Menu
RSS

თაღლითობა და ფულის გამოძალვა ლავას ოღლის სახელით

ვისი დავალებით გროვდება ფული „ქურდული ობშიაკისთვის“ ქვემო ქართლში და ვინ არიან ქართველი კიმინალები, რომლებიც საფრანგეთში განაჩენს ელოდებიან

რამდენიმე კვირის წინ, ერთი უცნაური რამ მოხდა. ჩემთან რეგიონში მცხოვრები ერთ-ერთი ახალგაზრდა მოვიდა და მითხრა, სოფლებში ფულს აგროვებენ, ასე ამბობენ, ნადირ სალიფოვმა, იგივე ,,გულუმ'' 10 ათასი დოლარი მოითხოვა და უნდა ჩავურიცხოთო. ფულს კონკრეტული პირი აგროვებდა და ამბობდა, რომ ის კონკრეტული მუნიციპალიტეტის ,,მაყურებლად'' დანიშნა ,,გულუმ'' და ხარკის აკრეფაც მას დაავალა.

სხვათა შორის, დათქმული თანხა მალე შეგროვდა და ის ქვემო ქართლში მცხოვრებ სალიფოვების ნათესავს მიუტანეს ,,გულუსთვის'' გადასაცემად. დავინტერესდით, რა ხდებოდა რეალურად და საბოლოოდ, კულუარულად შემდეგი გავარკვიეთ _ სალიფოვის ნათესავმა ფულის მიტანა გაიკვირვა, შემდეგ ,,გულუს'' დუბაიში შეეხმიანა და მომხდარის შესახებ ამცნო. 

თურმე, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ქურდმა ბევრი იცინა, შემდეგ კი ნათესავისთვის უთქვამს, რადგან მოგიტანეს, დაიტოვე, გქონდეს, მაგრამ მომტანს უთხარი, ჩემი სახელი არაფერში გამოიყენოს, თორემ დავსჯიო ანუ გამოვიდა ისე, რომ ვიღაცამ საკუთარი ინიციატივითა და სალიფოვის სახელით მოაგროვა ათი ათასი, მიიტანა ქურდის ნათესავის ოჯახში და სანაცვლოდ მაყურებლის სტატუსი სურდა, რომელიც ვერ მიიღო. 

თავისთავად ის ფაქტი, რომ ვიღაცები თანხას აგროვებენ და ქურდების სახელით მოქმედებენ, დამაფიქრებელია. მაშინვე ვიფიქრეთ, რომ ეს არ იქნებოდა ერთეული შემთხვევა და მოხალისეები კიდევ გამოჩნდებოდნენ. ისე ყველაფერი აგიხდეთ, როგორც ჩვენი ვარაუდი გამართლდა _ სამართალდამცავებმა ერთბაშად ათი ადამიანი დააკავეს, რომელთაც ბრალად ქურდულ სამყაროსთან კავშირი ედებათ. უფრო კონკრეტულად კი, ცხრა პირი თავისუფლებაზე დააკავეს, ერთს კი ბრალი პირდაპირ ციხეში წაუყენეს ანუ ერთ-ერთი ციხიდან აკონტროლებდა სიტუაციას, იქიდან რეკავდა, ემუქრებოდა... დანარჩენები გარეთ მოქმედებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ასეთია სამართალდამცავთა ინფორმაცია. 

 

მათივე ცნობით, თანხა ,,კანონიერი ქურდისთვის'' _ მინდია ლავას ოღლისთვის გროვდებოდა (ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ მინდია გორაძემ ოფიციალურად გადაიკეთა გვარი და ლავას ოღლი გახდა ანუ ეს მისი მეტსახელი აღარ არის, გვარია). 

ყველაფერ ამას მყისიერი რეაქცია მოაყოლა ლავას ოღლის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, კობაიძის განცხადებაში უცნაური არაფერია და რაც მთავარია, მისი სიტყვები სიმართლესთან ძალიან ახლოსაა. 

,,მინდია ლავას ოღლი თურქეთის ციხეშია და ცხრა თვეა, სასჯელს იხდის. მას აკრძალული აქვს ნებისმიერი კონტაქტი გარესამყაროსთან და კვირაში მხოლოდ ერთხელ აქვს სატელეფონო საუბრის უფლება'', _ განაცხადა კობაიძემ. 

ჩვენი ინფორმაციით კი, საქმე უფრო კონკრეტულად არის. როგორც თურქეთის ციხეგამოვლილმა პატიმარმა გვითხრა, იმ დაწესებულებაში, სადაც ლავას ოღლი იხდის სასჯელს, უმკაცრესი ზომებია და გარდა იმისა, რომ უფლება გაქვს, კვირაში მხოლოდ ერთხელ დარეკო, ციხის ადმინისტრაციას აძლევ ნომერს, რომელზეც დარეკვა გინდა. ისინი ამ ნომერს ამოწმებენ და თუ მფლობელი საეჭვო პირია, დარეკვის უფლებას არ გაძლევენ. შესაბამისად, პატიმართა თითქმის ასი პროცენტი მხოლოდ ოჯახში რეკავს. 

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი _ ყველა ზარი ოფიციალურად ისმინება და არ მჯერა, რომ მინდიას ტელეფონით საქმეების მოგვარება და ,,ობშიაკის'' ფულის შეგროვებაზე საუბარი დაეწყო. 

მაშინ, რა გამოდის? ვისთვის და რისთვის აგროვებდნენ დაკავებულები თანხას? სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ ეგ ზუსტად ის ვარიანტია, რაც ,,გულუს'' შემთხვევაში გათამაშდა ანუ უშუალოდ ,,კანონიერმა ქურდმა'' არაფერი იცოდა, აქ რამდენიმე კაცმა მისი სახელი გამოიყენა, ფულის შეგროვება დაიწყო და შემდეგ, ამ თანხას დიდი პატივითა და მოწიწებით, ლავას ოღლის ოჯახს გადასცემდნენ და ეტყოდნენ, რომ ეს მინდიას პატივისცემის ნიშნად გააკეთეს. სანაცვლოდ, ლავას ოღლის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდებოდნენ და ესეც რომ არ იყოს, ,,კაი ბიჭებში'' სათქმელად ექნებოდათ, მინდიას ,,ობშიაკის'' ფული ავაგროვეთ და ოჯახს ჩავაბარეთო. ეს კიდევ ცალკე პლუსია და ერთხელ დაწიოკებულ ოჯახებს ორ თვეში ისევ რომ მიაკითხავდნენ და ის ფული მინდიასთან აღარ წავიდოდა, ეგ კიდევ სხვა. 

გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ სამართალდამცავებს ლავას ოღლისთვის ამ ბრალის დამტკიცება გაუჭირდებათ და საამისოდ ორი მიზეზია _ ერთი ის, რომ მინდია სასჯელს იხდის და ციხის ამონაწერებით დამტკიცდება, რომ ცხრა თვე კონტაქტი არავისთან ჰქონია და მეორე, უფრო წონადი _ თუ დაკავებულებს სურთ ქურდულ სამყაროში რაიმე ეთქმოდეთ, ხელი ყველასკენ უნდა გაიშვირონ, ,,კანონიერი ქურდის'' გარდა ანუ მათ ,,ქურდული კარაბადინით'' არ აქვთ იმის თქმის უფლება, რომ საქმეში ,,კანონიერი ქურდი'' იყო ჩარეული ანუ ,,კაი ბიჭებმა'' ქურდს სასჯელი არ უნდა დაუმძიმონ. 

რადგან საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ,,კანონიერ ქურდებზე'' ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის კიდევ ორ წარმომადგენელს ხანგრძლივი პატიმრობა ელის. საუბარია თბილისელ ქურდებზე _ მერაბ კალაშოვსა და სევდინ ბროიანზე, ერთი მათგანი სასჯელს სომხეთში იხდიდა, მეორე _ რუსეთში. 

კალაშოვმა, რომელიც გავლენიანი ქურდის, შაქრო კალაშოვის ნათესავია, სომხეთში ბინადრობის უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც იქაურ მოქალაქეზე იქორწინა. წყვილს საერთო შვილიც ჰყავს და ,,მერაბ ტბილისკის'' სომხეთში 10-წლიანი ბინადრობის უფლებაც მისცეს, თუმცა მხოლოდ 2 წელი და 9 თვე იცხოვრა. ის სომხეთის პოლიციამ ფრანგი კოლეგების მოთხოვნის საფუძველზე დააკავა. 

,,საფრანგეთის პოლიცია კალაშოვს 2015 წლიდან ეძებს, მას ბრალად ფულის გამოძალვა და გათეთრება ედება და ათწლიანი ციხე ელის. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და საბუთების გადმოგზავნის შემდეგ, ერევანში სპეცოპერაცია ჩატარდა და მერაბი დავაკავეთ. ის 5 ივლისს საფრანგეთის პოლიციას გადავეცით და ახლა ფრანგული სასამართლოს წინაშე წარსდგება'', _ ნათქვამია სომხეთის ძალოვანი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რაც შეეხება ბროიანს, ის ამავე საქმეზე და ისევ ფრანგთა მოთხოვნით, რუსეთში დააკავეს. მისი ექსტრადირებაც 5 ივლისს მოხდა და ახლა ორივე მათგანი სასამართლოს საფრანგეთში ელოდება. 

ფრანგულ მედიაში ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე ქურდს მკაცრი სასჯელი ელის და 10-წლიანი პატიმრობის გარდა, მათ ასეულ ათასობით ევროს გადახდაც დაეკისრებათ. 

სხვათა შორის, რუსეთის პოლიციამ უკვე გამოაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი ,,კანონიერი ქურდების'' გადაცემას, თხოვნას უპრობლემოდ შეუსრულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი 150-მდე ქართველი ,,კანონიერი ქურდის'' ექსტრადირების მოთხოვნა საქართველოსაც შეუძლია, მით უმეტეს, რომ რუსეთში ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის ანალოგი მიღებული აქვთ, მაგრამ როგორც გვითხრეს, საქართველოს ხელისუფლება ამის გაკეთებას არ აპირებს. ჯერ ერთი, ეს ხანგრძლივი პროცედურაა და მეორეც, ამდენი ,,კანონიერი ქურდის'' მიღებას მეშვიდე საპყრობილე, სადაც ქურდები იხდიან სასჯელს, ვერ შეძლებს. 

სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქურდის შეშვება კი დაწესებულების ,,გაშავებას'' ნიშნავს, რაც ხელისუფლებას აშკარად არ აწყობს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, რუსეთის ტერიტორიაზე ერთი ,,კანონიერი ქურდიც'' აღარ უნდა იყოს, ხოლო ვინც იქნება, ციხეში უნდა იჯდეს. ამიტომ, ცალკე პოლიცია მუშაობს 24-საათიან რეჟიმში და ცალკე კიდევ ,,კანონიერი ქურდები'' ალაგებენ სხვა ქვეყნებში სიტუაციას ისე, რომ რუსეთიდან წასვლის შემდეგ, უზრუნველად იყვნენ, თუმცა სწორედ ევროპული ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოს და ახლა უკვე რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები მათაც უნდა შეიტანონ და კონკრეტულად ,,კანონიერ ქურდობაზე'' სასჯელი დააწესონ. 

ასეთ შემთხვევაში, ქურდებს წასასვლელი აღარ დარჩებათ და მათ ან ტიტულზე უარის თქმა მოუწევთ, ან ციხეში ჩაჯდომა. ერთიც და მეორეც, ,,კანონიერი ქურდების'' პრობლემას დიდწილად მოაგვარებს.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში