნდა ვაპირებდე? _ ოთხი წელი მაქვს, მოვიხდი, გავალ და ჩემს ცხვარს მაინც მოვთხოვ იმას“, _ ისე თქვა ქიზიყელმა, რომ აშკარა იყო, არაფერს შეარჩენდა. 

„და 12 ცხვარი მამალი რომ გამოგერთმია, გაგეყიდა და 12 დედალი გეყიდა, ვერა?“ _ მარტივი გამოსავალი მონახა გელოვანმა და ლევანას სახე შეეცვალა. 

„არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ... იცოდა იმან, რისთვის ვუდექი მწყემსად და სპეციალურად გამიკეთა ეს. რომ დავფიქრებულიყავი, კი შეიძლებოდა, მაგრამ ისე გავმწარდი, ვერ მოვიფიქრე, თან კარგი ჯიში ჰყავს იმას“, _ ლევანას ხმაში ეტყობოდა, რომ უკვე ნანობდა კომბლის ქნევას. 

„ჰოდა, ახლა მე მომისმინე, მაინც სხვანაირი ტვინი გვაქვს თავადებს, შორსმჭვრეტელური. უთხარი მამაშენს, მივიდეს იმ სირთან, გამოართვას 12 ცხვარი, მერე გაყიდოს, დედლები იყიდოს, თავისი 12 დაუმატოს და 4 წელიწადში ანუ აქედან რომ გახვალ, კი დაგახვედრებს 100 ცხვარს, შენც გეშველება და იმასაც აღარ მიუვარდები და მეორე წრეზე აღარ წამოხვალ. ჯიშს რაც შეეხება, დაიტოვე იმის მამალი ცხვრები რამდენიც საჭიროა და ეგეც შენი ჯიშიანი ცხვარი, გაიგე?“ _ დაუხატა ბიზნეს-გეგმა გელოვანმა. ლევანას აღარაფერი უთქვამს, ისე გაშორდა მეგობრებს. 

ამ ამბიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, როცა ლევანა #0578-თან საკანში შევიდა. დამეგობრება მოასწრეს ბიჭებმა და მართლა გულიანი ბიჭი იყო ქიზიყელი. 

„მორჩა, 25 ცხვარი მყავს, 12 იმას გამოვართვით, 13 მამაჩემმა იყიდა, ის მამლები დავიტოვე 3 ცალი. მოკლედ, დაიწყო ჩემი ბიზნესი“, _ სიხარულს არ მალავდა ლევანა. 

„აუფ, ბიჭო, რა მწყემსი კვდები აქ“, _ გაიღიმა #0578-მა, მაგრამ ლევანა ასეთებზე აღარ ბრაზდებოდა. 

„აი, რომ გამოხვალ, შენც წაგიყვან მწყემსად, ნამუსიანად გადაგიხდი, იმ გელოვანსაც და მეყოლება მწყემსად თავადი“, _ გაიცინა ლევანამ. 

ყოველდღე რეკავდა ქიზიყში ლევანი, ყოველდღე ეკამათებოდა მამამისს, სად სჯობდა ცხვრების ძოვება, ყოველდღე ასწავლიდა, რა დროს უნდა დაებანა ცხვარი, რა დროს რა უნდა მიეცა და მოკლედ, იქედან ზრდიდა. ყველაზე მეტად დოლზე ინერვიულა, მაგრამ ღმერთმა გადმომხედაო, ამბობდა, ყველა ბატკანი გადაარჩინეს და მესამე წელს, ას ცხვარს გასცდნენ. ცალკე ყველის გაყიდვით დაგროვებული ფულით იყიდეს დედლები, ცალკე _ ჭარბი მამალი ცხვრებისგან და... სულ დეტალებში ყვებოდა ლევანა, როგორ ამრავლებდა თავისუფლებაზე ცხვარს და მთელი ,,ზონა'' გულშემატკივრობდა. 

შემდეგ გელოვანი ,,კრიტში'' წაიყვანეს, #0578 თავისუფლებაზე გამოვიდა და ლევანას საკონტაქტო ტელეფონი დაუტოვა -რომ გამოხვალ, დარეკე, ქიზიყში ერთად ავიდეთო. არ დაურეკავს, ისე გავიდა რამდენიმე წელი და ერთ დღესაც #0578-ს უცხო ნომერმა დაურეკა. 

„ლევანი ვარ, ძმაო, ლევანი“, _ ბოლო ხმაზე ყვიროდა ვიღაც. 

„ვინ ლევანი?“ _ გაიოცა #0578-მა, მაგრამ მაშინვე იცნო ქიზიყელი მეგობარი. 

„ქიზიყელი, ჩობანი, ჩობანი“, _ გადაიხარხარა ლევანამ. ჩობანი ბოლოს შეარქვეს, როცა ცხვრის რაოდენობა ასს გასცდა. 

„როგორ ხარ, ლევან? უი, ბოდიში, შენ კი არა, ცხვრები როგორ არიან, ცხვრები?“ _ გაიცინა #0578-მა და ლევანამაც ბოლო ხმაზე იყვირა – ხვალ, დილით ჩამოვალ, ქიზიყში უნდა ამოგიყვანო, ჩემი ფერმა განახოო. 

მართლაც, ავიდნენ მეორე დღეს, გელოვანი ისევ სასჯელს იხდიდა და აბა, როგორ გაიყოლებდნენ და ნანახით #0578, სასიამოვნოდ გაოცდა. ლევანას ფერმაში ათასზე მეტი ცხვარი, ასამდე ძროხა, 50-მდე ღორი და ასეულობით ფრთოსანი დახვდა. 

„ყოჩაღ, ძმაო, ეს რა ამბები გიქნია. ამ სიცილ-ხარხარში კი გასულხარ ბოლოში და...“ 

„არა, ბოლოში არა. დღეს 150 სკა მოაქვთ, ფუტკრები ვიყიდე, თაფლის წარმოებაც უნდა დავიწყო. ექვსი კაცი მყავს დასაქმებული, ნამუსიანად ვუხდი, ისე კი არა, მე როგორც გადამიხადეს“, _ თქვა ლევანამ და იმ მხარეს გაახედა, სადაც ცხვარს ატყავებდნენ... 

#0578 სახლამდე ლევანას მეგობრებმა მოაცილეს მანქანით. თავად ლევანიც მთვრალი იყო და ვეღარ წამოვიდა. დილით გაღვიძებულს, ცოლი დაადგა თავზე და... 

„ამ გუდის ყველს, მთლიან ცხვარს, ძროხის ყველს და რა ვიცი, კიდევ ათას რამეს რა ვუყო, მაცივარში ადგილი აღარ არის...“ 

„შუაზე გაყავი“, _ მშვიდად უთხრა #0578-მა და საღამოს, ნობათის მეორე ნახევარი, გელოვანების ოჯახში მიიტანა, თავადს გლეხებმა მოვართვითო...

პატიმარი #0578

დაბრუნება დასაწყისში