Menu
RSS

იუსტიციის სამინისტრო რუსთავში 14 ჰექტარზე ქალთა ციხეს აშენებს _ ადგილობრივები მშენებლობას აპროტესტებენ

იმის მიუხედავად, რომ წინა ხელისუფლების დროს არაერთი ციხე აშენდა და გარემონტდა, ნაციონალებმა ვერ, თუ არ მოახერხეს ქალთა კოლონიის აშენება. ეს საქმე რამდენჯერმე გადაიდო და ქალი მსჯავრდებულები სასჯელს მეექვსე დაწესებულებაში ანუ ,,კრიტში'', განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან ერთად იხდიან. ისე არ გაიგოთ, თითქოს ყველა ერთ კორპუსშია განთავსებული, არა, საშიში დამნაშავეები ცალკე კორპუსში ცხოვრობენ, ქალები _ ცალკე, თუმცა ეს კორპუსები ერთმანეთს უყურებენ და ღამით ლექსების კითხვა, სასიყვარულო გადაძახილი და „კეჭნაობა“ უცხო ხილი არ არის.

„კორპუსებს შორის მანძილი, დაახლოებით, 50 მეტრია. პატიმრები გაზეთისგან „ტრუბკას“ აკეთებენ, შემდეგ შიგნით, პურის გულზე მიმაგრებულ ძაფს დებენ. ძაფი გრძელია, ძირითადად, „ნასკებს“ შლიან და მისგან აკეთებენ. ძაფს ბოლოზე კაუჭი აქვს ჟურნალების სამაგრებიდან მოხსნილი. 

მოკლედ, პირით მძლავრად გატყორცნიან ამ პურს და კაუჭს ეზოს შუისკენ, იქიდან ქალები გამოტყორცნიან, ოღონდ ისე, რომ ეზოში ძაფები ერთმანეთს გადაეჯვარედინონ. შემდეგ, თოკს ჭიმავენ და კორპუსიდან კორპუსში ამ ძაფის მეშვეობით წერილების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. ასე ერთობიან პატიმრები მანამ, სანამ ციხის ადმინისტრაცია არ შეამჩნევს ამ ძაფს და არ გაწყვეტს. 

 

შემდეგ, ისევ ახლიდან იწყება ყველაფერი, პატიმრებს ბევრი დრო აქვთ და ასე ერთობიან“, _ გვითხრა ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელმაც „კრიტში“ 2 წელი გაატარა. 

ჰოდა, ისე ჩანს, აღნიშნულ პრობლემას მოქმედი ხელისუფლება მოაგვარებს. რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ანუ იქ, სადაც ადრე რუსული ბაზა იყო, გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. თავიდან არსებობდა ვარაუდი, რომ დიდი მარკეტი შენდებოდა, შემდეგ მასშტაბებს რომ შეხედეს, მიხვდნენ, რომ 14 ჰექტარზე მარკეტს არავინ ააშენებდა, ბოლოს კი, როცა საძირკველის გაჭრაზე ძალოვნებიც გამოჩდნენ, გაირკვა, რომ იუსტიციის სამინისტრო ახალ ციხეს აშენებს, ე.წ. ქალთა კოლონიას. 

იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ადასტურებენ, რომ რუსთავში, მართლაც ციხე შენდება და ის ქალებისთვის იქნება განკუთვნილი. 

ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ციხის მშენებლობა დასახლების მაცხოვრებლებმა გააპროტესტეს. როგორც ირკვევა, მოსახლეობაში ვიღაცამ ხმა გაავრცელა, რომ ციხის აშენება ტერიტორიის ახლოს მაცხოვრებელთათვის სახიფათო იქნება, რაც, უბრალოდ, გამორიცხულია. 

„ციხის მშენებლობა შესაბამისი რეგულაციებით წარიმართება. ამ კუთხით ცენტრალურ ხელისუფლებასთან გვაქვს თანამშრომლობა. მე ერთ რამეს ვპირდები ჩვენს რუსთაველ მოსახლეობას _ ეს იქნება მაღალი სტანდარტის ევროპული დაწესებულება, სადაც უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ მშენებლობას და აქტივობას ადგილობრივი მოსახლეობის გრძელვადიანი დასაქმების კუთხით“, _ ეს განცხადება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ანუ გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა გააკეთა. 

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებით, ქალთა ციხემ რა საფრთხე უნდა შეუქმნას ტერიტორიის ახლოს მაცხოვრებლებს, მაგრამ იმის თქმა, რომ 14 ჰექტარზე ციხის მშენებლობა იმ მონაკვეთში ინფრასტრუქტურას განავითარებს, თამამად შეიძლება.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში