Menu
RSS

„თხუნელების“ საქმე

ბანკომატებიდან გამქრალი მილიონი ლარი და ქალი, რომლის გამოც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი „დაიწვა“

დღევანდელ რეალობაში თითქმის გამორიცხულია, რომ პატიმრებმა ციხიდან გაქცევა გვირაბის გათხრით მოახერხონ. ეს იმიტომ, რომ თანამედროვე ციხეებს კარგი დამცავი კედლები აქვთ და გვირაბის გათხრაც ვეღარ მოხერხდება. დღეს, საქართველოს ციხეებში, აღარ არის საბარაკო სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოთხრილ მიწას პატიმრები ვერსად წაიღებენ და ამიტომ, თუ ვინმეს ციხიდან გაქცევის სურვილი აქვს, სხვა რამ უნდა მოიფიქროს. 

არადა, დღესაც არიან ისეთები, რომლებიც გვირაბის 20-30-მეტრიანი გათხრას ერთ კვირაზე ნაკლებს ანდომებენ და მნიშვნელობა არ აქვს, ნიადაგი ქვიანია თუ მიწიანი, ისინი თხუნელებზე უკეთ ახერხებენ მიწისქვეშ მუშაობას, თუმცა გვირაბის გათხრა კრიმინალებისთვის საინტერესო მხოლოდ ციხიდან გაქცევის გამო არასდროს ყოფილა...

პატიმრებს შორის ინტელექტუალი კრიმინალები იშვიათად შეგხვდებათ, მაგრამ თუ შეგხვდებათ, ისეთები არიან, რომლებსაც ეს სფერო ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი, დანაშაულს წამებში გეგმავენ, ყველაფერს ითვალისწინებენ და ხშირ შემთხვევაში, შეცდომა არა თავად, არამედ, „პადძელნიკებს“ მოსდით. 

ასე იყო ერეკლეს შემთხვევაშიც, რომელმაც თითქოს ყველაფერი გათვალა, მაგრამ ბოლოს, მაინც ციხეში მოხვდა და... იმის გამო, რომ ვერაფერი დაუმტკიცეს, ბოლოს, იარაღი ჩაუდეს და მხოლოდ 4 წელი „აკმარეს“, არადა, ყველამ, მათ შორის, სამართალდამცავებმაც იცოდნენ, რომ ყველაფრის თავი და თავი სწორედ ის იყო, მაგრამ მას ხელი არც „პადძელნიკებმა“ დაადეს და ვერც პოლიციამ დადო მტკიცებულებები. ამიტომ, ერეკლე თავს „უკანონო პატიმრად“ მიიჩნევდა და იყო მის მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი _ რომ არა ჩადებული იარაღი, მას, უბრალოდ, ვერაფერს უმტკიცებდნენ. ყველაფერი კი ასე დაიწყო... 

ერთ-ერთ სუფრაზე ერეკლე შეხვდა კაცს, რომელსაც ციხიდან ორი გაქცევის მცდელობა ჰქონდა. ერთი წარმატებული, მეორე შემთხვევაში კი დაიჭირეს. ორივე მცდელობა გვირაბის გათხრის შემდეგ მოხდა და ყველაზე საინტერესო მეორე შემთხვევა გახლდათ _ დაახლოებით, 27 მეტრის გვირაბი ქუთაისის ციხეში, ხუთ დღეში გაითხარა. სუფრაზე ამ თემაზე ბევრი იცინეს, მეორე დღეს კი ერეკლე გვირაბის მთხრელს სახლში დაადგა. 

„ციხეში უფასოდ თხრიდი და აქ ფულს გადაგიხდი. მეტრის გათხრა, საბოლოოდ, შეიძლება ათას ლარადაც კი დაგიფასდეს“, _ უთხრა „თხუნელას“ და საკუთარი გეგმაც გააცნო. 

ერეკლე ბინას ან ფართს იქირავებდა იმ დაწესებულების ახლოს, სადაც რომელიმე ბანკის ბანკომატი იდგა. შემდეგ გაიყვანდნენ გვირაბს, შემდეგ დაელოდებოდნენ, როდის ჩადებდნენ ბანკომატში ფულს და იმავე საღამოს თანხას წაიღებდნენ. გეგმა, ერთი შეხედვით, სრული სიგიჟე იყო, რადგან ჯერ დაწესებულება უნდა გენახა, სადაც ბანკომატი იდგა, შემდეგ მის ახლოს, თან მაქსიმალურად ახლოს გასაქირავებელი ფართი, შემდეგ გაგეთხრა და თან შეუმჩნევლად დარჩენილიყავი, მაგრამ „თხუნელა“ ამ სიგიჟეს დათანხმდა. 

ერთი დამხმარე მოითხოვა, რომელიც მის მიერ გათხრილ მიწას გვირაბიდან გაიტანდა და შესაბამისი ხელსაწყოები. რა თქმა უნდა, ერეკლემ დამხმარე მოუყვანა, წინასწარ შეგულებული სამი ადგილიდან ერთ-ერთი, „თხუნელასთან“ ერთად შეარჩია და თხრაც დაიწყო. პროცესი იმაზე მალე დასრულდა, ვიდრე თავად ელოდნენ, მიწაში ქვა კი არა, ერთი კენჭიც არ შეხვედრიათ და, როგორც ამბობდნენ, მიწა ყველივით იჭრებოდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ბანკომატამდე სულ რაღაც ნახევარი მეტრი ანუ ნახევარი საათის საქმე აშორებდათ და დაბლიდან სპეციალური სამაგრები ჰქონდათ შეყუდებული, რათა ბანკომატი გათხრილ მიწაში არ ჩამოვარდნილიყო, მის გაქურდვას ერეკლე მაინც არ ჩქარობდა. Aამ ამბავმა „თხუნელაც“ და მისი დამხმარეც შეაფიქრიანა, მაგრამ ერეკლემ აუხსნა, ჯერ უნდა გავიგოთ, როდის „აზაპრავკებენ“ ფულით ბანკომატს, თორემ ცარიელის წაღებას რა აზრი აქვსო. 

ერთ საღამოსაც ერეკლემ ერთადერთი სიტყვა თქვა _ „დღეს!“ 

შემდეგ ყველაფერი მარტივად მოხდა, მაღაზიის შენობაში, სადაც ბანკომატი იდგა, ბიჭები მარტივად აძვრნენ, მარტივად გატეხეს ბანკომატი, იქვე ამოიღეს ფული, რადგან იცოდნენ, ყუთი რომ წაეღოთ, იქ ჩიპი იქნებოდა, რომელიც მათ გადაადგილებას დააფიქსირებდა და სანამ დაცვის პოლიცია ადგილზე მივიდა და გაარკვია, სად გადიოდა უკვე ჩამონგრეული და მიწით ამოვსებული გვირაბი, მანამდე მეგობრები სამშვიდობოს იყვნენ. 

როცა სამართალდამცავებმა პირველად ნახეს ასე გაქურდული ბანკომატი, მიხვდნენ, საქმე კარგად ორგანიზებულ დაჯგუფებასთან ჰქონდათ, რადგან ყველაფერი ზუსტად იყო გათვლილი, გვირაბიც აკურატულად გათხრილი და რაც მთავარია, პოლიციას ეჭვი გაუჩნდა, რომ ამ საქმეში ბანკის საინკასაციო მანქანის თანამშრომლები იყვნენ გარეულნი, რადგან ბანკომატი ზუსტად იმ დღეს გატეხეს, როცა მასში ფული ჩადეს. 

გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობდა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო _ დამნაშავეები, უბრალოდ, გაქრნენ, ფართის გამქირავებელმა კი, საიდანაც გათხრა მოხდა, მხოლოდ ის თქვა, სამი თვის ფული წინასწარ გადამიხადა ვიღაც ასაკიანმა კაცმა და იმის შემდეგ აღარ მინახავს, ან რატომ უნდა მენახა, მინიმუმ, 3 თვით მასთან საქმე არ მქონდაო. 

საქმე, პრაქტიკულად, თაროზე შემოსადებად იყო განწირული, როცა თბილისში ზედიზედ, სამდღიანი ინტერვალით, ორი ბანკომატი გაქურდეს. ხელწერა იგივე იყო _ გვირაბი, ადგილზე დამტვრეული ბანკომატი და წაღებული თანხა. 

გამქირავებლებმა ისევ მოხუცზე მიუთითეს, რომელიც თავაზიანად იხდიდა სამი თვის ქირას წინასწარ და ფართის მეპატრონეებიც აღარ აწუხებდნენ. 

სამართლადამცავები ჩიხში შევიდნენ. გამორიცხული იყო, თბილისის მასშტაბით, იმ ობიექტების თვალთვალი დაეწყოთ, სადაც ბანკომატები იყო განთავსებული. 

საქმე ის გახლდათ, რომ ასეთი ობიექტი ორასზე მეტი იყო და პოლიციას საამისო რესურსი, უბრალოდ, არ გააჩნდა. 

ადგილობრივი აგენტურა ვერაფერს ამბობდა, რადგან არ იცოდა, ვინ იყვნენ ქურდები. აბსოლუტურად ყველა პოლიციელს ჰქონდა მითითება, რომ შეძლებისდაგვარად ყურადღება მიექცია ამ ადგილებისთვის, სადაც ბანკომატები იყო განთავსებული. პარალელურად, სამართალდამცავები მაქსიმალურად ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას ბანკომატების ლოკაციის ადგილიდან, დაახლოებით, 20-30 მეტრის მოშორებით, სად ქირავდებოდა ფართი. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამართალდამცავები ხელმოცარულები რჩებოდნენ _ დაჯგუფება შვეიცარული საათის სიზუსტით მოქმედებდა, შეცდომას არ უშვებდა და მთლიანობაში შვიდი ბანკომატი გატეხა, წაღებულმა თანხამ კი მილიონ ლარს გადააჭარბა. „როგორც წესი, ყველაფერს ქალი აფუჭებს. ჰო, ქალი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ერევა საქმეში“, _ ნაღვლიანად ყვებოდა ერეკლე. 

საქმე ისაა, რომ ორი მთხრელისა და ერთი მოხუცის გარდა (რომელიც დღემდე არ იცის გამოძიებამ, ვინ იყო და ერეკლეც მის ხსენებაზე მხოლოდ იღიმოდა), ბანდაში კიდევ ერთი ბიჭი იყო, რომელსაც ყველაზე მარტივი სამუშაო ჰქონდა. 

მას შემდეგ, რაც გვირაბი გაითხრებოდა და ბანკომატს ქვემოდან მიადგებოდნენ, ამ ბიჭს უნდა ეთვალთვალა იმისთვის, როდის მივიდოდა საკასაციო მანქანა ბანკომატში ფულის ჩასადებად. მას მარტივად შეეძლო, უბრალოდ, ქუჩაზე ესეირნა, ან მანქანით დამდგარიყო ცოტა ხნის განმავლობაში, ანაც იქვე, ახლოს კაფეში დამჯდარიყო. ის პირველ შვიდ შემთხვევაში ასეც იქცეოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფული გაუჩნდა, საყვარელიც გაიჩინა და ქუჩაში დგომასა და თვალთვალს, მასთან ყოფნა ერჩია, ამიტომ „ორიგინალური“ რამ მოიფიქრა _ ავტომობილი ბანკომატის მოპირდაპირე მხარეს გააჩერა, მანქანის „ტორპედოზე“ პატარა ვიდეოკამერა დაამაგრა, ჩართო და საღამოს გადაახვია. ასე გრძელდებოდა ერთი დღე, ორი, სამი... 

ერთ დღესაც, გასაჩერებელი ადგილი რომ ვერ ნახა, ერეკლეს „პადძელნიკმა“ მანქანა პირდაპირ ტროტუარზე გააჩერა, კამერა ჩართო, თავად კი საყვარელთან წავიდა. ტროტუარზე გაჩერებული მანქანა პატრულს არ მოეწონა, ახლოს მივიდა, დაათვალიერა და სანამ ჯარიმას გამოწერდა, დაინახა, რომ ტორპედოზე ვიდეოკამერა იდო, რომელიც წითლად ანათებდა და რომელიც ბანკომატზე იყო მიშვერილი. სამართალდამცავები მაშინვე ამოქმედდნენ, მანქანაზე თვალთვალი დაიწყეს, ხოლო მეპატრონის ტელეფონი მოსმენაზე ჩართეს. 

პოლიცია დაუკავშირდა ბანკსაც და სთხოვა, ინკასაციის მანქანა კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ დროს მისულიყო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა და მაშინ, როცა ბიჭებს მორიგი წარმატებული ქურდობა უნდა ეზეიმათ, შენობაში ასულებს სპეცდანიშნულების რაზმი ელოდათ. 

რატომ არ იყო ერეკლე ადგილზე? მარტივი მიზეზის გამო _ ვირუსი შეხვდა, სიცხიანი შინ იწვა და პოლიციამაც მხოლოდ სამი კაცი დააკავა _ ორი მთხრელი და ერთი ის, რომელსაც თვალთვალი ევალებოდა. არცერთმა მათგანმა ერეკლე არ დაასახელა, თუმცა პოლიცია მიხვდა, რომ ყველაფერი ამ სამიდან არცერთის მოფიქრებული არ იყო. 

სატელეფონო ზარები შეამოწმეს და სამივეს ყველაზე მეტჯერ ერეკლესთან ჰქონდა დარეკილი. ჩხრეკის შედეგად ერეკლეს ვერაფერი უპოვეს, ვერაფერი დაუმტკიცეს, ვერცერთმა გამქირავებელმა ვერ ამოიცნო, მაგრამ მაინც მიუსაჯეს, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ ყველაფრის თავი და თავი ერეკლე იყო. 

დანარჩენებს 7-7 წელი ერგოთ, თუმცა ისინი მაინც კმაყოფილები იყვნენ იმით, რომ სამართალდამცავებმა მხოლოდ ბრიყვული შეცდომის წყალობით დაიჭირეს, თორემ მათ ყველაფერი იუველირის სიზუსტით შეასრულეს და პოლიცია, უბრალოდ, ვერაფერს ახერხებდა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში