Menu
RSS

ვინ არის და რა გახდა ასკეროვის დაჭერის მიზეზი

რა ინფორმაციას მალავენ ნაციონალები და რას ჰყვებიან მარნეულელები

გასულ კვირას, მარნეულში, საკრებულოს წევრი, რაგიმ ასკეროვი დააკავეს. მას ბრალად, ქრთამის სახით, 3 ათასი ლარის აღება ედება. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ასკეროვი ერთ-ერთ მოქალაქეს სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა და სანაცვლოდ 3 ათასი ლარი მოსთხოვა. აღნიშნული თანხის ნახევარი _ 1500 ლარი, ასკეროვმა მოქალაქისგან 7 მარტს მიიღო, მეორე ნახევარი კი _ 20 მარტს, 28 მარტს კი პოლიციამ ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ასკეროვს ბრალი 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული დაკავების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ ასკეროვს პროვოკაცია მოუწყვეს და მან ეს ფული მოქალაქისგან, უბრალოდ, ისესხა. 

მელიქიშვილმა ისიც თქვა, რომ მარნეულის საკრებულოში მათი წარმომადგენლის დაკავება, ადგილზე პარტიას უფრო გააძლიერებს. 

ასკეროვი საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარი ზედიზედ მეორედაა. ის ნაციონალური მოძრაობის მარტო აქტიური მხარდამჭერი კი არა, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრიც გახლავთ, რაზეც ხმა არც მელიქიშვილს დაუძრავს და არც _ დანარჩენებს.

როგორც მარნეულელები გვეუბნებიან, ფულის სესხების თემა თითიდან გამოწოვილია, რადგან ყველამ იცის, რომ რაგიმ ასკეროვი მარნეულში, ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული მაცხოვრებელია და მას ამ თანხის მოძიება, თანაც ნაწილ-ნაწილ ნამდვილად არ სჭირდებოდა. უფრო მეტიც, ადგილობრივები ამბობენ, რომ პროვოკაცია ,,ქართული ოცნების'' წევრის მიმართ იყო დაგეგმილი და მას სწორედ ასკეროვი ახორციელებდა. საბოლოო ჯამში კი, ყველაფერში თავად აიხლართა და ჩავარდა. 

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ზედ არჩევნების წინ სერიოზულ შარში გაეხვა და ძალიან საეჭვოა, მელიქიშვილის სიტყვები გამართლდეს და ამ ფაქტმა პარტია გააძლიეროს.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში