Menu
RSS

„კანონიერი ქურდები“ ერთმანეთს დაერივნენ

რა სკანდალური წერილი გავრცელდა „ზონაზე“ და რისი ეშინიათ ესპანეთსა და იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს

პრაქტიკულად, მთელი ზაფხულის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურები მაქსიმალურად ცდილობდნენ დაეკავებინათ ის პირები, რომლებიც „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ატარებენ. ქვეყნის პირველი პირის ბრძანება, რომ 2020 წელს, რუსეთის ტერიტორიაზე, ქურდები მხოლოდ ციხეში უნდა იყვნენ, ისევ ძალაშია და ვლადიმირ პუტინი პირადად აკონტროლებს, როგორ მუშაობენ სამართალდამცავები. შესაბამისად, რუსეთიდან, პრაქტიკულად, ყველა ცნობილი, თუ უცნობი „კანონიერი ქურდი“ ცდილობს აბარგებას და ისინი ახალ თავშესაფარს, ძირითადად, უკრაინასა და თურქეთში ეძებენ. არიან ისეთებიც, რომლებსაც რუსეთში დარჩენა, მიმალვაში ყოფნა და სხვა გვარით ცხოვრება ურჩევნიათ, რადგან რუსეთის საზღვრებს გარეთ, მათი სიცოცხლე დაცული არ იქნება და თავისივე ,,კოლეგები'' მოუღებენ ბოლოს.

მღვრიე წყალში თევზის დაჭერას არაერთი გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ცდილობს და ისინი საკუთარი კლანის გაძლიერებაზე ზრუნავენ. ასე მაგალითად, გასულ კვირას ხმაური ატყდა, ტვერის ოლქის „ზონაზე“, ქურდების მიერ გატარებული „პრაგონი“ ტყუილი იყოო. ტვერის ოლქის ციხეში სასჯელს არტურ ატაბეკიანი იხდის, ქურდი, რომელსაც სტატუსი პირადად შაქრო კალაშოვმა შეუჩერა და იმის მიუხედავად, რომ სტატუსის აღდგენაზე ატაბეკიანის მეგობრებმა რამდენჯერმე სიტყვა დაძრეს, საქმეს არაფერი ეშველა. ამჯერად კი, ციხეზე „პრაგონი“ გატარდა, არტურა ისევ ქურდიაო და წერილს ხელს ქუთაისელი ქურდები _ გოჩა ალფაიძე (იგივე ალფასონი), გია ნიჟარაძე და დღეისთვის თავისუფლებაზე მყოფი, ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი, იგივე „გული“ აწერდნენ. ყველაფერი ეს ასევე, ციხეში მყოფმა კალაშოვმა გაიგო და „გულის“ შეუთვალა, თავზე რატომ გადამახტიო და... როგორც გაირკვა, „პრაგონზე“ საკუთარი ხელმოწერის არსებობის შესახებ, სალიფოვმა არაფერი იცოდა. 

„ალფაიძე და ნიჟარაძე სალიფოვის გარემოცვაში არიან და მის მეგობრებად ითვლებიან. სავარაუდოდ, მათ ჩათვალეს, რომ როდესაც „გული“ ფაქტის წინაშე დადგებოდა, ხელმოწერას არ უარყოფდა, მეგობრობის ხათრით კი, მათაც არაფერს ეტყოდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. „გულიმ“ ახალი „პრაგონი“ გაატარა და აღნიშნა, რომ მისი ხელმოწერა გაყალბებულია და ის ატაბეკიანისთვის სტატუსის დაბრუნებას არ ეთანხმება. ამან კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ქუთაისელების სტატუსი, რადგან იმავე „პრაგონში“, „გულიმ“ აღნიშნა, რომ მეგობრებს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა და ისინი ერთმანეთში, მშვიდად გაერკვევიან“, _ ეს საუბრები მიდის კრიმინალურ წრეებში, მაგრამ რეალურად ყველა ხვდება, რომ „გულის“ არ უნდა ურთიერთობის გაფუჭება ტარიელ ონიანთან, რომელიც რამდენიმე კვირაში, თავისუფლებაზე გამოვა და ძველ გავლენას აუცილებლად დაიბრუნებს. 

უფრო მეტიც, „გული“ რამდენჯერმე შეხვდა ონიანის მარჯვენა ხელსა და უახლოეს მეგობარს, მერაბ ჯანგველაძეს და როგორც ამბობენ, ეს სამი ადამიანი კრიმინალური სამყაროს სათავეში მაშინვე აღმოჩნდება, როგორც კი ონიანი თავისუფლებაზე გამოვა. 

ყველაფერ ამის პარალელურად, საოცრად იმუშავეს სომეხმა პოლიციელებმა. რამდენიმე თვის წინ, ერევანში, ვიდეოთვალების წინ, სომეხი „კანონიერი ქურდი“, ანდრანიკ არუთინიანი ჩაცხრილეს. ეს იყო ე.წ. კანონიერი ქურდის პირველი მკვლელობა, რომელიც ერევანში მოხდა. მანამდე სომხეთის დედაქალაქში, კრიმინალური სამყაროს უმაღლეს იერარქიულ საფეხურზე მყოფი ადამიანი არ მოუკლავთ, რასაც ვერ ვიტყვით პოსტსაბჭოთა სივრცის ვერცერთ დედაქალაქზე, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა. სომეხმა სამართალდამცავებმა მაშინ საქმე მალევე გამოაცხადეს გახსნილად და არუთინიანის მკვლელად, ჩეჩნეთის მოქალაქე დაასახელეს. ის ვიდეოთვალითაც ამოიცნეს და დაადასტურეს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში, მან სომხეთის ტერიტორია დატოვა. შედეგად, მისი დაკავების მოთხოვნით, სომხეთმა რუსეთის ფედერაციას კი მიმართა, მაგრამ რუსებმა იქიდან მოიწერეს, ეგ ჩეჩენი უკვე ევროპაშია, რუსეთიდანაც გავიდაო. 

ახლა კი ირკვევა, რომ ჩეჩენი ქილერი მარტო არ მოქმედებდა და მას ადგილობრივი სომეხიც ეხმარებოდა. პოლიციამ ამის შესახებ იცოდა, მაგრამ არც მათ და შესაბამისად, არც მედიასაშუალებებს ამაზე სიტყვაც არ დასცდენიათ. სამართალდამცავებისთვის ცნობილი იყო, რომ ქვეყნიდან ადგილობრივი ქილერიც, მკვლელობის შემდეგ რამდენიმე საათში გავიდა და, სავარაუდოდ, რუსეთიდან აკვირდებოდა, რა ხდებოდა არსებული საქმის გარშემო მის ქვეყანაში. ვინაიდან საკუთარი გვარი ვერცერთ მედიასაშუალებაში ვერ ნახა, რადგან არსად არ თქვეს, რომ მკვლელობისთვის ორ პიროვნებას ეძებდნენ, 24 ივლისს, ის სამშობლოში დაბრუნდა. 3 აგვისტოს კი სპეცოპერაცია ჩატარდა და სომეხი ქილერი საკუთარ სახლში დააკავეს. 

ეს რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებს. ევროპაში მდგომარეობა ისევ დაიძაბა და ამჯერად, სპეცოპერაციები საბერძნეთში ჩატარდა. მართალია, დაკავებულთა შორის, ძირითადად, ის მიგრანტი ქალები არიან, რომლებსაც საბუთი არ აქვთ და ელადაზე იმისთვის შრომობენ, რათა აქ ოჯახები არჩინონ, მაგრამ ბერძენ სამართალდამცავებს იმედი აქვთ, რომ არალეგალ ქალებთან ერთად, დამნაშავეთა სამყაროს რამდენიმე წევრსაც დაიჭერენ. სპეცოპერაცია კი მას შემდეგ ჩატარდა, რაც ბოლო დროს საბერძნეთში, კონკრეტულად სალონიკში, ბინის ქურდობების ფაქტები გახშირდა. თავად განსაჯეთ, ერთი და იმავე ხელწერით, ორი კვირის განმავლობაში, 54 ბინა გატყდა, რაც ნებისმიერი ქალაქის პოლიციისთვის კატასტროფული შედეგია. ჯერჯერობით, ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან, მაგრამ სპეცოპერაცია დღემდე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და, შეიძლება ითქვას, რომ სალონიკის პოლიცია ყაზარმულზეა გადასული. 

მორიგ სპეცოპერაციას ელოდებიან ქართველები ესპანეთსა და იტალიაში. როგორც იქ მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეები ამბობენ, ბოლო დროს, ორივე ქვეყანაში სიტუაცია ძალიან მოეშვა, სამართალდამცავები აღარ აქტიურობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სპეცოპერაციისთვის ემზადებიან. სიტუაცია კი იმიტომ ,,მიუშვეს'', რომ კრიმინალებმა თავი მშვიდად იგრძნონ და რაც შეიძლება, მეტად გათამამდნენ. ქართველი ემიგრანტების თქმით, სპეცოპერაციები, ძირითადად, სექტემბერში ტარდება და ამიტომ, ისინი სწორედ სექტემბერს ელიან შიშით. 

რაც შეეხება საქართველოს, როგორც მოსალოდნელი იყო, საკურორტო სეზონზე, ყველაზე მეტად ნარკოტიკების გამსაღებლები გააქტიურდნენ და ამიტომ, ქართველი სამართალდამცავების ბადეს, ყველაზე ხშირად, სწორედ ნარკორეალიზატორები მოჰყვნენ. საგულისხმოა, რომ დაკავებულთა შორის უმრავლესობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ასევე, საინტერესოა ისიც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არამარტო გასაღებაზე, არამედ ნარკოტიკის შემოტანის მცდელობის დროსაც დააკავეს. სამწუხაროდ, უცხოელებში დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოში ნარკოლიბერალური პოლიტიკა ტარდება და ამიტომ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები უფრო მეტად რისკავენ. არადა, ლიბერალური მიდგომა მომხმარებელთა მიმართაა და არა გამსაღებლების. კარგი იქნება, თუ გამსაღებლების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლება კანონს უფრო გაამკაცრებს და „ბარიგებს“ უფრო მეტად დასჯის. 

P.S. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო დროს, საკმაოდ მოიმატა „კარმანშიკების“ მიერ ჩადენილმა დანაშაულმა და არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოქალაქეები ფულსა და პირად ნივთებს კარგავენ. 

ცნობისთვის: აშშ-ში, 60-იან წლებში, ანალოგიურ პრობლემას მას შემდეგ მოუღეს ბოლო, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სამოქალაქო ტანსაცმელში შემოსილმა პოლიციელებმა დაიწყეს და ისინი ჯიბის ქურდებს, პირდაპირ ფაქტზე აკავებდნენ.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში