Menu
RSS

გეგიძის სკანდალი - პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ სამართლიანობის აღდგენა

ექნება თუ არა კითხვები გამოძიებას ძმებ „გრეჩიხებთან“

„რუსთავი 2“-ის მოვლენების გამო, მხედველობაში გვაქვს არხიდან საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის, ასევე, წამყვანი ჟურნალისტების - ნანუკა ჟორჟოლიანის, ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას გათავისუფლება, რასაც სხვა თანამშრომლებიც დემარში მოჰყვა, ქართულმა მედიამ ჯეროვანი და სათანადო ყურადღება არ დაუთმო იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კერძოდ, ვაკის მაჟორიტარი ბიძინა გეგიძე, რომელიც ამავდროულად, „ოცნების“ უმრავლესობის წევრიც გახლავთ, სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ზოგადად, ბოლო დროს დეპუტატებთან, სხვადასხვა მიზეზით, საგამოძიებო უწყებებს კითხვები ხშირად უჩნდებათ. უფრო მეტიც, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ისიც კი მოხდა, რომ დეპუტატს ანუ ხალხის რჩეულს ე.წ. სამაჯური დაადეს (ნიკა მელიას ქეისი). აქედან გამომდინარე, გეგიძის სუს-ში დაბარება არ უნდა გაგკვირვებოდა, მაგრამ აქ არსებობს ერთი დეტალი. 

კერძოდ: თუ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის გვარი ჯგუფური ძალადობისა და შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის საქმეში ფიგურირებს, გეგიძის შემთხვევაში, არცთუ ნაკლების სიმძიმის შესაძლო დანაშაულთან გვაქვს საქმე ანუ „ოცნების“ უმრვალესობის წევრთან კითხვები - არც მეტი, არც ნაკლები - სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოს აქვს. მაშასადამე, არსებობს ეჭვი, რომ დეპუტატი კორუფციულ გარიგებებში თუ არ არის გარეული, მინიმუმ, ფინანსურ მაქინაციებზე გარკვეული ინფორმაციას ფლობს.

ისე, სუს-მა, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ გეგიძეს დაკითხვასა თუ გამოკითხვაზე იბარებდნენ, განმარტა, რომ საქმე დეპუტატის წინა ცხოვრებას, უფრო კონკრეტულ, წინა სამსახურს ეხება.

„ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11 საათზე. აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება,“ - ვკითხულობთ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მართალია, ოპოზიციამ იმთავითვე განაცხადა, დეპუტატის სუს-ში დაბარება ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნააო და ეს აზრი თავად გეგიძემაც გაიზიარა, მაგრამ თუ არცთუ შორეულ წარსულს გადავხედავთ, ბიძინა გეგიძე სკანდალში არაერთხელ გახვეულა, თუმცა ყველაზე, როგორც იტყვიან, მსუყე სკანდალი „საქართველოს ფოსტას“ უკავშირდება. სწორედ ეს გახლდათ გეგიძის წინა სამსახური ანუ ვიდრე დეპუტატი გახდებოდა, ის „საქართველოს ფოსტაში“ საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა - გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.  

ისე, თუ „საქართველოს ფოსტაში“ მაქინაციებს ჰქონდა ადგილი, საინტერესოა, საგამოძიებო უწყება ამ თემით თავის დროზე ანუ მაშინ რატომ არ დაინტერესდა, როცა გეგიძე „ოცნების“ სახე გახდა? - ამ კითხვაზე პასუხისას გეგიძე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მიანიშნებს და განმარტავს, უმრავლესობის დატოვებაზე მზადყოფნა გამოვთქვი და ყველაფერი ამას უკავშირდებაო.

გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ „საქართველოს ფოსტის“ ქონების აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით თავის დროზეც ანუ 2014-2016 წლებში ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. 

ზოგადად, შეიძლება, ითქვას, რომ „საქართველოს ფოსტა“, რკინიგზისა არ იყოს, სახელმწიფოში მინი სახელმწიფოა და მის მენეჯმენტში ყოველთვის ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები არიან. ასე იყო იმ დროსაც, როცა გეგიძე აღნიშნულ დაწესებულებაში საქმიანობდა ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, გეგიძე ძმებ ლევან და გია გაჩეჩილაძეების მეგობარია. შესაბამისად, ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის შემდეგ ითქვა, რომ „საქართველოს ფოსტა“ „გრეჩიხების“ ხელში გადავიდა და ამიტომ, არავის გაჰკვირვებია, რომ იქ წამყვან პოსტზე სწორედ ძმებ გაჩეჩილაძეებთან დაახლოებული ადამიანი, ესე იგი, გეგიძე დაინიშნა, თუმცა მოგვიანებით, „გრეჩიხებისა“ და „ოცნების“ გზები გაიყო. ალბათ გახსოვთ, მომღერალი „უცნობი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „ოცნება“, კერძოდ, მთავრობის მაშინდელი პირველი პირი, გიორგი კვირიკაშვილი, პირდაპირ თუ ირიბად, კორუფციის მფარველობაში დაადანაშაულა.

ვერ ვიტყვით, რომ დღეს ძმები გაჩეჩილაძეები პირგამეხებული ოპოზიციონერები არიან, მაგრამ როგორც კულუარებში არიან, „ოცნების“ ე.წ. სტაფი მათ მთლად სანდოდ არ მიიჩნევს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ „საქართველოს ფოსტის“ ამბების წამოწევაც მათთვის ერთგვარი მესიჯი იყოს ანუ შესაძლოა, იმის ალბათობაც დავუშვათ, რომ გამოძიებამ კითხვები ირიბად ძმებ გაჩეჩილაძეებსაც დაუსვას.

„პოლიტიკოსი ვარ და მარტივია - როდესაც საქმიანობის მესამე წელს მიბარებენ მოწმის სტატუსით, ეს, თავისთავად, პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირშია“, - ამბობს გეგიძე და აცხადებს, რომ თავის დროზე აუქციონის მსვლელობაზე გავლენა ერთ თანამშრომელსაც არ მოუხდენია და „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილება ობიექტების სიის მომზადების შემდეგ შეწყდა.

სხვათა შორის, გეგიძემ დაკითხვის ოქმს, მასში ზოგიერთი ცვლილების შეტანის საბაბით, ხელი არ მოაწერა:

„ჩემი უფლებაა, რომ შესწორებები შევიტანო უკვე ამ ლაპარაკის შემდგომ ოქმში… ოქმში აისახა შინაარსი, მაგრამ ჩემი აზრი, რაზეც ვპასუხობდი, არ არის ისე ასახული, როგორც ჩემთვის მისაღები იქნება. ჩემი პასუხები რომ წავიკითხე, არ მომეწონა აზრობრივად და მინდა უფრო გამართული იყოს და ყველასთვის ნათელი, რომ ყველამ გაიგოს ცალსახად“.

რითი დამთავრდება „გეგიძის სკანდალი“? - იმის მოლოდინი, რომ მას დეპუტატის იმუნიტეტს მოუხსნიან და, ნიკა მელიას მსგავსად, მინიმუმ, შიდა პატიმრობას მიუსჯიან, არავის აქვს, თუმცა ამ საქმეში ორი მომენტი არსებობს.

ერთი ის, რომ თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აუცილებლად უნდა აგოს და, მეორეც, როცა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი ამბობს, რომ ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია, ამით რიგით მოქალაქეებს დაუცველობის განცდა უჩნდებათ ანუ ადამიანები უშვებენ იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, გარკვეული უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ. ყველაფერი ეს კი, რაღა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

ამიტომ, კარგი იქნება, ნებისმიერი გამოძიება გამჭირვალედ და ობიექტურად ჩატარდეს, რადგან საზოგადოებას გარკვეული ეჭვი არ დარჩეს.

ამასთან, როგორც თავში აღვნიშნეთ, თუ „საქართველოს ფოსტის“ აუქციონი არასწორად იყო ჩატარებული, მაშინ საინტერესოა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გეგიძე მმართველი გუნდის სახე როგორ გახდა? - აი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა ის დროც უნდა დამთავრდეს, როცა დეპუტატობა ამ ქვეყანაში ერთგვარი ინდულგენცია იყო ანუ კარგად გვახსოვს, ადამიანები ათას ცუდს გააკეთებდნენ, მერე, რომელიმე პოლიტიკური ძალის გამსვლელ სიაში ადგილს გაინაღდებდნენ და დანაშაულზე პასუხისმგებლობაც ჩაილურის წყალს დალევდა ხოლმე.

ჰოდა, რადგან ეს მავნე ტრადიცია თითქმის აქამდე მოგვყვა, ამიტომაც ვართ იმ დღეში, რომელშიც ვართ! 

ნინო დოლიძე

დაბრუნება დასაწყისში