Menu
RSS

„ზუსტად ვიცით, ვინ იპარავს!“ _ საქართველოში არასრულწლოვანთა კრიმინალი მძვინვარებს

„ქურდები გვაწვებიან, ეს თემა დაალაგეთო, მაგრამ როგორ დავალაგოთ, როცა მთელი შსს უძლურია“

 

დაპირების მიუხედავად, არასრულწლოვნებთან დაკავშირებული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში არ შესულა, რაც იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მიერ (14-წლამდე) ჩადენილი დანაშაული კვლავ დაუსჯელი რჩება. არასრულწლოვნებს აკლებული აქვთ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ლამის მთელი საქართველო და განსაკუთრებით _ დედაქალაქი. იქურდება და იძარცვება ყველაფერი, სადაც კი არასრულწლოვანები შეღწევას ახერხებენ და რაც მთავარია, ძალოვნები, შესაბამისი კანონის არარსებობის გამო, მათ ვერაფერს უპირისპირებენ. ისინი არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ლამის ას პროცენტს ცხელ კვალზე ხსნიან, მაგრამ შედეგი ნულია _ ვერავის აკავებენ და უმრავლეს შემთხვევაში, მოპარული ნივთები გაყიდულია. ჩვენ სამართალდამცავებს და ასევე, თბილისის უბნებში იმ ადამიანებს შევხვდით, რომლებსაც ,,კაი ბიჭობაზე'' აქვთ პრეტენზია და წესით, დანაშაულებს საკუთარ უბანში მაინც უნდა აკონტროლებდნენ, თუმცა...

,,სქემა მარტივი და პრიმიტიულია _ არასრულწლოვნები მიდიან, ძირითადად, ტექნიკის მაღაზიებთან, იღებენ ქვას, ამტვრევენ ვიტრინას, შედიან და, დაახლოებით, 30 წამში რასაც მოიხელთებენ, მიაქვთ. ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ ტექნიკის მაღაზიიდან ძვირადღირებული ტელეფონები და ,,ნოუთბუქები'' წაიღონ ანუ მინიმუმ, 10 ათასი ლარის საქონელი. ამის შემდეგ, ისინი მიდიან ვაგზალზე და ტექნიკის პატარა მაღაზიებში, პრაქტიკულად, მეათედ ფასად აბარებენ ამ ნივთებს, ან ტელეფონისა და ,,ნოუთბუქის'' ხელოსნებს აბარებენ, ან უბრალოდ, შეყვარებულებს ჩუქნიან და დადიან 12-13 წლის გოგო-ბიჭები ორი ათას ლარიანი მობილურებით. დავაკავებთ, ნაქურდალზე ხმას არ იღებენ, დაკითხვაზე მშობლები და პედაგოგები არიან და ხმასაც ვერ ვუწევთ. არადა, ერთი რომ უღრიალო, მაშინვე დაფქვავენ ყველაფერს, ვის და სად ჩააბარეს, მაგრამ ვინ განებებს?! კანონი სასწრაფოდ მისაღებია, თორემ ასე უკონტროლოდ აღარ შეიძლება, ეს კატასტროფაა'', _ გვითხრა პოლიციის მაღალჩინოსანმა. 

იმას, რომ სამართალდამცავებს ხელ-ფეხი აქვთ შეკრული, რიგითი თანამშრომლებიც აღიარებენ. დღევანდელმა ბავშვებმა კარგად იციან მათი უფლებები, ამიტომ მაქსიმალურად იყენებენ ამ სიტუაციას. არსებობს მოსაზრება, რომ არასრულწლოვნებს სრულწლოვანი კრიმინალები აკონტროლებენ, მაგრამ ნურას უკაცრავად _ უკონტროლო ძარცვა-გლეჯვა მათთვის ცალკე თავის ტკივილი და მათ ავტორიტეტზე სერიოზული დარტყმაა. 

,,ჩვენი ნება რომ იყოს, ამ ,,შპანას'' საერთოდ ავუკრძალავდით ქურდობას, მაგრამ ვერაფერს ვახერხებთ. დაახლოებით კი არა, ზუსტად ვიცით, ვინ იპარავს, უბრალოდ, არ ვიცით, როდის რას აპირებენ იმიტომ, რომ არ გვეუბნებიან. თავში რომ წამოვარტყათ, კი დაფქვავენ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ პოლიციაში წავლენ, იტყვიან, რომ უბანში დიდი ბიჭები ჩაგრავენ და პოლიცია ჩვენ დაგვიჭერს, მათზე გამწარებული, ჩვენ მოგვისჯის მაქსიმუმს, მიზეზი კი მარტივი ექნება _ 223-ე მუხლი ანუ ქურდული სამყაროს წევრობა. 

ჯიბის ქურდობაც გახშირდა, ბავშვები ,,მარშუტკებსა'' და ავტობუსებში მობილურებს პარავენ ნებისმიერს, დიდს თუ პატარას და მერე, 2000 ლარიან ტელეფონებს, 20 ლარად აბარებენ ხელოსნებს. ტელეფონები ისეა მოწყობილი, თუ კოდი არ იცი, ვერ გამოიყენებ, ხელოსანს კი ნაწილებისთვის სჭირდება და ნებისმიერი ასეთი ტელეფონიდან 500 ლარის ნაწილს ისე მოხსნის, როგორც არაფერი. ბავშვებმა ან იაფად უნდა ჩააბარონ, ან უნდა გადააგდონ და ამიტომ, ჩაბარება ურჩევიათ. მოდიან ჩვენთან, დაკარგული ნივთის პოვნას გვთხოვენ, მაგრამ ვერ ვპოულობთ. მოიპარეს ავლაბარში, გლდანში, ვარკეთილში და ჩააბარეს ვაგზალზე, წადი და ეძებე. 

იქეთ ქურდები გვაწვებიან, დაალაგეთ ეს თემაო და როგორ დავალაგოთ, როცა მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროა უძლური'', _ გვითხრა ერთ-ერთი უბნის ავტორიტეტმა. 

სხვათა შორის, წინა ხელისუფლების დროს, სამართალდამცავებს საბურავების, ტელეფონების, აკუმულატორების და მაგნიტოფონების, მანქანის სარკეების ქურდების დაჭერა რომ უჭირდათ, ადგნენ და იმ ადამიანებს მიადგნენ, ვინც ნაქურდალს იბარებდა. ამან შედეგი მალე გამოიღო და მათ ნაქურდალის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს. მოპარული ნივთი თუ ვერ გაასაღე, რაში გჭირდება და წვრილ-წვრილი ქურდობაც შეწყდა. არასრულწლოვნებს მაშინაც ჰქონდათ მცდელობა ქალაქის დაწიოკება-აწიოკების, მაგრამ მაშინ ბავშვები კი არა, სრულწლოვნები ვერ პოულობდნენ სამართალს და ცემა-ტყეპაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. დაკითხვის დროს, პედაგოგის და მშობლის დასწრებას ვინ ჩივის, დაკავებულს სანათესაო რამდენიმე საათი ეძებდა და იმას არკვევდა, რომელი განყოფილების რომელ ჯურღმულში ჰყავდათ. 

ეს იყო ერთი უკიდურესობა, რომელიც იყო მიუღებელი, მაგრამ ახლა მეორე უკიდურესობაში ვართ, რომელიც ასევე, მიუღებელია. პრობლემა მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ ბავშვები პატარაობიდანვე იპარავენ, პატარაობიდანვე ეჩვევიან კრიმინალსა და ძვალ-რბილში უჯდებათ დაუსჯელობის სინდრომი. პრობლემაა ტექნიკის ასობით დაზარალებული მაღაზია და ათასობით დაზარალებული რიგითი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება ვერც კი წარმოუდგენია, რომ სამარშრუტო ტაქსში ან ავტობუსში, გვერდით 12-13 წლის ბავშვი რომ უდგას, შეიძლება, ტელეფონი ან ფული მოპაროს, თან მოპაროს ისე, რომ დაჭერის არ ეშინოდეს. 

ადრეც დავწერეთ და ახლაც გავიმეორებთ, რომ კანონი, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს, სასწრაფო წესით არის მისაღები. ზუსტად 4 წლის წინ, 2015 წლის გაზაფხულზე, იუსტიციის მაშინდელმა და ამჟამინდელმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის'' პრეზენტაცია გამართა. 

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზანია, მისცეს მოზარდებს სპეციალური, ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და განსაკუთრებული მიდგომები დააწესოს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული არასრულწლოვანთა ამგვარი სპეციალური კოდექსი, საქართველოს კანონმდებლობისთვის სრულიად ახალი ინსტიტუტია და თანამედროვე ქართული მართლმსაჯულებისთვის არამარტო ინოვაციურ, არამედ რევოლუციურ პროექტს წარმოადგენს. 

სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით, უპირატესობით ისარგებლებენ განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების, მათ შორის, მედიაციის ინსტიტუტები. თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებით, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. აიკრძალება არასრულწლოვნისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. არასრულწლოვანთა საქმეებს მხოლოდ სპეციალიზებული მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები აწარმოებენ. არასრულწლოვნებთან მიმართებით ამოქმედდება მოწმის მხოლოდ სასამართლოში დაკითხვის წესი. განრიდების გამოყენება შესაძლებელი გახდება საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგაც. სასამართლო უფლებამოსილი იქნება, განრიდების გამოყენების მიზნით, საკუთარი ინიციატივით ან მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, საქმე დაუბრუნოს პროკურორს, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულს შესთავაზებს განრიდებას. ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე, არასრულწლოვნისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ხოლო ბრალდებული არასრულწლოვნის პატიმრობის საერთო ვადა 6 თვე იქნება, ნაცვლად სრულწლოვნებისთვის განსაზღვრული 9 თვისა. ნასამართლობა არასრულწლოვანს სასჯელის მოხდისთანავე გაუქარწყლდება, ოღონდ, თუ ადრე ნასამართლევი არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს, მისი ნასამართლობა მხედველობაში იქნება მიღებული“, _ განაცხადა მაშინ ქალბატონმა თეამ და ისიც დაამატა, რომ არ დაუშვებს, სამართალში მისაცემი არასრულწლოვნების ასაკის ზღვარმა დაიწიოს. 

ამან აშკარად არ გაამართლა და რაღაც შესაცვლელია. ეს „რაღაც“ კი აგერ, უკვე მერამდენე წელია, დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ქართველი ძალოვანების თავზე და აღნიშნული პრობლემა სასწრაფოდაა მოსაგვარებელი.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში