Menu
RSS

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დაცვის პოლიციის ერთიანი სერვისცენტრი შეიქმნა, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა _ ლევან კაკავამ და ნინო ჯავახაძემ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან _ გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად გახსნეს. 

თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩა #6-ში, გახსნილი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ახალი სერვისცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისტემური განახლების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მინისტრის მოადგილეებმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დაათვალიერეს და იქ არსებულ სერვისებს დეტალურად გაეცნენ. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისტემური განახლების ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტია საპოლიციო მომსახურეობები მარტივად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. 

ამიტომ ჩვენ გავხსენით დაცვის პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი და დღეიდან თითოეულ მოქალაქესა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში მიიღონ დაცვის პოლიციის ყველა მომსახურეობა. 

ამ სერვისცენტრს წარმომადგენლები ეყოლება საქართველოს ყველა რეგიონში“, _ განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ ცენტრის გახსნისას. 

დღემდე, დაცვის პოლიციის სერვისებით სარგებლობისთვის მოქალაქეს უწევდა რთული პროცედურების გავლა, რაც გულისხმობდა ერთი მომსახურების მისაღებად სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლის აუცილებლობას. ფანჯიკიძის ქ.6-ში, დაცვის პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნის შემდეგ, მოქალაქეებს უკვე საშუალება აქვთ, დაცვის პოლიციის ყველა მომსახურება ერთ სივრცეში მიიღონ. 

სერვისცენტრის წარმომადგენელი ასევე იმუშავებს ყველა რეგიონულ სამმართველოში, რაც მომსახურებას გააუმჯობესებს მთელი საქართველოს მასშტაბით. 

როგორც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიგა ნიკოლეიშვილი აცხადებს, „სისტემური განახლების ფარგლებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების ჯგუფებისათვის შეიქმნა ახალი GPშ პროგრამა, რომლის საშუალებითაც ოპერატიული რეაგირების ჯგუფების გადაადგილების დრო მინიმალურად შემცირდება, რადგან განგაშის პირობებში მათ ავტომობილებში მიეწოდებათ ლოკაციის ადგილმდებარეობა და ფოტომასალა“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 13 000-ზე მეტ ობიექტს ემსახურება. მათ შორის 6 000-ზე მეტი თბილისში მდებარეობს. 

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ მომსახურებას: საპოლიციო დაცვა, დაცვა ტექნიკური საშუალებებით, დაცვა-გაცილება, ესკორტი, ინკასაცია, GPS მომსახურება. გარდა ამისა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს სამხედრო-საკონტრაქტო სამსახური.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში