Error
  • მასალა ვერ მოიძებნა
Menu
RSS

„მილიონებს აქვს ჩემს ვენებში გავლილი და ვგდივარ ახლა ბომჟივით“

რას ნანობდა თეკუჩა ქარსელაძე სიცოცხლის ბოლო წლებში

2011 წლის გაზაფხულზე, გლდანის ციხიდან რუსთავის #17 დაწესებულებაში, მორიგი ეტაპი განხორციელდა. პატიმრები, რომლებსაც მისჯილი ჰქონდათ, ციხიდან ,,ზონაზე'' უნდა წაეყვანათ და ეს ამბავი წამსვლელ პატიმართა შორის დიდი მოვლენა იყო. ყველას უნდოდა, გლდანის ციხის ჯოჯოხეთს გასცლოდა და ,,ზონაზე'' გადაბარგებულიყო, სადაც მეტი თავისუფლება და რაც მთავარია, მუდმივი ცემა-ტყეპა არ ექნებოდა. „ვარონკები“ ბოლომდე გატენეს, როგორმე გაძლებთ რუსთავამდეო. მხოლოდ იმ მანქანაში კი, სადაც პატიმარი #0578 მოხვდა, ორად ორი პატიმარი აიყვანეს.

„რა ხდება?“ _ ჰკითხა ერთ-ერთმა ბადრაგს და იმანაც აგდებულად მიუგო, საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებული ხალხიც უნდა წამოვიყვანოთო. 

გლდანის ციხის საავადმყოფო ჩვეულებრივი სასაკლაო იყო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ავადმყოფ პატიმრებს სხვა გზა არ ჰქონდათ, სამკურნალოდ, სწორედ აქ მიდიოდნენ. 

 

„ვარონკის“ კარი მალე გაიღო და წვალებითა და ოხვრა-ხვნეშით ოთხი პატიმარი ამოვიდა. დამხვდურებმა გაოცებისგან პირი დააღეს, ეგონათ, თავად იყვნენ შავ დღეში, მაგრამ საავადმყოფოდან მოსულებს არც ფერი ჰქონდათ ადამიანური, არც _ ხორცი და აშკარა იყო, მათი იქიდან გამოწერა ჩვეულებრივი დანაშაული გახლდათ, მაგრამ რადგან ექიმმა გადაწყვიტა, რომ კონკრეტული პატიმარი ჯანმრთელია, მას საავადმყოფოში არავინ გააჩერებდა. 

თითქოს კარი უნდა დაეხურათ და დაძრულიყვნენ, მაგრამ თავი კიდევ ერთმა პატიმარმა შემოყო და ჩახლეჩილი ხმით თქვა: 

„ეს არის, მარტო ორი კაცი იქნებაო? ჰაერი არ მყოფნის, ბლიად, ჰაერი... უნდა დამბრიდოთ, ხო?!“ 

ყველას გაუკვირდა, ამდენს არავის პატიობდნენ და აგერ, ცოცხალი პატიმარი, საავადმყოფოდან გამოსული და ძალიან, ძალიან გამხდარი კაცი უკმაყოფილებას არ მალავდა. უფრო საოცარი ის იყო, რომ ბადრაგებმა არაფერი უთხრეს, თითქოს მოუბოდიშესავით, სხვანაირად არ გამოვიდაო და პატიმარს მანქანაში ასვლაში დაეხმარნენ. 

კოლონა მძმედ დაიძრა და რუსთავის გზას დაადგა. როცა კოლონა ფონიჭალას გასცდა, მარჯვნივ გაუხვია, რაც პატიმრებს არ მოეწონათ და #0578-მაც ხმამაღლა იკითხა: 

„სად მივყავართ?“ 

„სად და, მეექვსეში, ბაბუ, კრიტში. აქ კრიტის პასაჟირებიც არიან, დატოვებენ და მერე, მე-17-ში წავალთ. შენც იქ მოდიხარ?“ _ უპასუხა იმ კაცმა, რომელსაც ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა. 

„დიახ“, _ თითქოს მოწიწებით უთხრა #0578-მა. 

კოლონა კრიტის ჭიშკარს მალე მიადგა, ,,ვახტის'' კარი გააღეს და მანქანები ეზოში შეუშვეს. მალე ,,ვარონკის'' კარიც გაიღო და პატიმრებმა ჩასვლა დაიწყეს. ერთ-ერთს ძალიან გაუჭირდა და ისევ ის კაცი აყვირდა: 

„ვერ ხედავთ, ძლივს დადის, მოეხმარეთ, რა, ბლიად...“ 

„ახლავე, თეკო, ახლავე, მოვეხმარებით“, _ უპასუხა ერთ-ერთმა ბადრაგმა და ხრინწიანი ხმის პატრონმაც, რომელსაც თეკო დაუძახეს, პასუხი არ დაუგვიანა: 

„მოეხმარები და ორკუპლეტიან ლექსსაც მოაყოლებ...“ 

გლდანის ციხის პატიმრები ლამის შოკში ჩავარდნენ, რადგან ვერ მიხვდნენ, ასეთ რამეს რატომ პატიობდნენ იმ კაცს. 

,,ვარონკა'' მალე გამოვიდა კრიტის ეზოდან და მე-17 ,,ზონისკენ'' დაიძრა. იქ მისულებს ჯერ „შმონი“ ჩაუტარეს, მერე კი ,,კარცერში'' გაანაწილეს, გარდა იმ კაცისა, რომელმაც ასე გააოცა ყველა. 

,,კარცერიდან'' პატიმრები ,,ზონაზე'' ზუსტად სამ დღეში აიყვანეს ანუ ეს ჩვეულებრივი პროცედურა იყო, შეგუების პროცედურა. რა თქმა უნდა, ,,ზონაზე'' შედგეს თუ არა ახლებმა ფეხი, მაშინვე ,,მაყურებლების'' საკნისკენ წავიდნენ, რადგან სწორედ მაყურებლებთან უნდა გაევლოთ გასაუბრება. 

საკანში შესვლისას ლოგინზე წამოწოლილი კაცი დაინახეს, ის კაცი, რომელთან ერთადაც იმგზავრეს. 

„ალბათ, მაყურებელია“, _ გაიფიქრა #0578-მა, მაგრამ შეცდა _ მაყურებელი ,,კამერაში'' არ იმყოფებოდა და როცა შემოვიდა, #0578-ს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მის წინ ბავშვობის მეგობარი, გიო ქ. იდგა. 

მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ და უცებ ხმა თეკომაც ამოიღო : 

„იცნობ, ტო? ინტილიგენტია, ხო, იცი?! ერთად ვიმგზავრეთ, სულ თქვენობით საუბრობდა“. 

„კი, ჩემი ძმაა და ზრდილობიანი ტიპია“, _ გაეღიმა მაყურებელს. 

მოკითხვების შემდეგ, #0578-მა გიოს ჩუმად ჰკითხა, ეს კაცი ვინ არის, გამაგებინეო. 

„თეკუჩა? არ იცნობ, ტო? თეკუჩაა, ქარსელაძე. აი, ნინი ქარსელაძე ხომ იცი, მომღერალი, მაგის მამაა, რა. გაიცნობ და ნახავ, მაგარი კაცია“, _ აუხსნა მაყურებელმა. 

„და მაყურებლების კამერაში რატო ცხოვრობს?“ _ არ მოეშვა #0578. 

„იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ,,სლიშკამ'' კაი ტიპია, მერე, მეორე _ ჩვენი ,,ბრატია'' და თუ გინდა, შენც აქ იცხოვრე. თანაც, ავადმყოფობს ცოტას და ყურადღება სჭირდება, ,,მაყურებლების'' დაძახილზე კიდევ ექიმები თავ-პირის მტვრევით მოდიან“, _ გაიცინა გიოს. 

#0578 და თეკუჩა ერთმანეთს ძალიან მალე დაუმეგობრდნენ. ნარკოტიკების მოხმარებაზე იჯდა ცნობილი მომღერლის მამა, მაგრამ მერე და მერე გაირკვა, რომ თეკუჩა უფრო ცნობილი იყო დედაქალაქში, ყველამ იცოდა და ყველამ იცოდა მისი პიროვნება, ყველა პატივს სცემდა და ამიტომ იყო, ზემდეგებიც კი მოწიწებით რომ ეპყრობოდნენ. 

მეგობრები ხშირად საუბრობდნენ სხვადასხვა თემაზე და ის, რომ თეკუჩა ქარსელაძე ძალიან განათლებული იყო, მისი საუბრიდანაც ჩანდა. 

„ბიჭო, ამოვიდა ყელში ეს ქურდულის ღეჭვა, რა. დავრჩები შენთან 1-2 საათი, იქ რაღაც გარჩევები მიდის და დავიღალე, რა“, _ თქვა ერთ დღეს თეკუჩამ, როცა ჯოხზე დაყრდნობილმა, პატიმარ #0578-ის საკნის კარი შეაღო. 

„როგორ ამოხვედი?“ _ გაუკვირდა #0578-ს, რადგან სასწაული უნდა მომხდარიყო, ძალიან დასუსტებული ქარსელაძე მეორე სართულზე რომ ამოსულიყო. 

„ამოვედი, რა... ყავა დავლიოთ“, _ თქვა თეკუჩამ და ჯიბიდან ყავა ამოიღო. #0578-მა წყალი აადუღა, კარადიდან ტკბილეული გამოიღო და პატიმრები ნარზე ჩამოსხდნენ. 

„თეკო, შენზე ლეგენდებს ჰყვებიან და რომელია მართალი და რომელი ტყუილი, ვეღარ გავარკვიე“, _ ღიმილით უთხრა #0578-მა. 

„კი ხარ შენ იმ ასაკში, რომ იცოდე, ყველა ლეგენდა ტყუილია, მაგრამ სიმართლესთან ახლოს მდგომი. რაო, რას ჰყვებიან?“ _ დაინტერესდა თეკუჩა. 

„რას და, პირველი ბიჭი იყო თბილისშიო, მაგარი ტიპიო, ქალები ბუზებივით ეხვეოდნენო...“ 

„და წამალმა დედა უტირაო, იმას აღარ ყვებიან?“ _ ქვემოდან გამოიხედა პატიმარმა. 

„კი, მაგასაც ყვებიან, მაგრამ იცი, რა მიკვირს? _ ყველაფერი თუ გქონდა, წამალი რატომ, რისთვის? აი, მაგას ვერ ვხვდები და ჯერჯერობით, ვერცერთმა ნარკომანმა ვერ ამიხსნა, რა“, _ უთხრა #0578-მა. 

„მე გეტყვი, მაგას რა ახსნა უნდა?! როცა ფული გაქვს, დიდი ფული, როცა ყველაფერი გაქვს, ახალ შეგრძნებებს ეძებ და ასე მიდიხარ ნარკოტიკამდე. აი, მანდ ,,გერხევა'', რა. ახლა რომ ვუყურებ განვლილ გზას, იცი, როგორ არის? სიამოვნება აქვს ნარკოტიკს, მაგრამ სასიკვდილო სიამოვნება. მე ხომ მიყურებ, ნახევარი კაცი დავრჩი და თუ უნდა მეცოცხლა, მაგალთად, 80 წლამდე, 60-მდეც ვერ მივატან ანუ მინიმუმ, 20 წელი ჩამოვაკელი. არცერთი კაიფი არ ღირს ერთი დღის სიცოცხლედაც კი. სიარული არ შემიძლია, ჯანი აღარ მაქვს, ხველებით ვკვდები, მეშინია, განავალს ღვიძლი არ გავაყოლო და ეს არის ცხოვრება, ამის დედაც, რა...“ _ ხელი ჩაიქნია თეკუჩამ. 

„და რატომ არ გაჩერდი?“ 

„კარგი, რა... გაჩერება რომ ასე ადვილი იყოს... ვეღარ ჩერდები, სხვა რამეზე ვერ ფიქრობ, დილიდან საღამომდე დრო გაგყავს იმაზე ფიქრით, როდის გაიჩხირო და როცა არ გაქვს, იმაზე ფიქრით, როდის და სად იყიდო. 

ფონიჭალაში რომ სასახლეები დგას, ძველი აშენებულები რაც არის, ჩათვალე, ჩემი აშენებულია. რასაც ვშოულობდით და არ ვშოულობდით, ყველაფერი იქ მიგვქონდა. მაშინ ,,საიუზი'' იყო, ისე თუ ასე, სუფთა წამალი იყიდებოდა, ახლა რომ ქიმიურ მინარევებს იკეთებენ, ეგ რომ მეკეთებინა, ძვალი აღარ იქნებოდა ჩემი. 

ისე, ერთხელ, აქ ამოუდო ლაგამი ედიკამ ძალიან მაგრად, ,,ბარიგებს'' დაერია და გაწყდა წამალი, რა. ჰოდა, ყაზანში ,,გავხოდეთ'' ვიღაც ,,ბარიგა''. დავჯექით, 80 ათასი მანეთი ჩავიდეთ და წავედით. 80 ათასი მაშინ, იცი, რა ფული იყო? _ ათი მანქანა მოგივიდოდა. ჩავედით ყაზანში და ვხედავთ, ეს ,,ბარიგა'' სახლს აშენებს. მეთქი, სამშენებლო მასალა გინდა? გაუხარდა, როგორ არაო... იმ ფულით ხომ ვიყიდეთ და მერე აქედან მატარებლით ვატანდით სამშენებლო მასალას, იქიდან წამალი ჩამოდიოდა. ორი წლის მერე მოვხვდი ისევ იქ და დამიჯერე, სასახლე იყო აშენებული, ჩემი აშენებული სასახლე. მილიონებს აქვს ჩემს ვენებში გავლილი და ვგდივარ ახლა ბომჟივით აქ, ათასი სირი დადის ირგვლივ და ცოცხალ-მკვდარი ვარ. უკან რომ დაატრიალო ბედის ბორბალი, ციხეში მაინც მოვხვდებოდი, მაგრამ იცი, რა ბრალდებით? _ ყველა ,,ბარიგას'' დავბრიდავდი, რა...“ 

„ნინი როგორ ეგუება ყველაფერ ამას?“ _ ჰკითხა #0578-მა და შეამჩნია, რომ მტკიცე ხასიათით ცნობილ ქარსელაძეს ცრემლი მოადგა. 

„მაგარი გოგო მყავს... ყველაზე მაგარი. რაც მაგან გადაიტანა და გაუძლო და... მაპატია. აი, მე არ ვიცი, ვაპატიებდი თუ არა ასეთ რამეს სხვას, მაგან კიდევ მაპატია. ერთი სული მაქვს, აქედან გავიდე, წამალი გამორიცხულია, სულს გავაყოლებ, რომ გავიკეთო და რაც შემიძლია, ნინის უნდა მივხედო. პრინციპში, რა მიხედვა უნდა, აქეთ მომხედავს, მაგრამ მაგასთან მინდა ვიყო, რა...“ 

„ჰო, ბავშვებს ყურადღება უნდათ, ისეა აჭრილი ყველაფერი, ვიღაც ისეთი შეიძლება გადაეკიდოს, მოსაკლავი გაგიხდეს, რა...“ _ თქვა #0578-მა. 

„ჯოხი რომ მოიტანოს სახლში და თქვას, ჩემი ქმარი ჰქვიაო, არაფერს ვეტყვი. აი, რომ გავიგო, რომ ვინმე ნარკომანს უყვარს, ჩემი ხელთ გავგუდავ იმ ტიპს, ვინც არ უნდა იყოს. მკვლელობისთვის კი ჩამსვამენ, მაგრამ ზუსტად მეცოდინება, რომ ნინი უბედური არ იქნება და ნარკომანის ყურება არ მოუწევს“, _ თქვა თეკუჩამ. 

მერე იყო, ნინი მამამისს ,,ზონაზე'' რომ აკითხავდა, ნახულობდა, ახალი ტანსაცმელი და ხილი მოჰქონდა და ყოველი ნახვის შემდეგ, თეკუჩას თითქოს დღეები ემატებოდა. 

ბოლოს, ციხიდანაც გავიდა და ყველაზე ბედნიერი, სწორედ შვილთან ურთიერთობით იყო... 

გასულ კვირას, თეკუჩა ქარსელაძე გარდაიცვალა.

პატიმარი #0578

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში