Menu
RSS

„ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადახტა“, _ ესპანეთში ემიგრანტმა ქალმა თავი მოიკლა

რატომ ნადირობენ ევროპაში ქართველებზე

მას შემდეგ, რაც ევროპულ ქვეყნებში ვიზიტით მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არავის სდევნიან, ბებერი კონტინენტიდან ქართველების მასიური დეპორტაცია დაიწყო. ზურაბიშვილს მხარი ჯერ საგარეო საქმეთა მინიტრმა, დავით ზალკანიანმა, შემდეგ კი მთელმა დიპლომატიურმა კორპუსმა აუბა. ყველაფერ ამის შედეგი კი ის გახლავთ, რომ ევროპაში ქართველ არალეგალებზე ნადირობის სეზონი დაიწყო და დღე არ გავა, ჩვენი, მინიმუმ, 30 თანამოქალაქე არ ჩამოიყვანონ თბილისში, რომლებსაც საბუთში ერთადერთი სიტყვა უწერიათ _ ,,დეპორტი''!

 

სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც წლებია, უცხოეთში არიან, მუშაობის უფლების მოპოვებას ცდილობდნენ და დადებითი პასუხის იმედი ჰქონდათ, საბუთების კეთებაზე უარს ეუბნებიან, არც დროებით მუშაობის უფლებას აძლევენ და საქართველოში ისტუმრებენ.

აბა, ისე როგორ იქნებოდა, რომ ქართველებს ყველაფერ ამისგან საკუთარი თავისთვის სასარგებლო და სხვისთვის საზიანო რამ არ მოეფიქრებინათ. როგორც გვეუბნებიან, გახშირდა შემთხვევები, როცა ქართველები რეკავენ პოლიციაში და სამართალდამცავებს ეუბნებიან, რომ კონკრეტულ მისამართზე არალეგალი მუშაობს. შემდეგ კი, როცა პოლიცია იმ არალეგალს საქართველოში გამოისტუმრებს, გათავისუფლებულ ადგილზე დამრეკავი მიდის და მშვიდად ეკითხება, ხომ არ ეძებენ ისინი შინამოსამსახურეს. 

ჯერჯერობით, ერთადერთი ქვეყანა ესპანეთია, სადაც ჯარიმა შემოიღეს არალეგალთა დამსაქმებლებზე და ამიტომ, ესპანეთში არალეგალებს დასაქმება ან ძალიან უჭირთ, ან ძალიან დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობენ. 

ბოლო შემთხვევა ავიღოთ, როცა საბერძნეთში ქართველი ქალბატონი დაიღუპა. ის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობდა, უფრო კონკრეტულად კი, მძიმე ავადმყოფს უვლიდა და ამის სანაცვლოდ ავადმყოფის ოჯახის წევრები დღეში 30 ევროს უხდიდნენ. 

29 ივნისს, საავადმყოფოში კონტროლის სამსახური შევიდა. 

,,ქალს ძალიან შეეშინდა, რომ დამიჭირონ, საქართველოში გამიშვებენ და შიმშილით მოვკვდებიო. ის ფანჯრის რაფაზე ავიდა და პირველი სართულიდან გადმოხტა. 

მართალია, პირველი სართული მაღალი არ არის, მაგრამ 50 წლის ქალბატონი უხერხულად დაეცა და მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა'', _ ჰყვებიან თვითმხილველები. 

ეს არის ის მწარე რეალობა, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ევროპაში აქვთ და ჩვენ ესპანეთში, კონკრეტულად კი, სევილიაში მცხოვრებ ლ.ს.-ს ვესაუბრეთ. 

,,პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებების შემდეგ, სიტუაცია ერთ კვირაში რადიკალურად შეიცვალა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არალეგალთა დასაქმებისთვის კერძო პირს, მინიმუმ, 5 ათასი ევროთი აჯარიმებენ, ორგანიზაციის ჯარიმა კი 25 ათასიდან იწყება. 

ამიტომ, გარისკვა არავის უნდა და სამუშაო ძალიან გაჭირდა. მეშვიდე წელია, აქ ვარ და საბუთებიც მქონდა შეტანილი, აქ ცხოვრებისა და მუშაობის ოფიციალური უფლება რომ მიმეღო. ადვოკატიც კი აყვანილი მყავდა, მაგრამ ორი კვირის წინ, ჩემს ადვოკატს უთხრეს, რომ არათუ უარს მეუბნებიან საბუთზე, არამედ, მაქსიმუმ, სამ კვირაში ქვეყანა უნდა დავტოვო. 

ამიტომ ვარ ახლა სევილიაში, სხვა ქალაქში ვიყავი და აქეთ წამოვედი. იქ ყველას ვიცნობდი და ყველამ იცოდა, რომ საბუთს დღე-დღეზე ველოდებოდი. კარგი სამსახურიც მქონდა, თვეში 1500 ევრო გამომდიოდა და თან იმ ოჯახში ვცხოვრობდი, სადაც მოხუცს ვუვლიდი. 

როგორც კი გაიგებდნენ ქართველები, რომ მე სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი, ვადის გასვლის შემდეგ, რომელიმე მათგანი აუცილებლად დარეკავდა პოლიციაში და ჩემს თავს დააჭერინებდა. 

ამიტომ, ქალაქი და სამუშაო თავად დავტოვე. ახლა 800 ევროდ ვუვლი მოხუცს, რომელსაც ხელი არავინ მოკიდა, რადგან ლოგინშია ჩავარდნილი, სკლეროზი და ფსიქიატრიული პრობლემები აქვს. შვილებს არ სურთ მისი ჩაბარება თავშესაფარში, რადგან იქიდან საგიჟეთში გადაიყვანენო. 

ჰოდა, ვცხოვრობ ახლა ჩვეულებრივ გიჟთან და მეც სიგიჟემდე ცოტა მიკლია, მაგრამ რა ვქნა, როცა სხვა გზა არ მაქვს'', _ გვითხრა ქართველმა ემიგრანტმა. 

მისივე თქმით, ესპანეთში კრიმინოგენული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დალაგდა, რადგან არაერთი სპეცოპერაციის შემდეგ, ასობით ქართველი დააკავეს და ან ესპანურ ციხეში ჩასვეს, ანაც სამშობლოში გამოისტუმრეს. 

ესეც არ იყოს, არცთუ იშვიათად, დაკავებული ქართველები გაშვების სანაცვლოდ სამართალდამცავებს ეუბნებიან, რომ კონკრეტული ბანდის საცხოვრებელ სახლს ეტყვიან და გარიგება ხდება. 

პოლიცია, იმის იმედით, რომ დაკავებული არალეგალი უხიფათოა, მას უშვებს და რა თქმა უნდა, იმის იმედიც აქვს, რომ მალევე დაიჭერს, ხოლო მის მიერ მითითებულ მისამართზე სპეცოპერაციას ატარებს. 

იცით, ყველაზე პარადოქსული რა არის? ასეულობით მოპარული ნივთი, რომელსაც დაკავებული კრიმინალების ბინებში პოულობენ, უბრალოდ, მესაკუთრის გარეშეა ანუ დაზარალებულს არ აქვს გაცხადებული ნივთის დაკარგვის შესახებ და პოლიცია მათ მფლობელებს ვერ პოულობს. 

,,ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი ის, რომ გაქურდული ბინის მეპატრონეები პოლიციაში არ მიდიან, რადგან შესაძლოა, ნაქურდალმა 2-3 ათას ევროს არ გადააჭარბოს და ამიტომ, ისინი ამ დანაკარგს უმნიშვნელოდ თვლიან. 

რაც შეეხება მეორე მიზეზს, ის ბევრად საინტერესოა. კრიმინალები არჩევენ იმ სახლებს, რომლებიც დაკეტილია და მეპატრონემ, უბრალოდ, არ იცის, რომ გაქურდეს. როცა ამას აღმოაჩენს, შესაძლოა, 3-4 თვე, ან წელიც კი იყოს გასული და ამ დროს არათუ ნაქურდალი ნივთია გაყიდული, არამედ ყველა კვალი წაშლილია. 

მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთ ბინაში, რომლებიც ქართველებმა გაქურდეს, ისეთი მტვერი იყო, რომ ისინი მიხვდნენ, ამ სახლში დიდი ხნის განმავლობაში არავინ ცხოვრობდა. ჰოდა, ისინი გაქურდულ ბინაში დასახლდნენ და იქ წელიწადნახევრის განმავლობაში ცხოვრობდნენ ისე, რომ ეჭვი არავის არაფერზე გასჩენია. წელიწადნახევრის შემდეგ კი, ბინის მეპატრონე დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მის სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა და იქაურობა, უბრალოდ, განადგურებული იყო'', _ ამბობს ადგილობრივ მედიასთან ესპანური პოლიციის მაღალჩინოსანი. 

სხვათა შორის, როგორც ამბობენ, ყველაზე ეფექტურად ქართველ არალეგალთა პრობლემა გერმანიამ გადაჭრა. მათ აღრიცხული ჰყავდათ ყველა არალეგალი და რაც მთავარია, იცოდნენ, სად იყვნენ ისინი. ჰოდა, როცა დასჭირდა და როცა კანონიერი საფუძველი მიეცა, გერმანიის მთავრობამ ქართველები ქვეყნიდან, პრაქტიკულად, ერთ კვირაში გამოუშვა, ხოლო ვინც ვერ დააკავა, მათ საცხოვრებლად ევროპის სხვა ქვეყანა აირჩიეს. 

ცნობისათვის: აღრიცხვის იგივე სისტემით მუშაობენ გერმანელები სირიიდან ჩასულ ლტოლვილებზე და სწორედ გერმანიას აქვს, პრაქტიკულად, ასპროცენტიანი სიზუსტით აღირცხული, ვინ და სად ცხოვრობს ამ ეტაპზე. 

ნამდვილად ვერ გეტყვით, როდემდე გაგრძელდება ევროპაში ქართველებზე ნადირობის სეზონი, მაგრამ ჩვენს თანამემამულეებს რომ აღარ სწყალობენ, ფაქტია. 

ხელისუფლებაც ჩუმად არის და არაფერს ამბობს, რომ ყოველთვიურად საქართველოში, მინიმუმ, 1000 ადამიანს ადეპორტებენ და ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად ჩვენს ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი ათასი კაცით იზრდება. 

ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება ყველაფერზე, მანამდე კი, ევროპიდან გამოძევებული მიგრანტები იქიდან ჩამოყოლილი რამდენიმე ასეული ევროს იმედად არიან.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში