Menu
RSS

პარიზის ციხის კოშმარები

რატომ აღარ მუშაობს ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციის პროგრამა და რითი ირჩენენ თავს ციხიდან გამოსულები 

არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოს ციხეები, ევროპის სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან შედარებით, ნამდვილი ჯოჯოხეთია. აქ იგულისხმება, როგორც პირობები და საკვები, ისე ზედამხედველების დამოკიდებულება პატიმრებთან, თუმცა უნდა ითქვას, რომ არცთუ იშვიათად, აქაური ციხე, ევროპულთან შედარებით, სამოთხეა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ როცა საქმე პარიზის ციხეს ეხება, მაშინ თითქოს სადაოც არაფერია, მაგრამ...

 

„რომანს გაუმარჯოს, რომანს“,- ქობულეთის სანაპიროზე, ყოფილი თანასაკნელის დანახვა, ყოფილ პატიმარს ძალიან გაუხარდა.

„ვაა, რა კაცი... და აქ რა გინდა?“- ისე გაიკვირვა რომანმა ივლისის ცხელ დღეს ქობულეთის პლაჟზე ძველი მეგობრის ნახვა, თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა არ ყოფილიყო.

„ვისვენებ, მეგობარო, ვისვენებ და შენ რას აკეთებ აქეთ? სეზონს წამოყევი?“ - გაეცინა პატიმარყოფილს, რომელმაც კარგად იცოდა, რომ რომანი არამარტო საქართველოს მასშტაბით, საკეტების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო.

„არა, რა სეზონს, ცოლი მყავს აქაური და ცოლეურებში ვარ, რა, თან ვისვენებ, თან საქმეს ვეძებ, იქნებ რამე ვიშოვო“, - ხელი ჩაიქნია რომანმა.

„რა საქმეს, ადამიანო? მდიდარი ხალხი სასტუმროებში ცხოვრობს და იქ შესვლა გაგიჭირდება, „კოიკებზე“ კიდევ ისეთები ისვენებენ, დიდი ფული რომ არ ექნებათ...“

„არა, რა სასტუმრო და „კოიკა“, მართლა სამსახურს ვეძებ. დავიღალე, აღარ მინდა არაფერი, მუშაობა მინდა. 12 და 15 წლის შვილები მყავს, ჩემი დაჭერა ამათი დაღუპვაა და ამიტომ, მხოლოდ კანონიერ მუშაობაზე ვფიქრობ, მაგრამ არავის ვჭირდები, რა...“, - ამოიხვნეშა რომანამ.

„აქ შენი დანახვა იმიტომ გამიკვირდა, მითხრეს, საფრანგეთშია და კარგად არისო“, -გაიხსენა მეგობარმა ძველი ამბავი.

„ვიყავი, სამი თვის ჩამოსული ვარ. ჩამოსული, რა, დეპორტი გამიკეთეს. არადა, ვმუშაობდი, მართლა პატიოსნად ვმუშაობდი და შვიდი თვე ციხე მახეხინეს“, - თავი გადააქნია რომანამ და პაუზის მერე დაიწყო:

„მოკლედ, საფრანგეთში რომ ჩავედი, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას მივაკითხე, არალეგალებს იყვანდა და მართალია, დაბალ ხელფასზე, მაგრამ მაინც ამუშავებდა. დავიწყე მუშაობა და თითქმის ერთი წელი ვიმუშავე, ფულს აქეთ ვაგზავნიდი და იქ ბევრი არ მეხარჯებოდა. ზაფხულში, თითქმის გარეთ მეძინა და ზამთარში კიდევ, 5-6 კაცი ვქირაობდით ერთ ოთახს. ერთ დღეს მოვდიოდი სამსახურიდან და ტელეფონზე ვლაპარაკობდი. რა თქმა უნდა, ქართულად და პოლიციელმა საბუთები მთხოვა. პასპორტი მივეცი, დახედეს და წამიყვანეს განყოფილებაში. სავიზო რეჟიმი დარღვეული მქონდა და მთელი შვიდი თვე იმას იძებდნენ, რამე დანაშაული ხომ არ მქონდა ჩადენილი. თავს რითი ირჩენდიო, მაგაზე ჩამაცივდნენ, მაგრამ არ ვუთხარი, სადაც ვმუშაობდი, შეამოწმებდნენ და ჩემს გამო, ასამდე არალეგალი დაკარგავდა სამუშაოს. შვიდი თვის შემდეგ გამიღეს კარი, წამიყვანეს აეროპორტში და ჰაიდა, მშობლიური საქართველო...“

„როგორ მოგეწონა იქაური ციხე? ჰგავს ჩვენს ჯოჯოხეთს?“

„მაგასაც ბედი უნდა. რაღაც ძველი ციხე იყო, მგონი, ნაპოლეონის აშენებული. მთელ ციხეში 12 ქართველი ვიყავით. არაბებით, რუმინელებითა და ალბანელებით იყო სავსე. საკვებს ნუ იკითხავ, მგონი, ნარჩენები რომ დარჩებოდათ სადმე, ის მოჰქონდათ ჩვენთან. პლასტმასში იყო შეფუთული ცელოფნით და ათბობდნენ, სანამ დაარიგებდნენ. იქ იყო კიტრი და პომიდორიც, პურიც და საერთოდ, ყველაფერი ანუ ათბობდნენ ყველაფერს და თუ გინდოდა, გეჭამა და თუ გინდოდა, შიმშილით მომკვდარიყავი. ვადაგასული, მყრალი საჭმელი იყო და შვიდი თვე პურის, კიტრისა და პომიდვრის მეტი, თითქმის არაფერი მიჭამია...“

„სადა კაცო, საფრანგეთში?“ - გაუკვირდა მეგობარს.

„ჰო, საფრანგეთში და თან შუაგულ პარიზში. აქაურ საკვებს არც შევადარებ, სისუფთავეც აქ უფროა. მგონია, რომ ის ციხე ფრანგებისთვის არ იყო გათვლილი და არც ისხდნენ ფრანგები, რა...“

„ახლა რას აპირებ?“

„არაფერსაც არ ვაპირებ, სამსახურს ვეძებ. მართლა ასამდე ვაკანსიაზე ვიყავი მისული, მაგრამ როგორც კი იგებენ, რომ ოთხი ნასამართლეობა მაქვს, მაშინვე უარს მეუბნებიან. „ლაფათქაზეც“ ვიმუშავებ, შანსი რომ იყოს, მაგრამ არც მაგის შანსია...“

„არის კომპანია, რომელიც საკეტებზეა სპეციალიზირებული ანუ სეიფები რომ ჩაეკეტებათ, კოდები რომ ავიწყდებათ, სახლის გასაღებს რომ კარგავენ, ხსნიან. მაგათთან რომ მიხვიდე?“ - ურჩია რომანს მეგობარმა.

„ვიყავი ორ ადგილას. ერთი კომპანია, უბრალოდ, ტეხავს, არ აღებს ანუ დაურეკავ, მოვლენ და ან „სვარკის“ აპარატით გაჭრიან, ან ლომით დაამტვრევენ. მეორე კომპანიამ კიდევ უარი მითხრა, ნასამართლევი რომ ავიყვანოთ და მერე რომელიმე ბინა გატყდეს, სადაც შენ იქნები მისული, შარიაო და წამოვედი. ორი დღის წინ, პლაჟზე დაგდებული საფულე დავინახე, დარჩა, ალბათ, ვიღაცას, არც კი დავხრილვარ, არ მინდა შარში გავეხვე, მაგრამ სამსახურსაც ვერ ვპოულობ და ეგებ, გვარი გამოვიცვალო და ისევ ევროპისკენ წავიდე, თუ მოხერხდება რამენაირად“,- ხელი ჩაიქნია რომანმა.

სხვათა შორის, იუსტიციის სამინისტროს მიერ, რამდენიმე წლის წინ დაწყებულმა პროგრამამ, რომელიც ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციასა და დასაქმებას გულისხმობდა, ძალიან კარგად იმუშავა, მაგრამ მერე, თითქოს ეს პროგრამაც მიივიწყეს და პატიმრებიც.

რომანის დღეში, საქართველოში, ასეულობით ყოფილი პატიმარია. ადამიანები, რომლებიც პატიოსან შრომას ითხოვენ და სამსახურს მხოლოდ იმის გამო ვერ იწყებენ, რომ საქმეში ნასამართლევი უწერიათ.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში