Menu
RSS

„ეს ბოდვაა, სრული ბოდვა!“ _ ინტერვიუ ტარიელ ონიანთან

„კანონიერი ქურდები ციხიდან გამოსულ ტაროს ოქროსტარიან იარაღს აჩუქებენ“

როგორც წესი, ,,კანონიერი ქურდები'' ინტერვიუებს არ იძლევიან და, მით უმეტეს, მაშინ, თუ საქმე ძალიან გავლენიან კრიმინალებს ეხებათ. ამიტომ, მათ მირ ნათქვამი თითოეული ფრაზა რამდენიმე თვის განმავლობაში არის ხოლმე განსჯის თემა, თუმცა...

 

მოგეხსენებათ, ტარიელ ონიანი სადეპორტაციო ციხეში ზის და ოქტომბერს ელოდება, როცა იქიდან გათავისუფლება მოუწევს. რუსი სამართალდამცავები მინიშნებით კი ამბობენ, რომ ონიანს თურქეთში გაუშვებენ, მაგრამ მაინც არსებობს იმის შიში, რომ ტარო ესპანეთს გადასცენ, სადაც 10-წლიანი სასჯელი და 30 მილიონი ევროს ჯარიმა უკვე შეფარდებული აქვს. 

ცნობისათვის: თუ ონიანს თურქეთში გაუშვებენ, ის სტამბოლში საქართველოს გავლით ჩაფრინდება ანუ თვითმფრინავი, რომელშიც ყველაზე გავლენიანი ქურდი იქნება, თბილისში დაეშვება, საწვავს შეივსებს და შემდეგ თურქეთში გადაფრინდება. 

რაც შეეხება ინტერვიუს, ორი დღის წინ, ერთ-ერთმა რუსულმა საიტმა გამოაქვეყნა ბლიცი ონიანთან და თან ახსნა, რომ აღნიშნული ინტერვიუ მიმდინარე წლის 30 აპრილს არის ჩაწერილი ანუ იმ დღეს, როცა ონიანს აუხსნეს, რომ სადეპორტაციო ციხეში იქნებოდა და მაისში გაუშვებდნენ, თუმცა შემდეგ მაისიდან ვადა ოქტომბრამდე გადაუტანეს. 

ინტერვიუ ძალიან საინტერესოა და იმის მიუხედავად, რომ მოკლეა, ონიანი ზედმეტად კონკრეტულ და მრავლისმთქმელ პასუხებს იძლევა. 

ინტერვიუმდე რუსი ჟურნალისტი საინტერესო შესავალას აკეთებს: 

,,ორენბურგის რაიონულ სასამართლოსთან იმდენი სპეცრაზმელი ირეოდა, რომ ადვილი მისახვედრი იყო _ სასამართლოზე რიგითი პატიმარი არ ჰყავდათ. იქვე იყო დაფა, რომელზეც ეწერა, რომ დღეს სასამართლო ტარიელ მულუხოვის საქმეს განიხილავდა. 

ტარიელ მულუხოვი იგივე ტარიელ ონიანია, ადამიანი, რომელიც 10-წლიანი პატიმრობის მიუხედავად, კრიმინალურ სამყაროში ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობს. 

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს დარბაზში ტარიელს ათამდე სპეცრაზმელი აცილებდა, მან მაინც მოასწრო და ნაცნობებს მხიარულად მიესალმა. ყველაზე მეტად სწორედ ეს გვიკვირს _ მისი სულიერი მდგომარეობა. ის თითქოს ციხეშიც არ არის, თითქოს ათი წელი მოწყვეტილი არ ყოფილა სამყაროდან, იცინის, ხუმრობს, გადასარევ განწყობაზეა. სწორედ ამან გაგვაბედინა მისთვის კითხვების დასმა. ის სასამართლო დარბაზში არსებული გისოსებიანი ოთახის მიღმა იყო, ჩვენ _ აქეთ. 

_ ბატონო ტარიელ, როგორც ვხედავ, მშვენიერ განწყობაზე ხართ... 

_ მე ყოველთვის კარგი განწყობა მაქვს. ის, რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ, დავუმტკიცე რუსეთს და თუ საჭირო გახდება, ესპანელებსაც დავუმტკიცებ. 

_ და თქვენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? 

_ გეგმებზე მერე, ისევ რუსეთში რომ დავბრუნდები, ჯერ ხომ არ ვიცი, სად გამიშვებენ? 

_ კი, მაგრამ, თქვენ რუსეთში დაბრუნების უფლება არ გაქვთ და... 

_ მექნება, ჩემო კარგო, მექნება და დავბრუნდები. 

_ ბატონო ტარიელ, მოვლენებს თუ ადევნებდით თვალს, რა ხდება ზოგადად, თუ იცით? 

_ მე ყველაფერი ვიცი და ყველაფრის საქმის კურსში ვარ. 

შეგიძლიათ მკითხოთ, რა თემა და რა მიმართულება გაინტერესებთ. 

_ მაშინ ის გვითხარით, თუ იცით, რომ კრიმინალურ სამყაროში დიდი არეულობაა და, ზოგადად, თუ იცით, რა ხდება კრიმინალურ სამყაროში დღეს? 

_ ეს ბოდვაა, სრული ბოდვა. კრიმინალურ სამყაროში არანაირი არეულობა და გარჩევები არ მიმდინარეობს. სისულელეა ეს...'' 

სულ ეს იყო, რაც ჟურნალისტმა მოასწრო, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ ონიანი აშკარად ,,დუხზეა'' და იმასაც ამბობს, რომ რუსეთიდან გაძევების მიუხედავად, საკუთარ მომავალს სწორედ ამ ქვეყანაში ხედავს. 

საინტერესოა, რომ მისი მხნედ ყოფნა არ მოეწონებოდათ ონიანის მტრებს, რომლებიც თითქოს არსებობდნენ. თითქოს იმიტომ, რომ რაც უფრო ახლოვდება მისი გათავისუფლების დრო, მით უფრო იკვრება ის გუნდი, რომელიც ტაროს გვერდში დგომასა და ერთგულებას აპირებს. 

ჰოდა, ამ გუნდის რიგები დღითი დღე ივსება და თუ მანამდე რომელიმე ქურდი ონიანს დიდად არ სწყალობდა, ახლა მის მზეს ფიცულობს. 

,,ქურდულ წრეებში დიდი მზადებაა. ისინი, პრაქტიკულად, დარწმუნებულები არიან, რომ ტარიელის ექსტრადაცია თურქეთში მოხდება, საამისოდ ნიადაგიც შემზადებული აქვთ და საჭირო ადამიანებთან მისატანიც მიტანილია. სწორედ თურქეთში ხდება ახლა მთელი ქურდული სამყაროს შეკრება, რათა მეფეს სამეფო დახვედრა მოუწყონ. 

ეგ კი არა და, იმ საჩუქრების ნაწილიც კი ვიცი, რომელსაც ონიანს დაახვედრებენ. იქნება ეს ოქროსტარიანი იარაღით დაწყებული, თუ სხვადასხვა კომპანიის აქციებით დამთავრებული. 

ონიანის ფეხებთან მილიონები პირველივე დღეს დაიყრება, მაგრამ ეჭვი მაქვს, ეს არ იქნება საკმარისი. ტარო აუცილებლად დააგორებს იმათ თავებს ქურდული ტახტრევანიდან, ვინც მისი ციხეში ყოფნით სარგებლობდა და მის მიმართ უპატივცემულობას იჩენდა'', _ გვეუბნება იტალიაში მცხოვრები ქართველი კრიმინალი. 

 

ონიანის თავისუფლებაზე ყოფნა ყველაზე მეტად ნადირ სალიფოვს არ მოეწონება. ,,გულუ'', ლაშა შუშანაშვილისა და შაქრო კალაშოვის პატიმრობის ფონზე, პრაქტიკულად, უგვირგვინო მეფედ იქცა და ყველაზე გავლენიანი ქურდის სტატუსიც მშვიდად შეირგო, თუმცა სწორედ ეს სტატუსი დადგება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ, რაც ონიანი ციხეს დატოვებს. 

რუსეთში სალიფოვის მიერ გავლენის გასაძლიერებლად ჩატარებულ სადამსჯელო ღონისძიებებს ონიანის რამდენიმე ობიექტი შეეწირა და ამ ობიექტების დაბრუნების გარდა, ტარო სოლიდურ კომპენსაციასაც რომ მოითხოვს, ფაქტია. 

ასეა თუ ისე, შემოდგომამდე ბევრი არ დარჩა და კრიმინალურ სამყაროში ძალთა გადანაწილება გარდაუვალია. 

ერთ დროს ყველაზე მძლავრი ქუთაისური კლანი დაშლილი და დასუსტებულია. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამ კლანს წამოწევს წინა პლანზე ონიანი და ძველ დიდებას დაუბრუნებს, თუმცა... 

,,ტარიელის დაჭერის შემდეგ, არაერთი ქუთაისელი ქურდი სხვა მხარეს დადგა. ამიტომ, ძნელი იქნება მათი კვლავ ერთად შეყრა, რადგან ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აღარ აქვთ და მხოლოდ ტარიელის ფაქტორი ძველი წყენის დავიწყებაში გადამწყვეტი ვერ იქნება. 

ქურდებს ერთმანეთის არამარტო წართმეული ფინანსური აქტივები, არამედ სისხლიც მართებთ'', _ გვეუბნება ქართველი კრიმინალი და ვნახოთ.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში