Menu
RSS

ქურდული „რაზბორკები“ სოხუმში

ვინ არის რაულ ბარცბა და როგორ აპირებს ტარიელ ონიანის გარემოცვა ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინალური გავლენის დაბრუნებას

იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ,,კანონიერი ქურდის'', ტარიელ ონიანის მარჯვენა ხელის, მერაბ ჯანგველაძის მეტსახელი ,,მერაბ სუხუმსკია'', ფაქტია, რომ იგი აფხაზეთის ტეროტირიას ვეღარ აკონტროლებს. მშობლიურ მიწაზე კონტროლი მას შემდეგ დაკარგა, რაც იტალიის ხელისუფლებამ შინაპატიმრობა მიუსაჯა. აფხაზეთში როგორც კი მიხვდნენ, რომ ჯანგველაძე იქ ვეღარ ჩავიდოდა, მისი მომხრეების შევიწროვება დაიწყეს, რასაც მალე და რაც მთავარია, მარტივად მიაღწიეს. მერაბმა კი გაიბრძოლა, მაგრამ მისი მხარდამჭერებიდან არავინ ისურვა ისედაც უკონტროლო აფხაზეთში საზარბაზნე ხორცად წასულიყო.

თუმცა, მერაბმა ის მაინც მოახერხა, რომ იქაურობა ,,აპაკელას'', იგივე ბორის აფაქიას ჩააბარა. ბორისი დიდი გავლენით სარგებლობდა, მაგრამ ორი წლის წინ, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. თავად ეს იმით ახსნა, რომ უფრო ფართო ასპარეზი სურდა, რეალურად კი, ის ახალბედა ქურდებს გაექცა. მაინც, რა მოხდა ისეთი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან ,,ძველი სკოლის'' წარმომადგენლებმა გუდა-ნაბადი აიკრეს და იქ ჩასვლა ვეღარ გაბედეს?! 

2018 წლის მსოფლიოს საფეხბურო ჩემპიონატის წინ, ვლადიმერ პუტინმა ,,კანონიერ ქურდებს'' არაოფიციალურად მოსთხოვა, რომ კრიმინალი არ გაზრდილიყო და ქვეყანაში ჩასული ტურისტები არ შეეშინებინათ. რა თქმა უნდა, ქურდებმა ეს ,,თხოვნა'' შეასრულეს, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, სწორედ ჩემპიონატის სტარტზე, მოსკოვისგან დამოუკიდებლობა მოითხოვა აფხაზმა ,,კანონიერმა ქურდმა'' რაულ ბარცბამ. 

მან განაცხადა, რომ აფხაზეთში აკრეფილი ხარკი, რომელიც ბოლოს იქაურ ,,ობშიაკში'' მიდიოდა, მოსკოვში აღარ გადაირიცხებოდა და ადგილზე ქურდული ცხოვრების განვითარებას მოხმარდებოდა. 

,,ობშიაკი'' იმდენად მცირე იყო, რომ გავლენიანმა ქურდებმა ხელი ჩაიქნიეს, იყოს როგორც უნდაო, თუმცა ეს იყო უდიდესი შეცდომა, რომელიც მათ დაუშვეს. ბარცბამ ორი კრიმინალური ავტორიტეტი _ ასტიკ შამბა და ხასიკ ავიძბა ქურდებად ,,აკურთხა'', ხოლო სამ ქურდს _ თემურ ახუბას (იგივე დინრიდი), თემურ გვასალიას (იგივე მაკოლია) და აფხაზური ქურდული სამყაროს უხუცესს, 72 წლის ვალერი ხაშბას სტატუსი შეუჩერა. რაც მთავარია, სამივე მათგანს ბარცბას ბიჭებმა სტატუსის შეჩერების პარალელურად, თავში წაუთაქეს. ეს უკვე მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადება კი არა, აფხაზეთში საკუთარი წესების დამკვიდრება იყო. 

ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და მოსკოველი ქურდების ჩარევის შემდეგ, ხაშბას ქურდის ტიტული ისევ დაუბრუნეს. როგორც ჩანს, ამ ნაბიჯმა ,,დინრიდს'' ბიძგი მისცა და 26 ივნისს, მან ქურდების შეკრება მოითხოვა. რა თქმა უნდა, მისი, როგორც ყოფილი ქურდის მოწოდებას არავინ გამოეხმაურებოდა, რომ არა ისევ მოსკოველი ქურდების მოთხოვნა ბარცბასადმი, გინდა თუ არა, ამ კაცს მოუსმინეო. 

ჰოდა, ბარცბა თავის ზემოხსენებულ ,,ნათლულებთან'' და კიდევ სამ ქურდთან ერთად მივიდა შეხვედრაზე, ხოლო ,,დინრიდმა'' ასევე, სტატუსშეჩერებული გვასალია მიიყვანა. მოქმედი და ყოფილი ქურდების უსაფრთხოებას ,,ბლატატა'' იცავდა და სწორედ მათ თვალწინ მოხდა ის, რაც მოხდა. 

შესავალის შემდეგ, ,,დინრიდმა'' სტატუსის აღდგენა მოითხოვა, აქაოდა, არასწორად ჩამომართვესო, რაზეც ბარცბამ მიუგო, ხალხს რატომ ატყუებ, შე არაკაცოო და... ბარცბას სახეში ოპონენტის ხელი მოხვდა. 

ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ბარცბას მიერ მიყვანილ ხალხს ,,დინრიდი'' ისე უნდა ეცემა, სხვებისთვის მაგალითი გამხდარიყო და მართლაც, ქურდებმა ყოფილი ქურდი გაიმეტეს. ცემის შემდეგ, ის საავადმყოფოში აღმოჩნდა და თავიდან ოჯახის წევრებმაც კი ვერ იცნეს. 

,,თემურ ახუბას იმდენად სასტიკად გაუსწორდნენ, რომ ბოლოს, გათიშული იყო, ყველას მკვდარი ეგონა და სახეში მაინც წიხლებს ურტყამდნენ. არავის უცდია ბარცბას და მისი ბიჭების გაჩერება. უფრო მეტიც, ყველა ცდილობდა მისთვის თავი მოეწონებინა და დინრიდს გამეტებით სცემდა. არადა, აღნიშნული შეხვედრის შუამავლები მოსკოველი ქურდები იყვნენ და ამ ნაბიჯით ბარცბამ ყველას დაანახა, რომ აფხაზეთი მისია და მიღებულ გადაწყვეტილებებს არავის ხათრით არ ცვლის'', _ გვითხრა სოხუმში მცხოვრებმა ქართველმა კრიმინალმა. 

სხვათა შორის, არავინ მალავს, რომ რაულ ბარცბა აფხაზეთის ტერიტორიაზე არამარტო კრიმინალურ სამყროს აკონტროლებს, არამედ მას უთანხმებენ დიდი ქალაქების პოლიციის უფროსის დანიშვნას, ასევე უთანხმებენ არჩევნებზე კონკრეტულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატებს, თვითმარქვია ე.წ. სახელმწიფოს ბიუჯეტსა და პრიორიტეტებსაც კი. 

ტურისტულ სეზონზე ბარცბა წყვეტს, რომელი სასტუმრო უნდა დაიჯავშნოს და დაიტვირთოს ყველაზე მეტად, ვინ სად უნდა დაისვენოს და ვინ რამდენი უნდა ჭამოს ანუ აფხაზეთში ახლა, დაახლოებით, იგივე სიტუაციაა, დანარჩენ საქართველოში 90-იან წლებში რომ იყო. 

ბარცბას, საჭიროების შემთხვევაში, აცილებს სახელმწიფო დაცვა, მის ესკორტს არ აჩერებს ადგილობრივი საგზაო პოლიცია, მას აქვს ყველაფრის უფლება აფხაზეთში და, რა თქმა უნდა, ამას ცოცხალი თავით არ დათმობს. 

,,ცოცხალი თავი'' ტყუილად არ გვიხსენებია. ბარცბამ იცის, რომ შესაძლოა, მას მოსკოვიდან ქილერი გამოუგზავნონ, ამიტომ, პირადი დაცვა იმაზე მეტი ჰყავს, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიის თვითმარქვია პრეზიდენტს. თუ ის სადმე მიდის, მისი დაცვა პერიმეტრს წინასწარ სწავლობს და ,,კანონიერი ქურდი'' ისე იქცევა, როგორც პრეზიდენტები იქცევიან ოფიციალური ვიზიტების დროს. 

ბარცბას გავლენის ქვეშაა მედია და გამორიცხულია, რომელიმე სააგენტომ ან გაზეთმა მასზე ცუდი დაწეროს, ხოლო ტელევიზიით მას, როგორც ქველმოქმედს, ისე მოიხსენიებენ. 

რუსეთში მიღებული კანონის გათვალისწინებით, რომელიც ,,კანონიერ ქურდობას'' კრძალავს და პატიმრობით სჯის, გავლენიან კრიმინალებს ბარცბასთვის აშკარად არ სცალით. უფრო მეტიც, სცალიათ კი არა და, იმედი აქვთ, რომ აფხაზეთი მათთვის ახალი თავშესაფარი გახდება და იქ სწორედ ბარცბას მფარველობა დასჭირდებათ. ამიტომ, სტატუსწართმეული ,,დინრიდის'' ცემის ფაქტს, ალბათ, არავინ გამოეკიდება და ბარცბას ჰეგემონიასაც საფრთხე თითქოს არ ემუქრება, თუმცა... 

მერაბ ჯანგველაძეს იმედი აქვს, რომ ტარიელ ონიანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, აფხაზეთზე გავლენას ისევ დაიბრუნებს, მაგრამ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საქართველოდან გაქცეული და ძებნაში მყოფი ქართველები ამბობენ, იქაური ქურდები არავის შეეპუებიან და ნებისმიერს, ვინც მათი ჰეგემონიის დამხობას შეეცდება, უბრალოდ, მოკლავენ.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში